მშვიდობით, ჩვენო პატრიარქო!

მშვიდობით, ჩვენო პატრიარქო!

არც კი ვიცი, როგორ დავიწყო, ათასნაირი აზრი მიტრიალებს თავში. 

უდავოა, საქართველოს სინამდვილეში მოხდა წარმოუდგენელი რამ, რასაც არავინ ელოდა - კათოლიკოს-პატრიარქის აღსრულებამ გარეთ გამოიყვანა სრულიად ერი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი, დიდი ნაწილი, 99 პროცენტი. პატრიარქის გარდასვლამ იმიერში ნათლად გვაჩვენა, სად არის საქართველო, რა უნდა საქართველოს და საით მიდის საქართველო. 

ამ დღეებში სიბილწით გამორჩეულებმა უკვე შემოაგდეს თავიანთებური „სტრატეგია“ - თითქოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი) აპირებს პატრიარქის ტახტის მიტაცებას რუსეთის დახმარებით. სიტყვა „მიტაცება“ ხომ გეცნობათ? ესე იგი, თუ შიო მუჯირი გახდება პატრიარქი და დიდი ალბათობით გახდება, ქართული ეკლესია იქნება მიტაცებული რუსების მიერ ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება. საინტერესოა, ვისგან მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება? რა თქმა უნდა, სააკაშვილისგან, ადეიშვილისგან, ახალაიებისგან, ბარამიძისგან, ბოკერიასგან და ახლა ისინი ცდილობენ, ხელისუფლება დაიბრუნონ. ვისგან უნდა მიიტაცოს შიო მუჯირმა პატრიარქის ტახტი? ვის უნდა წაართვას? ვის ეკუთვნის? რა თქმა უნდა, დოროთე ყურაშვილსა და პეტრე ცაავას. ხედავთ, რამხელა ჭაობში იხრჩობიან ქვეყნისა და ეკლესიის მოძულენი? ამათ რომ ვუყურებ, სულ ის მახსენდება, ერთი ბოგანო გლეხი რომ მიადგა ეკლესიას და დაიწყო - აბა, ღმერთი სად არი, მაგან რა უნდა მიყოსო? მღვდელი გამოვიდა ეკლესიიდან და... შვილო ჩემო, ამაზე მეტი რაღა უნდა გიყოს, ვერ ხედავ, რომ უკვე გიყოო? ჰოდა, ამათ მეტი რაღა უნდა დაემართოთ? 

კარგი, დავანებოთ ამ „განდეგილებს“ თავი, მაგათ თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ. ჩვენ იმაზე ვიმსჯელოთ, რა იქნება შემდეგ? ვინ გახდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი? კულუარებში სამი კანდიდატურა სახელდება - პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე თეოდორე. ამბობენ, რომ სამივე ღირსეული კანდიდატურაა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს წმინდა სინოდი, სადაც ამჟამად 39 წევრია. მოვლენას გავყვეთ ქრონოლოგიურად და საინტერესო იქნება ისიც, თუ როგორ და რა თანმიმდევრობით ხდება ახალი პატრიარქის არჩევა. წმიდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი თანამოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ უკვე დაამტკიცა. მართალია, ილია მეორემ ის თანამოსაყდრედ გაცილებით ადრე აკურთხა, მაგრამ სინოდმა უფლებამოსილება ახლა დაუმტკიცა, მას ევალება ეკლესიის მართვა ახალი პატრიარქის არჩევამდე. 

როგორ ირჩევენ პატრიარქს? საქართველოს ეკლესიის დებულებით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით, მოვალეა, გახსნას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებული ანდერძი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს. ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. შემდეგ მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს სინოდი პატრიარქობის იმ სამი კანდიდატის გამოსარჩევად, რომელიც უნდა წარედგინოს გაფართოებულ კრებას. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება, წარმოადგინოს ერთი კანდიდატი, მათ შორის – თავისი თავიც. სამი კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, წარედგინება გაფართოებულ კრებას. კრება მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს შემდეგ ვადებში: საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.

გაფართოებული კრება შედგება სინოდის ყველა წევრისგან, ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირისგან. თითოეული მონასტრიდან, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატისგან. ასევე აუცილებელია, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან კრებას ესწრებოდეს 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიებიდან. კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ, მაგრამ არჩევნებში ხმის უფლებით მონაწილეობს მხოლოდ მღვდელმთავარი. ანუ, ამომრჩეველი კვლავ 39 კაცია. შესაბამისად, პატრიარქი მხოლოდ მღვდელმთავრების რჩეულია. პატრიარქად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა დააგროვოს. თუ წმიდა სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან ვერც ერთი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა პირველ კენჭისყრაში მიიღო.

ვინ შეიძლება გახდეს კათოლიკოს პატრიარქი? ეროვნებით უნდა იყოს ქართველი. უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი. უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება. ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა. უნდა იყოს ბერი. პატრიარქის ინტრონიზაცია ხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. პატრიარქის გარდაცვალებიდან 2 თვეში ეკლესიას ახალი პატრიარქი უნდა ჰყავდეს. 

არ მინდა ვახსენო ჩვენი პრეზიდენტყოფილების საქციელი ესენი ისეთი ქართველები არიან, ნებისმიერი უცხოელი რომ აჯობებს და ნებისმიერი უცხო ადამიანი რომ გირჩევნია. ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი უფრო ღირსეულად მოიქცა, ვიდრე ესენი იქცევიან და მოიქცნენ. ნახეთ, რას წერს ეს კაცი პატრიარქზე: „მე მივყვებოდი მის მსუბუქ, თუმცა ნათელ ცხედარს. რამდენიმე ნაბიჯის განმავლობაში, პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა.

წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედარის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო. ეკლესიის სულიერი ატმოსფერო და ზეციური ჰიმნების გალობა, რომელიც მეორე სართულიდან ისმოდა, თითოეული ადამიანის სულსა და სხეულზე გავლენას ახდენდა, თითქოს სული დროისა და სივრცის საზღვრებიდან თავისუფლდებოდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამ გარემომ იმდენად მომხიბლა, რომ ღრმა მწუხარებამ, რომელიც შერწყმულიყო აღდგომის იმედთან, ჩემი მთელი სხეული მოიცვა, ხოლო თვალებზე ცრემლი ამიკიაფდა, რომლის დამალვაც აღარ შემეძლო“.

მაშინ, როცა ალი მოჯანი ამას წერდა, „მეუფე“ ზენონ იარაჯული პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობდა - ჯერ იძახდა, შიო მუჯირს მოსკოვის მხარდაჭერა აქვსო, მერე ამტკიცებდა, მე პატრიარქის შვილობილი ვარ და სამებაში არ მიშვებენ, 15 წუთი მაცდევინესო. ხალხი 24 საათი იდგა რიგში და ამან 15 წუთი ვერ მოითმინა. 

მან იმაზე მეტი გააკეთა, იმაზე მეტი დაგვიტოვა, ვიდრე ამას ჩვეულებრივი მოკვდავი შეძლებდა. 

წავიდა, გავაცილეთ, ზღვა ხალხმა გააცილა, მილიონობით ქართველმა დაიტირა. იგი სიონის ტაძარში დაიკრძალა. იქ, სადაც მისი წინამორბედი პატრიარქები განისვენებენ. 

რა იქნება შემდეგ?

შემდეგ იქნება დავა და ერთმანეთის ლანძღვა იმის გამო, თუ რატომ აუგო წესი ბართლომეოსმა ილია მეორეს. რატომ არ მოჰკიდეს ხელი ამ თვითმარქვია პატრიარქს და რატომ არ გააბუნძულეს საქართველოდან. სად იყო ამ დროს მთავრობა? გადადგეს კახა კალაძე. არადა, ილია მეორეს წესი მეორე დღესვე აუგეს ჩვენმა მეუფეებმა, წესია ასეთი. თუ ეგრეა, რას აკეთებდა იქ ბართლომე, ნახევარი საათი რომ ლოცულობდა? სად იყო რუსეთიდან ჩამოსული დელეგაცია? რატომ არ ახსენეს, რატომ მადლობა არ უთხრეს? მართლა 80 კაცი ჩამოვიდა? თუ 80 იყო, რატომ არ გამოჩნდნენ? მერე ვიღაცები დაასკვნიან, რომ 80 კი არა, 40 კაცი ჩამოვიდა, ნახევარი ყაზბეგიდან უკან გააბრუნეს. 

როგორც მცოდნე ხალხი ამბობს, წირვაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ქართველი მღვდელმთავრები. ანუ, არც რუსი შემოსილა და არც დელეგაციის სხვა წარმომადგენელი. ისინი ისხდნენ გარეთ, როგორც დამსწრეები და არა როგორც აღმსრულებლები. ანუ თანამწირველი არც ბართლომე იყო და არც რუსი თუ ბულგარელი, მხოლოდ ქართველები. ჰო, ზოგიერთს უკვე მიაჩნია, რომ „ქოცები“ ღმერთს ვერ მოატყუებენ, საწყალი პატრიარქი. რა მოატყუეს და ვინ მოატყუეს „ქოცებმა“, ამას არ ამხელენ. ბიძინა ივანიშვილსაც გაკენწლავენ, რომელი სასულიერო პირი ეგ არის, სიტყვით რომ გამოვიდაო? არადა, გულშემატკივარი კაცის გამოსვლა იყო. აბა, ვის უნდა ეთქვა სიტყვა, თუ არა ბიძინა ივანიშვილს? მოკლედ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა თქვა, ყველაფერმა კარგად ჩაიარაო, მაგრამ ქართველმა ხალხმა რომ უპრეცედენტო გამძლეობა და პატივისცემა გამოავლინა, ეს ცხადია, ეს ვნახეთ. ეს იყო არა მხოლოდ პატივისცემა პატრიარქისადმი, არამედ საკუთარი თავისადმი - საქართველო როგორც სახელმწიფო და ქვეყანა, შედგა. ჩვენ მთელი მსოფლიო გავაოცეთ და მგონი, თვითონაც გაოცებულნი დავრჩით. ერთმა მეუფემ ბრძანა, სინოდს წინადადებით მივმართავ, რომ ილია მეორე წმინდანად შევრაცხოთო. ეგრევე გამოჩნდნენ „ყველაფერჩიკები“, კაცი ჯერ არც კი გაციებულა, რა წმინდანად უნდა შერაცხოთო? ადამიანს საკუთარი აზრი ვეღარ გამოუთქვამს, ერთმა მეუფემ თქვა, ეს მისი სურვილია. არაო, არც კი გაბედოთო, დაუსვა წერტილი ვიღაც ქიბროწაულმა. 

და, მიუხედავად ყველაფრისა, ყველაფერი მაინც იმაზე უკეთესად იქნება, ვიდრე გვგონია და წარმოგვიდგენია. აბა, ამდენი ხალხი რომ სიწმინდის მხარეს დადგებოდა, წარმოვიდგენდით? ჰოდა, ახლა გვაქვს უფლება, ბევრი რამ წარმოვიდგინოთ.

გელა ზედელაშვილი