მეზობელი კარისაო სინათლეა თვალისაო!

მეზობელი კარისაო სინათლეა თვალისაო!

ნეტავ, ვინმემ იცოდეს, როგორ მომწყინდა ეს გაუთავებელი პოლიტიკა და დაუსრულებელი იდიოტიზმი!
რა კარგ დროს მოვესწარი, იმხელა სსრკ-ში მხოლოდ ის ვიცოდი, სახელმწიფოს მეთაური ვინ იყო და თავდაცვის მინისტრი რა გვარის იყო, სახეზეც კი ვერ ვიცნობდი, ხოლო საქართველოში ამას შსს მინისტრის ცნობადობა ემატებოდა.
ახლა მთელი სამეზობლოს (ოთხი მოსაზღვრე სახელმწიფო) პოლიტისტებლიშმენტი ხომ ვიცი; ამას ერთვის კრებსითი დასავლეთი და აღმოსავლეთის ყველა ის ქვეყანა, რომელიც კონკრეტული მომენტისთვის ომშია ჩართული, ან ეკონომიკური თვალსაზრისით ვებმებით. მერე გვიკვირს, ნერვიული ფონი რატომ არისო? პირმცინარ ადამიანს რომ დავინახავ, ჭკუანაკლული მგონია უკვე...
თვალი მოვკარი, რუსეთს სომხეთისთვის უკვე ის ბრანწი უჩვენებია, რაც ჩვენ უკვე დაგვანახა, ფაშინიანი კი დადის და ხან „პერაშკს“ ილუკმება, ხან სიმინდსა და ჩურჩხელას მიირთმევს საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ნეტავ, მისი პიარის „უფროსი“ დამანახა. იმ ყვავილებს გულზე დააწყობენ თავისივე სომხები, რომლის შეტანაც უკვე აკრძალა რუსეთმა, იმ შეზღუდული კონიაკებით მის შესანდობარს დალევენ, „ზაკუსკად“ შეზღუდულ ბოსტნეულსა და კენკრას მიაყოლებენ, ნაბახუსევზე კი იმ დაწუნებულ მინერალურ წყალს დალევენ. ჯერ ხომ უკრაინამ ვერაფერი ისწავლა ჩვენს მაგალითზე, ახლა კი სომხებმაც, გამორჩენის მხრივ ჭკვიანები რომ მეგონენ, აურიეს.
მედვედევი რამეს რომ იტყვის ვინმეზე, იგივე კრემლის ნააზრევია, ფაქტობრივად, ჟირინოვსკი-2-ია, უბრალოდ, ეს ცოტა ხმადაბლა „ყვირის“. 
„როგორც ვიცით, ისინი, ვინც ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, მტკივნეულად ეცემიან მოდუნებულ უკანალზე...
ეს ზუსტად იეს არის, რასაც, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში გეგმავს გარკვეული ადამიანი, მეტსახელად ნიკოლი. ის გამუდმებით ათრევს თავის „ზესახელმწიფოს“ ევროკავშირში, ამავდროულად, ცდილობს, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის ყველა უპირატესობა შეინარჩუნოს...
გარდა ამისა, ტრამპთან და მაკრონთან საუბრებით შთაგონებული, კავკასიელი რეფორმატორი იმდენად შორს წავიდა, რომ თქვა, ნებისმიერ ვითარებაში რუსეთი ვალდებულია, შეინარჩუნოს გაზის მიმდინარე ფასები მისგან მიმავალი „პარტნიორისთვის“ – 177,5 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ამ პროდუქტის ფასი ევროპაში 2026 წლის მაისში დაახლოებით 570-590 აშშ დოლარი იყო ათას კუბურ მეტრზე TTF ჰაბზე (ნიდერლანდები).
სხვაგვარად როგორ იქნება? მართლაც ყველასთვის ნათელია, რომ, თუ ისინი ბენზინის ევროპულ ფასებზე გადავლენ, ქვეყნის მოსახლეობა ამ ბიჭს „ჩასველებული ნაჭრებით“ პირდაპირ პარიზში, თავის შეყვარებულ მეგობარ მაკრონთან გაგზავნის. ამიტომ უწევთ მათ, თავხედურად ამოძრავონ უკანალი და ყველას ერთდროულად ასიამოვნონ. მაგრამ ეს ასე არ ხდება. ყოველდღიურად იზრდება შანსი, რომ კიევის ხელისუფლების მსგავსად, ეკონომიკური რეალობის ჯიუტ ზღარბზე შიშველი უკანალით დაეშვან. 
ამიტომ, დროა, დაიწყონ მოლაპარაკებები ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ზღვით პირდაპირ „ქვეყნის პორტებში“ მიწოდებაზე!“ – თითქოს გასართობად ამბობს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
არადა, ერთობა და დასცინის, აბა, რომელი პორტებიდან მიიღებს სომხეთი გაზს, სევანის ტბა პირდაპირ უერთდება რომელიმე ზღვას ან ოკეანეს და ეს საიდუმლო არავინ იცის მათ გარდა? თუმცა, კი თქვა რომელიღაც „ევროგანსწავლულმა“ სომხეთის პორტებთან დაკავშირებით რაღაც „გენიოსობა“.
გეოგრაფია ვის ანტერესებს, სამეზობლოს თავზე რა ღრუბლები იკვრება ის ვთქვათ, რადგან სამეზობლოში მიმდინარე პროცესები, ავი თუ კარგი, ყოველთვის ახდენს გავლენას რეგიონზე.
ეტყობა, ფაშინიანსაც ჰყავს ნჯო-ები, ანუ უსამშობლო არმენები, თვითონაც კარგი მადა აქვს, მხოლოდ „პერაშკი“ კი არ უყვარს, ჰოდა, თავისას ცდილობს ბიჭი.
ჩვენს უსამშობლოებს 6 მლრდ ჩაატენეს, მაგრამ არმენებს, ეტყობა, ჯერ მლრდ-იც არ აქვთ მიღებული, თორემ აქამდე ამოიქოქებოდნენ.
აფსუს, არმენული არ ვიცი, თორემ სულ წერტილ-მძიმეთი ჩამოვუწერდი არმენიის „განთიადს“.
ფაშინიანი ვიღაცას მაგონებს – ხან ჭრის, ხან – კერავს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი, შესაძლოა, მაქსიმუმ ორ წელიწადში გადაწყდეს – იმ დროისთვის, თქვენ მხოლოდ ის დაგრჩებათ, რომ არ დაგავიწყდეთ თან პასპორტისა და ბილეთის წაღებაო; ხან კი რუსეთს ადიდებს და ეხუტება.
ხმა გავრცელდა, რუსეთის სპეცსამსახურების ანალიტიკოსებმა სომხეთში ხელისუფლების შეცვლის ხუთი შესაძლო სცენარი განიხილეს, თუმცა 4 ვარიანტი: სამხედრო გადატრიალება, იმპიჩმენტი, ნებაყოფლობითი გადადგომა ან ქუჩის პროტესტი შეუსრულებლად ჩათვალეს და ერთადერთ რეალურ შანსად 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები მიიჩნიესო. 
ამბობენ, რომ რუსეთი ფსონს მილიარდერ ბიზნესმენზე, სამველ კარაპეტიანზე დებს, რომელსაც „სომეხ ივანიშვილს“ უწოდებენო. რუსების გეგმის მიხედვით, კარაპეტიანის ახალი პარტია უნდა წარსდგეს როგორც „მესამე ძალა“, რომელიც ორიენტირებული იქნება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ინვესტიციებსა და უმთავრეს მიზანზე, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაზე. ოპოზიციური ველი უნდა გაერთიანდეს ერთ დიდ ალიანსში და ამგვარად მიიღოს მონაწილეობა 2026 წლის არჩევნებში პრინციპით „კედელი კედელზე“, როგორც ეს მოხდა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც სააკაშვილის პარტიამ სასტიკი მარცხი განიცადა მილიარდერ ივანიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ერთიან ოპოზიციასთანო.
7 ივნისის არჩევნების წინ, პოლიტიკური ცანცარის სანაცვლოდ რუსეთმა სომხეთს ყველაზე მტკივნეულად დაურტყა საფულეზე და უფრო გამოკვეთა ისედაც დაპირისპირებული მხარეები. ფაშინიანის მხარდამჭერები ამას კრემლის ზეწოლად აღიქვამენ, ოპოზიცია კი თავად ფაშინიანს ადანაშაულებს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობების დანგრევაში. 
ყარაბაღის ამბების შემდეგ რუსეთის მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა, ახლა კი ეკონომიკური გაბუტვაც თუ დაერთო, რას ფიქრობენ, ნეტავ? მედვედევისა არ იყოს, პოლიტიკურად რუსეთისგან დისტანცირება, მაგრამ ეკონომიკურად კვლავაც რუსულ ბაზარზე ჩამოკიდება ვერ შეეთავსება ერთმანეთს. მოსკოვს ერევნის ტანკებით აღება არ სჭირდება, „რაკეტა ონიშჩენკოც“ კმარა. 
რადგან ჩვენ ეს და ამდაგვარი სერიალები წლების განმავლობაში საკუთარ უთავო მხრებზე ვიწვნიეთ, ადვილია სავარაუდო „წინასწარმეტყველება“ – რუსეთის გასაღიზიანებლად თბილისმა და ბაქომ არ ივარგეს, ერევანი ბოლო შანსია სამხრეთ კავკასიაში. ევროკავშირს შეუძლია გრანტების პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის შეთავაზება, მაგრამ მერე? დანარჩენი ევროპას არც ახლო მომავალში შეუძლია და არც გრძელვადიან პერსპექტივაში. ბერძნების ცნობილი თქმაა: ჩემი ჭამო, დალიო და ფეხები სხვას აუშვირო, არ გამოვაო.
ისე, „მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონე“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსაკრავი ანდაზაა – მთავრობაში რომ იციან, ვხედავ და „კიდევ-კაი-ს“ ვამბობ... მგონი, არ მეჩვენება, რომ რუსულ გაზს ვხმარობთ, რუსულ დენს, რუსულ საწვავს ვასხამთ მანქანებში, რუსული ხორბლის პურს მივირთმევთ და ისევ რუსეთს ვაგინებთ...
7 ივნისს თუ ფაშინიანმა იმარჯვა და ღრმად „შიგევროპელობა“ წამოიწყეს, როცა გაახსენდებათ, რომ ინდოევროპელი არმენები არიან, რაც დღეს აქვთ, იმისგან უკვე აღარაფერი ექნებათ...
მართლა არ მესმის, გარდა იმისა, რომ რუსეთის გამღიზიანებელ ფინიად უნდათ, სხვა რაში არგიათ არმენია, რატომ უნდა არიონ, წინდაწინვე წაგებულზე ფსონის დადება რა მხრივ გადაწყვიტეს? 
კარგი, რაღაც მოსაზრება აქვთ და წამოიწყეს – ქართული გვარის მავნებელ ნჯო-ებსა და სამშობლოს დანარჩენ გამყიდველებს 6 მლრდ მავნებლობითვის, შესაბამისად, რაც საქართველოში დაიხატა, სომხეთშიც იგივე სურათი დაიხატება. მანამდე უამრავი „საქმე“ გამოჩნდება – თუ სადმე რამე სასიცოცხლოდ უფეთქავთ ეკონომიკური თვალსაზრისით, ის გაუნადგურდებათ; სომხეთი ახალგაზრდებისგან დაიცლება... ჩვენ 5 500 000 დან დღეს 3 მილიონზე ცოტა მეტი დავრჩით, სომხეთი ახლა არის 2 900 000 და რაღა დარჩება? სოფლები დაეცლებათ და გაუპარტახდებათ, სასოფლო სამეურნეო მიწებს ვინ ააცლის, ვერ გაიგებენ, რადგან თვითონვე გაყიდიან. „ველიკაია არმენია“ კი არა, ერის გენოციდისა და ანექსიის ტოლფასი მდგომარეობა შეექმნებათ.
არ ვიცი არმენიის სწავლა-განათლების სისტემის შესახებ, მაგრამ თუ ნორმალურად აქვთ, ძირფესვიანად განადგურებაში დაეხმარებიან და წარმატებით მოუსპობენ;
თუ სიტყვის თავისუფლების, ადამიანის და, განსაკუთრებით, ბავშვების უფლებების დაცვის ნორმები და კანონები აქვთ, სრულიად წაუშლიან და ოჯახებსაც მიუყოლებენ; 
თუ ახლა მხოლოდ სხვადასხვა ხედვის გამო სიტყვიერად უპირისპირდებიან ერთმანეთს, მალე ისე შეაზიზღებენ ერთმანეთს, რომ ვერც მიხვდებიან, რა დაემართათ და ვინ დამართათ...
აბორიგენ ქართველებს ფულისმოყვარის იმიჯი არ გვქონდა, მაგრამ ფულზე გაყიდეს უსამშობლო ქართველებმა საქართველო და უსამშობლო სომხების მიერ სომხეთის გაყიდვა რა გასაკვირი იქნება...
დაწვრილებით რომ „ვუწინასწარმეტყველო“, აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ 6 მლრდ დოლარს ან ევროს სომხეთისთვის ჰაერში არ გაისვრიან. 
მაინც ვერ ვიგებ, რუსეთისთვის ყეფა-პწკენის გარდა, რა დანიშნულებისთვის უნდათ ყოვლად უსარგებლო არმენია, ტუფის ქვისა და გარგარისთვის?
ინდოეთიდან შინ მიმავალი მარკო რუბიოს 45-წუთიანი ვიზიტით „ზვარტნოცის“ აეროპორტში, ფაშინიანმა ხელი რომ მოაწერა ქარტიას აშშ-სთან ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ, არმენიამ რა მიიღო სინამდვილეში, რეალური დახმარების ნაცვლად, განზრახვის მემორანდუმები? უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად, რუსეთთან დაპირისპირების გაღრმავება, ეკონომიკური კეთილდღეობის ნაცვლად, დასავლეთსა და ევრაზიულ კავშირს შორის ბრძოლის ველად გადაქცევის პერსპექტივა?
ირანმა კი თავისი წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა „Majid“ სომხეთს გადასცა. მე ვიყო ქუვეითის შპიონი, არმენები თუ აზრზე იყვნენ, გარშემო რა ხდება...
ასეა თუ ისე, 8 ივნისს სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები ცნობილი იქნება.
როგორც უნდა დასრულდეს მათი არჩევნები, სომხეთმა საქართველოზე უნდა გააკეთოს სწორება, რადგან მოცემულობაა ასეთი, სხვაგვარად გეოპოლიტიკურ ორმოში იჯდება და გარე სამყაროს მოწყდება.
წითელი მზე, შავი ზღვა და ზღვაზე თეთრი აფრები, ტრანზიტი და მისთანები, ისეთია, აერევა დავთრები...
მეზობელი კარისაო, სინათლეა თვალისაო!

ზურა ოშხერელი