ფრიად დასაბურძგლი ამბავი

ფრიად დასაბურძგლი ამბავი

ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემიაო, თქვა პაატა ბურჭულაძემ და მე ამ დროს დამბურძგლა. გამოგიტყდებით, როცა ე. წ. მსოფლიო ბანის პრეტენზიული განცხადება ბოლომდე მოვისმინე, ბურძგლვა სიბრაზეში გადამივიდა - კი, მაგრამ, როდემდე უნდა იცრუპენტელოს ამ მოხუცმა, როდემდე უნდა „ისპეკულიანტოს“? გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა 9 მილიონი ლარი თუ დოლარი არ მისცა და „ნევრებზე“ ზის, მაგრამ ყველაფრით „სპეკულიანტობა“ გაგონილა?
მივყვეთ ბურჭულაძის განცხადებას... ის ამბობს, რომ რუსთაველის პრემია მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დაუყადაღა, რადგან უნდა, რომ მიითვისოს.
გესმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პაატას რუსთაველის პრემია ჩამოართვას და ფული მიითვისოს. 
„მე 1991-1992 წლებიდან ვიღებდი და ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მე მას უნდა გადავუხადო ეს პრემია და მან უნდა მიითვისოს. ვნახოთ, მე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, რუსთაველი მაინც რუსთაველია“.
რა გამოდის? კაცი ამბობს, პრემიას 1991-1992 წლებიდან ვიღებდიო. ჯერ ერთი, რა შუაშია აქ 1991 წელი, როცა მას რუსთაველის პრემია 1992-ში მიანიჭეს? მეორეც - რა ფულს იღებდა წლების განმავლობაში, როცა პრემია ერთჯერადია და როცა მან მიიღო, მხოლოდ 10 ათას ლარს შეადგენდა? თუ არ ვცდები, ამჟამად 15 ათასი ლარია. 
 პაატა ბურჭულაძე ცრუობს, იგი ამბობს, რომ პრემია, ანუ თანხა ბიძინა ივანიშვილმა დაუყადაღა. ესე იგი, კი არ ჩამოართვეს, შეუჩერეს, დაუყადაღეს. როგორ შეიძლება, პრემია დააყადაღო, როცა იქიდან არანაირი თანხა არ მოდის? როგორც ჩანს, ამ კაცმა მანქანით სადღაც მოძრაობის წესები დაარღვია, დააჯარიმეს, არ გადაიხადა, გავიდა საკმაო დრო, რაღაცა დაუყადაღეს და ჰგონია, რომ რუსთაველის პრემია ჩამოართვეს. 
არა უშავს, პაატა პაპავ, ვინ არ დაბერებულა და ვინ არ გამოიმასქნებულა?

გელა ზედელაშვილი