„ბაყაყისჭამიები“ და „ლურჯი“ სამშობლო!
გასულ კვირას, ემანუელ მაკრონმა მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საბერძნეთის მიმართ. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უსაფრთხოების საკითხებს და გაიხსენა საფრანგეთის წინა ქმედებები რეგიონში.
ამასთანავე, პირდაპირი და მკაცრი ფორმულირებაც დაურთო: ჩვენ აქ ვიქნებით. შეხედეთ, რა გავაკეთეთ 2021 წელს და რა გავაკეთეთ კვიპროსზე. ჩვენთვის ეს არის მეგობრობისა და გაერთიანების განმარტება... თუ თქვენს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, გააკეთეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებითო.
რა საფრთხე ემუქრება ევროკავშირის წევრ საბერძნეთს ევროკავშირის წევრობის რიგში სამი ათეული წლით მდგომი თურქეთისგან, ნამდვილად არ ვიცი, სადავო კვიპროსის გარდა, არაფერი. ამიტომ, ვეჭვობ, რომ მაკრონის მეგობრული განცხადება მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიმდინარე დაძაბულობისა და ევროპული ქვეყნების როლის შესახებ დისკუსიების ფონზე.
საქმე ის ხომ არ არის, რომ საბერძნეთი ერთდროულად ევროპული და ამერიკული სტრატეგიული ხაზის კვეთაზე აღმოჩნდება?
ერთი მხრივ, დონალდ ტრამპი ვარაუდობს საბერძნეთის, როგორც დასაყრდენის როლის გაძლიერებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. საუბარია სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ლოჯისტიკაზე და უფრო ფართო შეკავების სისტემაზე – ახლო აღმოსავლეთიდან რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობამდე. ამ კონფიგურაციაში საბერძნეთი უპირველესად, განიხილება როგორც სტრატეგიული პლატფორმა.
მეორე მხარეს, საფრანგეთი მაკრონის ინიციატივებით ხელს უწყობს ევროპული სტრატეგიული ავტონომიის იდეას, სადაც თავად ცდილობს, დაიკავოს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური ცენტრის ადგილი. ამ კონტექსტში საბერძნეთი ნაკლებად მოქმედებს როგორც ბაზა და უფრო მეტად, როგორც მოკავშირე, საიდანაც წარმოაჩენს ევროპის შესაძლებლობას, დაიცვას თავისი წევრები შეერთებულ შტატებზე პირდაპირი დამოკიდებულების გარეშე.
ჯერჯერობით, ეს ორი ვექტორი პირდაპირ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, პირიქით, ერთმანეთს ემთხვევა მრავალი თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებისა და თურქეთთან ურთიერთობების ბალანსის საკითხებში.
ათენს შეუძლია, ისარგებლოს ერთდროულად ორი მიმართულებით, გააძლიეროს თავისი პოზიციები როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის შიგნით, თუმცა, ეს სტრუქტურა სტაბილური რჩება მხოლოდ მანამ, სანამ მხარეთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. იმ შემთხვევაში კი, როდესაც აშშ-ისა და ევროპის მიდგომები განსხვავებულია კონკრეტულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, საბერძნეთი შეიძლება აღმოჩნდეს რთულ სიტუაციაში, მას არჩევანის გაკეთება მოუწევს ძალაუფლების ორ ცენტრს შორის.
მნიშვნელოვანია, რომ თავად საბერძნეთი არ ავლენს გარე სამხედრო ავანტიურებში მონაწილეობის სურვილს _ თავშეკავებულ და პრაგმატულ ხაზს ავითარებს. პრიორიტეტად აქვს საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცება, მათ შორის, თურქეთთან ურთიერთობის კონტექსტში.
ათენისთვის პარადოქსული, მაგრამ მომგებიანი სიტუაციაა, რადგან ქვეყანა ერთდროულად ზრდის მის მნიშვნელობას შეერთებული შტატებისთვისაც და ევროპული თავდაცვის არქიტექტურის ნაწილიც ხდება. საბერძნეთი სტრატეგიულ დივიდენდებს მიიღებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ორის დაბალანსების საკითხი გახდება მთავარი გამოწვევა მისი საგარეო პოლიტიკისთვის და კიდევ უარესი, ორიდან ერთის არჩევა მოუწევს, რაც მტრად მოჰკიდებს უარყოფილს.
და უცბად, „მეგობრებმა ევროკავშირიდან“ 415 მლნ ევროთი დააჯარიმეს საბერძნეთი, სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების განაწილებაში დარღვევები გაქვსო, _ მათრახისა და თაფლაკვერის კომბინაცია გააუკეთეს...
ეს იქით იყოს, ვინც რას თესავს, იმას მოიმკის, ის უფროა საინტერესო, მაკრონის წკიპურტზე რა რეაქცია ჰქონდა ოფიციალურ თურქეთს. არ ვიცი, საპასუხო კომენტარს ჩემამდე არ მოუღწევია, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ არცკი შეიმჩნია. ოსმალოს ცბიერება გენეტიკურად მოსდგამს და ბევრი ისეთი რამის ყადრიც იცის, რაც სხვისთვის მოგვიანებით ხდება ღირებული.
ახლაც, სანამ მსოფლიო ყურადღება ირანზეა გადატანილი, თურქეთმა მოქმედება სათავისოდ დაიწყო და ისეთი სურათის კონტურები გამოსახა, რომელიც სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ჩამოაყალიბებს.
თურქეთმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ნატო-ს სამხრეთ ფლანგის სტაბილურობის გარანტად და დასავლეთის ფორპოსტად მიიჩნეოდა, ბევრი რამ იწვნია ალიანსელი მეგობრების ქვყნებიდან.
„თურქეთის მეგობრებმა“, ერდოღანის ხელისუფლების დამხობის მიზნით ოპოზიციაც შეუქმნეს, ტერორისტული დაჯგუფებებიც, მოხალისე ტერორისტებიც და რევოლუციაც წამოუწყეს. ერდოღანის ხელისუფლების ძალოვანმა მინისტრებმა იმუშავეს იდეალურად და გადაარჩინეს სრულიად თურქეთი, თორემ ახლა უკვე დაქუცმაცებული იქნებოდა _ ოფიციალურმა თურქეთმა ცხრა ევროპული ქვეყნის ელჩიც გამოაცხადა პერსონა-ნონ გრატად და კიდევ ბევრი რამ მოხდა. გარდა ამისა, სამი ათეული წელი ევროპის კართან ატუზეს ევროკავშირის წევრობის მათხოვრად, ჰოდა, რომ მოსწყინდა ამდენი ორპირობა და თვალთმაქცობა, დღეს აშკარად გადადის „თამაშის საკუთარი წესების“ დამკვიდრების ფაზაში.
უმიზეზოდ არ უთქვამს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს, რომ ტერორიზმთან ბრძოლით ქვეყანა რეალურად აშშ-ს ებრძვის. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის:
„ჩვენ ყველა [ტერორისტულ] ორგანიზაციას ვებრძვით, როგორიცაა FEთO, PKK [ქურთისტანის მუშათა პარტია], DAEშH [ისლამური სახელმწიფო]. ჩვენ არ ვიბრძვით PKK-ის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით აშშ-ის წინააღმდეგ. ნუთუ ასეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ეს არ ვიცოდეთ? ჩვენ ეს ვიცით. აშშ-ს სურს იქ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა“.
თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედების სტილი შეიცვალა. თუ ადრე სახელმწიფოები ომს კლასიკური მეთოდებით იწყებდნენ, დღეს ანკარა იყენებს ე. წ. „დისტანციური დომინირების“ სტრატეგიას _ საუბარია არა პირდაპირ ფრონტალურ შეტაკებაზე, არამედ გარემოს მომზადებაზე, სადაც მოწინააღმდეგე კარგავს კონტროლს მანამ, სანამ პირველი ტყვია გავარდება.
თურქეთი ეყრდნობა სამ ფუნდამენტურ კომპონენტს: რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს, დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატების მასიურ გამოყენებას და ელიტური ქვედანაყოფების მიერ ადგილობრივი ძალების კოორდინაციას. ლოგიკა მარტივია _ რესურსების ოპტიმიზაცია მაქსიმალური პოლიტიკური შედეგის მისაღწევად.
როდესაც ერდოღანი ახსენებს ლიბიასა და ყარაბაღს, ეს არ არის მხოლოდ რიტორიკული მუქარა, ეს არის მზა საოპერაციო გეგმის დემონსტრირება. ამ კონტექსტში, ისრაელ-ირანის დაპირისპირება თურქეთისთვის ხდება „შესაძლებლობების ფანჯარა“, რათა საკუთარი ძალა რეგიონულ არბიტრად აქციოს.
ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია რესურსების გამოფიტვას გულისხმობს. შესაბამისად, თურქეთმა გადაწყვიტა, ეს პროცესი ეკონომიკური ემბარგოთი დაიწყოს. 2024 წლიდან მოყოლებული, შეზღუდვები, რომლებიც 2026 წლისთვის ტოტალურ იზოლაციაში გადაიზარდა, სხვა არაფერია, თუ არა „ლოგისტიკური ოკუპაცია“.
ისრაელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თურქული რესურსების გადაკეტვა და ალტერნატიული გზების _ ინდოეთიდან ან ევროპიდან აფრიკის გარშემო არსებული სიძვირე, რაც ებრაულ სახელმწიფოს აყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც აიძულებს, ისეთი სვლები გააკეთოს, რომელსაც მდგომარეობის გაუარესება და თავის დაკარგვაც კი მოჰყვება.
თურქეთი კარგად იაზრებს, რომ ისრაელის აღზევება და ირანის დაცემა დაშლის თურქეთსაც, რადგან მისი ჯერი დიდი ხანია, დამდგარია იმავე ე. წ. დასავლური ელიტებისგან, რომლებმაც ის რუსეთთან საბრძოლველად გააძლიერეს _ ეს კი კარგად იცის ფლიდმა და ცბიერმა ოსმალომ.
უკვე თვალნათლივ ვხედავთ ერდოღანის, როგორც „ჰიბრიდული სცენარების ოსტატის“ ხელწერას _ სანამ ტანკები დაიძვრებიან, მოწინააღმდეგის ეკონომიკა შიგნიდან უნდა გაიბზაროს. ენერგეტიკული შანტაჟი ჯეიჰანის პორტის მეშვეობით კი ამ პროცესის კულმინაციაა. ეს არის წმინდა წყლის პრაგმატიზმი, სადაც გეოგრაფია იარაღად იქცევა.
თურქეთის საზღვაო დოქტრინა „ლურჯი სამშობლო“ აღარ არის მხოლოდ აკადემიური თეორია. უნივერსალური სადესანტო ხომალდის, „ანადოლუს“ გამოჩენა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ცვლის ძალთა ბალანსს. ეს არ არის უბრალოდ გემი, ეს არის მობილური შტაბი და უპილოტო ავიაციის მატარებელი პლატფორმა.
თუ აქამდე ისრაელის ავიაცია რეგიონში აბსოლუტური ჰეგემონი იყო, ახლა თურქული დრონების, „ბაირახტარების“ (ერდოღანის სიძის, სელჩუკ ბაირაქტარის შექმნილი) მუდმივი ყოფნა ზღვაში ამ ჰეგემონიას წერტილს უსვამს. თურქეთი აღარ ითხოვს ნებართვას პატრულირებისთვის, ის თავად აწესებს „არასაფრენ ზონებს“ თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ეს არის სუვერენიტეტის დემონსტრირება იმ სივრცეში, რომელსაც დასავლეთი ტრადიციულად თავის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა.
ყველაზე საინტერესო და რთული ასპექტი თურქეთის ურთიერთობაა იმ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, რომლის წევრიც თვითონ არის_ ის იყენებს ნატო-ს წევრობას, როგორც ფარს. ინჯირლიკის ავიაბაზის ფაქტობრივი ბლოკირება და ამერიკული ძალებისთვის საჰაერო სივრცის დახურვა აჩვენებს, რომ თურქეთს შეუძლია „გამორთოს“ ვაშინგტონის გავლენა რეგიონში ყოველგვარი იურიდიული დარღვევის გარეშე.
ანკარა ვაშინგტონს აყენებს არჩევანის წინაშე: ან აღიარებთ თურქეთის ახალ როლს, ან კარგავთ ევრაზიის უმნიშვნელოვანეს საყრდენ წერტილს!
ეს არის „ხაფანგი“ პენტაგონისთვის ახლა, როდესაც აშშ დაკავებულია ირანის ფრონტით, თურქეთთან ღია კონფლიქტი დასავლეთისთვის კატასტროფის ტოლფასია. შესაბამისად, ერდოღანს ხელები აქვს გახსნილი.
ამ სიტუაციაში, როცა კონკურენტი ირანიც ომშია, ყოველგვარი მუსლიმანური სენტიმენტების გარეშე, თურქეთი მოსწრებზეა, რომ გახდეს მუსლიმური სამყაროს ლიდერი _ ყატარი, აზერბაიჯანი და ნაწილობრივ ეგვიპტეც, თურქული სამხედრო ინდუსტრიის მომხმარებლები ხდებიან. როდესაც შენ ყიდი იარაღს, შენ ყიდი ისეთ რამეებს, რაც უმთავარესია პოლიტიკური გავლენების მოსაპოვებლად.
„ისლამური ნატოს“ იდეა თურქეთისთვის არის ლეგიტიმაციის საშუალება. თუ ანკარა მარტო შევა კონფლიქტში, ის აგრესორია, მაგრამ თუ ის სათავეში ჩაუდგება „რეგიონულ სამშვიდობო მისიას“, ეს უკვე საერთაშორისო პოლიტიკური აქტია. ერდოღანი ამზადებს ნიადაგს, სადაც თურქული ჯარის შესვლა ნებისმიერ წერტილში აღქმული იქნება, როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენა.
თურქეთმა უკვე გადალახა „შეუცვლელობის წერტილი“. განხილული სცენარებიდან, იქნება ეს „ჰუმანიტარული დერეფნის“ გარღვევა, „ჰიბრიდული ფარი“ პროქსი-ჯგუფებისთვის თუ პირდაპირი დესანტი, თითოეული ემსახურება ერთ მიზანს _ ანკარა უნდა გახდეს რეგიონის მთავარი არქიტექტორი.
სამყარო, სადაც წესები მხოლოდ ვაშინგტონში იწერებოდა, წარსულს ჩაბარდა.
საინტერესოა, არის თუ არა ეს ისტორიაში უდიდესი გეოპოლიტიკური ბლეფი, თუ ჩვენ ვხდებით ახალი იმპერიული წესრიგის დაბადების მოწმეები? ერთი რამ ცხადია, თურქეთი აღარ აპირებს, იყოს „მეორეხარისხოვანი მოთამაშე“.
მთავარი შეკითხვა შეკითხვად რჩება: კონკრეტულად რა დგას მაკრონის სიტყვების მიღმა და რატომ, საიდან გაახსენდა თურქეთი და საბერძნეთი იმ ევროპას, რომელმაც ხელები დაიბანა და ამით ბიზანტიის იმპერია 1453 წელს თურქების ხელით დაეცა. რა ქვემდინარებებია ევროოჯახში?
P.შ. სიმართლე თქვა ჩემმა მეგობარმა, _ ერდოღანი მიიჩნევს, რომ კავკასიური „შუა დერეფანი (სადაც ჩვენ გვიჭირავს საკვანძო ადგილი) არის „სახმელეთო ჰორმუზი“.
თურქეთსა და ირანს იმდენი რამ აქვთ დაშავებული საქართველოსთვის, რომ გენტიკური მტრობა მაქვს ამ ხალხებთან, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, _ მისი ეს სიტყვები ჩვენი მარშრუტის მხარდაჭერაზე მეტყველებს, საიდაც უნდა გაიაროს ჩინური და ინდური ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ევროპისკენ (არის ზანგეზურის დერეფნის ალტერნატივაც, რომელიც უფრო აწყობს თურქეთს, მაგრამ მისი ამოქმედება ირანზე და რუსეთზეა დამოკიდებული, არავინ იცის, დაუშვებენ თუ არა ისინი ამას). ასე რომ, არც ირანის მხარეს ვარ, მხოლოდ ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებია. ეს ინტერესები კი ითხოვს იმას, რომ ამ ომში ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ვერ მიაღწიონ წარმატებას ამ კუთხით და კიდევ ერთი, ირანის (რომელიც ჩინეთთან ერთად ჩვენს სიტუაციურ მოკავშირედ გვევლინება “შუა დერეფნის” პროექტში) მხარეს არის სიმართლე, ის არავის დასხმია თავს, მას დაესხნენ!..
...და მაინც, რა დონის იდიოტი (თუ მოღალატეც არ არის) უნდა იყოს ის ქართველი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა უცხო ქვეყნების, ამ შემთხვევაში კი, ამერიკისა და ისრაელის სტრატეგიულ ინტერესებს აყენებს!
მაია ჭელიძე

