ყველა ეკონომიკური დიალოგი ფასიდან იწყება!

ყველა ეკონომიკური დიალოგი ფასიდან იწყება!

ხელისუფლებას ფასებთან ბრძოლის მხოლოდ ერთი გზა აქვს - განავითაროს ადგილობრივი წარმოება

ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის საქმიანობის, შედეგებსა და ფასებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ჩვენს შეკითხვებს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იური პაპასქუა პასუხობს: 

(გაგრძელება, დას. იხ. „სგ“ N20)

- ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ინიციტივა, გადაწყვეტილება თუ სამომავლო გეგმა კულუარებში განიხილება და თანხმობას განხორციელებაზე იქ იღებს. თუ ამ კულუარებში არ ხარ, ნამდვილ მიზეზებსა და შორსმიმავალ განზრახვებზე მსჯელობა მხოლოდ მოსაზრებების გაცვლა გამოვა. მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც ზედმიწევნით ვიცი და რაშიც დარწმუნებული ვარ. ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნა ამ ხელისუფლების ყველაზე სარისკო გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებებით და საკუთრივ, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნით, ხელისუფლებამ, თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ეს საკითხი საყურადღებო, საჭირბოროტო და საზოგადოების ინტერესებისთვის მთავარი ობიექტია. ყველა რეფორმა მტკივნეულია, ხელისუფლება ამ დროს სამართებლის პირზე გადის და ყველას მოსაწონს ვერავინ ვერაფერს შეძლებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოება მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დავყოთ, მხოლოდ მომხრეების საამებლად „ვხნათ და ვთესოთ“. რეფორმები, რომლითაც ამ პრობლემების მოგვარება ხორციელდება, ყველაზე ცოტა, გადახედვას საჭიროებს. გარედან ისინი ძლიერ ჰგავს ცბიერი მოყვარის რჩევით და ჩასავარდნად განწირულ პროექტებს - მომხრეების დაცლაზეა მიმართული. ამ შემთხვევაში, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს „რჩევა“ შედეგობრივი ანალიზის გათვლის გარეშეა მიღებული. თუ ამის ანალიზის უნარი არ გაქვს, რა მოჰყვება „სხვისი რჩევით“ აგორებულ და პირწმინდად დამანგრეველ ტალღას, ეს ერთი უბედურებაა. უფრო დიდი საწუხარი კი ისაა, რომ საკუთარი გონებით არ შეგიძლია „დაყო და მართო“. დიდი საქმეები ხმაურით არ კეთდება. არც „სხვისი თვალების დასაბრმავებლად რძის ტარებას“ მოაქვს სიკეთე. სახელმწიფოს, მოსახლეობას სჭირდება არა პოპულისტური პოლიტიკა, არამედ ეკონომიკის სისტემური მართვა. 
ზედმეტი წინასიტყვაობის გარეშე, პირდაპირ რომ ვთქვა, ფასების შემსწავლელი კომისიის შექმნით პრობლემების სიმწვავის წარმოჩენა მოხდა. მსხვილმა იმპორტიორებმა და ქსელებმა გაფრთხილების სიგნალი მიიღეს; ფასების თემა პოლიტიკურ დონეზე აიწია. მაგრამ ფასების სისტემური შემცირების, ბაზრის სტრუქტურის გარდაქმნის, მონოპოლიური გავლენების დაშლის ან კარტელური გარიგებების გამოვლენისა და მათზე სათანადოდ რეაგირების, მოსახლეობის სოციალური ტვირთის შემსუბუქების არავითარი ნიშანი ჯერ არ ჩანს და ალბათ, ვერც გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ 14 წელი საკმარისი დროა, სოციალური პრობლემების მართველობის შედეგები გამოიკვეთოს, კომისიამ ვერ თქვა: ვინ არის არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი; სად არის კარტელური გარიგებების ნიშნები; ვინ ქმნის არაჯანსაღ მარჟებს; რა კონკრეტული სანქციები იქნება გამოყენებული კანონდამრღვევების მიმართ; როგორი ეკონომიკური პროგრამა შეცვლის ვითარებას. კომისიის დასკვნა უფრო აღწერითია. დასკვნაში ამ ეტაპზე არაფერია ისეთი, რაც გარდატეხას მოახდენს და ვითარებას შეცვლის. ვინც ბაზარს აკონტროლებს, უფრო გამართული მეთოდებით დაიწყებს ფასების მართვას და კლების ტენდენციას ადგილი არ ექნება. კომისიის მუშაობამ დააფიქსირა რომ:
- საქართველო უკიდურესად იმპორტდამოკიდებულია და ეს არის თურმე მთავარი მიზეზი, რის გამოც გლობალური შოკი ავტომატურად გადმოდის ფასებში; ლარის ნებისმიერი რყევა სწრაფად აისახება ბაზარზე; ლოგისტიკური პრობლემები ზრდის თვითღირებულებას; 
- ბაზარი მაღალი კონცენტრაციისკენაა მიდრეკილი და ეს განსაკუთრებით ჩანს: საწვავში; ფარმაციაში; მსხვილ საცალო ქსელებში, თუმცა ღიად არ არის ფორმულირებები „კარტელის“ ან „მონოპოლიური შეთანხმებების“ შესახებ, რადგან ამის დასამტკიცებლად უკვე სამართლებრივი პროცედურებია საჭირო;
- ფასების ფორმირებაში დიდი წვლილი აქვს არაწარმოებით ხარჯებს: ტრანსპორტს, საწყობებს, ფინანსურ რესურსებს, ქსელურ მარჟებს, სარეკლამო და ადმინისტრაციულ დანამატებს. მაგრამ ვერ ითქვა, რომ ამ ყველაფერს მომხმარებელი იხდის და არა კომპანია;
- კომისიამ ხელისუფლებას ფასობრივ პოლიტიკაში „რბილი ჩარევისკენ“ მოუწოდა, რაც ნიშნავს მონიტორინგს, რეკომენდაციებს, მოლაპარაკებებს ბიზნესთან, საგადასახადო და საბაჟო კორექტირებებს, ანუ ეს არაა „პირდაპირი კონტროლი“ და ბაზარი არ უნდა „დაინგრეს“, ისე უნდა მოხერხდეს ფასების ადმინისტრირება, რაც დროში გაწელილი და საბოლოო ჯამში, პასიური პოლიტიკაა, რომლის გამოც რეალური შედეგები არ დადგება. 
კომისიას, ამ ეტაპზე, ფასების შემცირების მექანიზმი არ შეუქმნია, ეკონომიკური სტრუქტურის შეცვლის გეგმა არ წარმოუდგენია და სისტემური გამოსავალიც ჯერ არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში „რბილი ჩარევა“ ძლიერი კონკურენციული პოლიტიკის, ადგილობრივი წარმოების ზრდის, საბაჟო/საგადასახადო ცვლილებებისა და ეკონომიკური განვითარების რეალური სტრატეგიის გარეშე, მხოლოდ პოლიტიკურ განაცხადად დარჩება და მოგვიანებით მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს თუ გაახსენდებათ პოზიციისთვის წამოსაძახებლად, ფასებს კი კვლავ გარე შოკები და იმპორტდამოკიდებულება განსაზღვრავს. მალე ის არავის გაახსენდება.
კომისიის მიერ პრობლემის დაფიქსირება არავის კომფორტს არ უქმნის და მხოლოდ კითხვებს აჩენს, ვისთვისაა ეს, მმართველი გუნდისთვის? ხელისუფლებამ ეს ისედაც უნდა იცოდეს; საზოგადოებისთვის? - მოსახლეობა ამას ყოველდღე საკუთარ ზურგსა და ჯიბეზე გრძნობს; ბიზნესისთვის? - ის თავად ქმნის და ხედავს ბაზრის რეალურ სურათს. 
დღევანდელი სამწუხარო რეალობა ასეთია: გვაქვს მაღალი ფასები, იმპორტდამოკიდებულება, ბაზარზე კაპიტალის კონცენტრაცია, დაბალი კონკურენცია და მოსახლეობის სოციალური წნეხი. აუცილებელია, რეალური გარდამტეხი ეკონომიკური ინსტრუმენტის შექმნა, რათა შედეგი მიიღწეს.
ექსპერტთა ნაწილი, ფასების პრობლემასთან დაკავშირებით გამოსავალს გადასახადების - აქციზის, სურსათზე დღგ-ის შემცირებაში ხედავს. თეორიულად ეს შესაძლებელია, პრაქტიკულად კი - ნაწილობრივ და ისიც საეჭვოა.
თუ სააქციზო საქონელზე აქციზი, სურსათზე დღგ შემცირდება, პროდუქციის თვითღირებულება და გასაყიდი ფასიც შემცირდება, ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ფასი დაწიოს. მაგრამ გადაეცემა თუ არა ეს შეღავათი საბოლოო მომხმარებელს? - მთავარი შეკითხვა და პრობლემა სწორედ აქ არის. საქმე ის არის, რომ ჩვენი ბაზარი არასაკმარისად კონკურენტულია, გვაქვს კაპიტალის მაღალი კონცენტრაცია და ცოტა მოთამაშეა. ამის გამო, შესაძლებელია, გადასახადის შემცირების სარგებელი მთლიანად მომხმარებელმა ვერ მიიღოს და მისი ნაწილი ბიზნესის მარჟაში დარჩეს. დროთა განმავლობაში კი ინფლაციური პროცესები გადასახადების შემცირების ეფექტს მთლიანად შეიწოვს, ბიუჯეტიც შემოსავალს დაკარგავს და მომხმარებელიც ვერაფერს იგრძნობს. თუმცა არსებობს მეორე მხარეც. საქართველოში სურსათი სოციალური საკითხია და ამიტომ მიზნობრივ საგადასახადო შემოსავლებს, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე დაბალ გადასახადებსა და დროებით საგადასახადო კორექტირებებს გარკვეულ პერიოდში ექნება ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება მართლაც დროებითი, მიზნობრივი და მკაცრ მონიტორინგს გაივლის.
„საოჯახო კალათა“ - ეს ბიზნესის ინიციატივაა და შერჩეულ ქსელებში, გარკვეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალურ, შემცირებულ ფასებს ითვალისწინებს. ეს შედარებით პრაქტიკული და რეალისტური ნაბიჯია, მაგრამ „საოჯახო კალათა“ ვერ იქნება სისტემური გამოსავალი თუნდაც იმიტომ, რომ ის მოიცავს მხოლოდ შერჩეულ პროდუქტებს; ამ ინიციატივაში მარკეტინგული ხრიკი ზომაზე მეტია და სარეკლამო ინსტრუმენტად გამოიყენება; ამ შერჩეულ პროდუქტებზე ფასდაკლებიდან დანაკარგს სხვა პროდუქტებზე ფასნამატიდან ამოიღებენ (ბიზნესის ბუნება ასეთია: წაგებაზე ვერ იმუშავებს და ვერც ქველმოქმედი იქნება. მისი მთავარი ამოცანაა მოგების მიღება და სხვა მას არაფერი ადარდებს). ეს გარემოება მთლიან ინფლაციას ვერ შეცვლის. თემა ძალიან დიდია და ყველა საკითხზე დეტალურად საგაზეთო პუბლიკაციაში ვერ ვისაუბრებთ. ერთგვარი შეჯამების სახით კი შეგვიძლია ვთქვათ: ჩემი აზრით, სახეზეა შემდეგი სურათი: ხელისუფლება რადიკალურ ნაბიჯებზე ვერ წავიდოდა, რადგან მაშინ სრულ ეკონომიკურ დესტაბილიზაციას მივიღებდით; „რბილი ჩარევა“ ეკონომიკურად უფრო უსაფრთხოა, მაგრამ სუსტი ეფექტი აქვს; გადასახადების შემცირება შეიძლება ნაწილობრივ დაეხმაროს ფასებს, მაგრამ ავტომატური გარანტია არ არის; „საოჯახო კალათა“ საზოგადოებრივად სასარგებლო ინიციატივაა, თუმცა არა სისტემური გამოსავალი. მთავარი პრობლემა: იმპორტდამოკიდებულება, სუსტი ადგილობრივი წარმოება, დაბალი კონკურენცია და მოსახლეობის შეზღუდული მსყიდველუნარიანობაა, რაც ჯერჯერობით ისევ რჩება.
საბოლოოდ, ხალხი კეთილდღეობას არა კომისიების არსებობით, არამედ: დაბალი ფასით, სტაბილური შემოსავლით და რეალური ეკონომიკური გაუმჯობესებით აფასებს. 
_ თქვენი მსჯელობიდან იკვეთება, რომ ფასების შემცირება ასე მარტივი პროცესი არ არის. რამდენად ობიექტურია ის ფასები, რაც ქვეყანაში მოქმედებს? 
- დიახ, მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია. მე არ მითქვამს, რომ ფასები არ შემცირდება და კვლავ მაღალი იქნება. უბრალოდ, ეს მხოლოდ ფასების შემსწავლელი კომისიის მეცადინეობით ვერ მოხდება. მაღალ ფასს საქართველოში, ერთდროულად, ობიექტური რეალობაც ქმნის და ბაზრის სუსტი კონკურენციაც. კარტელური გარიგებებიც და მონოპოლიური შეთანხებებიც არაა გამორიცხული და არც „ობიექტური მიზეზების“ არსებობაა დამაჯერებელი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღევანდელი ფასები სრულად ობიექტურია. რეალობასთან ახლოა მხოლოდ ის ნაწილი, რაც მოდის იმპორტდამოკიდებულებიდან და გლობალური შოკებიდან. არაობიექტურობის ეჭვს აჩენს ის, რომ პატარა ბაზარზე მოთამაშეები ცოტაა. დისტრიბუციის არხები კონცენტრირებულია, მომხმარებელს არჩევანი შეზღუდული აქვს და კონკურენცია ხშირად ფასზე კი არა, მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. კარტელურ გარიგებებსა და მონოპოლიურ შეთანხმებებზე მინიშნება სამართლებრივად მტკიცებულებას მოითხოვს, ამიტომ პირდაპირ ამის თქმა არასწორია. მაგრამ მათ გარეშეც შესაძლებელია, მსგავსი შედეგი არსებობდეს. ფაქტობრივად, ყველამ იცის, რომ იმპორტს, დისტრიბუციასა და თაროებზე წვდომასაც მხოლოდ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე აკონტროლებს. ყველა ერთმანეთის ფასებს ხედავს, ბაზარი პატარაა, ახალი მოთამაშის შემოსვლა ძვირია. ასეთ გარემოში ფასები შეიძლება შეთანხმების გარეშეც მაღალი დარჩეს.
რესურსები არსებობს და ფასების შემცირება ნამდვილად შეიძლება. თუ სახელმწიფოს უნდა ფასების რეალური შემცირება, მან უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც: კონკურენცია ბიზნესს აიძულებს, ფასი დაწიოს; მომხმარებელს მეტი არჩევანი უნდა გაუჩნდეს; ადგილობრივი წარმოება უნდა ამოქმედდეს და გაზარდოს მიწოდება; ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ ბაზარზე; ეკონომიკა ნაკლებად უნდა იყოს იმპორტზე დამოკიდებული. მარტივად რომ ვთქვათ, ფასის შემცირების ყველაზე ძლიერი ძალა კონკურენციაა.
არსებობს ალტერნატიული გზაც _ თუ ფასები სისტემურად ვერ მცირდება, სახელმწიფოსა და ეკონომიკის ამოცანა ხდება არა მხოლოდ „ფასების დაწევა“, არამედ: ადამიანის რეალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ანუ, ფასების შემცირების ალტერნატივა ხშირად არის: შემოსავლების ზრდა; სოციალური დაცვის გაძლიერება, ცხოვრების ხარჯის ნაწილობრივი კომპენსირება და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც პატარა ბაზარი, მაღალი იმპორტდამოკიდებულება და გლობალური ფასების ძლიერი გავლენაა. 
ფასების შემცირების უნივერსალური და რეალური გზა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაა. სწორედ ამ საკითხზე უნდა გამოვიყენო ჩემთვის გამოყოფილი საგაზეთო რესურსი. უწინარესად, უნდა განვაცხადო, რომ საქართველოში მაღალი ფასების, სიღარიბის, დაბალი მსყიდველუნარიანობის, იმპორტდამოკიდებულებისა და ყველა სხვა სოციალური უკმაყოფილების საერთო მიზეზი ერთია: ქვეყანა საკმარისად არ აწარმოებს. ეს არის თითქმის ყველა პრობლემის საწყისი და გადაწყვეტის გასაღებიც. როცა ქვეყანა ბევრს მოიხმარს, ცოტას აწარმოებს და ძირითადად უცხოურ პროდუქციაზეა დამოკიდებული, მაშინ ფასებს გარედან მიღებული შოკები განსაზღვრავს; ვალუტის რყევა ყველაფერზე მოქმედებს; დასაქმება სუსტია; რეგიონები ცარიელდება; მოსახლეობის შემოსავალი ვერ იზრდება და ქვეყანა მუდმივად მოწყვლად მდგომარეობაში რჩება. ამიტომ გამოსავალი საბოლოოდ მაინც ადგილობრივად მრეწველობის განვითარებამდე დადის. მაგრამ აქ მთავარი შეკითხვა ჩნდება. როგორ უნდა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება? ცხადია, ეს ლოზუნგებით, მოწოდებებით ან დეკლარირებით არ მოხდება. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც წარმოება: მომგებიანი, დაცული, ტექნოლოგიურად შესაძლებელი და გრძელვადიანად სტაბილური იქნება. 
ძალაუნებურად მიწევს და უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა მერწველობის ყველა დარგი და შორს რომ არ წავიდეთ, მთელ საბჭოთა სივრცეში ყველაზე განვითარებული ეკონომიკა საქართველოს გააჩნდა. გარედან თავსმოხვეული და გაუაზრებელი დამოუკიდებლობის, ზღვარსგასული თავისუფლების თუ ეროვნული აღტკინების ზეობის სანაცვლოდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში პირწმინდად განადგურდა უნიკალური ქონება, გამოცდილება და მეხსიერებაც. დღეს საქართველო ნედლეულს ყიდის და მზა პროდუქტს ყიდულობს. ეს ეკონომიკურად წამგებიანი მოდელია. რეალური სიმდიდრე იქმნება: გადამუშავებაში; შეფუთვაში; ბრენდირებაში; ექსპორტში. ჩვენთან ადგილობრივი მწარმოებელი თავიდანვე არათანაბარ მდგომარეობაში დგება. იმპორტიორი კი ხშირად უფრო სწრაფად და ნაკლები რისკით მუშაობს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებელი. საქართველო - სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანით ერთდროს წარმატებული ქვეყანა, დღეს ამ პროდუქტებს უცხოეთიდან იღებს. ეს და სხვა გარემოებები წარმოების განვითარებას ხელს უშლის. 
არსებული სახით მრეწველობის აღდგენა შუძლებელია და დღეს იმ მასშტაბების დაბრუნება, შესაძლოა, არცაა საჭირო. მაგრამ საკუთარი წარმოების განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ვერ მოხერხდება. 
როცა წარმოების განვითარებაზე ვაკეთებთ აქცენტს, პირველყოვლისა, ვგულისხმობ აგროსექტორს. საქართველო ოდითგან აგრარული ქვეყანა იყო და ახლაც ეს მიმართულება უნდა იყოს ძირითადი. სწორედ ამ სფეროში იქმნება ყველა პროდუქტი, რაც მოსახლეობის ცხოვრებისა და კეთილდღეობისათვის არის საჭირო.
აგროსექტორის განვითრება იძლევა შესაძლებლობას, მასთან დაკავშირებული დარგები, მათ შორის, კვების პროდუქტების გადამამუშავებელი და ათასი სხვა დარგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამსახურში ჩადგეს.
თუ ეს სწორად გაკეთდა, შედეგი არა მხოლოდ ფასების შემცირება იქნება, არამედ მივიღებთ: მეტ დასაქმებას; მაღალ ხელფასებს; რეგიონების განვითარებას; ექსპორტის ზრდას; ლარის გამყარებას; იმპორტდამოკიდებულების შემცირებას და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. რაც მთავარია: ფასები უფრო სტაბილური გახდება. ქვეყანა აღარ იქნება ასე მძიმედ დამოკიდებული: ომებზე; სანქციებზე; ლოგისტიკურ კრიზისებზე; უცხოურ ბაზრებზე. 
თუ საქართველო შეძლებს: ადგილობრივი წარმოების, გადამამუშავებელი მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, და მცირე/საშუალო საწარმოების გაძლიერებას, მაშინ ფასებიც უფრო დაბალანსდება, შემოსავლებიც გაიზრდება და ეკონომიკური სტაბილურობაც რეალური გახდება.

თამარ შველიძე