ბესარიონ ხვინთელიანი: საქართველომ ბრძნული არჩევანი უნდა გააკეთოს!

ბესარიონ ხვინთელიანი: საქართველომ ბრძნული არჩევანი უნდა გააკეთოს!

ჩვენი სტუმარია დიპლომატიური პლატფორმა „სოხუმის“ დამფუძნებელი ბესარიონ ხვინთელიანი. კავკასიაში ბოლო დროს შექმნილ ვითარებაზე მისი მოსაზრებები საინტერესოა, რადგან იგი პროფესიით დიპლომატია და მსოფლიოს პოლიტიკურ ველს კარგად იცნობს.
_ ბატონო ბესარიონ, კავკასიაში პოლიტიკური მოთამაშეები შეიცვალნენ, სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეიტანა განაცხადი, აზერბაიჯანი თურქეთს დაუახლოვდა. ფაქტია, სომხეთი აზერბაიჯანს რუსეთის შუამავლობის გარეშე ელაპარაკება, რა პოლიტიკა აირჩია რუსეთმა კავკასიასთან მიმართებაში?
_ სანამ რუსეთი დიდ რეგიონულ და მსოფლიო მასშტაბის ომშია ჩართული, მისთვის წამგებიანია ნებისმიერი მოსაზღვრე, თუმცა, პატარა ქვეყნებთან პოლიტიკური ან სამხედრო დაპირისპირებები. როგორც ცნობილია დიდ ქვეყნებს-იმპერიებს აქვთ უცვლელი ფორმულა, რომელიც ორი მთავარი ცნებისგან შედგება: პირველი ტერიტორიული საზღვრების უზრუნველყოფა და მეორე სტრატეგიული საზღვრების, ანუ მოსაზღვრე რეგიონულ ქვეყნებზე კონტროლი! „იმეგობრე სხვებთან, მაგრამ არა ჩემს საწინააღმდეგოდ“! 
რუსეთი ევრო-აზიის მეორე მოთამაშეა, რომელსაც ჩინეთი უჭერს მხარს ევრო-აზიის სტაბილურობის შენარჩუნებაში და ამიტომაც არეგულირებს ურთიერთობებს კავკასიაში.
თუ რუსეთი მიაღწევს დასახულ მიზნებს თავისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მეშვეობით, რაც მყარდება ამერიკის 50-დღიანი ვადის დასახელებით (ამ პერიოდში რუსეთი ეცდება, დაასრულოს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები და ამოცანები), ამ შემთხვევაში, დიდ მოთამაშეებს შორის სტრატეგიული გარიგებები და გავლენების გადანაწილება მოხდება.…
ასეთ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ორომტრიალში საქართველოს არჩევანი არის ნეიტრალიტეტი, რისთვისაც იბრძვის დღევანდელი ხელისუფლება და სწორი მიმართულებით მიჰყავს საქართველოს მომავალი. დროთა განმავლობაში მსოფლიო ცვლილებების პოლიტიკურ ჭრილში გადასვლის დროს საქართველომ უნდა გააკეთოს ისტორიული და ბრძნული არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საკეთილდღეოდ! რაც შეეხება სომხეთის ევროპაში გაწევრიანებას, მე არ მიმაჩნია, რომ ამას შეძლებს, რადგან სომხეთი „ОДКБ“-ს წევრია და მას ისეთ ფასს დაუწესებენ, რომლის გადახდასაც ვერ შეძლებს.
_ სომხეთის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის ადგილი იკვეთება ზანგეზურის დერეფნის შექმნით. დაკარგავს თუ არა საქართველო თავის გეოპოლიტიკურ როლს? და თუ ეს ასე არ არის, ვის აწყობს ასეთი პროპაგანდა?
_ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი და სომხეთი მართლაც რომ საერთო ინტერესებით არიან დაკავებული ზანგეზურის კორიდორის შექმნით, რასაც მხარს უჭერს თურქეთი, მაგრამ ამ 40-კილომეტრიანი დერეფნის გახსნა შეუძლებელი იქნება რუსეთისა და ირანის გარეშე. უმეტესწილად, ზანგეზურის კორიდორის გახსნით გაიხსნება სამანქანო სარკინიგზო გზები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რუსეთ-თურქეთის სავაჭრო ბრუნვას და აზერბაიჯანი და სომხეთი სატრანზიტო შემოსავლებს მიიღებენ.
ირანის ინტერესში კი არ შედის თურქეთისა და აზერბაიჯანის დომინირება სომხეთზე, თანაც თურქეთის გავლენის გაძლიერება კავკასიაში. ასევე, ირანისთვის სომხეთი არის რეიტინგის ამაღლების წყარო ქრისტიანულ სამყაროში, რადგანაც ისლამურ ქვეყანას აქვს მეგობრული ურთიერთობა ქრისტიანულ ქვეყანასთან, რითაც ზეწოლას ახდენს აზერბაიჯანზე.
რაც შეეხება საქართველოს, ის ყოველთვის იყო, არის და იქნება მსოფლიო, საერთაშორისო გეოპოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რადგანაც ის არის აზიის, ევროპისა და ამერიკის „აბრეშუმის გზის“ ლოგისტიკური შემაერთებელი ხიდი: ჩინეთი, შუა აზია (ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი), ირანი, ასევე, ჩრდილოეთ თურქეთი და ინდოეთი და, როგორც შემაერთებელი ხიდი _ საქართველო; შემდეგ ბოსფორის სრუტე, მარმარილოს ზღვა, ხმელთაშუა ზღვა და ჩრდილოეთით _ ევროპის ქვეყნები, სამხრეთით კი აფრიკის ქვეყნები, და ბოლოს გიბრალტარის სრუტე, რომელიც ხმელთაშუა ზღვას ატლანტის ოკეანესთან აერთებს და შემდეგ კი ამერიკის კონტინენტი. ეს სახმელეთო და საზღვაო სატრანსპორტო გზა არის მსოფლიო მასშტაბის ტრანსნაციონალური გზა, რომლის განუყოფელი ნაწილი და შემაერთებელი ხიდია საქართველო!!!
მსოფლიოში 256 ქვეყანაა, მათ შორის 193 აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანას ჰყავს თავიანთი პროპაგანდის ინსტიტუტები, საგარეო მზვერავები და ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობს შემდეგი ფორმულით: „ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არ არსებობს მეგობრობა _ არსებობს მხოლოდ ინტერესების თანხვედრა“, რასაც სტრატეგიულ პარტნიორობას უწოდებენ.
_ როგორ აფასებთ დიდი რუსეთის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში და დასავლეთის ასეთი აქტიურობის მიუხედავად, როგორ გესახებათ ამ კონფლიქტის გადაჭრა?
_ სანამ ორ ან მეტ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყება, რომელიც შემდეგ ომში შეიძლება გადაიზარდოს, არსებობს პოლიტიკური მოლაპარაკებების ბევრი გზა, რომლებიც შეიძლება, წლობით გაგრძელდეს, რაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების ისტორიულ დოკუმენტებად ფორმდება.
მაგალითისთვის ავიღოთ აფხაზეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მცირე ხნით მე-16 რესპუბლიკად შესვლა და შემდეგ საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შეერთება. ეს ხანგრძლივი პროცესები პოლიტიკური მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილი იყო. საომარი მოქმედებებით ამ რეგიონის საქართველოსადმი დაქვემდებარების მცდელობამ კი ეს რეგიონი ჩამოგვაშორა.
იმისათვის, რომ მეორე ქვეყანასთან ომი დაიწყო, მინიმუმ, იმ ქვეყანაზე ოთხჯერ ძლიერი მაინც უნდა იყო: სამხედრო ჯარის რაოდენობით, სხვადასხვა მიმართულებით: ჰაერი, ხმელეთი, ბირთვული და სხვა თანამედროვე საომარი იარაღის აღჭურვილობით, ქვეყნის ეკონომიკით და თავდაცვის ისტორიული გამოცდილებით. პოტსაბჭოთა უკრაინას კი ასეთი არაფერი გააჩნდა, გარდა ევროპისა და აშშ-ის წინასწარი საკრედიტო და პოლიტიკური დაპირებებისა და მხარდაჭერისა.
იგივე მხარდაჭერა საქართველომ რამდენიმეჯერ განიცადა:
1. პირველი მსოფლიო ომის დასრულების და რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ 1918 წელს, რევოლუციური ქაოსის დროს საქართველომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რაც გაგრძელდა 1921 წლის 25 თებერვლამდე სამი წლის განმავლობაში, რასაც საქართველოს გასაბჭოება მოჰყვა.
2. საბჭოთა კავშირის დაშლის და „ავანგარდში“ ყოფნით საქართველომ მეორეჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა.
3. სააკაშვილის რეჟიმის „კონსტიტუციური წესრიგის დამყარების მცდელობა ცხინვალის რეგიონში“.
ამ ბოლო მცდელობამ საბოლოო წერტილი დაუსვა საქართველოს 20% ტერიტორიების დაკარგვას _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამორთმევას.
ყველა მოცემული ქმედება სამხედრო თვალსაზრისით ბოლომდე დაუხვეწავი მცდელობები იყო, რასაც საქართველოს დასჯა მოჰყვა.
ჩემი აზრით, უკრაინასაც ასეთი სცენარი ელის, თუ დროზე ადრე არ დაიწყებს რეალურ მოლაპარაკებებს რუსეთთან.
რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში იგივე გამოთქმა არსებობს: „ĸому - война, а ĸому мать родная“. ომიდან მოგებას იღებს ორი მოქმედი პირი: გამარჯვებული და ის, ვინც დამარცხებულს ეხმარება.
ზემოთხსენებული თეზისების თანახმად, კონფლიქტის შეწყვეტა უნდა მოხდეს ომის წესებიდან გამომდინარე საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების მეშვეობით.
პროპაგანდა კი ომის „დაწყება-დამთავრების“ განუყოფელი ნაწილია და ის ყველა მონაწილე მხარეს აწყობს!
_ დასავლეთი პირდაპირ გვემუქრება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რამდენად მართებულია, რომ მტკიცებულებების გარეშე გვესაუბროს პარტნიორი? თუ პირი დამნაშავეა, კანონის თანახმად არ უნდა დაისაჯოს?
_ ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სხვადასხვა ცნებებია. ვიზალიბერალიზაცია საქართველომ მოიპოვა ევროკავშირთან სპეციალური ხელშეკრულების გაფორმებით, რაც ორმხრივ მოთხოვნებს ეფუძნება. საქართველომ ყველაფერი შეასრულა, რასაც ითხოვდა ევროპა _ უვიზო 90-დღიანი ვადით მიმოსვლა ორივე მიმართულებით. ჯერ ერთი, ამ ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი ხელმოწერით შეუძლებელია, რასაც მოჰყვება საერთაშორისო სამართლის ჩართულობა და ხანგრძლივი პროცესები, თუ არ ჩავთვლით ორმხრივი თანხმობის შემთხვევას. და მეორე, საქართველო დღეს საერთაშორისო ტურიზმის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი მიმზიდველი და მშვიდობიანი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, ორივე მხარე დაზარალდება. ზუსტად ამისათვის იბრძვის ჯერ კიდევ ძლიერი „დიპსტეიტის“ _ მსოფლიო ჰეგემონიის არაფორმალური მმართველობის გუნდი, რომელიც არის „სახელმწიფო-სახელმწიფოში“!
თუ ევროკავშირმა ისევ განაგრძო საქართველოს მიმართ უსაფუძვლო მოთხოვნები, რაც საქართველოს ომში ჩართვას, წარმატებული ეკონომიკის ჩამოშლას, საქართველოში მიუღებელი ფსევდოლიბერალური ღირებულებების ჩანერგვას და, ასევე, შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონოდ ჩარევას უქადის. ყველაფერი ეს ინტეგრაციული პროცესების მარტო შენელებას კი არა, არამედ ჯერ არშემდგარი სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტას გამოიწვევს. პირველი მერცხალი უნგრეთის რესპუბლიკასა და სხვა წევრ ქვეყნებში განვითარებული საპროტესტო გამოსვლებია. უნგრეთის პრემიერმა ცალსახად განაცხადა, რომ ვიდრე ევროპარლამენტი მოცემული კურსით განაგრძობს სვლას, უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის ჩამოყალიბებაში, რაც ევროკავშირს უქადის, გაიზიაროს საბჭოთა კავშირის ბედი!!!
არ ყოფილა მსოფლიოში პრეცედენტი, როდესაც ერთმა დიდმა ქვეყანამ მეორე პატარა ქვეყანას ომით წაართვა ტერიტორიების ნაწილი და მოვიდეს მესამე, უფრო ძლიერი ქვეყანა და ოკუპანტს წაართვას პატარა ქვეყნის ტერიტორიები და დაუბრუნოს მისვე მეპატრონეს _ პატარა ქვეყანას!…
პატარა ქვეყანამ უნდა მონახოს ისეთი რესურსი, რითაც მაქსიმალურად მოლაპარაკების გზით დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს დიდი ოკუპანტი ქვეყნისგან. ასეთი ორმხრივი მოლაპარაკებები სამომავლოდ გადავა ინტერესთა თანხვედრის ჭრილში და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებით დასრულდება.
ამ დიდ საქმეში არჩევანი ქართულ პატრიოტულ ნიჭსა და ღვთისმშობელს მივანდოთ!!!
უდიდესი მოძღვარი, რუსი წმინდანი სერაფიმე საროველი ამბობს: „არასოდეს ეომოთ საქართველოს, რადგანაც ჩვენ გვექნება ომი ღვთისმშობელთან _ ეს დაღუპავს რუსეთს!“
ბევრი ცალმხრივი კომენტარი მომისმენია ამ სიტყვებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ნათქვამი მარტო რუსეთს არ ეხება _ ეს ეხება ორმხრივ ურთიერთობას და დიპლომატიას!
დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდება, სამხრეთ კავკასიაში სამომავლო რეგიონული გეგმების დალაგება დაიწყება და საქართველომ უნდა გამოიჩინოს ისტორიული სიბრძნე ქვეყნის გამთლიანებისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის!!!

ესაუბრა ლევან ჭიღლაძე