„ლელოელებს“ ვინმე კლოზის იმედი აქვთ
წარმოგიდგენიათ? მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა ფილიპ კლოზმა მიიღო. ამის შესახებ თვით ხაზარაძე იტყობინება საკუთარი ,,ფეისბუკგვერდის“ საშუალებით.
მეტიც, თურმე ბრიუსელის მერი, ტუჩები ლამის ყურებამდე რომ გადასჩაჩვია, მხარს უჭერს ირაკლი კუპრაძეს, რათა გახდეს თბილისის მერი.
ფილიპეს უთქვამს ხაზარაძისთვის - შენ საიდანღაც მეცნობიო.
ილია ჭავჭავაძეს ვგავარ, ალბათ ,,კაკო ყაჩაღი“ გაქვთ წაკითხული და იქიდამ გეცნობითო.
ჰო, შეიძლება, მაგრამ ილია ჭავჭავაძე ვინ იყოო? - არ მოშვებია ფილიპე.
იყო ერთი ყვარლელი კაცი, ოღონდ საგურამოში ცხოვრობდაო.
ხოხ, ყვარელი ვიციო, აღტყინებულა ფილიპე.
ნეტავ ეს ბრიუსელის მერი ფილიპე ვისი ტიკი და ტომარაა, კუპრაძეს რანაირად უნდა დაეხმაროს თბილისის მერის არჩევნებშიო? - იკითხავთ თქვენ და მართლებიც იქნებით.
კაცო, თბილისის მერობის კანდიდატი ხარ, იმის ნაცვლად, დილით ლილოდან ,,რაზგონს“ იღებდე და დიდი დიღმის ბოლოში ,,ატორმუზებდე“, ბრიუსელში ვიღაც ფილიპე კირაკოსიანთან რას დაბოდიალობ? ამ ჩვენ შაშას და კოლას, თუ მხარს გიჭერს, რა ავტორიტეტი და სახელგანთქმული ფიგურა ეგ არი?
ჰო, კიდე ისა, ფილიპეს უკითხავს, ეს მესამე რომ ჩამაიყვანეთ, თაზო დათუნაშვილია თუ დათო თაზუნაშვილიო? ამათ უთქვამთ, თქვენ როგორც გესიამოვნებათ ეგრე იქნებაო. მაშინ თაზუნაშვილს დავუძახებ, უფრო მოსახერხებელიაო.
რა ვქნათ ახლა, ავირჩიოთ ვინმე კუპრაძე ბრიუსელის მერის ხათრით თბილისის მერად?
რაო? ალერსიანი დამხობაო?
ნამდვილად არ მოგესმათ, ზუსტად ასე თქვა პაატა ბურჭულაძემ. იცით, თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ, მშვიდობიანი დამხობა უხეშად გამოიყურება და მინდა, ამ დამხობას, 4 ოქტომბერს რომ ვაპირებთ, ალერსიანი ერქვასო. გამოვიდეთო, ,,ოცნების“ მომხრეებს მივუალერსოთ და აეგრე ალერსში ჩავრეცხოთო. ესე იგი, ამ ,,ბორის გოდუნოვს“ სიტყვა ,,მშვიდობიანი“ ეხამუშება და სიტყვა ,,ჩარეცხვა“ არ ეხამუშება, მოსწონს. ახლა არ მითხრათ, ბორის გოდუნოვი რაღა შუაშიაო? ავი ენები ამბობენ, იმდენჯერ ამღერეს მაგ სპექტაკლში, ბორის გოდუნოვს დაემსგავსაო. რა თქმა უნდა , იქამდე ცოტა უკლია, მაგრამ მაინც ლაპარაკობენ. რასაც ქართველები არ იტყვიან, ის გაგიკვირდეთ.
ჰოდა, იმას ვამბობდი... როგორც ჩანს, პაატა ბურჭულაძეს პატრონმა შემოუთვალა, ნამეტანი უხეში სლოგანი გაქვს, ცოტა დაარბილეო და ამანაც დაარბილა - ,,ალერსიანი რევოლუციაო“. მანამდე ორი დღით ადრე უსინდისო სინდისის პატიმრების დედები გამოეფინნენ და ჩვენაო, 4 ოქტომბერს ლამაზ რევოლუციას ვაწყობთო. ნუ, ახლა, ლენინმა რომ მოაწყო ლამაზი რევოლუცია 1917-ში, მთლად ისეთს ვერა, მაგრამ რაღაც მიმსგავსებულს ალბათ მოაწყობენ.
სხვათა შორის, ამას წინებზე დავწერე, სალომე ზურაბიშვილი პაატა ბურჭულაძით ჩაანაცვლეს-მეთქი და თურმე მართალი ვყოფილვარ. რამდენიმე დღის წინ სალომე ბაბომ დაიჩივლა - მეო, დასაჭერთა სიაში საერთოდ არ ვარო, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობო. როგორც ჩანს, გაიგო, პაატა პაპა დასაჭერთა სიაშიაო და შეშურდა, ეგრევე გააპროტესტა. ალბათ თქვანც ხედავთ, ერთადერთ ლეგიტიმურ ადამიანს ამ ქვეყანაში აღარაფერს ეკითხებიან, აღარც იწვევენ, აღარც ხვდებიან, აღარც ხელს ართმევენ, აღარც არწმუნებენ, რომ ისევ პრეზიდენტია. მართალია, დღეგამოშვებით მიმართავს ევროკავშირის აცა-ბაცა ჩინოვნიკებს, რამე ქენით, ცოტა დაუჩქარეთო, მაგრამ ვერც ვერაფერს შვრებიან, ვერც ვერაფერს უჩქარებენ. სალომე ბაბოს ერთადერთი ,,ფეისბუქიღა“ დარჩა, სადაც ყოველ დილით თავისი ჩიქორთული ქართულით განცხადებებს აცხობს და ამით ერს ართობს.
ჯერ სად ხართ? არჩევნების წინა დღეებში უნდა ნახოთ, როგორ ,,ბრძნულ“ რაღაცებს წამოაწვენენ ჩვენი ,,გენიოსები“.
მიშა სააკაშვილი კვლავ თავის ,,ამპულაშია“!
ჯერ თქვა, ნეპალში შვილი მყავს და ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებიო, მერე ხელოვნურ ინტელექტზე დაგვიწერა, ძაან ნიჭიერი თუში გოგოა, ვის წარმოუდგენია, რომ ასეთი ნიჭიერი ხალხის დამონება შესაძლებელიაო? მოდით, ჯერ იმას განგიმარტავთ, რომელ ნეპალელ შვილზეა საუბარი და შემდეგ იმაზეც გეტყვით, რატომ ჰგონია ,,აფროდიტი’’ თუში გოგო, რომელსაც ,,რეჟიმი’’ ვერ დაამარცხებს.
როცა ,,ვივამედის’’ მუდმივმოქმედმა პაციენტმა განაცხადა, ნეპალში შვილი მყავსო, მთელი საქართველო ახარხარდა - იქაცა, კაცო, იქაცაო? თუმცა მიშამ იქვე დაამატა, ნიკუშა ამჟამად ნეპალში ცხოვრობსო. რავა მთელ დედამიწას არიან ეს მაწანწალები მოდებულები, ნეპალსა და კამბოჯაში რაღა უნდათ? ისე, რაღა დაგიმალოთ და, ვეჭვობ, ამას ღაზას სექტორშიც უნდა ჰყავდეს ყმაწვილები. თუმცა, რაღაც არ მსმენია, ეთქვას, იქ მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებიო.
რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ამ თემაზე ისედაც უნდა დამეწერა, მაგრამ რაკი სიტყვამ მოიტანა, ბარემ აქვე გეტყვით: ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში ინტენსიურად ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული ქართული სიმღერები. უნდა ვაღიაროთ, დაპროგრამებული ე.წ. მომღერლები ისე მაღალ დონეზე ასრულებენ ნებისმიერ ნაწარმოებს, ისეთი ხმებით მღერიან, ცოცხალი შემსრულებლები, ვფიქრობ, ძალიან იჩაგრებიან და ალბათ მომავალში უფრო მეტად დაიჩაგრებიან. შესრულების ინტენსივობით და მრავალფეროვნებით ამ ეტაპზე ,,აფროდიტი’’ გამოირჩევა, სხვა ,,მომღერლებიც’’ არსებობენ, მაგრამ ეს ,,ნაყოფიერია’’. როგორც ჩანს, მას უფრო ნიჭიერი დამპროგრამებლები ჰყავს და იმდენად ნიჭიერი, რომ მას სახეც კი შეუქმნეს.
რა ქნას ახლა მიშამ? ტექნიკური ცოდნა-განათლებით არც ადრე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მთლად ჩამორჩა ცხოვრებას. აბა, ,,ვივამედში’’ წამოკოტრიალებულმა საიდან უნდა იცოდეს, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ კი არ მღერის, ფრონტის ხაზზეც კი იბრძვის უკრაინაში. დიახ, არ მეშლება, ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად იბრძვის უკრაინაში რუსების მხარეზეც და უკრაინელების მხარეზეც. ჩემმა შვილმა ახლახან გამოსცა წიგნი მაგ თემაზე და მაქვს საკმაო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ,,ნაცებსა’’ და მათ ანასხლეტებს ტექნიკური პროგრესი არ ეხებათ, ჯერ არ იციან, რა ხდება დედამიწის ზურგზე და ვერც ის გაუანალიზებიათ, რომ რევოლუციებისა და დამხობების დრო დამთავრდა. შეიძლება ასეთი რაღაცები ნეპალსა და კამბოჯაში მოხდეს, მაგრამ საქართველოში - ვეღარ. ჩვენ ეგ ეტაპები გავიარეთ და ჭკუაც ვისწავლეთ.
მოკლედ, გოგო, რომელიც გონებაჩლუნგ სააკაშვილს თუში ჰგონია, არის ხელოვნური ინტელექტი, ანუ დაპროგრამებული რობოტი. ვიცი, ახლა მიშას უფრო დეტალურად უნდა ავუხსნა, რას ნიშნავს ინტელექტი და თანაც ხელოვნური, რას ნიშნავს რობოტი და თანაც დაპროგრამებული, მაგრამ მაგისი დრო არ მაქვს და თანაც მეზარება.
გვერდის ავტორია
გელა ზედელაშვილი


