მე არ მოვდივარ ვინმეს დასამარცხებლად, მე მხოლოდ ყველა ქართველის გასამარჯვებლად მოვდივარ!
„მისი (ბიძინა ივანიშვილის) პირადი უსაფრთხოება და საქართველოს უსაფრთხოება ერთი და იგივეა, ამ ორს შორის განსხვავება უბრალოდ არ არსებობს. მისი ვეზირები ამას ღია ტექსტით გვეუბნებიან. სინამდვილეში, ეს ორი რამ შეუთავსებელი გახდა,“ _ წერილი გამოაცხო უსამშოლო მამალ ნაცთაგანმა, რომლის ვინაობასაც მხოლოდ იმიტომ არ ვიტყვი, რომ არ მინდა, ისეთ ავტორიტეტად ჩათვალოს საკუთარი თავი (ან სხვამ ჩათვალოს), რომელიც „საერთო გაზეთის“ ფურცლებზე მოხვედრას იმსახურებს.
ამ ერთ პატარა აბზაცში რამდენი რამ თქვა?
ყურადღება ამ კაცისებრის იმ ნაფიქრზე შემიჩერდა, რომ ამ არაპატივცემულ პროფერსორს ქვეცნობიერმა უნებლიეთ ათქმევინა ის, რისი თქმაც არ უნდოდა _ „ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოება და საქართველოს უსაფრთხოება ერთი და იგივეა“ და „ეს ორი რამ შეუთავსებელი გახდა.“
გახდაო! მაშასადამე, რაო, ასე იყო და ასე აღარ არის და ეს ცუდიაო? თუ, ეს „ცუდი“ კარგიაო თუ ცუდიაო? _ ამათი „სიბრძნეებისას“ მე ვერაფერს ვიგებ.
რაც შეეხება პირველ ფრაზას _ მე მხოლოდ იმას ვხედავ, რაც ხელისულზე გვიდევს ყველას, სხვა საკითხია, თუ დანახვა არ უნდა ვინმეს. კაცმა საკუთარი თავიცა და საკუთარი ოჯახიც საფრთხის ქვეშ დააყენა, რათა საქართველოს ირგვლივ უსაფრთხოების რკალი შეექმნა!
ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს „რას ხტი ხანჯალივით“, რაც მუდამ მეომარი საქართველოს ყოფამ შექმნა _ ქართველს ხომ საუკუნეების განმავლობაში ხმალი არ ჩაუგია ქარქაშში, ბრძოლას იგებდა თუ აგებდა, ხმალს იქნევდა!
ხმალი არ ჰქონდა? _ დაეჭიდებოდა. თუ ბათმანიანი მუშტი ჰქონდა, დაჰკრავდა მტერს და სულს გააცხებინებდა. ჩუბინობაშიც უბადლო იყო და მსუბუქი დასჯაც იცოდა _ ალიყურს აჭმევდა. ასე მოდიოდა ქართველი ერის ვაჟკაცობა მანამ, სანამ ძალას ადამიანური საზომი ჰქონდა, შემდეგ კი, რაც კოლტმა რევოლვერი შექმნა და მისი სერიული წარმოება დაიწყო, დაირღვა ბუნებრივი გადარჩევის პროცესი და მებრძოლი გენის, ქართველთა ვაჟკაცობის გამოსავლენად აქა-იქღა დარჩა ადგილი, მაგრამ მებრძოლი სული არ მომკვდარა.
როგორც ვხედავ, ქართველ ერის ჩასაფრებულ ნაწილს კარგად არ ესმის, რას ნიშნავს სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება; ვერ იაზრებს, ხმალთან და მუშტთან შედარებით რამხელა კი არა, თუნდაც მეტი უპირატესობა რომ აქვს ბალისტიკურ რაკეტას და, თუ გონიერება არ მისცა გამჩენმა, გული ერჩის გიგანტთან საბრძოლველად... და თუ შენც მათნაირი ბრიყვი არ ხარ, დათვის მეგობრად გამოყავხარ.
მართალია, აქ ცოტა სხვაგვარადაც არის საქმე, _ ომის მოსურნეები თვითონ კი არ აპირებენ ბრძოლას, არამედ სხვისი ხელით უნდათ ნარის კრეფა, მაგრამ ეს უსამშობლოების კატეგორიაა.
ასეა თუ ისე, უნდოდა თუ არ უნდოდა, ყველა კატეგორია მოხვდა იმ მოცემულობაში, რომ დღეს საქართველოში მშვიდობაა. ის კატეგორია, რომელსაც წინ მოგდებული ჰქონდა „მშვიდობა ვჭამოთ?“, ისიც კი ჩაჩუმდა, მიხვდა, რომ „მშვიდობის ჭამა“ სჯობს, საიქიოში ცერბერთან შეხვედრას.
მხოლოდ მშვიდობიანი წინააღმდეგობა; ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ საქართველოს საკეთილდღეოდ; სწორება საქართველოზე! _ ეს გახდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და სამშობლოს მოყვარული გონიერი ხალხის დევიზი.
ერთ დღეში ქვეყანა არ აშენებულა! მით უმეტეს, თუ დღე ერთი იყო და დღეში სამ-სამ აგურს აცლიდნენ საძირკვლიდან...
ერთი ბრძენი გზაზე მიდიოდა და დაინახა, რომ ორმოში ხარია ჩავარდნილი. გლეხი თავდაუზოგავად ცდილობდა მის ამოყვანას, მაგრამ უშედეგოდ. ბრძენმა თვალით ანიშნა მოწაფეებს, ისინი დაეხმარნენ გლეხს და ხარი ციმციმ ამოიყვანეს.
გზა განაგრძეს და ახლა სხვა ორმოში ჩავარდნილ სხვა ხარს გადაწყდნენ, ოღონდ, ამ ხარის პატრონი ორმოს კიდეზე იჯდა და ქვითინებდა. ბრძენმა გვერდზე ისე ჩაუარა, თითქოს არც კი შეუმჩნევია. მოწაფეებმა ჰკითხეს:
- მასწავლებელო, რატომ არ დაეხმარე ამ გლეხსაც?
- ტირილში დავეხმარო? _ გაოცდა ბრძენი.
იმ გლეხივით ვტიროდით ოცდაათი წელი და ამ ხნის განმავლობაში ოცდაათმა ბრძენმა ჩაგვიარა _ ვინ მოისურვებდა ჩვენთვის ტირილში დახმარებას?
დახმარება, ანუ ჩვენ რომ ხარი ორმოდან ამოგვეყვანა, არავის ანაღვლებდა, პირიქით, შარაგზა ხომ სავსეა შარაგზის ყაჩაღებით და, შესაბამისად, ხან ვინ გვპირდებოდა ჩოხა-ახალუხის სანაცვლოდ ხარის ამოყვანას და ხან _ ვინ. ჩვენ არც ხარი გვეთმობოდა და არც სამოსი, მაგრამ, სანამ საცვალის ამხანაგის ამარა არ დავრჩით და არ შეგვცივდა ან დავიხრუკეთ, ვერ მივხვდით, რომ უნდა გვეცადა და ჩვენი ხარი როგორმე ჩვენ თვითონ უნდა ამოგვეყვანა ორმოდან. ამასობაში კი, გზიდან ვინმე წამოგვეშველებოდა...
ხარი შემთხვევით არ მიხსენებია. ხარის კულტს ქართველი ხალხის რწმენა-წარმოდგენებში უდიდესი ადგილი აქვს დათმობილი. მისი კულტი იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ ქრისტიანულ რელიგიაშიც კი შეაღწია.
ქართულ მითოლოგიაში ხარის რქები იყო სიწმინდის ნიშანი და მას გამოსახავდნენ ყველა ღმერთის თავზე. ჭექა-ქუხილის ღმერთ იშქურს ერქვა “შმაგი ველური ხარი“. ხარი - ეს არის შემოქმედი საწყისის პრინციპისა.
საწყისის პრინციპი კი იყო ის, რომ, როდესაც თითქმის შიშვლებმა ტირილის ნაცვლად ხარის ამოყვანაზე დავიწყეთ ფაფხური, გზიდან ძვირფას ბედაურზე გადამჯდარმა ერთმა კაცმა შეგვნიშნა და რომ დაინახა, ჩვენს წიქარას ვებღაუჭებოდით, ორმოში სასიკვდილოდ არ გვემეტებოდა, ჩამოქვეითდა, წამოგვეშველა _ წიქარას ორმოში მიტოვება და მისი სიკვდილი ვინ გაიგონა! თქვენთან ერთად გავირჯები, თქვენთან ერთად გადავიტან იმ სირთულებს, რაც ჩვენი ხარის გადარჩენის გზაზე შეგვხვდებაო, დაიკაპიწა მკლავები და შემოგვეხიდა.
ორმოდან ხარის ამოყვანის მცდელობაში მრავალგზის ამოისვარა მისი სახელი ლაფში; მრავალგზის შეუყვირეს, რა შენი საქმეა ხარის ორმოდან ამოყვანაო; მრავალგზის დაემუქრენ კიდეც ხან რით და ხან _ რით, მაგრამ სანამ ხარი ორმოდან არ ამოგვაყვანინა, თავი გადადო და არ დათმო განზრახული.
რამდენი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ ხარი საღ-სალამათი ამოგვეყვანა ორმოდან...
ერთი შეცდომა და, ჩვენც, ყველანი, იმ ორმოში აღმოვჩნდებოდით ხართან და, ამომყვანი ვინღა იქნებოდა, მიწის წაყრას კი არავინ დაგვამადლიდა _ ორმოდან ამომყვანის ნახვა ჭირს, თორემ მიწის წამყრელები მრავლად არიან...
გადარჩა, ჩვენი ხარი ისევ გვყავს, მაგრამ იმდენი ხნით ორმოში ნამყოფი სუსტად არის, მოღონიერება სჭირდება და კიდევ იმის გააზრება გვმართებს, რანაირად უნდა ვატაროთ დასუსტებული ხარი იმ ოღროჩოღროებზე ისე, სადაც ყოველ ნაბიჯზე ორმოებია ამოთხრილი, რომ ფეხი ისევ არ აუცდეს ბილიკიდან და უარეს ორმოში არ ჩავარდეს...
ბილიკიცა და ორმოც, ღვთის ნებით უკვე მერამდენედ გადარჩენილი ხარისთვის ერთგვარი გამოცდაც არის ახალდროების მსოფლიოში და იმის გააზრების ეტალონიც, რომ ერთობლივი გარჯის გარეშე სასურველი შედეგი არ მიიღება.
ჩვენ ახლა ახლიდან და ახლებურად ვსწავლობთ იმ ხარის მოვლას, რომელიც, გვეგონა, რომ გაღმელი მეხრის მისახედი იყო, ჩვენ კი ფეხს ფეხზე გადავიდებდით და ჰორიზონტისთვის მოცქერალი მოჭუტული თვალებით, მხარ-თეძოზე წამოწოლილები ყალიონს გავაფუტებდით...
ახლაღა ვხვდებით, რომ, თუ გვინდა, ხარი ჯანმრთელად იყოს და ძლიერ ფეხებზე იდგეს, რათა სრულფასოვნად გვემსახუროს, ჩვენც რუდუნებით უნდა მოვექცეთ და ვემსახუროთ...
არასდროს დამავიწყდება ამ კაცის, ხარის ორმოდან ამოსაყვანად „გზიდან გადმოსულის“ ერთი ქმედება _ მან ფეხი არ დაადგა ძირს დაგდებულ მისი წინამორბედის გამოსახულებიან პლაკატს.
იმთავითვე თქვა ამ კაცმა მარტივი ენით: მე არ მოვდივარ ვინმეს დასამარცხებლად, მე მხოლოდ ყველა ქართველის გასამარჯვებლად მოვდივარ!
საქართველო სუნთქავდა და მხოლოდ ამით დაასკვნიდა ვინმე, რომ ცოცხალი იყო, ახლა კი წამომჯდარია და მზესავით პირს იბანს...
ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების საიუბილეო თარიღს!
მაია ჭელიძე

