ტყემლის ტოტზე ჩამომსხდარი კომენტატორები

ტყემლის ტოტზე ჩამომსხდარი კომენტატორები

ქართული ჟურნალისტიკა რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია, ამაზე არაერთხელ დავწერე, მომავალშიც დავწერ, მაგრამ ამჯერად ე. წ. სპორტულ ჟურნალისტებზე, მათ სავალალო მდგომარეობაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. ვინც სპორტულ რეპორტაჟებს უყურებთ ტელევიზორში, უსმენთ რადიოში, კი ხვდებით, რა ხდება და რა ვითარებაა. ვისაც სპორტი და, მით უფრო, ფეხბურთი უყვარს, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩებს უყურებს „სეტანტა სპორტზე“, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს უკვე ფსკერია, ამის ქვემოთ აღარაფერია. სხვათა შორის, სპორტული ჟურნალისტიკის გაპარტახება ახლა არ დაწყებულა, ეს მოხდა კოტე მახარაძის, ეროსი მანჯგალაძის, თემურ ჯაფარიძის, ნუგზარ ჯუღელის, ჯამლეტ ხუხაშვილისა და სხვათა წასვლის შემდეგ. მახსოვს, კოტე მახარაძეს თეატრალურ უნივერსიტეტში ჰქონდა კურსი, სადაც მეტყველებას და სხვადასხვა სპეციფიკურ ხერხებს ასწავლიდა, გარდაიცვალა და კურსიც დაიხურა. ალბათ, დანარჩენებსაც შეეძლოთ მომავალი კომენტატორები აღეზარდათ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, ან თვითონ ვერ მოახერხეს, ან ხელი არ შეუწყეს. ყოველ შემთხვევაში, რასაც ახლა ვუყურებთ, ეს არის სრული კრახი. მეტყველებას, ლოგიკას, მიგნებას, პროფესიონალიზმს თავი დავანებოთ, ქართველ კომენტატორებს ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლები რომ არ უხარიათ და მოწინააღმდეგე გუნდს გულშემატკივრობენ, ეს რა მოვლენაა? „სეტანტა სპორტის“ კომენტატორებმა ე. წ. რუსული კანონი რომ გააპროტესტეს და საფეხბურთო მატჩები კომენტარების გარეშე გადიოდა, ეს რა მოვლენა იყო? „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სპორტული კომენტატორები რომ პირწავარდნილი აკაცუკები არიან, სტადიონზე მისული პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ჩვენება რომ არ სიამოვნებთ, ტყემლის ტოტზე რომ სხედან და ბლის კურკებს ისვრიან, ეს რა მოვლენაა? 
ე. წ. სპორტული ჟურნალისტი დავით ერაძე და კიდევ ორი უნიჭო მდედრი აკაცუკი „ფორმულას“ ეთერში რომ ისხდნენ და ხვიჩა კვარაცხელიაზე ჭორაობდნენ, მაგას რუსული გუნდის გარდა არავინ იყიდისო, საშუალო დონის ფეხბურთელიაო, ეს რა მოვლენაა? საშუალო დონის კი არა, სრული არარაობები არიან, ეს ე. წ. მკითხავები. ეს დავით ერაძე კიდევ ძალიან მძიმე შემთხვევაა სპორტულ ჟურნალისტიკაში. აქ ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: 2000-იანი წლებია, აკაცუკები ახალი მოსულები არიან ხელისუფლებაში, ქართული პრესა დუღს და გადმოდუღს, იმხანად გამოვიდა ჟურნალი „ფეხბურთი“. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მთხოვა, რომანი დაგვიწერე ფეხბურთზეო. დავიწყე. თან მითხრეს, სტილისტი არ გვყავს, ბარემ მაგ საქმესაც მიხედე, ცოტაოდენი ჰონორარი მოგემატებაო. გავიხედე, ჟურნალის მთავარ რედაქტორად დავით ერაძე მოიყვანეს, რომელმაც თავისი „პადელნიკები“ მოიყოლა ჟურნალისტებად. ესე იგი, დაიწყეს და რა დაიწყეს, ეგეთი არაფერი გენახოთ, სტატიებს წერდნენ, არც მხატვრული სტილი იყო, არც პუბლიცისტიკა, რაღაც შერეული აბრაკადაბრა მოჰქონდათ. ერთ ნომერზე ვითმინე, ორ ნომერზე ვითმინე, სამზე, ოთხზე, მაგრამ მაგრად რომ გარეკეს, ავდექი, ამობეჭდილი მასალები ერთ-ერთ დამფუძნებელს შევუტანე და მაგიდაზე დავუყარე, წაიკითხე-მეთქი. ეს რა არი, მეღადავებიო? კი არ გეღადავები, ეს ყველაფერი შენს ჟურნალში იბეჭდება-მეთქი. გაფითრდა, არ არსებობსო. არსებობს-მეთქი. რა თქმა უნდა, ერაძე შეახურეს, მაგრამ იმავე ერაძემ მეც „შემახურა“, ჩამიშვიო? დამფუძნებლები რომ თავიანთ ჟურნალს არ კითხულობდნენ, ეს ერთი უბედურება იყო, მაგრამ მეორე უბედურება ის გახლდათ, რომ ადამიანი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიაზე ამბობს, რუსული გუნდის გარდა არავინ იყიდისო (ეს იყო, სანამ „ნაპოლში“ გადავიდოდა), ნეაპოლური ამბები მოგონილიაო, ჭორიაო, ჟურნალ „ფეხბურთის“ მთავარი რედაქტორი იყო.
მეორე შემთხვევაც მქონდა, რაც ძალიან უსიამოვნო მოგონებად ჩამრჩა - 1990-იანი წლების ბოლოს საქართველოს რადიოში საინფორმაციოს გამომშვებად დამნიშნეს, ჟურნალისტებს მოჰქონდათ დაწერილი ინფორმაცია და მე უნდა შემერჩია, დამელაგებინა და ამეკინძა, რაც გავიდოდა ეთერში. ჯერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებზე მოწოდებული ინფორმაცია რას ჰგავდა, ჯერ ის იყო სატირალი და ახლა სპორტული? როცა გასწორებას ვეღარ ავუდიოდი, სანაგვე ყუთში ვყრიდი ან უკან ვაბრუნებდი. თურმე საქმე ისე არ ყოფილა, მე რომ მეგონა, ე. წ. სპორტულებმა „სხადნიაკი“ მომიწყეს - ერთი მეუბნება, მე ესა და ესა ვარ, არაფერი შეგეშალოსო, დანარჩენებმაც „იბლატავეს“ და საერთო ჯამში, მოგვიანებით იმ ზომამდე მივედი, რომ განცხადება დავწერე, თავმჯდომარეს ხელუკუღმა შევუგდე და წამოვედი. მერე, როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, რამდენიმე მომავალმა აკაცუკმა დაიწყო ძრომიალი, გასაყრელთა სია ჰქონდათ შედგენილი, დადიოდნენ, ხელმოწერებს აგროვებდნენ, მე არ მოვუწერე, არც არავინ მომიყვანია, არც არავის გაგდებას არ ვაპირებ-მეთქი და როცა როცა სიტუაციაზე გული ამერია, ავდექი და წამოვედი. ეს რანაირად ხდება _ როგორ ანდობენ ამხელა აუდიტორიას ადამიანებს, ე. წ. კომენტატორებს, რომლებსაც არც სიტვათა მარაგი აქვთ, არც მეტყველება უვარგათ, არც ლოგიკა აქვთ, არც ვიზუალურად ვარგანან?  _ პირადად მე, ამათ მიერ წაყვანილ მატჩებს აღარ (ვეღარ) ვუყურებ, არის ერთი რუსული საიტი, სადაც ნორმალურად ლაპარაკობენ და ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლებიც უხარიათ. მეძახეთ ახლა რუსეთუმე, მაინც არ (ვერ) გადმოვრთავ ქართულზე. წამომცდა, მათი მეტყველება არის ქართული? _ ეს არის ჩიქორთული გაუგებრობა. ამათ მგონი, არც საქართველოს ნაკრების გამარჯვება უხარიათ ხოლმე. მაგალითად, უკრაინის ნაკრებთან ორი თამაში გვქონდა და წამყვანები ჩვენს გუნდს არ გულშემატკივრობდნენ. რა ქნან, კაცო, ებრალებათ, ისინი ომში არიან, გამარჯვებები ჰაერივით სჭირდებათ...
ვიცი, ახლა იტყვით, ესენი თუ არ მოგწონს, სხვა ვინ ვალაპარაკოთო? ჯერ ერთი, არ მომწონს კი არა, არ მოგვწონს, რაც მე ამ დღეებში სოციალურ ქსელებში წავიკითხე და პირად საუბრებში მოვისმინე - ყურო, ნუ გაიგონებ... თვალო, ნუ დაინახავ. ეს არის საერთო სახალხო პროტესტი. ჩემი აზრით, ვინაიდან „სილქნეთი“ კერძოა, ვერაფერს დავავალდებულებთ, რაც მაგათ არხზე სპორტის მხრივ ხდება, ეგ მაგათი უბედურებაა, მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ მაგალითად, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ საფეხბურთო მატჩები დიმა ობოლაძემ და ნოდარ სიმსივემ წაიყვანონ? არაფერიც არ გვიშლის და ეს იქნება კარგი, თანაც იმ დროს, როცა ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.
ავი ენები ამბობენ, „სეტანტას“ და „იმედს“ ერთობლივად ჰქონდათ ნაყიდი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები, მაგრამ ვინაიდან „იმედი“ დასანქცირებულია, ამ ამბავს ჩაეხსნა და გადასახდელი თანხა მთლიანად „სეტანტას“ დააწვაო. ეგ მატჩები მთლიანად „საზოგადოებრივს“ უნდა ეყიდა, მაგრამ „აახიესო“ და ამის გამო ვიღაცები კარგად გაიჯოხნენო. მოკლედ, უახლოეს ხანში ნახავთ, „სეტანტა სპორტის“ კომენტატორები როგორ ცირკებს დაატრიალებენ პირდაპირ ეთერში. ისე, შეგიძლიათ, ხმა საერთოდ გათიშოთ და მარტო „ფათრეთებს“ უყუროთ. გოლს რომ გაიტანენ, კი დაინახავთ და მეტი რა საჭიროა? ვიხუმრე, მართლა არ გათიშოთ, ფეხბურთის ყურებისას ხმაური და სტვენა თუ არ ისმის, ის ფეხბურთი არ არის. მოკლედ, უნდა გაუძლოთ, სხვა გზა არ არის.

გელა ზედელაშვილი