თინა და კოტე
პოლიტიკური ნოველა
კოტემ თვალები ძლივს გაახილა, „ნაპახმელიარი“ თავი ჯერ მარჯვნივ გადააგორა, მერე მარცხნივ. ჭერს შეხედა, ლუსტრაზე ბუზები ჩამომსხდარიყვნენ და ერთმანეთს ებაასებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, კოტეს ასე მოეჩვენა. თვლა დაიწყო: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... არა, ხუთზე მეტია, შეიძლება ექვსი, შვიდი, რვა... ნეტავ, რომელია დედალი და რომელი კიდე მამალი? - ჩაეკითხა საკუთარ თავს კოტე და ლოგინში გემრიელად გაიზმორა. უნდოდა, ამოეზმუვლა კიდევაც, ამოეგმინა, გულ-მუცელიდან ბოღმა და ბალღამი ამოეყარა, მაგრამ თავი შეიკავა, ჯერ არც კი იცოდა, თინამ გაიღვიძა თუ არა. თინა გვიანობამდე მუშაობს, თითქმის არ სძინავს, რაც მისმა სამშობლომ ევროპიული ლიანდაგებიდან გადაუხვია და რუსეთისკენ მიმავალ გზას დაადგა, ხეირიანად თვალები აღარ მოუხუჭავს. მარტო თინას სამშობლომ? არა, ეს კოტეს სამშობლოც არი, მაგრამ რა ენერგიასაც თინა ხარჯავს, რა მსხვერპლსაც თინა იღებს, კოტე მის მეასედსაც ვერ აკეთებს. არადა, უნდა, უამრავი იდეაც აწუხებს, სისხლიც უდუღს, თითქმის ყველაფერი უდუღს და რა გამოდის? - თითქმის არაფერი. ადრე ტელესტუდიებში მაინც ეძახდნენ, ჭკუას თუ არა, რაღაცას მაინც ეკითხებოდნენ, ქუჩაში რო გაივლიდა, ადამიანები ცნობდნენ, სიცილს გააყოლებდნენ, ახლა - აღარ, გარეთ ასიდან ორიოდე თუ იცნობს და ისინიც აგინებენ. მობეზრდა კოტეს ეგეთი უშინაარსო ცხოვრება, რაც თინა პარტიის თავმჯდომარე გახდა, სახლში ჭურჭლის მრეცხავად და ომლეტის მკეთებლად დასვა. ჰო, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ქმრობა კარგია, მაგრამ საკუთარ ორგანიზმში ნიაღვარივით მოვარდნილ ქარიშხალს რა უყოს? ამას წინებზეც უთხრა თინას, მაიტა, გამამიყენე, ადამიანი არა ხარო? - დაიცადეო, შესაფერის მომენტს ველოდებიო. არა და აღარ დადგა ეს „შესაფერისი მომენტი“. განა არ იცის კოტემ, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი დროებითია? განა არ იცის, რომ გავა წლები, გავა დრო და ეგეთი უშრეტი იდეები აღარ ექნება? იცის, ბარემაც მშვენივრად იცის, მაგრამ თინას ვერ ახტება. დიახ, არა კი არა, ვერ ახტება, რადგან თინამ უფრო მაღალ ზღუდეებზე იცის ხტომა და ღობეების ჭყლეტვა. გუშინდელივით ახსოვს კოტეს, როგორ გადაახტა თინა პოლიციელებს თავზე თბილისის საკრებულოსთან. ეგეთი რამე კინოშიც არ უნახავს, ერთ-ერთ განიერბეჭებიან პოლიციელს რომ დაახტა მხრებზე ხელებით და მისი კისერი ლაჯებში მოიქცია, ეგონა, რამდენიმე წუთში გაგუდავდა, მაგრამ არა, მისი ლაჯები ისეთივე ჰაეროვანი აღმოჩნდა, როგორიც მაია პლისეცკაიას საბალეტო ილეთი.
კარი ჭრიალით გაიღო. თინა შემოვიდა დოინჯშემოყრილი. მას ფეხები მხრების სიგანეზე გაედგა და კოტეს თვალები მოუწკურა. კოტე ლოგინში მოიკუნტა, იგრძნო, რაღაც ავი მზადდებოდა მის თავს. ასე გავიდა ორიოდ წუთი. დუმილი აუტანელი გახდა. საბნის კუთხე ფრთხილად ასწია და ქვემოდან გამოიხედა.
- რა იყო, ჩემო სუყველაყავ? - გაბედა კოტემ.
- ადე, ქვეყანა აშენდა! - დაიჩხავლა თინამ და ფეხის წვერებზე დადგა.
- შენ არ მეუბნებოდი, ბიძინა ივანიშვილის ხელში ქვეყანა არ აშენდებაო?
- სიმბოლურად გეუბნები, ამდენხანს ძილი ვის გაუგონია? - ჩამოვიდა ფეხის წვერებიდან თინა.
- ჰმ... მე კიდე მეგონა, რომ „გაქოცდი“, - შეაპარა ფრთხილად კოტემ.
- მოკლედ, იუმორი გაქვს, მიმიქარავს მეგი გოცირიძე! - ისევ დაიჩხავლა თინამ.
- კარგი რა, რას გადაეკიდე ამ გოცირიძეს? - მოიკუნტა ისევ კოტე.
- შენთვის სიურპრიზი მაქვს!- გამოაცხადა თინამ.
- ჰმ... ვიცოდი, ეს დღეც დადგებოდა და ბოკუჩავა სიურპრიზს მომიწყობდა, - გადაკოტრიალდა ლოგინში კოტე და თავი წამოყო.
- ადექი, დიდი საიდუმლო უნდა გაგიმხილო! - ჩამოჯდა „ტაბურეტკაზე“ თინა.
კოტე წამოჯდა, „რეიტუზს“ გადაწვდა. გულმა რეჩხი უყო, თინამ არ იცის ჩვეულებრივი სიურპრიზები.
- აჰა, ავდექი, დაიწყე, - ჩაჰქინდრა თავი კოტემ.
- მოკლედ, პარტიისა და ქვეყნის სამსახურში უნდა ჩაგაყენო, გეყო, რაც იკოტრიალე ტელევიზორის წინ. სანამ პოლიტიკაში ჩაებმები ხელახლა, სკანდალი გვჭირდება და იცი, როგორი სკანდალი? ბიძინა ივანიშვილის ოჯახს რომ უნდა უკავშირდებოდეს. მახსოვს, ადრე, წლების წინ შენ უტა ივანიშვილზე თქვი, არატრადიციული ორიენტაციისააო, ხომ ასეა?
- ეგ შენ მათქმევინე და ჩემზე კარგად იცი, მაშინ რაც მოხდა, - ამოიოხრა კოტემ.
- მაშინ ეგრე იყო საჭირო, იდიოტო!
- კიდე რა უნდა მათქმევინო?
- გატაცების ამბავი უნდა გავითამაშოთ... აი, ისე, თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა რომ გაითამაშა, ვითომ საკნიდან რომ გაიყვანეს თავზე „მეშოკჩამოცმული“!
- ეს ბრძანებაა?
- ბრძანებაა, პარტიას და სამშობლოს სჭირდება. მიშამ დაწერა საპყრობილეში!
- თუ მიშამ დაწერა საპყრობილეში, მაშინ ჰო.
- ესე იგი, ხვალ ჩაწერ ვიდეოს, სადაც იტყვი, რომ ბოდიშს უხდი უტა ივანიშვილს იმ ცილისწამების გამო, ორი დღის შემდეგ კი გამოხვალ და განაცხადებ, თითქოს ნიღბიანებმა თავზე ტოპრაკა ჩამოგაცვეს, გაგიტაცეს და გაიძულეს, ბოდიში მოგეხადა. რას იტყვი, ხომ მაგარი სკანდალი იქნება? სულ ვამბობ, რომ მიშა გენიოსია, - აღაპყრო თვალები თინამ და სიამოვნებისაგან ტანში გააჟრჟოლა.
- ჰო, მაგრამ ეს რას მისცემს პარტიას და სამშობლოს? - იკითხა იჭვნეულად კოტემ.
- ჯერ ერთი, შენ დაბრუნდები დიდ პოლიტიკაში, მეორეც - დავაზიანებთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და მესამეც - ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენებთ, როგორ გვდევნის ეს დაუნდობელი რეჟიმი. გესმის? ჩვენ სამი კურდღელი უნდა მოვკლათ!
- ანუ ჯერ დავიჭიროთ და მერე მოვკლათ? - აიჩეჩა მხრები კოტემ.
- დაჭერა აუცილებელი არ არი, პირდაპირაც შეიძლება, რომ მოვკლათ! - გაღიზიანდა თინა.
- მოკვლა აუცილებელია? დავიჭიროთ და გალიაში ჩავამწყვდიოთ, - დაიწყო კრეჭვა კოტემ.
- ვახ, იუმორი გაქვს, მიმიქარავს ნანულა ჟორჟოლიანი! - შეიკრა კოპები თინამ.
- კარგი, ნანულა არ მაინტერესებს... შენ ის მითხარი, ნიღბიანებმა საიდან უნდა ამიყვანონ, თავზე „მეშოკი“ სად უნდა ჩამამაცვან? - შეცვალა თემა კოტემ.
- არ ვიცი, ადგილი შენ შეარჩიე... მთავარია, სიუჟეტი უნდა იყოს ძალიან მძიმე, მოვარდებიან ნიღბიანი სპეცრაზმელები, აუცილებლად ბიძინასები, ჩაგტენიან შავ „ჯიპში“, თავზე ჩამოგაცვამენ „მეშოკს“, წაგიყვანენ გაურკვეველი მიმართულებით, გატარებენ, მერე მიგიყვანენ მოდულის შენობაში, ჩაგიყვანენ ჯურღმულში, ჩაგირთავენ კამერას და მოგახდევინებენ ბოდიშს.
- უკვე მეშინია, ვკანკალებ, ძაან მძიმე სიუჟეტია! - შეკრთა კოტე.
- ბიჭო, ამას მოყვები, სინამდვილეში არავინ გაგიტაცებს! - უჩკმიტა ფერდში თინამ კოტეს.
- ჰო, თუმცა! - გაუხარდა კოტეს.
- მერე ატყდება ამბავი, დედა შვილს არ აიყვანს ხელში, იქით ნოდარა გაამზადებს გადაცემას შენზე ღამის კადრებით და მძიმე მუსიკით, აქეთ ინგა მოგიწვევს სტუდიაში და წარგადგენს ქოშინით, გეგონება, ეს-ესაა, გამოგიხსნა ტყვეობიდან... რავი, მთელი საქართველო ილაპარაკებს შენზე და იმასაც კი იტყვიან, პუტინმა გაიტაცაო... უფრო სწორად, ბიძინამ გაიტაცა პუტინის დავალებითო. წონა უნდა შევმატოთ ამ ამბავს, გესმის?!
- ჰო, მესმის, მაშ! - გაიბრიქა კოტე, უკვე წარმოიდგინა, როგორ აჯილდოებდნენ აპლოდისმენტებით, როგორ ადგამდნენ თავზე დაფნის გვირგვინს და როგორ რიცხავდნენ საელჩოები მის ანგარიშზე ასიათასობით დოლარს.
- არაფერი შეგეშალოს... ჩემი აზრით, სჯობს, შორს არ წახვიდე, აქვე სადარბაზოსთან უნდა გაგიტაცონ.
- აქ ვიდეოებია დამონტაჟებული, მერე მოგვთხოვენ, წარმაადგინეთო.
- დაიკიდე, მე გამოვაცხადებ, ფაფუ, არალი-მეთქი!
- როგორ, არალი, როცა არი?! - გაჯინიანდა კოტე.
- არალი, მორჩა და გათავდა... აუცილებლად უნდა თქვა, რომ შვილებით გემუქრებოდნენ! - დასვა წერტილი თინამ.
- შენზე არ დამემუქრებიან?
- ჩემზე მერე ილაპარაკებ, თითქოს იმიტომ გაგიტაცეს, რომ მე უნდა გადავმდგარიყავი პარტიის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ დაამატებ, ჩემი ცოლი კერკეტი კაკალია, არ გადადგება-თქვა.
- ჰოოო... მაგარი სცენარია, შეგვიძლია, მერე კინოც გადავიღოთ.
- არა, ჯერ სპექტაკლი უნდა დავდგათ, დოის ვეტყვი, ჯერ ჩინეთში დადგას, მერე კი აქა.
კოტე ისევ წავიდა ფიქრებში, თვალწინ დაუდგა, როგორი ანშლაგით ჩაიარა დოის დადგმულმა სპექტაკლმა, მთელი ჩინეთი ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდა კოტეს. იქ დაფნა არ ხარობსო, ამბობენ ავი ენები, იქ ბრინჯის გვირგვინს ადგამენო გმირებს. სპექტაკლის სათაური იქნება „თინა და კოტე“... პრინციპში, შეიძლება ჩინეთში ასეც ითარგმნოს - „თინანჩუნ ინ კოტენჩუნ“, ეს იქნება ჩინელი მაყურებლის პატივისცემა და სიყვარულის გამოხატულება. ჰმ... და განა ეს არ დაასამარებს ივანიშვილის რეჟიმს? განა ეს არ დაანგრევს ოლიგარქიას? გენიოსია მიშა, გენიოსი და უძლეველი, ასეთ სცენარს მხოლოდ გენიოსები წერენ.
- კოტე, მე წავედი, ჭურჭელი გარეცხე, სარეცხი მანქანაში შეყარე, ისევ ხელით არ დაიწყო ჭეჭყვა, გასაგებია?
- ჰა, ჰო, დიახ, გასაგებია - ამოიხვნეშა კოტემ და ჯამ-ჭურჭლით სავსე „რაკოინას“ ჩააჩერდა.
რეალურ ფაქტებზე
დაყრდნობით ნოველა დაწერა
გელა ზედელაშვილმა

