ფულის გათეთრების ანატომია

ფულის გათეთრების ანატომია

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა უკანონო 
შემოსავლების, როგორც დანაშაულის წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი დაჭერები 
დაიწყეს და არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს, მნიშვნელოვანია, 
გვესმოდეს, იურიდიულად რასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს უკანონო შემოსავალი. 
კანონი სჯის არა მხოლოდ დანაშაულის ორგანიზატორს, არამედ ნებისმიერ პირს, რომელიც, ნებით თუ უნებლიედ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ 
დანაშაულში მონაწილეობს. ამ დანაშაულისათვის სასჯელი 3-12 წლამდე 
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სსსკ 194-ე მუხლი).

ფულის გათეთრება 
ეს არის არალეგალური გზით ნაშოვნი ფულის ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზება, აღნიშნული ფულის ან სხვა ქონების არალეგალური ეკონომიკიდან გადაყვანა/გადატანა იმისათვის, რომ ამ ქონებით ღიად და კანონის დაცვით ისარგებლოს.
ფულის გათეთრების დროს მისმა მფლობელმა უნდა აჩვენოს შემოსავლის მიღების ლეგალური გზები, თითქოს ამ ლეგალური გზებით მიიღო შემოსავალი. ეს პროცესია „გათეთრება“, ანუ „შავი“ ფულის „გათეთრება“. ასეთ დროს ხდება დოკუმენტების გაყალბება, ან ფიქტიური ბიზნესების და აზარტული თამაშების გამოყენება. ფულის გათეთრება, ბუნებრივია, დასჯადია, თუმცა ზოგჯერ მისი აღმოჩენა რთულია. „შავი“ ფულის გასათეთრებლად ოფშორებს იყენებენ, რადგან იქ ფულის წარმომავლობის კონფიდენციალურობის დონე მაღალია.

ფულის გათეთრების ისტორია 
მსოფლიო მასშტაბით ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა აქტუალური გახდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. იურიდიულ მოძღვრებაში ის უკვე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (იგივე ,,ფულის გათეთრების”) სახელწოდებით მოიხსენიება . 1988 წლის 19 დეკემბერს ვენაში მიღებულ იქნა გაერო-ს კონვენცია ,,ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,” რომელმაც მსოფლიო თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნები დაარწმუნა დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის გადახედვის და ფულის გათეთრების სულ უფრო პროგრესირებადი პრობლემის დამოუკიდებელ მიმართულებად გამოყოფის აუცილებლობაში. სწორედ აღნიშნულმა კონვენციამ მისცა ბიძგი შემდგომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო დოკუმენტების შექმნას. 
ზოგადად, ფულის გათეთრება, როგორც დანაშაულებრივი ქმედება, ახალი „ხილი“ არ არის. კრიმინალური აზროვნების ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ შემოსავლების ჭეშმარიტი წყაროს დაფარვას, თუმცაღა, თუ ეს პრობლემა ადრინდელ დროში განიხილებოდა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ პრობლემად, მაგრამ ახლა მან უკვე საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. ამ ქმედებას, გარდა სოციალურისა, შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური შედეგებიც. ლეგალიზებული სახსრების მოცულობა შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნის, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც, რაც ფინანსური ბაზრის დასუსტებაში და შესაძლო რღვევაშიც გამოიხატება. ფულის გათეთრება, როგორც დანაშაულებრივი ქმედება, ხშირად არის სხვა სერიოზული დანაშაულის კომპონენტი, როგორიცაა ნარკოტიკების, ასევე იარაღის უკანონო გავრცელება ვაჭრობა, ძარცვა ან გამოძალვა, ტერორიზმი, კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და ა. შ.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები უკანონოდ მოპოვებული თანხების მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად იყენებენ ბანკებს, ოფშორულ კომპანიებს, შუამავლებსა და ფულის გადამზიდებს, რითაც ცდილობენ უკანონო თანხების კანონიერ ბიზნესებსა და ეკონომიკაში ინტეგრირებას. დღესდღეობით ამ კუთხით მთავარ როლს ფულის გამზიდავები თამაშობენ, ეს არის ხალხი, რომლებიც შუამავლის როლს კისრულობენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის, მაშინაც კი როდესაც მათ არ იციან, რომ უკანონო თანხების გათეთრებას ახდენენ.

უკანონო შემოსავლის  ლეგალიზება როგორც დანაშაული 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის რედაქციით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ანდა სხვა პირის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა. 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. ლეგალიზაციის საგანია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება. მასში იგულისხმება როგორც მოძრავი და უძრავი ნივთები, ასევე ქონებაზე უფლება. ქმედების ობიექტია ეკონომიკური სისტემა, უფრო კონკრეტულად კი ფინანსური სისტემა. ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) საგნად მოიაზრება დანაშაულებრივი გზით ან დანაშაულის ჩადენის შედეგად შეძენილი ფულადი სახსრები ან სხვა ქონება. დანაშაულის ობიექტური მხარე ორი ფორმით შეიძლება გამოიხატოს: პირველი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ე. ი. უკანონო ან/ დადაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემაში (ქონებით სარგებლობა, შეძენა, ფლობა, გადაცემა ან სხვა მოქმედება), მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით. შემოსავლების „გათეთრების“ ხერხები მეტად მრავალფეროვანია: ნაღდი ფული გარდაიქმნება საბანკო ანაბრად ან უძრავ ქონებად. უძრავი ქონება შემდგომში იყიდება და მიღებული შემოსავალი კანონიერად გამოიყურება. დანაშაულის ობიექტური მხარის მეორე ფორმაა უკანონო შემოსავლის ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ახლო ნათესავებზე გადაფორმებით, ანდა მისი შენიღბვით კერძო კომპანიების ან ფონდების შექმნით), ასევე უმოქმედობითაც (დეკლარაციის შევსების დროს ამა თუ იმ ქონებაზე უფლების დამალვა). დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. უკანონო შემოსავლის მიღების წყარო შესაძლოა იყოს ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა, პორნობიზნესი, მექრთამეობა, უკანონო სამეწარმეო და სხვა სახის არალეგალური საქმიანობა, რომლიდანაც მიღებული შემოსავლის ლეგალიზებასაც, ანუ კანონიერი სახის მიცემასაც ცდილობენ დამნაშავეები.

ოფშორი, როგორც უკანონო შემოსავლის საცავი 
ოფშორი, რომელსაც ხშირად „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული, შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციისა და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. კომპანიის რეგისტრაციის სიმარტივეში ფულის წარმომავლობის ნაკლები კონტროლიც იგულისხმება.
ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი, ოფშორული ქვეყნის რეზიდენტი იყო, ან რეგისტრირებული ოფისი (ბიზნესწარმომადგენლობა) გქონდეს – ამის გარეშეც შეძლებ, ოფშორული ქვეყნის წესებით და გადასახადებით ისარგებლო. ოფშორებში ძირითადად რეგისტრირდებიან კომპანიები, რომლებიც გარკვეულ სამართლებრივ კონტროლს და გადასახადების ნაწილს გაურბიან. კომპანიები ოფშორში ძირითადად კორპორაციულ – მოგებაზე, დივიდენდსა და შემოსავალზე დაწესებულ გადასახადებზე იღებენ შეღავათებს.
მსოფლიოში ათობით ოფშორული ტერიტორიაა. ოფშორული ქვეყნებისთვის ასეთი სამართლებრივი სისტემა შემოსავლიანია. გარდა იმისა, რომ კომპანიები ოფშორში რეგისტრაციისთვის გარკვეულ თანხას იხდიან, ოფშორულ ქვეყნებში უცხოურ კომპანიებს ადგილობრივი კომპანიები ემსახურებიან, რომელთა გამოყენება სავალდებულოა.
დღეს ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, ბაჰამის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ჯერსი, მენი, ჰონგ-კონგი, მარშალის კუნძულები და მაკაო.

მოამზადა ლევან ჭიღლაძემ