ია (როდამ) ფარულავა შვიდ მედია საშუალებას სასამართლოში უჩივის
ია ფარულავა 7 მედიასაშუალებას სასამართლოში უჩივის. მათ შორის ვარ მეც, როგორც ინტერნეტგამოცემა „ლიდერის“ დირექტორი. „ნაციონალების“ ამ აქტივისტზე არაერთხელ დამიწერია, სასამართლოში არასოდეს გავარდნილა, ნეტავ, ახლა რა მოელანდა? სავარაუდოდ, ვინაიდან იას მიერ ორგანიზებულმა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და მედიასაშუალებები ყურადღებას აღარ აქცევენ (მათ შორის ე. წ. ოპოზიციურები), აღარსად იწვევენ, თვითომ მოიგონა, ან სხვამ უკარნახა, ვინც შენზე რამე დაწერა, ყველას უჩივლე და სკანდალიც აგორდება, მინიმუმ, ერთი-ორი კვირა „ცვეტში“ იქნებიო. ეს გახლავთ ჩემი სავარაუდო მოსაზრება და ვფიქრობ, არ მეშლება. მოდით, ახლა გავეცნოთ, რომელ მედიასაშუალებებს უჩივის ქალბატონი ია ფარულავა. ესენია: ტელეკომპანია „იმედი“, ინტერნეტგამოცემები - „ლიდერი“, „კვირა“, „ნიუსჰაბი“, „ექსკლუზივნიუსი“, „დაიჯესტი“, „რეზონანს დეილი“, „ენესპი ჯი“, „ინფოფოსტალიონი“, „ექსკლუზივტივი“.
რა დაუშავეს ამ მედიასაშუალებებმა უმწიკვლო ია ფარულავას? ის „დაუშავეს“, რომ „იმედის“ მიერ მომზადებული მასალა წაიღეს და თავიანთი საიტების საშუალებით გაავრცელეს. თურმე ჩვენ მას ცილი დავწამეთ, იგი არ ყოფილა ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი და მსგავსი აქციების ჩასატარებლად დავალებებს არ იღებდა უცხო ქვეყნებიდან. სათაური გახლდათ ასეთი: „ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი ია ფარულავა - იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც „მეგობარი აქტის“ გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები“.
ამის შემდეგ მოდის ტექსტი: მისი (ფარულავას) თქმით, ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ოპოზიციონერმა ტრამპი გააკრიტიკა. როგორც ფარულავა აღნიშნავს, ოპოზიციამ არ უნდა გალანძღოს ის ძალა, რომელიც რეჟიმისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.
აქვეა ფარულავას კომენტარი სრულად: „გვქონდა ერთი-ორი შეხვედრა და აი, ზუსტად ალასკის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე მათგანმა დადო სტატუსი, სადაც, ტრამპს აკრიტიკებს. ვერ გაიგეთ ხალხო თქვენ, რომ ძალით აქ ამერიკა არ შემოიჭრება, ძალით აქ ამერიკა ვერ გაგათავისუფლებთ ამ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებით, იმიტომ, რომ ამერიკამ ნახა, რომ ძალადობრივი მეთოდებით რეჟიმის შეცვლა არის არასწორი. ხალხს, საზოგადოებას უნდა უნდოდეს, ოპოზიციას უნდა უნდოდეს და არ უნდა ლანძღავდეს იმ ძალას, რომელიც უნდა დაგეხმაროთ“.
რა არის აქ სადავო და სასამართლოში გასარჩევი? როგორც მე მივხვდი, მხოლოდ ერთმა სიტყვამ შეურაცხყო და აღაშფოთა ია ფარულავა - ეს არის სიტყვა „ძალადობრივი“. მე გადავხედე ყველა მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოთქმულ პრეტენზიას და ყველას მიმართ ერთი და იგივეა - თურმე ია ფარულავა არ არის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ია ფარულავამ (პასპორტით როდამ ფარულავამ) სასამართლოში გასაჩივრებამდე მიმართა „ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას“, რომელიც „ნაცთა“ თავშესაყარი გახლავთ და ბუნებრივია, ჩვენ არ გაგვამართლებდა და არც გავუმართლებივართ (ამონარიდი ქარტიის „განაჩენიდან“):
„ყალბი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით ზემოთ დასახელებულმა ტელეკომპანიამ და ინტერნეტმედიებმა დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიიც პრინციპები. ინფორმაცია, რომ თითქოსდა ია ფარულავა არის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, არ შეესაბამება სიმართლეს და მისი გადამოწმება რაიმე წყაროთი შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში არცერთ მედიასაშუალებებს არ ჰქონიათ რაიმე წყარო მითითებული იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობრივი აქციები დააორგანიზა განმცხადებელმა. შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნულმა მედიასაშუალებამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი“.
რა გითხრათ, ამ ერთ მონაკვეთში „ჟურნალისტური ქარტია“ რომ ამდენ გრამატიკულ შეცდომას დაუშვებს, იმან ვის რა უნდა ასწავლოს და ვის რა უნდა მიუთითოს? ახლა მე იქით ვადანაშაულებ ამ არასამთავრობო ბუნაგს ქართული ენის შებღალვაში: რას ნიშნავს სიტყვა „დააორგანიზა“? რას ნიშნავს „არცერთ მედიასაშუალებებს“? კიდევ ჩამოვთვალო? რა აზრი აქვს? ვინმე რამეს გაიგებს და ისწავლის? თქვენც არ მომიკვდეთ.
მოკლედ, ალბათ, ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელი თვითონ უპასუხებს ია (როდამ) ფარულავას პრეტენზიებს, ანუ საჩივარს, მე კი ვეცდები, ჩემ წილად განვანათლო ამ სფეროში. დიდი იმედი არ მაქვს, რომ როგორმე „განათლდება“, მაგრამ მაინც. ესე იგი, ქალბატონი როდამის საყურადღებოდ ვამბობ: ეს მასალა, დავარქვათ ინფორმაცია, მოამზადა ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურმა იმავე როდამის გამონათქვამებზე დაყრდნობით, რომელიც ვიდეოს სახით გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ვინაიდან მე, სააგენტო „ლიდერის“ დირექტორმა, ეს მასალა ჩავთვალე საინტერესოდ, წამოვიღე და დავდე ჩვენს პლატფორმაზე. ეს არის და ეს, არც მე და არც რომელიმე თანამშრომელს თითი არ დაგვიკარებია არც სათაურისთვის, არც ტექსტისთვის, არც ფოტოსთვის. თუ ქალბატონ ფარულავას რამე პრეტენზია ჰქონდა, თუ ინფორმაციამ გული ატკინა, უნდა ეჩივლა „იმედისთვის“ (რას დააკლებდა, მაგრამ მაინც) და არ უნდა მოდებოდა ღობე-ყორეს, არ უნდა დაეწყო ღობეების ჭყლეტვა. სხვათა შორის, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რას ითხოვს მომჩივანი - მხოლოდ ბოდიშის მოხდას, მის შერაცხვას „უმწიკვლოდ“ თუ დიდ ფულსაც? ახლა ვნახოთ მისი „გულისამაჩუყებელი“ წერილი, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო, დღეს მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე. როგორც იცით, 21 აგვისტოს რამდენიმე მედიასაშუალებამ, წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში, გაავრცელა ჩემს შესახებ სრულიად მცდარი და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, თითქოს მე „ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი“ ვარ. მე ნამდვილად ვიყავი ორი მშვიდობიანი და არაძალადობრივი დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 2025 წლის 22 მარტს და 4 ივლისს, სადაც მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავაპროტესტეთ. ამის „ძალადობრივად“ მონათვლა არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც ჩემი სახელის გატეხვას და რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. დუმილი და უყურადღებოდ დატოვება ამ შემთხვევაში დანაშაულის ტოლფასია. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს - მას შეუძლია შენებაც და ნგრევაც. ამიტომ, ჩემი პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის დასაცავად, დღეს ოფიციალურად შევიტანე სარჩელი სასამართლოში შვიდი მედიასაშუალების, მათ შორის ტვ „იმედის“ წინააღმდეგ.
ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ჩემი პირადი სახელისთვის. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ და იმის დასამტკიცებლად, რომ ცილისწამება დაუშვებელია. მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის“!
რა ხდება? ია არ ეთანხმება იმ მოწოდებებსა და მუქარებს, რასაც ე. წ. ოპოზიცია აფრქვევს ყოველდრიურად? ია არ ეთანხმება „მშვიდობიანი დამხობის“ იდეას? ნუთუ მის გარშემო წრე ვიწროვდება და არ უნდა, რომ შარში გაყოს თავი? ახლა აღარ მოსწონს ე. წ. ოპოზიციონერთა ხლაფორთი და მოღალატეობრივი წიაღსვლები? მიხვდა, რომ არაფერი გამოვიდა და ახლა თავს აქეთ იწონებს, ანუ წითელ კოჭებს აგორებს?
ცილისწამებაო, რეპუტაციის შელახვაო, რომელმა სააგენტოებმაც ია (როდამ) ფარულავას წერილი გაავრცელეს, დადგეს და იმის ქვეშ მინაწერი კომენტარები წაიკითხოს. დარწმუნებული ვარ, თუ წაიკითხავს, ნამდვილად აღარ მოუნდება სასამართლომდე მისვლა, თავის წარმომადგენელს გიულჩინ ახმედოვას გააგზავნის და სარჩელს უკან გამოატანინებს. ქალბატონმა როდამმა ისე იუკადრისა, გეგონება, აქციებზე დროშებითა და ბუშტებით მე დავრბოდი. თან ამბობს, მარტო ორჯერ ვიყავი ორგანიზატორიო, თანაც მშვიდობიანისაო. ამათ რომ ჰკითხოთ, როცა მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და პარლამენტის შენობას ლეწავდნენ, ისიც მშვიდობიანი აქციები იყო...
გელა ზედელაშვილი


