„ნაციონალი“ ანიკო და მიშას ბიჭი ვარდენა
„ნაცებში“ „გამიშვი და დამიჭია“, ანი წითლიძემ ვარდენას დასცხო და ისეთები დაწერა თუ ილაპარაკა, ყურო, ნუ გაიგონებ, თვალო, ნუ დაინახავ! ნეტავ რა იყო მიზეზი და ნეტავ, ეს ვარდენა ვინღააო? - იკითხავთ თქვენ. ვარდენა მიხეილ მაჭავარიანის შვილია. მიხეილი შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირში“ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, როცა ხათუნა გოგორიშვილთან ერთად არჩევნების გაყალბებით სახელი გაითქვა, იმავე შევარდნაძემ შემოსავლების სამსახურის „უმფროსად“ გაამწესა და როგორც ავი ენები ამბობენ, მაშინ კაი მაგარი „მაყუთი“ იშოვა. როცა ამ სტატიის წერა დავიწყე, მაშინ გავიგე, თავში აწეული ბალღი პოლიტიკური მოძრაობა „სართულის“ წევრი ყოფილა. „სართულიო“, გაიგონეთ? ალბათ, მალე დაფუძნდება პოლიტიკური მოძრაობა „მავთულიც“, სადაც ყოფილი პოლიტიკოსების დანარჩენი შვილები გაერთიანდებიან. დიახ, მავთული ჩვენს ცნობიერებაში აღიქმება როგორც სიგრძე, განგრძობა, განვრცობა და ეს ბალღებიც ხომ თავიანთი მშობლების განგრძობები არიან? აი, ამაშია საქმე!
მოდით, ახლა ის გავარკვიოთ, რა უნდა ანიკო წითლიძეს ვარდენასგან? საკითხში უკეთესად რომ გავერკვეთ, ვარდენას ნალაპარაკები თუ დაწერილი უნდა შემოგთავაზოთ:
„ოცნებაც” და „ნაცებიც” მამაჩემის სახელს რომ წევენ ჩემს გასაშავებლად, მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, მთაწმინდაზე, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან. მე და მამაჩემს, რომელიც 10 წელია პოლიტიკაში საერთოდ აღარ არის, შეიძლება გვქონდეს რაღაც განსხვავებული აზრები სხვადასხვა თემაზე, ეს ძალიან ჯანმრთელი და ნორმალურია, მაგრამ რაც მთავარია – ჩემთვის, ოჯახი არის ყველაზე მთავარი სიწმინდე, ყველაზე მნიშვნელოვანი და მისი სახელის და ღირსების შეურაცხყოფას არ გავატარებ, რადგან ჩემ ოჯახში არავის უცხოვრია ისე, რომ მე რაიმე დამხვედროდა წინ, ან რაიმესი შემრცხვენოდა. რადგან ვერაფერს ამბობს პროპაგანდა ჩემს გასაშავებლად, ამბობენ, თითქოს ვარ „ნაცი“, ოღონდ ის დაავიწყდათ, რომ „ნაცები“ უნდა მოიკითხონ თავისივე პარტიაში, ანუ „ოცნებაში”, მერაბიშვილის პოლიციელი გეკა გელაძე და ადეიშვილის მოადგილე გივი მიქანაძე რომ დანიშნეს მინისტრებად, ასევე, ძალიან ბევრი ყოფილი „ნაცი” ჰყავთ პარლამენტში. „ნაცებს” მართლაც ჰქონდათ ძალიან ბევრი შეცდომა და დანაშაული, თუნდაც ახალაიას, მერაბიშვილს და ბევრ სხვას, ჩემი აზრით, ბოდიში აქვთ მოსახდელი“.
აი, აქ გაჭედა ანიკო წითლიძემ, აქ გადავიდა ჭკუიდან და ისე შეუტია ვარდენას, ბარე აღიარებით ჩვენებადაც კი გამოდგება მისი ნათქვამი:
„მამაშენი კორუმპირებული მინისტრი იყო. მილიონები იშოვა. მოპარული ფულებით აშენებულ სახლში ცხოვრობ ახლა. ნაცების დროს პრივილრგიებით, მანქანით, სწავლის ფულით სარგებლობდი. საჭმელსაც ნაცებისას ჭამდი და ნიფხავიც ნაცების გაცვია. 9 წელი ხელისუფლებაში და თანამდებობებზე ეგ იყო, 2012 წელს იყო „ნაცების“ გენერალური მდივანი და კიდევ არ გრცხვენია? ამიტომ, სანამ იმ ქვაბში ჩააფურთხებ, საიდანაც ჭამდი, გახსოვდეს, რომ პასუხს მიიღებ. იმაზე ცალკე მოგიყვები, მამაშენმა 2016 წელს პარტია როგორ გაძარცვა წასვლამდე, ბევრი მოწმე მყავს. პრობლემა ის კი არ არის, რომ „ნაცები“ არ მოგწონს, პრობლემა ისაა, რომ „ქოცების“ მესიჯზე და ტყუილებზე ზიხარ და გგონია, ამით პოლიტიკურ ქულებს დაიწერ. არადა, ვერ ხვდები, რომ მაგით მამაშენს აყენებ შეურაცხყოფას. ეგ ყველაფერი „ნაცებში“ თუ ხდებოდა, მამაშენი რატომ იყო ჩუმად? ხმა რატომ არ ამოიღო? არ იცოდა? მამაშენი ნაწილია მაგ ყველაფრის, ჩემო ვადო და „ნაცების“ გინება თუ ძაან გინდა, მამაშენით დაიწყე. არ გეგონა, რომ პასუხს გაგცემდით? ჯერ სად ხარ“!
თქვენ, ალბათ, იმასაც იტყვით, ან ანიკო წითლიძე რაში გვაინტერესებს, ან კიდე მიხეილ მაჭავარიანის ბიჭი ვარდენაო? კი, ბატონო, თქვენს ადგილზე მეც ეგრე ვიფიქრებდი, მაგრამ იცით, ამ შემთხვევაში რა სურათს ვხატავ? აი, ნახეთ, რას დაემსგავსნენ „ნაციონალები“, ვის ხელშია ჩავარდნილი ერთ დროს მმართველი პარტია და როგორი გაბანძებული სიტუაცია აქვთ შიგნით. არც მიხეილ მაჭავარიანი იყო ვარსკვლავი, არც ხათუნა გოგორიშვილი, არც არავინ მაგ პარტიაში, მაგრამ მიუხედავად უამრავი დანაშაულისა, ერთგვარ სოლიდურობას მაინც ინარჩუნებდნენ. ესენი კი ვინ არიან, ვის დაჰკარგვიან და რა უნდათ? ვარდენას წერილს თუ კარგად წავიკითხავთ, აშკარად დავინახავთ, როგორ უნდა მამალი „ნაცის“ შვილს „ნაცებისგან“ გაქცევა, თითქოს არ სურს წარსულში ჩაძირვა, მაგრამ ეს მასზე არ არის დამოკიდებული, ის წარსულს ვერ გაურბის და ვერც მამა გამოჰყავს მშრალზე. ეს ბალღი ცდილობს, საკუთარი მამის ჩრდილსაც გაექცეს, როგორმე თავი დააღწიოს, მიედ-მოედება, თან მამას „აპრავებს“, თან მამამისის ყოფილ თანამებრძოლებს ადანაშაულებს, თან „ოცნებას“ ურტყამს, „ნაცები“ იქით მოიკითხონო. ბალღი ვერ გადის მამის არეალიდან, ის ვარდენია, იგივე ვადო, ვითომ დამოუკიდებელი, ვითომ უსამართლობასთან მებრძოლი, მაგრამ ვერა, ვერ ახერხებს გაჭენებას, რადგან ეს საქართველოა და აქ, ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ. რამდენი წლისა იქნება ვარდენა? ალბათ, 20 წლის, ან 25 წლის, შეიძლება ცოტა მეტის, შეიძლება ცოტა ნაკლების, მამამისის თაობა ჯერ კიდევ ცოცხალია, შემდეგი თაობაც ცოცხალია, ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ აყალბებდნენ არჩევნებს მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი. ერთი პერიოდი რაღაც სახელმძღვანელოსავითაც კი იყო, სადაც მაჭავარიან-გოგორიშვილის მიერ შემუშავებული მეთოდები ჩამოაწიკწიკეს. არ დაიჯერებთ, ე.წ. კარუსელები ვინ შემოაგდო საარჩევნო სისტემაში, ახლა სომხურს რომ ეძახიან? მაგათ შემოიტანეს, მაგათ დანერგეს. იცით, გამყალბებლის შვილი ლაპარაკობდეს გაყალბებაზე იქ, სადაც არაფერი გაყალბებულა, ცოტა უხერხულია. პრინციპში, ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ - ბოროტის ნაშიერი სიკეთეზე გველაპარაკება, კორუფციონერის ნაშიერი - პატიოსნებაზე, ყაჩაღის ნაშიერი - ქველმოქმედებაზე. ამ ბალღს რას ვერჩი? არც არაფერს, ის ცდილობს, პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს აფერისტობით, მალვით, ქვემძრომობით და ამავე დროს - ყოყლოჩინობით, მაგრამ არ გამოუვა. აქ უკვე მამამისია დამნაშავე, როგორც გუბაზ სანიკიძემ გაწირა საკუთარი შვილი მარცხისთვის, ისე წირავს საკუთარ შვილს მიხეილ მაჭავარიანიც. აზრზე მოდი, რააა, დაფიქრდი, რაც შენ დააშავე, გაიაზრე და შვილს ნუღარ ხვევ იმავე დანაშაულში, ნუ აკეთებ ისე, რომ შენმა ნაჭამმა ტყემალმა შენს შთამომავლებს მოჭრას კბილები.
რაც შეეხება ანიკო წითლიძეს, ეს უკვე წასულია ხელიდან, მან არც კი იცის, სად რა და როგორ უნდა ილაპარაკოს. როდესაც ანიკო ეუბნება ვარდენას, მამაშენი კორუფციაში იყო ჩაფლულიო, ამით აღიარებს, რომ სააკაშვილის მთელი ხროვა იყო კორუფციაში ჩაფლული. რა თქმა უნდა, იყო, განა არ იყო? ჩვენ ესეც კარგად ვიცით, მაგრამ როცა „ნაცების“ სახე ლაპარაკობს ამას, ეს უკვე მტკიცებულებაა. ეს უნდა დაინახონ რუსთაველზე მობოდიალეებმა და მოძუძგონ სახლებში, ასეთი ე.წ. პარტიის ეგიდით ხეტიალს პერსპექტივა არ გააჩნია, ტყუილია, განწირულია. რაც იმ 9 წელიწადში მოხდა, ეს ქართველი ერისთვის იყო დიდი ტრაგედია და აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს.
მიუხედავად ყველაფრისა, პირადად მე ძალიან მომწონს, რაც ამ ბოგანოების თავს ხდება - ამათ აუცილებლად უნდა დაჭამონ ერთმანეთი, ამასობაში საკონსტიტუციო სასამართლოც გამოიტანს „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის განაჩენს და მორჩა, იყო და არა იყო რა, რა ვარდენა, რომელი ანიკო და სადაური მიხეილ მაჭავარიანი? კარგი, რა, რაღა დროს მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილია? როგორც ცხონებული რეზო ინანიშვილი იტყოდა: ნუ ჩამძახით რაღაც სისულელეებს, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე, სიმინდი მაქვს მოსარწყავი, თუ ნება-ნება არ მოვრწყე, დახრამავს და ფესვებს მაღლა ამოყრის. წადით, ხალხო, ქინძი დათესეთ, ოხრახუში დათესეთ, ხახვი და ნიორი მოიყვანეთ, რა დროს ვარდენაა?!
P.შ. სანამ ამ წერილს დავასრულებდი, გივია თარგამაძეც გამოუშვეს ციხიდან. ეს ის არის, სულების ამოხდით რომ გვემუქრებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს. ალბათ, გახსოვთ, რაც ამათ რუსთაველზე დაატრიალეს და შემდეგ ტელეკომპანია „იმედში’ რაც ჩაიდინეს. ნანულა ჟორჟოლიანმა დაწერა, სამწუხაროა, რომ გივი თარგამაძემ ამათ სულები არ ამოხადაო. ესე იგი, ეს ცოცხზე გადამჯდარი დედაბერი წუხს, რომ გივი თარგამაძემ ჩვენ სულები არ/ვერ ამოგვხადა. ესენი მართლა აპირებდნენ ჩვენთვის სულების ამოხდას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა არ დააცადა, წერტილი დაუსვა მათ პარპაშს და მადლობა მას ამისთვის.
გელა ზედელაშვილი
