ტვინარეული მეზობლები

ტვინარეული მეზობლები

„მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო“, მაგრამ ეს ხალხური ნათქვამი საქართველოს მეზობლებზე ვერაფრით ვერ ეწყობა. ოთხი გეოგრაფიული მეზობელი გყვავს და ოთხივე რაღაცნაირი, თუ საქართველოს არა, ერთმანეთს ესხმიან თავს. მაშასადამე, „ავი მეზობლისგან ღმერთმა ყველა დაიფაროს“-ო, უნდა ვიღიღინოთ და თუ „მეზობელს მუცელი სტკივა, ჩვენ მუცელზე ხელი ვისვათ.“ იმდენი ანდაზა-თქმა გამახსენდა მეზობლებზე, ხან მიხარია, რომ მეზობლები გვყავს, ხან უმეზობლობას ვნატრობ...
მეზობელი სახელმწიფოები, ბოლო-ბოლო, მაინც მოგვარდებიან ერთმანეთში, რადგან გეოგრაფიულ მდებარეობას ვერაფრით გამოიცვლიან, მაგრამ როცა არამეზობელი ერთვება საქმეში, ეს უკვე ძალიან ცუდია მაშინ, როცა ტვინარეული მკვიდრი ვერ ხვდება, რომ ცხრა მთას იქით მყოფი ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის ურევს საქმეს სამეზობლოში. 
ისედაც მახრჩობდა ისტორიული მეხსიერება მენშევიკებისა და ინგლისის გარიგებით დაკარგული ლორე-ტაშირის გახსენებაზე და ახლა ისევ იგივენი და ზედდართული ცანცარა მაკრონის საფრანგეთიღა გვაკლდა. 
მას შემდეგ, რაც საიდანღაც მოსული ინდოევროპული ტომი, არმენები სომხეთის ტერიტორიაზე ჩასახლდნენ და დასახლდნენ, საქართველოს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ახლადგამოჩეკილი მეზობლისთვის, ხოლო სანაცვლოდ ზურგში ხანჯლის ჩაცემის, უმადურობისა და მტრობის გარდა არაფერი მიუღია, მაგრამ მინდა თუ არა, ცივი გონებით უნდა შევხედო, რა ხდება სამეზობლოში და რისი კონტურები იკვეთება.
სომხებს ხომ უყვართ ყველაფერი ქართულის მითვისება, ჰოდა, სომხეთში ახლა ხდება ის, რაც საქართველოში უკვე იყო და გაგრძელება უნდა ჰქონოდა, მაგრამ ქართველებმა ვიქართველეთ, სომხები კი ისე აირივნენ, როგორც თვითონ იტყოდნენ, ყველანი ვერლავეს არიან. ყველაფერს კარგს ითვისებდნენ ჩვენსას, ახლა კი დიდი იაღლიში მოსდით.
სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პატრიარქ გარეგინ II-ს რომ დაუპირისპირდა და მასკარადად აქცია ეჩმიაძინში განვითარებული ამბები, საქართველო გამახსენდა სოროსის ფონდითა და მისი მომყოლებითურთ...
მე კი გამამხიარულა სომხეთის სწრაფვამ ევრიკავშირისკენ, მაგრამ რა საინტერესოა, რანაირად უნდა გაწევრიანდნენ ევროკავშირში? ანუ ხარბი ლოქოს მსგავსად, რაღაცის საფასურად ღრმად გადაიგდეს საყლაპავში სატყუარა. მოულოდნელი არაფერი ხდება, პირიქით, ის მაინტერესებდა და მიკვირდა, რატომ იგვიანებდა გეგმის განხორციელების პროცესი, რამდენი ხანი უმოქმედოდ იყო საიდანღაც დასმული პაშინიანი...
რა საინტერესოა, რას მიედ-მოედებიან, როდესაც სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე „ეფ-ეს-ბე-ს“ დაქვემდებარებაში მყოფი რუსი მესაზღვრეები დგანან. მათი რეგიონული ოფისი გიუმირის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე იქნება, მათი იქ ყოფნა 2044 წლამდეა გაწერილი, ერებუნის აეროდრომზე კი რუსეთის სამხედრო ავიაესკადრილიაა განლაგებული. თანაც, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთს არაფერი უთქვამს იმის მსგავსი, რომ თავისი ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა უნდა.
პაშინიანისა და „მისი სომხეთის“ ამბავი ხელისგულზეა, მაგრამ ყოვლად აუხსნელია ალიევის აზერბაიჯანის ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ პესკოვის თქმით, ერთმანეთთან ყოველდღიურ კავშირზე არიან. ამავდროულად კი აზერბაიჯანული მედიასაშუალებები სინქრონულად შეუდგნენ პუტინისა და რუსეთის ლანძღვას, ხოლო ალიევი ზელენსკის ესაუბრა და დახმარება აღუთქვა.
ირან-ისრაელის 12-დღიანი პროქსი ომის დროს ისრაელმა ირანი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან დაბომბა დრონებით, _ ეს ამბავი რანაირად მოხდა ალიევის ხელისუფლების გარეშე, ირანი იძიებს და რადგან ყველას აბსურდულად მიაჩნია ეს ამბავი, თუმცა გამორიცხულიც არაფერია, გამოძიების დასკვნაზეა ბოლო სიტყვა, მერე კი კარგი არაფერი იქნება ორ მუსლიმანურ ქვეყანას შორის.
ვიტყვი ისრაელს და მის ზურგსუკან იგულისხმეთ აშშ, რადგან ისრაელი აშშ-ის გარეშე არაფერს წარმოადგენს!
ისრაელს ძალზე აწყობს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება, რადგან ირანის ჩრდილოეთ ნაწილში საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ირანში არეულობის შექმნა ადვილად შეუძლიათ ისრაელის სპეცსამსახურებს. ისრაელი ეშმაკობს, ამით თურქეთსაც იტყუებს მოწნულ ხაფანგში. ახლა საქმე მხოლოდ იმაზეა, რამდენად შეძლებს ვინმე, ბუნებით ეჭვიანი მუსლიმანური ქვეყნების წაკიდებას, ხაფანგი ხომ საფანგია, მოწნული იქნება თუ მუშკისსურნელიანი....
კარგი, ირანს და აზერბაიჯანს კიდევ რამე ეშველებათ, მაგრამ რუსეთთან ჩაკანფეტებული ურთიერთობა რაში და რატომ შეიძლება გაეცვალა ალიევის მთავრობას? ბაქოს ნავთობის ჯერ მხოლოდ სუნს მიაქვს მისთვის სარგებელი და ასეთი რა შეაძლიეს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების სანაცვლოდ, უკვდავება?
ჩავეძიე, ნეტავ, რა მოხდა-მეთქი და აზერბაიჯანის პროკურატურის პრესრელიზიდან გავიგე, რომ გასულ კვირას, 27 ივნისს, წარსულ წლებში ჩადენილი დანაშაულების გამო ეჭვმიტანილი აზერბაიჯანის მოქალაქეები დაუკავებიათ. რუსეთის ხელისუფლებას ადრევე გაცხადებული ჰქონია, რომ ეკატერინბურგში იჭერდნენ 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებთან დაკავშირებულ ეჭვმიტანილებს. დაკავების დროს დაიღუპნენ აზერბაიჯანელი ძმები საფაროვები, 60 და 55 წლის, რამდენიმე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მოკლედ რომ ვთქვათ, აზერბაიჯანის მხარე ამბობს, რომ დაკავებულები მოკლეს, რუსეთი კი ამბობს, რომ კი არ მოკლეს, არამედ მოკვდნენ. ასეა თუ ისე, ეკატერინბურგში ორი აზერბაიჯანელის სიკვდილით გამოწვეულმა დიპლომატიურმა დაპირისპირებამ წელს უკვე მეორედ გამოიწვია საჯარო განხეთქილება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. 
როდესაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი, პუტინმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, დაიწყო პროპაგანდისტული ომი _ ბაქოში დაიხურა „რუსული სახლი“, რომელსაც ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და ასევე მოითხოვეს რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების „სპუტნიკის“ ოფისის დახურვა. ბიურო მუშაობას განაგრძობდა, მაგრამ გასულ ორშაბათს ჩატარდა ჩხრეკა და რუსული სააგანტოს თანამშრომლები ეფ-ეს-ბეს ოფიცრების რანგში დააკავეს _ ისინიც კარგი ნაცემები იყვნენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბაქოს პოზიცია ასეთია: „აზერბაიჯანი აღარ აპირებს რუსეთის კაპრიზების მოთმენას!“
აბა, რას აპირებს? _ მაინტერესებს მე.
ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანი რეგიონულ ძალად ყალიბდება და ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვის დომინანტურ როლს კავკასიაში, რაც ორ ქვეყანას შორის ძალთა ბალანსის შედეგია. 2020 წელს აზერბაიჯანი გამარჯვებული რომ გამოვიდა სომხეთთან ომში, თავი რეგიონულ ლიდერად წარმოაჩინაო. ეკონომიკურად აზერბაიჯანი ისედაც ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, მისი მოსახლეობა აჭარბებს სომხეთისა და საქართველოს ერთად აღებულ მოსახლეობას, ამ ომში გამარჯვებით კი სამხედრო უპირატესობაც დაამტკიცაო. 
კი, მიაგდო რუსეთმა გაყოყლოჩინებული სომხეთი და დაიბრუნა აზერბაიჯანმა ის ტერიტორია, რაც მისი იყო, რეალურად კი საქართველოსი. გიორგი III-ის სრული წოდება იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“ და ქართველი მონარქები ამ ტიტულს XVI საუკუნემდე ატარებდნენ. ასე იყო და ახლა როგორც არის, ისეა, მაგრამ რა პანიკა ატეხეს და რატომ, ნეტავ?
ექსპერტის, ვინმე ზაურ შირიევის აზრით, რომელიც ბერლინის კარნეგის ცენტრის მკვლევარი ყოფილა, აზერბაიჯანი რუსეთის კონკურენტად პირდაპირ თურმე არ გვევლინება, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს მოსკოვის დომინანტურ როლს სამხრეთ კავკასიაში _ ბაქო არ ისურვებს რუსეთის გავლენის აღდგენას საქართველოში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნები. ამასთანავე, თურმე აზერბაიჯანი არ დაუშვებს სომხეთში პრორუსული ძალების დაბრუნებას.
რა უცნაური ექსპერტები გამოჩნდებიან ხოლმე ჟამიჟამ...
ამ ექსპერტებს არ გაუგიათ, რომ არმენიაც და აზერბაიჯანიც, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, უკრაინის მსგავსად, რუსეთის იმპერიის ფარგლებში შეკოწიწებულ წარმონაქმნებად მიიჩნევიან? შეკოწიწებულ უკრაინას რა ბედი ეწია, „ატამანს“ რომ აუხირდა ეგორივით, ვხედავთ და რუსეთის იმპერიის „შვილიშვილ“ რუსეთის ფედერაციას ეს ყველაფერი რომ „რატომღაც“ გაახსენდეს და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქაც დააპიროს, ნეტავ, რა მოხდება, ირანი და რუსეთი გაიყოფენ ორივეს და ცოტა ჩვენც შეგვხვდება, თუ კარგად მოვიქცევით? _ შარშანვე გამოვთქვი იგივე აზრი და რაც ადამიანს აზრად მოსდის, ყველაზე წარმოუდგენელიც კი, შესაძლებელია... ირანის რუკას დავხედე და, მე-19-მე-20 საუკუნეებში იმდენი ტერიტორია დაუკარგავს, თუ შეივსებს, წინააღმდეგი არ იქნება... ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება გონს დაიტანს და მშვიდობის კურსს გონიერებით გაჰყვება, რომ არ შეეხონ და, სულ კარგად ბრძანდებოდეს ყველა...
ისე კი, როცა ზერბაიჯანის არმიამ არაღიარებული ყარაბაღის ნახევარი და 7 რაიონი დაიბრუნა, რუსეთის „სამშვიდობო ჯარები“ შევიდნენ სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მაშინ ალიევი „პუტინის მონა“ იყო, ახლა უცბად „პუტინის რისხვა“ გახდა. პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები და მუდმივი მტრები არ არსებობენ, ჰოდა, ალიევი რომ ისევ პუტინს დაუბრუნდება, მერე რას დაარქმევენ „გენიოსი ექსპერტები“, ნეტავ?
მოსკოვი ბაქოს ბევრ რამეს პატიობს, რადგან აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროექტებში, რომლებიც რუსეთის გარე სამყაროსთან დაკავშირების იშვიათ არხებად დარჩა მკაცრი სანქციების ფონზე. აზერბაიჯანის გავლით გადის არა მხოლოდ სტრატეგიული გაზსადენები, არამედ სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, რომელიც რუსეთს აზიის ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას აძლევსო.
ასეა, კი, ნამდვილად, მაგრამ წარმოდგენა რომ არ მქონდა, ვინ იყო დიმიტრი მასიუკი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამის „კავკასიური დიალოგის“ გახსნაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომი ნორმალიზება და მზად იქნება, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს „ჩრდილოეთ-სამხრეთი“ დაუკავშიროსო.
რაო, რაო?
„ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი სანკტ-პეტერბურგის რუსულ პორტს ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მუმბაის ინდურ პორტთან აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 7200 კმ-ია. დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი 2000 წელს მოაწერეს რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა, მოგვიანებით კი ინიციტივას შეუერთდნენ: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სხვა ქვეყნები. 
ახლო აღმოსავლეთში კბილის მოსინჯვის შემდეგ რომ კავკასიას მოუბრუნდებოდნენ, დღესავით ნათელი იყო, მაგრამ ალიევის გაუთვლელი ქცევის ახსნა შეუძლებელია. თურქეთის იმედი აქვს, რომელიც თავის მხრივ, იმთავითვე ინგლისის სათამაშო იყო რუსეთის წინააღმდეგ? და რა მოიგო როდისმე თურქეთმა რუსეთთან ომით, ვეღარ დავთვალე, რამდენჯერ წააგეს...
ახლა, თვით თურქეთს ლამის ყოველთვე „წყალი ამოსდის“ სტამბოლში, ახლახანსაც 20 მლნ-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს მედასავლეთე იმამოღლუს მხარდასაჭერად, წიწაკის სპრეით აქციების დარბევასა და დაპატიმრებებს ვეღარ აუდიან და პიროვნული ვალიც აქვს ერდორანს პუტინისა, ტინგიცობისთვის სცალია? _ არადა, თურქეთსაც რამხელა ლუკმა აქვს საქართველოსთვის მოკბეჩილი... 
ახლა სხვა დროა, თორემ ერთი საუკუნის წინათ ბათუმი და ფოთი უკვე ინგლისის იყო და თურქეთი ქუთაისამდე იყო მოსული... მაშინ გერმანიამ დაგვიცვა, – ვითომ არ ვიცოდე, „ნეტავ, რატომ“?
სომხეთი კი, თუ საფრანგეთით ბოლდება, რომელიც მთავარ ძალად მოიაზრება ევროპაში, თავის მხრივ, კარგად ახსოვს საფრანგეთის ისტორია რუსეთთან ომებში და სრულიად დასავლეთისა არ იყოს, რუსეთთან პირისპირ ომს სხვისი ხელით და სხვის მიწაზე ომი ურჩევნიათ და, ამდენს ვერ აზროვნებენ? 
ისე არ ქნას არმენიამ, რომ ერთი გადაუარონ ცხელი უთოსავით და აღარაფერი დარჩეს მათგან, ფრანგული ლობი უშველის თუ ამერიკული... იმ კაია კალასს რანაირადღა უჯერებენ, სომხეთი ევროკაკშირის წევრი გახდებაო, რომელიც თანახმაა, რომ კანადა ევროკავშირში გაწევრიანდეს. გეოგრაფია არავინ იცის სომხეთში? თუმცა, საქართველოშიც არ ბრწყინავენ გეოგრაფიის ცოდნით...
ჰოდა, ვინც ხარობს, რა კარგია, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთს რომ აუთამაშდნენ, აღმოსავლურ-ჩინური ტვირთები თურქეთისკენ წავა და ავშენდებითო, იმიტომ ხარობენ, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია და სულაც რუსეთის ნაცვლად ის რომ შემოვა საქართველოში, რა კარგიაო?
„დიდი სომხეთის“ გარდა, „დიადი თურანის“ იდეა რომ არსებობს, არ გაუგიათ და არც უნდათ გაგება, ან გაუგიათ და ვერ გაუგიათ, _ ერდოღანს ბათუმი რომ ესიზმრება, ისე თქვა? თურქეთის მხრიდან გახსენებული „ერთიანი კავკასია“ იგივეა, რაც „დიადი თურანის“ იდეა, _ ერთიან კავკასიაში თურქეთი რანაირად „ეტევა“ სხვამხრივ?
ვიცით, რომ თურქეთის უკან ინგლისია და მიზანი ერთია, კავკასია გამოაცალოს რუსეთს, რუსეთი კი კავკასიას არ დათმობს. ჩვენ ვინ დაგვიცავს? კაცი რომ იხრჩობოდა და, ღმერთო, მიშველეო, ღმერთმა ჩამოსძახა, განძრიე ხელი და გიშველიო. ასეა, ღვთისმშობლის კალთა ვერ დაგიცავს ისმალოსგან, თუ პირდაღებული და გაბუტული იჯდები ერთმორწმუნესთან... ნეტავ, დიდ თურქობაზე უარესი რა დაუშავებია რუსეთს, ხოლო თუ ტერიტორიებია სალაპარაკო, რა წაგართვა, რუსეთმა რაც აჩუქე, მიიღო, რაც მიუგდე _ წაიღო... შენარჩუნებაში და დაბრუნებაში კი დაგეხმარა და დაგეხმარება _ სიმართლე ეს არის!
ატეხა პანიკა ვიღაცამ და აჰყვა პანიკისმოყვარული საზოგადოება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი შეკავშირდნენ რუსეთის წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, შეთანხმდნენ კიდეც ზანგეზურის კორიდორის გახსნაზე. ეს დიდ პოლიტიკურ ძვრებს გამოიწვევს სამხრეთ კავკასიაშიო და ისეთი ჩამონათვალია, გამეორება არ მინდა, თითქოს მეორედ მოსვლა და განკითხვის დღე დგება საქართველოსთვის, რადგან თურმე რადიკალურად იცვლება ძალთა ბალანსი რუსეთის, ირანისა და საქართველოს საწინააღმდეგოდ.
აღდგომა და ხვალეო, _ ვნახავთ, რომელ მიმართულებას აირჩევს ჩინეთი; ვის რას გადაუკეტავს რუსეთი; ვინ მოექცევა ბლოკადაში; ვის ინტერესში ვინ და რა იქნება; ვინ ვის რას ამოადენს ცხვირში ძმრად; ვინ ვის გააძლიერებს და ა. შ. ჯერ მხოლოდ ფაფხურია რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ნელ-ნელა საზოგადოებრივ აზრსაც ამზადებს, იმისთვის თუ დიდი ომი დასჭირდა.
რუსეთი ჯერჯერობით ჩუმად არის, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ომის კერები აირიდოს, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლით დაარეგულიროს სიტუაცია, მაგრგამ თუ საჭიროდ ჩათვლის, რაც წინა საუკუნეებში გააკეთა, იმას გაიხსენებს და უარესს გააკეთებს.
მაკრონმა რომ პუტინს დაურეკა, კონკრეტულად რა უნდოდა, არ ვიცით, მაგრამ ვიცით პუტინის მნიშვნელოვანი ფრაზები, რომ უკრაინის კონფლიტი პირდაპირი შედეგია დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკის რუსეთისა და რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ; რომ პრინციპული მიდგომები შესაძლო შეთანხმების მიმართ იქნება ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი, რომელიც უზრუნველჰყოფს უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას და ახალ ტერიტორიულ რეალობას დაეყრდნობა, _ უფრო გასაგებად როგორღა თქვას?
რა თქმა უნდა, კონტროლისა და გავლენების მოპოვებისთვის პოლიტიკური დაძაბულობა მოიმატებს, რადგან ერთი მხარე ჩინეთია, მეორე _ რუსეთი, მესამე _ ანგლოსაქსები თურქეთის ხელით. ვფიქრობ, სამივე ერთად აყალიბებს ახალ მსოფლიო წესრიგს და იყოფენ მსოფლიოს, მაგრამ ეს პროცესი ფარულად მიმდინარეობს, მოთელვითი საუბრების დონეზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, არც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ და არც სახარბიელოში, რადგან, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად ჩვენთვის, ახლა იწყება ყველაფერი _ ჯერჯერობით კი ამ მდგომარეობას არასტაბილური მდგომარეობა ჰქვია სომხეთისა და აზერბაიჯანის აცანცარების გამო. 
მართალია მოშე, სანამ არ დალაგდება მსოფლიო, ზარალია ახალი გეოგრაფიული ატლასის ყიდვა...


მაია ჭელიძე