სოსო სიგუა: უმაღლეს სასწავლებელს სტუდენტი უფრო სჭირდება, ვიდრე ლექტორი?!

სოსო სიგუა: უმაღლეს სასწავლებელს სტუდენტი უფრო სჭირდება, ვიდრე ლექტორი?!

გვესაუბრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი სოსო სიგუა:

_ ბატონო სოსო, თქვენ წლების განმავლობაში ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდით. წინა ხელისუფლებამ მთელი რიგი ინსტიტუტები, სადაც სერიოზული სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, გამოყო და მერე მათი შენობები გაყიდა. დღეს რა მდგომარეობაა, მეცნიერება რამდენად ვითარდება?
_ დიახ, სააკაშვილმა რეფორმის ნიღბით, საბაბით მეცნიერებათა აკადემია და სახელმწიფო უნივერსიტეტი დაანგრია. რაც შეეხება მეცნიერებათა აკადემიის დღევანდელ მდგომარეობას, მისი პრეზიდენტი ბატონი როინ მეტრეველი, არსებული სახსრებით ყველაფერს აკეთებს და კიდეც შეძლო, მეცნიერებათა აკადემია დაშლიდან აღმავლობისკენ შემოებრუნებინა იმ ფარგლებში, რის საშუალებასაც კანონი იძლევა. დღეს აკადემია გამოცოცხლებულია: იმართება კონფერენციები, კომისიის სხდომები მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებზე, გამოიცემა სამეცნიერო წიგნები, ჟურნალები. რაც მთავარია, დღეს არსებული მონაცემებით, მეცნიერებათა აკადემია აღმავლობის გზას ადგას.
_ როგორც ვიცი, განათლების სამინისტროსთან ერთად, მეცნიერებათა აკადემია მეცნიერების განვითარების რეფორმაზე მუშაობს. როგორ ფიქრობთ, პრიორიტეტი რას უნდა მიენიჭოს?
_ მეცნიერების განვითარება განათლების სისტემაში, მეცნიერებაში ახალგაზრდების მოსვლას უკავშირდება. თუმცა, კრიზისული ვითარებაა იმ კუთხით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ლექტორების, მეცნიერ-მუშაკების ხელფასები ძალიან დაბალია. ახალგაზრდა ამას რომ ხედავს, ცდილობს, გზა სხვაგან ეძებოს, სადაც მეტი შემოსავალი, დაფასება და პერსპექტივა ექნება. როცა ახალგაზრდა ინგლისურ ენას ფლობს, უცხოელებთან კონტაქტები აქვს, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს, სადაც გაცილებით დიდი ხელფასი და იდეების რეალიზებისთვის მეტი საშუალება ექნება. შედეგად, მათი ცოდნა ჩვენს უნივერსიტეტებს, მეცნიერებათა აკადემიას აკლდება. თუკი ადრე ახალგაზრდები სამეცნიერო საქმიანობისკენ მასობრივად ისწრაფვოდნენ, ახლა ამ პროცესს ჩამოცილებულნი არიან. თითო-ოროლა თავდადებული, თავგანწირული ახალგაზრდა ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ ეს მეცნიერებაში საერთო სურათს ვერ შექმნის. 
მეცნიერება პოეზია არ არის, რომ დაჯდე და ყოველგვარი მატერიალური რესურსების გარეშე ლექსები დაწერო და მერე მისი წიგნად გამოცემა მოახერხო. მეცნიერება გარკვეულ მატერიალურ ბაზას, დროს, შრომა-გარჯას მოითხოვს, რაც მხოლოდ ენთუზიაზმით არ მიიღწევა. მათ ლაბორატორიები, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა სჭირდებათ, რომლის შეძენის გარეშეც, ეს დარგები ვერ განვითარდება. ამიტომ მთელი რიგი პრობლემები იჩენს თავს, რაც მატერიალური ბაზით უზრუნველყოფას უკავშირდება და მხოლოდ სურვილი, ენთუზიაზმი არ კმარა. 
ახალგაზრდას სტიმული რომ ჰქონდეს, მან უნდა განსაზღვროს, როგორი მომავალი სურს, ხვალ-ზეგ რა უნდა გააკეთოს. მხოლოდ პატრიოტული მოწოდებებით, რომ ჩვენც გვინდა, აქ მეცნიერების დარგები ისეთივე განვითარებული იყოს, როგორც ევროპასა და ამერიკაშია, შედეგს ვერ მივაღწევთ. გარდა ამისა, ყველაფერი მატერიალურად უზრუნველყოფილი, მოწესრიგებული რომც იყოს, სათანადო მიზნის მისაღწევად დროა საჭირო. 30-წლიანი წყვეტის შემდეგ, რასაც სამეცნიერო სფეროში ადგილი ჰქონდა, მის აღდგენას, ვითარების გამოსწორებას ერთი ამდენი _ 30 წელი კიდევ დასჭირდება. შეუძლებელია, შედეგი ერთ-ორ წელიწადში მივიღოთ და მეცნიერება განვითარების მაღალ საფეხურზე უეცრად ავიდეს. ამ სფეროში შეიძლება სწრაფი უკუსვლა მოხდეს, მაგრამ სწრაფად არსებული ხარვეზის, მძიმე მდგომარეობის გამოსწორება, შეუძლებელია. ზოგიერთს, ვინც პროცესს გარედან აკვირდება, მიაჩნია, რომ ჩვენთან მეცნიერებაში პროგრესი არ არის და ამიტომ მასზე ზედმეტი ზრუნვა, ფიქრი საჭირო არ არის. ასეთი მიდგომით ვერც განათლების სისტემა განვითარდება და ვერც სამეცნიერო აზროვნება და დარგები. 
_ ბატონო სოსო, რამდენად პრობლემატურია არაკვალიფიციური კადრების საკითხი, რაზეც ყურადღება პრემიერმა გაამახვილა.
_ დიახ, სამწუხაროდ, ეს პრობლემა დგას, მაგრამ ამის მიზეზი, ისევ განათლების კანონში უნდა ვეძებოთ. მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული განათლების კანონის თანახმად, პროფესორებს უფლება არ გვაქვს, სტუდენტს დავაძალოთ სემინარი ჩაგვაბაროს, ან ვაიძულოთ, რომ ლექციებზე იაროს. პროფესორ-მასწავლებლებს არც სიის წაკითხვა გვევალება, გამოცდას კომპიუტერი იბარებს, სტუდენტს ლექტორი აღარ სჭირდება. ამ შემთხვევაში, როცა იგი ვალდებული არ არის, ლექციას დაესწროს, სემინარი ჩაგაბაროს, ხოლო გამოცდას კომპიუტერს აბარებს, პროფესორის დანიშნულება რა არის?! სტუდენტი ვის წინაშეა ვალდებული?! შედეგად ვიღებთ იმას, რომ სტუდენტები ლექციაზე აღარ დადიან.
_ პრემიერმა აღნიშნა, რომ ბაზარზე მოთხოვნილი კადრების დასაკმაყოფილებლად ოთხი ათასი სტუდენტიც საკმარისია. საგანმანათლებლო პროგრამების უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილება რა შედეგს მოიტანს?
_ დღეს, როცა ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, ხელისუფლება ვალდებული არაა, მას სამსახური მოუძებნოს. ამიტომ სტუდენტთა კონტინგენტის შეზღუდვა საზოგადოების მოთხოვნებს არ უკავშირდება. ბევრმა სტუდენტმა შეიძლება ისწავლოს. მაგალითად, ჩვენგან წასული სტუდენტი სწავლას გერმანიაში, ან აშშ-ში რომ ამთავრებს, იქაური მთავრობა ხომ არ არის ვალდებული, განსაზღვროს, მან სად იმუშაოს?! 
არჩევანი თავად სტუდენტმა უნდა გააკეთოს. პროფესიული, კვალიფიციური ცოდნის მიცემა სხვაა, ხოლო ამ ცოდნას როგორ მოიხმარს, ჩვენი საქმე არაა, საკუთარი მომავალი თავად უნდა განსაზღვროს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, სტუდენტს ცოდნა მივცეთ, ოღონდ ამისთვის სათანადო პირობები უნდა არსებობდეს. სწავლის პროცესი მძიმეა, ასე რომ არ იყოს, მაშინ ყველა ისწავლიდა და პროფესიონალი დადგებოდა.
_ პატრიარქი ილია II სწორედ ამაზე წუხდა, განათლების დონე დაეცა, რადგან წიგნის წაკითხვა აღარავის უნდა, ის კომპიუტერმა ჩაანაცვლაო. 
_ ამ თაობის წიგნისკენ შემობრუნება რთულია, რადგან ახალი ტექნოლოგიური პროცესები წინ მიიწევს. ჩემი სტუდენტობის დროს, ტელევიზორი რომ გაჩნდა, ბევრი ამბობდა, წიგნს აღარავინ წაიკითხავსო. ახლა, წიგნი მობილურმა, კომპიუტერმა ჩაანაცვლა. ყველა დროს თან გარკვეული პრობლემები ახლავს. ჩვენ ამის მოგვარებას უნდა ვეცადოთ, რაც ადვილი ნამდვილად არაა. სტუდენტობის დროს ჯგუფხელი ვიყავი, ჟურნალი დამქონდა, ლექტორი სიას კითხულობდა და ხელს აწერდა. ჯგუფში ოცდაათი სტუდენტი ვიყავით. ლექციას ოთხი მათგანიც რომ არ დასწრებოდა, განგაში ცხადდებოდა. ახლა ოცდაათიდან სამი-ოთხი თუ მოვა, გვიხარია. 
ლექტორს სთხოვენ, ქულა იმასაც დაუწეროს, ვინც ლექციებს არ ესწრება. პროფესორ-მასწავლებლებს ხელფასი, ძირითადად, სტუდენტების მიერ შემოტანილი სწავლის საფასურიდან გვეძლევა. გამოდის, უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტი უფრო სჭირდებათ, ვიდრე ლექტორი. შედეგად, ქულას თუ არ დაუწერ, მას გარიცხავენ და ფულს ვერ შემოიტანს. აი, ასეთი დილემის წინაშე ვართ. კონტროლი მხოლოდ ფორმალურად ხდება. დეკანატის წარმომადგენელი ჩამოივლის და ამოწმებს, არის თუ არა ლექტორი ლექციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ლექტორი კონტროლდება და არა სტუდენტი. მთავარია, ლექტორი იყოს აუდიტორიაში, სტუდენტი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ენიჭება. არადა, მხოლოდ ჩემი კონტროლი რას შველის, სტუდენტმა თუ არ ისწავლა. კი ბატონო, მე ვზივარ აუდიტორიაში, მაგრამ შედეგი რა არის?!
_ ბატონო სოსო, ხუთწლიანი სწავლებიდან სამწლიანზე გადასვლაზე რას გვეტყვით. ეს რა ეფექტის მომტანი იქნება?
_ ახლა შუალედური გამოცდები ტარდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ნაწერებს, ჯერ ერთი, კომპიუტერი ასწორებს და მეორეც _ სტუდენტები პასუხებს მობილური ტელეფონებიდან იწერენ. კი ბატონო, ფორმალურად ყველაფერი კარგადაა შედგენილი, მაგრამ არ სრულდება. 
დიახ, აქამდე ხუთწლიანი სწავლება იყო, ახლა სამწლიანზე გადადის, ხოლო მაგისტრატურაზე და დოქტურანტურაზე სწავლა ერთწლიანი იქნება. ადრე ასპირანტურა სამწლიანი იყო, ბაკალავრიატი, როგორც მოგახსენეთ _ ხუთწლიანი. მაშინ კონტინგენტი შეზღუდული იყო, დისერტაციის დაცვა ორსაფეხურიანი და ურთულესი პროცესი იყო. ახლა დისერტაცია სამეცნიერო ნაშრომის დაწერას არ გულისხმობს. მას არა სამეცნიერო, არამედ აკადემიური ხარისხი ჰქვია, თან ერთსაფეხურიანია. აკადემიური ხარისხი ნიშნავს, რომ ამ საკითხის გარშემო არსებულ ლიტერატურას გაეცანი, მაგრამ კვლევა, სიახლის შემოტანა არ გევალება, არამედ მხოლოდ იმის წაკითხვა, რაც არსებობს. დღევანდელი აკადემიური სადოქტოროს დაცვა, დაახლოებით, ჩვენი დროის სადიპლომო ნაშრომის დაცვის ტოლფასიც არ არის. 
ეს მთელი ჯაჭვია, რითაც ე. წ. ბოლონიის პროცესს ვუკავშირდებით, რომელსაც ჩვენი თაობა ებრძოდა და რის გამოც უნივერსიტეტიდან გამოგვყარეს. ბოლონიის პროცესთან მიერთება ნიშნავს, რომ ჩვენ სამეცნიერო კადრები არ უნდა გვყავდეს. დასავლეთი გვეუბნება, სამეცნიერო კადრები ჩვენ გვყავს, მეცნიერებას ვქმნით, თქვენ კი ჩვენი შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები აითვისეთ, ხოლო საქართველოში, ამ კუთხით, ნიჭიერი ადამიანი თუ გამოჩნდება, მას ჩვენ წავიყვანთ და ამ სისტემაში ჩავაბამთო. აი, ასეთია მათი ჩვენდამი დამოკიდებულება. ასე მეცნიერება როგორ განვითარდება?! 

თამარ შველიძე