ჯადოქარი „მახიკო“
დიეგო არმანდო მარადონა, კაცი, რომელსაც საკუთარი თავი ფეხბურთის ღმერთად მიაჩნდა და იშვიათად აღიარებდა სხვების უპირატესობას, ერთხელ ჟურნალისტებს მიუბრუნდა და სრული სერიოზულობით განუცხადა: „თქვენ მე საუკეთესოს მეძახით, მაგრამ არსებობს ერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩემზე უკეთესია. მას „მახიკო“ ჰქვია და ის „კადისში“ თამაშობს“.
მე არ ვიცოდი, ვინ იყო „მახიკო“, ან რა გუნდი იყო „კადისი“, ასე რომ, მადლობა „ფინტის“ ამ ინფორმაციისთვის, რომელმაც დამაკვალიანა, მე კი მათ ვაკვალიანებ, ვისაც ამგვარი ამბები აინტერესებს.
ეს სიტყვები ეხებოდა სალვადორელ ხორხე ალბერტო გონსალესს, მეტსახელად „მახიკოს“ (ჯადოქარს) – გენიოსს, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო პელეზე დიდი ფეხბურთელი, მაგრამ არჩია, ღამის კლუბების მეფე და, უბრალოდ, ბედნიერი ადამიანი ყოფილიყო.
მისი ისტორია ფეხბურთის ყველაზე დიდი ისტორია იქნებოდა, რომ არა...
„მახიკო“ ევროპაში 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამოჩნდა. ესპანურმა „კადისმა“, მოკრძალებულმა კლუბმა, ნამდვილი ბრილიანტი ჩაიგდო ხელში.
„მახიკო“ მოედანზე ისეთ რამეებს აკეთებდა, რასაც ფიზიკის კანონები კრძალავს. მისი საფირმო ილეთი, ე. წ. „ელასტიკო“ და განსაკუთრებული ფინტი – „კულებრიტა მაჩეტეადა“ (გველის მოძრაობა), მცველებს ხერხემალს უმსხვრევდა, მაგრამ როგორც კი მატჩი მთავრდებოდა, იწყებოდა მისი მეორე ცხოვრება.
„მახიკოს“ უყვარდა ძილი და გართობა. მას შეეძლო ევარჯიშა სიგარეტით ხელში, ან საერთოდ არ მისულიყო ბაზაზე, რადგან წინა ღამით დისკოთეკაზე ზედმეტი „გართობა“ მოუვიდა.
ყველაზე კურიოზული და, ამავდროულად, მისი ხასიათის გამომხატველი ეპიზოდი „ბარსელონასთან“ ამერიკული ტურნეს დროს მოხდა. კატალონიელებს იმდენად უნდოდათ მისი შეძენა, რომ მარადონას გვერდით სათამაშოდ წაიყვანეს სინჯებზე. ლოს-ანჟელესის სასტუმროში, სადაც გუნდი ისვენებდა, სახანძრო განგაში ჩაირთო. მთელი „ბარსელონა“ – მწვრთნელები, ფეხბურთელები, პერსონალი – დაპანიკებული გარბოდა ქუჩაში. როცა ყველა შეიკრიბა, აღმოაჩინეს, რომ „მახიკო“ არსად ჩანდა. შიშობდნენ, რომ სალვადორელი კვამლში გაიგუდა. მაშველები ნომერში შევიდნენ და დახვდათ სურათი, რომელმაც „ბარსას“ დირექტორები შოკში ჩააგდო _ „მახიკო“ მშვიდად იწვა საწოლში გოგონასთან ერთად და ეძინა.
კიდევ ერთი ლეგენდარული ამბავი „ტროფეო დე კარანსას“ ტურნირს უკავშირდება. „ბარსელონასთან“ მატჩზე ის სტადიონზე დაგვიანებით, ნაბახუსევი მივიდა. პირველი ტაიმის შემდეგ „კადისი“ 0:3-ს აგებდა. მეორე ტაიმში მწვრთნელმა ის მოედანზე შეუშვა. ნახევრად მძინარე გენიოსმა მარტომ მოატრიალა თამაში – გაიტანა ორი გოლი, გააკეთა ორი საგოლე პასი და „კადისმა“ 4:3 მოიგო. სტადიონი სკანდირებდა: „მახიკო! მახიკო!“.
როდესაც მას ეკითხებოდნენ, რატომ არ უნდოდა გამხდარიყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ეთამაშა გრანდებში, ის პასუხობდა ფრაზით, რომელიც ფეხბურთის რომანტიკოსებისთვის ბიბლიად იქცა: მე ფეხბურთს ვთამაშობ არა იმიტომ, რომ ბიზნესი ვაკეთო, არამედ იმიტომ, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს. „მე რომ ფეხბურთი სამსახურად მექცია, დავკარგავდი იმ ბავშვურ სიხარულს, რაც ბურთის გორებას მოაქვს. მე მირჩევნია, ვიყო ბედნიერი მძინარე, ვიდრე უბედური ვარსკვლავი“.
დღეს ხორხე გონსალესი 60 წელს გადაცილებულია, ისევ სალვადორში ცხოვრობს, ისევ უყვარს ძილი და ისევ რჩება ერთადერთ ფეხბურთელად, რომელმაც აღიარება მოიპოვა არა ტიტულებით, არამედ იმით, რომ ფეხბურთი აქცია სუფთა ხელოვნებად.
მაკა ჯაყელი

