გაუქმდება თუ არა უვიზო მიმოსვლა?

გაუქმდება თუ არა უვიზო მიმოსვლა?

ევროკავშირთან  ვიზალიბერალიზაციის  გაუქმების თაობაზე „საერთო გაზეთი“ პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ სავიზო დიალოგის ფარგლებში განიხილეს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები. რა მოიტანა ამ ტექნიკურმა შეხვედრამ?
- არ ვიცი, რა მოიტანა ამ შეხვედრამ, მე ხომ იქ არ ვიყავი, მაგრამ არა მგონია, რომ ამ ტექნიკურ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხი ყოფილიყო დღის წესრიგში. იქ სხვა რაღაცაზე იყო საუბარი. ყველა ეს შეხვედრა ეხება ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ მე მგონი, აქ, მხოლოდ დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე იყო საუბარი. 
- ესე იგი, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხეები არ არსებობს? 
- ამ ეტაპზე, არა მგონია, რადგან შარშან უფრო დაძაბული ვითარება იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ვიდრე ახლა და შარშან თუ არ შეუჩერებიათ, წელს არა მგონია, შეჩერდეს.
- რას მოიმოქმედებს ოპოზიცია თუ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდა?
- არ ვიცი, გამოვა ქუჩაში, სხვა რა უნდა ქნას. 
- როდის შეიძლება დავკარგოთ ეს ისტორიული მონაპოვარი?
- არა მგონია, ეს მოხდეს. არ ვიცი, რატომ მიდის ამაზე ასეთი აქტიური საუბარი. მართალია, გამორიცხული არაფერია, მაგრამ მე ჯერჯერობით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას არ ველოდები.

ნაზი ბერიძე