ლალი მოროშკინა: ჩემი ქვეყნის მნგრეველების მიმართ ტოლერანტული ვერ ვიქნები

ლალი მოროშკინა: ჩემი ქვეყნის მნგრეველების მიმართ ტოლერანტული ვერ ვიქნები

გვესაუბრება პოლიტოლოგი, პროფესორი ლალი მოროშკინა:

_ ქალბატონო ლალი, პროკურატურამ რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ საბოტაჟის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს, მის სამართლებრივ გაგრძელებას როგორ ხედავთ? 
_ სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმს ბევრი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ოცდაათამდე ახალგაზრდა სააკაშვილის ციხეებიდან უმძიმეს მდგომარეობაში გამოვიყვანეთ. დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან, რადგან სტრესი, რაც ციხეებში გადაიტანეს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. უფლებადამცველები რახანია, ვითხოვთ, რომ რეჟიმის შემქმნელები და აპოლოგეტები მკაცრად დაისაჯონ. სამართლიანობის აღდგენა დაგვიანდა. მიზეზების ძიებას ახლა აზრი არ აქვს. ფაქტი ერთია, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო, რასაც საზოგადოება უკვე ცამეტი წელია, ელის. 
პროკურატურამ სააკაშვილს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის ბრალი წაუყენა, რაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაგრამ, მოდი, დავსვათ შეკითხვა _ დღეს სააკაშვილი სასჯელს იხდის?! პატიმრობაში ყოფნაა საავადმყოფოში წამოწოლა, დემოგრაფიული გამრავლება და ფეისბუქზე ათასი საზიზღრობის დაწერა?! მას გარესამყაროსთან სრული წვდომა აქვს. სააკაშვილი ჯერ მარტო იმისთვის არის პასუხისგებაში მისაცემი, რომ ხალხი სტრესში ამყოფა, თითქოს, დღედღეზე კვდებოდა. მერე აღმოჩნდა, რომ დემენცია და კახექსია კი არ აქვს, უბრალოდ, აფერისტია და ეს სპექტაკლი დიდი გეგმის ნაწილი იყო. ვფიქრობ, სამართლიანობის აღდგენა სწორედ ციხეში მისი გადაყვანით უნდა დაიწყოს და მხარ-თეძოზე წამოწოლილი ყოფნა დასრულდეს. 
გადახედეთ, რა ხდება დღეს ქუჩებში? _ ბევრმა ახალგაზრდამ გააზრებაც ვერ მოასწრო, გისოსებს მიღმა ისე აღმოჩნდა. თავიანთ ავანტიურაში ხალხის დიდი ნაწილი ჩაითრიეს, რაზეც პასუხი უნდა აგონ. რახანია, გავიძახით, რომ ეს ძალა ქვეყანას საბოტაჟს უწყობდა. ხელისუფლების მომხრეები ბულინგის, გავრცელებული ფეიკინფორმაციების მსხვერპლნი ვართ. ამ დროს მსხვერპლად თავს ესენი ასაღებენ. აი, ამ ბოროტის კორიანტელში ვიხარშებით. მოხარული ვიქნები, თუ პროკურატურა მტვერდაყრილ საქმეებს თაროებიდან ჩამოიღებს. დამიჯერეთ, დასასჯელი ადამიანების რიცხვი გაცილებით დიდია, ვიდრე რვა ოპოზიციონერისთვის ბრალის წაყენება. მადლობა ღმერთს, სამართალი ურმით, მაგრამ, რაც მთავარია, მოვიდა.
_ რვა ბრალდებულს ბრალი ოთხ სხვადასხვა საქმეზე აქვს წარდგენილი. მათ შორის, ყველაზე მძიმე, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაა.
_ ცხადია, საქართველოს წინააღმდეგ სპეცოპერაცია მზადდებოდა. წარმოუდგენელია, რამდენს გავუძელით და ამდენ რყევებში ქვეყანა ფეხზე როგორ დგას. ახლა არაბულ სოფლებთან დაკავშირებით ააგორეს შავი პიარი, თურმე არაბული ინვესტიციის განხორციელება საქართველოს გაანადგურებს. ზუსტად ვიცი, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯს არასდროს გადადგამს. მან სამშობლოს კეთილდღეობას მრავალი მილიარდი შესწირა. 
ვფქრობ, ხელისუფლებამ ევროპულ პოლიტიკურ სუფთა ძალებთან უნდა ითანამშრომლოს და მათთან ერთად გამოავლინოს აგენტურა, რომელიც საქართველოში მუშაობდა და ის ქართველებიც, რომლებიც ამ აგენტურაზე მუშაობდნენ. სანამ ამ ადამიანებს სახელობითად არ გამოვავლენთ, რა დავალებებს ასრულებდნენ და რა თანხა აიღეს ქვეყნის მტრობაში, წინ ვერ წავიწევთ. თუ საჭირო გახდება, საქმეში ინტერპოლიც უნდა ჩავრთოთ. დღეს სუს-საც, პოლიციასაც, მთავრობასაც ბევრი საქმე დაუგროვდა, მაგრამ, რაც მთავარია, მათ ხალხის სრული მხარდაჭერა აქვთ. საზოგადოება ხედავს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, იმ პირების დასჯაც დაიწყო, ვინც მათთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. ეს მნიშვნელოვანი პროცესია. 
არაერთხელ მითქვამს: მამუკა მდინარაძემ და გეკა გელაძემ პირადი, ოჯახის დაცვა უნდა გააძლიერონ, რადგან სერიოზულ თემებს შეეჭიდნენ, თუნდაც ნარკოტიკებთან ბრძოლას. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ქვეყანაში ნარკოტიკი ვიღაც ფონიჭალელ „ბარიგას“ შემოაქვს?! ამაზე მთელი ნარკოკარტელი მუშაობს, რომლის უკან უზარმაზარი ქვეყნები დგას. 
ვფიქრობ, ფონს გავალთ, ოღონდ რთული ბრძოლის შედეგად. უარესი ვითარებებიც დაგვიძლევია და ახლაც ასე იქნება. ისევ გავმეორდები, სანამ სააკაშვილი სამაგალითოდ არ დაისჯება და ციხეში სამარტოო საკანში არ გადაიყვანენ, მანამდე ეს პროცესები სათანადოდ ვერ განვითარდება. 
_ რადიკალებმა წაყენებულ ბრალდებებს „გამართლება“ მოუძებნეს _ ხელისუფლებამ პარტნიორები მტრებად შერაცხა და აშშ-სთან, ბრიუსელთან ურთიერთობისთვის გვასამართლებენო.
_ დღეს ხელისუფლებას ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს. მთავარია, დამნაშავეების დასჯა რეალურად დაიწყოს. განურჩევლად ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენა 2012 წლიდან ვერ დაიწყო. რეჟიმის მიერ მოკლული პირების ოჯახებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს. თუნდაც სულხან მოლაშვილის საქმე ავიღოთ, რომელიც ბოლომდე დღემდე არ გამოძიებულა და ყველა დამნაშავე არ დასჯილა. პირადად მე, ერთ-ერთი ფიგურანტი ვარ იმ საქმეში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადეცა. საპარლამენტო კომისიაზე გამოკითხულ ორას ადამიანში, რომელსაც თეა წულუკიანი თავმჯდომარეობდა, მეც შევდივარ. ციხეში ადვოკატის გარეშე გამომამწყვდიეს, დილეგში ჩამაგდეს, თხუთმეტი დღე ვიშიმშილე და იქიდან ცოცხალ-მკვდარი გამოვედი. ესენი ციხეში სასათბურე პირობებში იმყოფებიან და კიდევ წუწუნებენ. მათ მიმართ არანაირი ემპათია არ მაქვს. იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩემს ქვეყანას ანგრევს, ტოლერანტული ვერ ვიქნები. დიახ, ყველა სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ არავის არასდროს მოუნდეს ქვეყნის გაყიდვა, მის წინააღმდეგ მუშაობა. ამ პროცესში შიდა მტრებს ზურგს უმაგრებენ რიგი კონგრესმენები, უცხოელი პოლიტიკოსები. გამჭვირვალედ ვხედავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მანქანა ამოქოქილია. მთავარია, რომ ხელისუფლება სწორ გზას ადგას, სწორ აქცენტებს აკეთებს, ამიტომ რთულად, მაგრამ ყველა წინააღმდეგობას დავძლევთ. 
_ მაგრამ ნაცების აკრძალვა რა შედეგს მოიტანს, ისინი ხომ არჩევნებში მაინც არ მონაწილეობენ. ქუჩის პროტესტი გაქრება თუ როგორ შედგება ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია?
_ ქუჩის პროტესტი ისედაც მინიმუმამდეა დაყვანილი. მშვენივრად იციან, რაც ელით, თუ ქუჩის გადაკეტვას განაგრძობენ. თავადვე აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულზე წასვლა არ უღირთ, ადმინისტრაციულ სასჯელზე პრობლემა არ აქვთ. დაფინანსების მიუხედავად, ამ დავალების შესრულება ფულის გამო არ უღირთ. ასე რომ, მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესი მიდის. ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ. 
სოცქსელში ჩემი პოლიტიკოსი მეგობრების პოსტები მხვდება, რომლებიც მათ მიმართ განხორციელებულ ბულინგზე წერენ. ერთ-ერთი მეც ვარ, ვისზეც ფეიკინფორმაციებს ავრცელებენ და ჩემი სახელით ათას სისაძაგლეს წერენ. ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვართ, სხვაგვარად არ გამოვა. ერთად თუ ვიქნებით, ვერც შინაური მტერი მოგვერევა და ვერც გარეული. 2012 წელს, გამარჯვებასთან ერთად, ივანიშვილმა უდიადესი რამ _ ქუჩაში გამოსული ზღვა ხალხის გაერთიანება შეძლო. ამიტომ ახლაც ხალხთან შეხვედრები, დალაპარაკება მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს, ისევე, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, როცა მმართველი ძალა ამომრჩეველთან მაქსიმალურად ახლოს იყო. შედეგიც შესაბამისი დაიდო. ხალხთან ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს. მაგალითად, მივესალმები კახა კალაძის ინიციატივას კვირაში ერთხელ თავის ამომრჩეველთან შეხვედრის შესახებ. 
საზოგადოება დიდი წნეხის ქვეშ არის. ხალხს ყოველი არჩევნების დადგომისას ის კი არ უნდა აწუხებდეს, არიქა, ნაცები არ მობრუნდნენო, არამედ მათი საზრუნავი ხელისუფლებისთვის პენსიების მომატება და სხვა პრობლემების გადაჭრის მოთხოვნა უნდა იყოს. ანუ მთავრობამ და ამომრჩეველმა ერთმანეთთან ადამიანური ურთიერთობები უნდა დაიწყონ. იმის ნაცვლად, რომ ჯანსაღ საზოგადოებას ქვეყნის პულსზე ხელი გვეჭიროს, ვიბრძოლოთ, შეშინებულები იმაზე ფიქრით ვართ დაკავებული, მობრუნდებიან თუ არა ნაცები. ეს კატასტროფაა. 
ვფიქრობ, ხელისუფლება მეტად ღია, კომუნიკაბელური, ხალხთან მუდმივ კონტაქტში უნდა იყოს. ჩემი რჩევა იქნება, მთავრობამ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, მათ შორის, ყოფილ მაღალჩინოსნებზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ და რა დანაშაულისთვის ისჯება. ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში ფორსმაჟორი, საგანგებო მდგომარეობაა. საქართველო ბეწვის ხიდზე გადის. თუ ამ ხიდს მშვიდობით გავივლით, დემოკრატიული, შემდგარი, განვითარებული სახელმწიფო ვიქნებით, რომელიც წინ წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი თავზე დაგვემხობა, რაც უსისხლოდ არ ჩაივლის. როგორც კი საზოგადოება ნაცების თუნდაც 1%-ით მობრუნების საშიშროებას იგრძნობს, სამოქალაქო ომი დაიწყება და მტერი მომენტალურად შემოვა. 
ამიტომ ხალხს უნდა დავუღეჭოთ, განვუმარტოთ, რომ ყოველგვარი ომი, დაპირისპირება უნდა ავირიდოთ, რათა მომავალი თაობა განვითარდეს. თუ ამისთვის დროებით ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტაა საჭირო, ასეც უნდა მოვიქცეთ. ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ახლა ასეა საჭირო, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, რითაც უნდა გაირკვეს: ვინ მუშაობდა ქვეყნის წინააღმდეგ, ვისგან იღებდნენ დავალებებს, რატომ გადიოდა საქართველოზე ტროტილი, ურანი, რა ხდება ნარკოტრეფიკთან დაკავშირებით და სხვა. ეს ხომ ნიშნავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი მზადდებოდა. როგორ, დღეს თუ შეიძლება ამდენი წამლის „ბარიგა“ გამოვავლინოთ, ერთი წლის წინათ რატომ არ შეიძლებოდა?! შეკითხვები ბევრია და თუ ხელისუფლებამ საკუთარი რიგების წარმომადგენლებთან ერთად, ოპონენტების დასჯაც არ დაიწყო, არაფერი გამოვა. მაშინ ნდობა დაიკარგება. საზოგადოება ძალიან ფრთხილია და მთავრობის აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაზე რეაგირებს. ხალხი ელოდება თუ რა მოხდება _ დამნაშავეები მართლა დაისჯებიან თუ ეს ფარატინა ქაღალდზე დარჩება. ხელისუფლება ხალხის გვერდით უნდა დადგეს. თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას ხალხთან კონტაქტის დამყარება შეუძლია. ასეც უნდა გაგრძელდეს. 
_ აქაური რადიკალები და ევროპა ერთხმად გვეუბნებიან, პარტიების გაქრობა პოლარიზაციას გააღრმავებსო.
_ ევროპას საქართველო, როგორც ნარკოტიკის გადამტანი ტერიტორია, ისე სჭირდება. ამიტომ ბობოქრობს ასე ეს აგენტურა. 
ოთხმოცი წლის წინათ ევროპამ მთელ მსოფლიოში სისხლისმღვრელი ომი დაიწყო. პირველი, მეორე მსოფლიო ომების შემდეგ ახლა მესამე მსოფლიო ომს იწყებს. ჩვენ ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩავიხედოთ და გავიაზროთ: ყველა უბედურება, ომები ევროპიდან იწყებოდა. ამიტომ ჩვენ საკუთარ ქვეყანას უნდა მივხედოთ და სიფრთხილით ვიმოქმედოთ.

თამარ შველიძე