ბოდბისხევის ბაზარი
ბოდბისხევი დიდი და საინტერესო სოფელია სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ის გომბორის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზეა შეფენილი. რის გამოც წამოვიწყე ბოდბისხევზე საუბარი: აქ არის საუკუნეზე მეტი ხნის ბაზარი, რომელიც 1914 წელს გახსნილა, მანამდე მიმდებარე სოფელში, ქვემო მაჩხაანში ყოფილა. ვინაიდან, იქ მისადგომად ცოტა რთული ადგილია, ამიტომ ქვემოთ ჩამოუტანიათ. ესე იგი, რამდენი წლისა გამოდის ბოდბისხევის ბაზარი? ზუსტად 122 წლისა. ხედავთ, რამდენ თაობას მოსწრებია და რამდენი რამ უნახავს? ვინ იცის, რამდენ ცნობილ და ისტორიულ პიროვნებას გაუვლია ამ მიწაზე. ეს არ გახლავთ უბრალოდ ბაზარი, ეს არის კახეთის პულსი, სოციალური მდგომარეობის საზომი და ხასიათის ამოსაცნობი. იცით, როდის არის აქ ხალხმრავლობა? როცა გლეხი მოსავალს აბინავებს, მონაგარს სარფიანად ჰყიდის და ჯიბეში ფული უჭყავის. იცით, კიდევ როდის არის აქ ხალხმრავლობა? როცა ადგილობრივი პროდუქცია (ხილი, ბოსტნეული) ჩნდება და შედარებით სიიაფეა. ეს მაისის შემდეგ ხდება, როცა ლაგოდეხიდან კიტრი და პომიდორი შემოაქვთ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში, დაახლოებით 7 თვის განმავლობაში, გვიანი შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე, აქ უმეტესად უცხოეთიდან შემოყრილი პროდუქცია იყიდება და თანაც ოთუზბირად. სიტყვა „ოთუზბირი“ თურქულად 31-ს ნიშნავს, ქართულად – ძვირს, კახეთში ხშირად ხმარობენ. გადმოცემის თანახმად, ქრისტე რომ 30 ვერცხლად გაყიდეს, იმაზე ერთით მეტს, იმაზე ძვირს ნიშნავს „ოთუზბირი“. ამიერიდან იცოდეთ, თუ თქვენ ალუჩას 30 ვერცხლზე (ლარზე) მეტს გიფასებენ, ეს უკვე დიდი ცოდვაა, არ უნდა იყიდოთ. ისე, რაღა დაგიმალოთ და ნოემბრიდან ივნისამდე, როგორც ყველა ბაზარსა და მაღაზიას, ბოდბისხევის ბაზარსაც ცეცხლი უკიდია. თუმცა, ბაზარი მაინც ბაზარია, ალაგ-ალაგ შევაჭრებაც მოსულა, დაკლებაც, შეკამათებაც, შეხუმრებაც. ამას წინებზე ვაშლის გამყიდველს ფასი ვკითხე – სამი ლარიო. გავბრუნდი, მეძვირა. ორი ლარიო – მომაძახა. მივტრიალდი – რატომ თავიდანვე რეალური ფასი არ მითხარი, ვერ გამომიჭირე-მეთქი? საშუალო ასაკის კაცია, გორიდან არი ჩამოსული, ეწყინა, ვერ გიცანიო, როცა გიცანი, მაშინ დაგიკელიო, ამდენ ხალხში თავი მამჭერიო, ხმამაღლა არ უნდა გეთქვაო, მე ნაომარი კაცი ვარ, სამ ომში ვიბრძოდი, ნერვები აღარ მაქვსო. ჰო, კარგი, ამის მერე ხმადაბლა გეტყვი-მეთქი. როგორც კი დამინახავს, მზად არი, ვაშლი უფასოდ გამატანოს, მაგრამ მე არ ვართმევ, კაცი წვალობს, რა ვალდებულია, მუქთად მომცეს?
ვუყურებ ბოდბისხევის ბაზარს და... როგორც თბილისში, ბოსტნეულის მხრივ ესეც ეროვნებით აზერბაიჯანელების ხელშია. არ დაიჯერებთ, რომ არა სოფელ ყარაჯალისა (თელავის მუნიციპალიტეტი) სოფელ კაბალის (ლაგოდეხი) აზერბაიჯანული მოსახლეობა, კახეთში უმწვანილობა გამეფდებოდა. მხოლოდ უმწვანილობა? უპომიდვრობაც, უკიტრობაც, უბადრიჯნობაც. ღმერთმა გაძლება მისცეთ ბაჯიებს, ღრმერთმა ენერგია მისცეთ, მაგრამ, უბრალოდ, სირცხვილია, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ქართველებს აღარც მწვანილეული მოჰყავთ, აღარც ბოსტნეული. რატომ? იმიტომ, რომ ზამთრისა და ადრე გაზაფხულის პერიოდში გარეთ (ცივად) არ მოდის, მინისათბური მაინც არის საჭირო. ვისაც არ ეზარება, მარტივია, ცელოფანი უნდა გადააფარო და კახეთის მიწა ბარაქიანია, მოდის. ე, ბიჭო, გადააფარე და მოვა, ქინძსა და ოხრახუშს რატომ ყიდულობ? – ვეუბნები მეზობელს. მაიცა, რაააა, ეხლა ეგ მაფარებინე კიდე, – მპასუხობს არაქათგამოცლილი, გეგონება, უკვე დაიღალა. ვერ ვიტყვი, აქაურებს შრომა ეზარებათ-მეთქი, მაგრამ ის მაინც აღარ არი, ადრე რომ იყო... რუსები „ჟილკას“ რომ ეძახიან, იმას ვგულისხმობ.
ადრე, „ბნელ“ საბჭოთა პერიოდში ვინმე სამეზობლოში პურს რომ გამოაცხობდა, მთელ უბანში განსაკუთრებული სურნელი დგებოდა. არადა, მაშინ პური ყველა ოჯახში ცხვებოდა, თონე ყველა ოჯახში იყო. ესეც ნელ-ნელა მოიშალა, ახლა პურს ყველა საცხობში ყიდულობს და ეს საცხობებიც მრავლდება სოკოებივით. როგორც წესი, თავიდან აცხობენ ნორმალურად, კლიენტს იზიდავენ, მერე თანდათანობით აპატარავებენ და არის საყვედურებისა თუ ლანძღვა-გინების კორიანტელი.
ბოდბისხევის ბაზარი სოციალური ყოფის საზომია-მეთქი და მართლა ეგრეა. ამ სოფელში ტრადიციულად განვითარებული იყო მეთუნეობა, აქ აკეთებდნენ ქვევრებს, დოქებს, კერამიკულ ჭურჭელს. საოცარია, ამ ყველაფერს სათავეში ედგნენ გვარად მეჭურჭლიშვილები. როგორც ჩანს, ჯერ იყო პროფესია, შემდეგ გაჩნდა გვარი. სხვათა შორის, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ახლაც ჩამოდიან, თიხის ნაკეთობებს მგონი, აღარავინ ამზადებს, ყოველ შემთხვევაში, ბაზარში აღარ გამოაქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, მზესუმზირის ზეთი მიაქვთ. ერთი-ორი ლიტრის საყიდლად აქ არავინ ჩამოვა, ბევრი მიაქვთ – ზოგს გასაყიდად, ზოგს თავისი ბიზნესისთვის, ზოგს თავისი ოჯახისთვის.
ადრე ბოდბისხევის ბაზარში ყველაფერი იყო, რაიონში მოქმედი ყველა მაღაზიის დირექტორი თუ გამგე ვალდებული იყო, კვირა დღეს საქონელი გაეტანა და ევაჭრა. ახლა ესეც მოიშალა, მაღაზიებიდან აქ აღარაფერი გამოაქვთ, ძირითადად, გლეხები და გადამყიდველები ვაჭრობენ, უფრო მეტად „იყიდე-გაყიდეა“ განვითარებული. არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს ადგილობრივი გლეხები არაფერს აკეთებენ და ხაზი უნდა გადავუსვათ. უბრალოდ, იმას ვამბობ, რაზეც თითქმის ყველა ლაპარაკობს. ალბათ, დადგება ის დრო, როცა ადგილობრივი წარმოება უფრო „ყოჩაღად“ ამოძრავდება და კახეთი აღარ იქნება დამოკიდებული (როგორც მთელი საქართველო) ირანიდან შემოტანილ ბადრიჯანსა თუ პომიდორზე. აგერ, ლამის მთელი ქვეყანა სავსეა უკვე საზამთროთი და მარწყვით, ირანი, სომხეთი და სხვა ქვეყნები თითქმის თვე-ნახევრით, ზოგ შემთხვევაში, ორი თვითაც გვასწრებენ და ისეა ხოლმე ჩვენი ბაზრები გაჯერებული შემოტანილი პროდუქციით, მერე, როცა ადგილობრივი ჩნდება, გარჩევაც კი ჭირს. იცით, რა მოხდება საზამთროს შემთხვევაში? ჩვენი რომ შემოვა, იაფფასიან ირანულში შეურევენ და კახურ საზამთროდ შემოგასაღებენ. ისევე, როგორც საბერძნეთიდან და ირანიდან შემოტანილ პომიდორს გასაღებენ მარნეულში მოყვანილად. მზესუმზირის ზეთი ვახსენე, როგორ გგონიათ, როდესაც კახურს ყიდულობთ, ის ნამდვილად კახეთში გამოხდილია? 10%-ში შეიძლება გაგიმართლოთ, 90% მაღაზიებში ნაყიდ ზეთშია არეული. რასაკვირველია, ეს არც ბოდბისხევის ბაზრის ბრალია, არც ნავთლუღის ბაზრისა, ეს გაქნილი ვაჭრუკანების ოინებია, ყველგან რომ მომრავლდნენ და გლეხსაც სახელს უტეხენ. ალბათ, ხშირად გინახავთ გზისპირებზე გამოტანილი ხილი თუ ბოსტნეული, ვითომ გლეხები რომ დგანან და ყიდიან. ასეთები კახეთის სოფლებშიც მომრავლდნენ, უფრო იმ ადგილებში დგანან, სადაც ვენახებია, რათა ილუზია შეგექმნათ, თითქოს ეს ესაა, გამოიტანეს, ამ წუთას მოკრიფეს. სინამდვილეში კი ან შემოტანილს გასაღებენ, ან თბილისიდან ჩამოტანილს. არსებობენ გამონაკლისებიც, ანუ მართლა გლეხები, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან.
ამჯერად აქ დავასრულოთ, შემდგომში კი ამ თემაზე, ჩვენს პროდუქციაზე, ჩვენს წარმოებაზე, სოფელზე, რეგიონზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. თან გზადაგზა ისეთ რაღაცებს გასწავლით, გზებსა თუ სხვა ადგილებში რომ ვეღარავინ მოგატყუოთ. ეს ძალზე საინტერესო თემაა, დავიწყოთ, გლეხებსაც ვესაუბროთ, ჭკუა ვკითხოთ, სპეციალისტებსაც დავუძახოთ და მგონი, კარგი საქმე უნდა გამოგვივიდეს.
გელა ზედელაშვილი

