თურმე იქ, „ზემოთ“, ქართული ენის ჟღერადობას არ აქებენ

თურმე იქ, „ზემოთ“, ქართული ენის ჟღერადობას არ აქებენ

როგორც იცით, მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ში სიტყვით გამოვიდა. ჯერ ამაზე იღლიცინეს აკაცუკებმა, მაგ არალეგიტიმურს იქ რა უნდაო? აშკარად შეცდომააო, მაგას იქ არ მიიწვევდნენო. სიტყვით გამოვიდა ქართულად და ახლა ისეთები დააბრეხვეს - ყურო, ნუ გაიგონებ, თვალო, ნუ დაინახავ! 
ყველა „ნაცი“ და მათთან გათანაბრებული ასე რომ არ ფიქრობდეს, ვინმე გიორგი რუხაძის ნათქვამს გავატარებდი, ყურადღებას არ მივაქცევდი, მაგრამ ახლა ვერ გავატარებ. ეს ტიპი ისეთ ფაქიზ თემას შეეხო უდიერად, აუცილებლად უნდა „შეჩვენდეს“. პრინციპში, როცა ასეთი გონება აქვს, უკვე შეჩვენებულია, მაგრამ მაინც. 
ესე იგი, ვინმე გიორგი რუხაძეს, ტელევიზორში ე. წ. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად რომ მოიხსენიებენ (არადა, ეგეთი ლიდერები ე. წ. ოპოზიციაში ვედრო ათი შაურია!) თურმე ქართული ენის ჟღერადობა არ მოსწონს... უფრო სწორად, დამწერლობას არ უჩივის, მაგრამ გაერო-ში, ევროპასა და აშშ-ში არ აქებენ, მიხეილ ყაველაშვილი რომ გამოვიდა ქართულად, არც ისე მოსაწონი რამ გახლდათო:„ქართული დამწერლობა ძალიან ლამაზია, მაგრამ ჟღერადობის რა გითხრათ, დიდად არ აქებენ, სხვათა შორის“.
სად არ აქებენ ქართული ენის ჟღერადობას, ასოთა წყობას და წინადადებათა გამართულობას, ეს მანქურთი არ აკონკრეტებს. პრინციპში, რაღა დაკონკრეტება უნდა? უკვე გითხარით - იქ, ზემოთ, სადაც „უმფროსები“ სხედან. რა ვერ გაიგეთ? მისტერ ყუფარსონს არ ევასება ქართული ენის ჟღერადობა, დღეგამოშვებით რომ რეკავს თანამედროვე ცეკადან და დავალებებს იძლევა. 
ეს ტიპი არ არის რუხაძე! არ შეიძლება, რუხაძემ ასეთი სისულელე თქვას! ნამდვილი რუხაძე ამას ვერ იტყოდა! აშკარად გვარი აქვს გადაკეთებული!
ამას უნდა მიესაჯოს იოანე ზოსიმეს შეფასებების კითხვა დღეში ცხრაჯერ - „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“.
რაო? როგორ თქვა იოანემ? როგორი არს ქართული ენაიო? _ „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა“.
არა მგონია, ამ გონებრივად და ფიზიკურად გაქსუებულმა რამე გაიგოს, მაგრამ როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყვის ხოლმე, მაინც ვცადოთ, იქნებ, მოვაქციოთ? 
ხედავთ? ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი რამდენიმე სიტყვით დამარხოს. ალბათ, არც აქამდე ბრწყინავდა, ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ამის შემდეგ ხომ უკვე მამსპარია სამარადჟამოდ?
მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ში სიტყვით გამოვიდა და სულ კარგი რაღაცები ილაპარაკა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. ეს ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა. აი, აქ ატყდა, თუ ატყდა - ეგაო, ფოტოშოპიაო, ანუ გაყალბებული სურათიაო, ყაველაშვილს ტრამპი და მისი ცოლი არ მიიწვევდნენო. ვითომ რატომ არ მიიწვევდნენ? რა, მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტი არ არის? თუმცა, ამ უბედურებმა საკუთარი თავებიც დაირწმუნეს, რომ ამ ქვეყანას არც ხელისუფლება ჰყავს, არც პრეზიდენტი, არც მთავრობა. არადა, ჰყავს. ამათი გამოსწორება უკვე აღარ შეიძლება, ფსიქიატრია უძლურია და არა მხოლოდ ფსიქიატრია, თვითონ საზოგადოებაც. 
ისე, მოდით, ვთქვათ სიმართლე, რატომ აქვს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა, დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილთან სურათს გადაიღებს თუ არა? დიდი კი არა, როგორც ვატყობ, ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს. ესე იგი, თუ აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა ჩვენს პრეზიდენტს და მასთან სურათი გადაიღო, ჩვენი ხელისუფლება ლეგიტიმურია. თუ არ გადაიღო სურათი და არც ხელი ჩამოართვა, მაშინ არალეგიტიმურია. ორივე შემთხვევაში ვცდებით, ორივე შემთხვევაში სულელურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, სწორედ ეს გახლავთ მონის ფსიქოლოგია. ხშირად გვწყინს, როგორც თანასწორს, ისე არ გვექცევიანო - არც მოგვექცევიან, სანამ ჩვენ თვითონ არ ვისწავლით საკუთარი თავის პატივისცემას. ბოლო-ბოლო, სად იყო ამერიკა, სად იყო ამერიკის კონტინენტი, როცა ჩვენ სახელმწიფოებრიობა გვქონდა და თამარ მეფე ხმათა უმრავლესობით წყვეტდა საკითხებს? მაშინ საქართველოში პარლამენტს „დარბაზი“ ერქვა. ახლა კი არის სიმპტომები, რომ საკუთარი ქვეყნის ფასი და პატივისცემა ვისწავლოთ.
გელა ზედელაშვილი