გლობალისტებს წარსული ომების შედეგი დაავიწყდათ
ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მსოფლიოში პოლიტიკური მოწყობის ცვლილებებზე. თუმცა ძველი, გლობალური მმართველობის დათმობას ბევრი ქვეყნის მეთაური ეწინააღმდეგება. ამისთვის არაფერს ერიდებიან გლობალისტები, მათ შორის, საომარი მოქმედებების წარმოებასაც და თან დემოკრატებად, მშვიდობისმყოფელებად მოაქვთ თავი. სამწუხაროა ის გარემოებაც, რომ წარსული ომების შედეგები ავიწყდებათ. თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა, ახსოვთ კიდეც, მაგრამ სხვათა სიცოცხლეებს არაფრად აგდებენ და სისხლისღვრისკენ უბიძგებენ.
ერთი თვის წინ ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნა. ნაცისტური გერმანიის აგრესიისგან ბევრი ქვეყანა დაზარალდა, მათ შორის უკრაინა, სადაც ახლა დიდი ომია გაჩაღებული. აქვე შეგახსენებთ, რომ ბევრი უკრაინელი მსახურობდა ვერმახტში, ბევრი სამხედრო დანაშაულიც ჩაიდინეს თავიანთი ლიდერის, სტეფან ბანდერას მეთაურობით. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, უკრაინაში დღესაც ადიდებენ ბანდერელებს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ახლა ფაშიზმის განდიდება სახელისუფლო დონეზე ავიდა.
ორი კვირის წინ კიევის სამთავრობო სასაფლაოზე დიდი პატივით გადაასვენეს ნაცისტური გერმანიის მხარეს მებრძოლ უკრაინელთა ლიდერი ვინმე ანდრეი მელნიკი. დასაფლავებას კიევის ხელისუფლება სრული შემადგენლობით ესწრებოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის საფლავზე მუხლიც კი მოიდრიკა. მოკლედ, ფაშისტი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მომხდარმა აღაშფოთა პოლონელები, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან ომში დიდ მხარდაჭერას უცხადებენ, უამრავი დევნილი შეიფარეს. აღარაფერს ვამბობთ შეიარაღებით თუ სხვაგვარ დახმარებაზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი ზელენსკისთვის პოლონეთის უმაღლესი ჯილდოს, თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა, რომლითაც ის ნავროცკის წინამორბედმა დააჯილდოვა. უკრაინის ელჩმა დემონსტრატიულად დააბრუნა აღნიშნული ორდენი.
ნაცისტის განდიდების გამო აგორებული სკანდალი პოლონეთში მწვავდება. ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი აღმოჩნდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას მცდელობა, გაემართლებინა ნაცისტისთვის პატივის მიგება და უკრაინის არმიის ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ სახელის მინიჭება. მომხდარმა პოლონეთის ხელისუფლების გარდა, მოსახლეობაც აღაშფოთა და უკრაინელების მიმართ მტრულად განაწყო. მათი ნაწილი პოლონეთის მტრად უკრაინას მიიჩნევს და არა რუსეთს – წერენ სოცქსელებში.
საგულისხმოა, რომ მომხდარზე პოლონეთის გარდა პროტესტი არავის გამოუთქვამს. თუმცა, უკრაინელმა ნაცისტებმა ათეული ათასი პოლონელის გარდა, ებრაელები, ბოშები, ბელარუსი და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლე გაანადგურეს, გადაწვეს სოფლები მოსახლეობასთან ერთად. ევროკავშირი კი ნაციზმის წახალისებაზე დუმს.
უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კრედიტის გადაცემას გარკვეული პირობების გათვალისწინების შემთხვევაში. ორშაბათს დაგეგმილი იყო ზელენსკის ვიზიტი უნგრეთში, სადაც პეტერ მადიარს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მისი ჩასვლა ბუდაპეშტში გადაიდო. უნგრეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება. თუმცა, მადიარმა ზელენსკისთან შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა. ვიზიტის გადადების კონკრეტული მიზეზი არ დასახელებულა, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, უნგრეთი უკრაინისადმი არაკეთილგანწყობილია, თუნდაც ნავთობსადენის გადაკეტვის გამო.
სავარაუდოდ, უნგრეთში ჩაშლილი ვიზიტით ზელენსკი არ შეშფოთებულა, რადგან კვირას ლონდონში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. შეხვედრის დეტალები არ გასაჯაროებულა, მაგრამ ძნელი გამოსაცნობი არ არის მათი საუბრის შინაარსი – უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძოს. საინტერესოა, როგორ გადაინაწილებენ უკრაინისთვის დახმარების ხარჯებს ევროპელები ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ამასთან, პენტაგონში უკვე ღიად საუბრობენ სხვადასხვა შეიარაღების ნაკლებობაზე, თან მოკავშირე ქვეყნებსაც შეუზღუდეს კონტრაქტით გაფორმებული სხვადასხვა სახის ტექნიკის მიწოდება. აქვე უნდა ითქვას, რომ სამივე ევროპული ქვეყანა უკრაინას ბრძოლის გაგრძელებისკენ უბიძგებს და საჯაროდ აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელებიც უნდა ისხდნენ.
დიალოგი კარგია და აუცილებელი, მაგრამ აქ ერთი მთავარი ნიუანსია – სამივე ქვეყნის მეთაურების რეიტინგები საკუთარ ქვეყნებში კატასტროფულად დაბალია. მერცისა და სტარმერის შემცვლელებს, ოპონენტებთან ერთად, მათი თანაპარტიელებიც ეძებენ. მაკრონის საპრეზიდენტო ვადა გაისად იწურება, ამიტომ მის გადადგომაზე ნაკლებად საუბრობენ.
გასულ კვირას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს დროებითი წევრი ქვეყნების არჩევნები ჩატარდა. გერმანიამ ბარიერი ვერ გადალახა და 7-ჯერ ზედიზედ ამ ორგანიზაციის წევრობის შემდეგ მისი ადგილი ავსტრიამ დაიკავა. გარემოება დამაფიქრებელი უნდა იყოს მოქმედი ხელისუფლებისთვის და, საერთოდ, მათი პოლიტიკოსებისთვის.
შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ გასულ კვირას რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში გამართულ უკვე ტრადიციულ ეკონომიკურ ფორუმს, რომელშიც 130-ზე მეტი ქვეყნის 25 ათასი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის აღსანიშნავია აშშ-ისა და გერმანიის დელეგაციების დასწრება. როგორც აღნიშნეს, გერმანიის 10 ათასზე მეტი ორგანიზაცია, მიუხედავად ე. წ. სანქციებისა, რუსეთთან თანამშრომლობას განაგრძობს.
რაც შეეხება აშშ-ის დელეგაციას, ის თითქმის სამთავრობო დონეზე იყო წარმოდგენილი, რომელსაც თეთრი სახლის და წარმომადგენლობითი პალატის ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე როდნი მიმს კუკი-უმცროსი ხელმძღვანელობდა. მას მასპინძლობას უშუალოდ რუსეთის სპეცწარმომადგენელი უცხოეთთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დიმიტრიევი უწევდა. შედგა გრანდიოზული შეთანხმებაც – რუსეთის ჩუკოტკიდან აშშ-ის ალიასკამდე გაიყვანენ გვირაბს, რომლის მეშვეობითაც ორი უდიდესი ქვეყანა პირდაპირ დაუკავშირდება ერთმანეთს როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო მაგისტრალებით. როგორც ვარაუდობენ, მშენებლობას რვა წელზე ნაკლები დრო დასჭირდება.
ათწლეულების შემდეგ რუსეთში ვიზიტი განახორციელა ტანზანიის პრეზიდენტმა სამია სულუჰუ ჰასანმა. სავარაუდოდ, ორ ქვეყანას შორის შედგა შეთანხმება. თუმცა, სანკტ-პეტერბურგის სამიტის პარალელურად, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ფორუმში მონაწილეობას სწორედ ის ქვეყნები იღებდნენ, რომელთა ხელისუფლება რუსეთს, როგორც მტერს, ბლოკადას უცხადებდა. ახლა ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ათასზე მეტი გერმანული საწარმო განაგრძობს მოღვაწეობას.
ამასობაში, ჩვენს სამეზობლოში, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამჯერად შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია – მათი მომავალი ახლა გადაწყდება.
ამის გარდა, მსოფლიოში ბევრი ცხელი წერტილია, რომელთა ჩასაქრობად უამრავი წყალი და ბევრი სხვა საშუალებაა საჭირო.
გია ბურდული
