იური პაპასქუა: ყველა ეკონომიკური დიალოგი ფასიდან იწყება!
ხელისუფლებას ფასებთან ბრძოლის მხოლოდ ერთი გზა აქვს - განავითაროს ადგილობრივი წარმოება
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა. შექმნისას და შემდგომაც, ამ კომისიის მიმართ დამოკიდებულება პოლარიზებულია - ზოგს სასიკეთო მოლოდინი ჰქონდა, ზოგი კი ამ კომისიის შექმნას იმთავითვე უარყოფითად შეხვდა. რამდენად განხორციელდა ის იდეა, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა, რა შედეგი დაიდო, რა გამოიკვეთა აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, რა განაპირობებს მაღალ ფასებს და როგორ აისახება კომისიის მუშაობა ფასების შემცირებაზე?
ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იური პაპასქუა პასუხობს:
თქვენი შეკითხვა მრავლისმომცველია და ამ თემაზე, ფაქტობრივად, ყველაზე საინტერესოცაა. გასაკვირი არ არის, რომ დაპირისპირებებითა და სიძულვილით ისედაც გადავსებულ სოციუმში სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირება უკიდურეს დაძაბულობას ქმნის. მართლაც, დროის მცირე მონაკვეთში სასურსათო პროდუქციაზე, ენერგომატარებლებზე, მედიკამენტებსა თუ მომსახურების ნებისმიერ სახეობაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. ცხადია, ამას შესაბამისი რეაქცია მოჰყვა - მოსახლეობა უკმაყოფილებას სიტყვიერად გამოხატავს; ხელისუფლება ავლენს ყურადღებას პრობლემისადმი და საპარლამენტო კომისიას ქმნის; ოპოზიცია და ჩასაფრებული მოქილიკეები შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ; ანალიტიკოსები ათას ჭორსა და მართალს ერთმანეთში აზავებენ, მაგრამ ამ დრამატულ მდგომარეობაში, გაძვირებული ფასებითაც კი, ყველაფერი იყიდება: მარკეტები სურსათისგან იცლება, ტანსაცმელი ბაზრობებსა თუ ბუტიკებში დიდხანს არ რჩება (შიშველი არავინ დადის. თუ დადის, მოდის გამო, სიშიშვლესა და დაფლეთილ მოსასხამში იმდენს იხდიან, ათეულობით მართლა შიშველს შემოსავდა); მედიკამენტებზე რიგებია; ტრანსპორტი მოძრაობს, რესტორნებს სტუმარი არ აკლია; ქორწილებიც იმართება; მიცვალებული იმარხება... იცით, ეს რას ნიშნავს? _ ამის შესაძლებლობა არის, თორემ ბუნტი იქნებოდა, ნამდვილი ბუნტი.
სამომხმარებლო პროდუქციისა და მომსახურების ტარიფების გაძვირება მაშინ არის საგანგაშო, როცა შემოსავალი ცოტაა, ფასები კი იზრდება. აქსიომაა: ჯიბიდან იმაზე მეტს ვერ ამოიღებ, რაც შიგნით არაა; ურემს ტვირთის სიმძიმე და საპოხის არქონა აჭრიჭინებს; მომხმარებლის შესაძლებლობა ბევრად მეტია, ვიდრე მათ მიერ შეძენილი ფასეულობათა ერთობლიობა. სავსებით გასაგებია, რომ ეს, შესაძლოა, საშუალო მაჩვენებელია, სულ სხვაა მედიანური შემოსავალი, ყიდულობენ ისინი, ვისაც აქვს... მაგრამ ეს არის ნამდვილი ფაქტობრივი სურათი:
დღეს ფასი ბაზარზე ყალიბდება და მისი დამდგენი სხვა არავინაა. სოციალისტური საზოგადოება ამ პრობლემას სხვანაირად აგვარებდა, ჩვენ ასეთ მოგვარებაზე უარი ვთქვით, და აღმოვჩნდით კვაზი საზოგადოებრივ ფორმაციაში, სადაც სახელმწიფოს ფასების რეგულირება არ შეუძლია, ბაზარი კი ამ პრობლემას და საზოგადოების სამართლიანი კეთილდღეობის უზრუნველყოფას ვერ წყვეტს - ესაა ამ წყობილების ყველაზე დიდი გაურკვევლობა, შექსპირისეული ყოფნა-არყოფნა. სად მთავრდება თავისუფალი ბაზრის შესაძლებლობა, სად იწყება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მსოფლიოში ყველა ეკონომიკური დისკუსიის მთავარი თემა და ფილოსოფიური გააზრების საკინძეა.
თავისუფალი ბაზარი: ქმნის კონკურენციას; ზრდის ინოვაციას; აჩქარებს ტექნოლოგიურ პროგრესს; ამაღლებს ეფექტიანობას; ქმნის კაპიტალს და ეკონომიკურ დინამიკას. მაგრამ ბაზარი, პირველ რიგში, მოგებაზე მუშაობს და სულაც არ ადარდებს სამართლიანობა. ბაზრისთვის: პროდუქტი არის საქონელი; მომხმარებელი - მყიდველი; ფასი - მოგების ფუნქცია. ბაზარი არ ფიქრობს: ვინ არის ღარიბი; ვის არ ჰყოფნის წამლის ფული; ვის შია; ან ვინ ვერ იხდის კომუნალურ გადასახადს. ეს თუ ვინმეს სტკივა - მოსახლეობა - მომხმარებელია; თუ ვინმემ შეიძლება ეს არეგულიროს - ეს სახელმწიფოა.
სწორედ ამიტომ გაჩნდა „სოციალური სახელმწიფოს“ იდეა, რომელიც 1922-1991 წლებში არსებობდა. დაანგრიეს, დაშალეს, თუმცა კერკეტი მოწინააღმდეგენიც მიხვდნენ, რომ აბსოლუტურად თავისუფალი ბაზარი საზოგადოებრივ სამართლიანობას ვერ უზრუნველყოფს. მითი, თითქოს „ბაზარი თვითონ მოაგვარებს ყველაფერს“, დაიმსხვრა. ფაქტობრივად, უთანასწორობა ღრმავდება; სოციალური ფენა სუსტდება; მონოპოლიური წარმონაქმნები მრავლდება; კაპიტალის კონცენტრაცია იზრდება; საზოგადოების ნაწილი უკიდურეს სიღარიბეშია. ამიტომ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად მსოფლიო ეძებს გამოსავალს, რომელიც სუფთა სოციალიზმისა და აბსოლუტური ლიბერალიზმის წონასწორობაშია. ამ წონასწორობას ბიზნესის ენაზე ბალანსი ჰქვია.
როცა თავისუფალი ბაზარი ვერ ამყარებს წესრიგს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და უზრუნველყოს: სამართლიანი კონკურენცია; ანტიმონოპოლიური კონტროლი; მომხმარებლების დაცვა; გამჭვირვალობა. სახელმწიფომ ხელი უნდა შუწყოს ქვეყანაში განათლების, სტრატეგიული დარგების წარმოების, ენერგეტიკის, სურსათის უვნებლობის, ფარმაციისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბიზნესი მოგების მიღებაზე დგას - ესაა მისი მთავარი ამოცანა და არა მოსახლეობის მუდამ მზარდი მატერიალურ-ტექნიკური პირობებისა და კეთილდღეობის დაკმაყოფილება. ფორმალურად ბიზნესი ვალდებული არ არის, „ქველმოქმედი“ იყოს. მისი ბუნებისთვის სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებლის წინაშე ვალდებულებები და ქვეყნის ეკონომიკის განვითრებაზე ზრუნვა, თამნდევი, მაგრამ არა სიამოვნებით გასახორციელებელი დანაწესია. ამისთვის მხოლოდ მორალური მოწოდებები საკმარისი არაა და ბიზნესმაც უნდა მიიღოს სათანადო მოტივაცია.
თავისუფალი ბაზრის პირობებში პატარა ქვეყანა, ისეთი, როგორიც ჩვენია, გარე მოთამაშეებზე ძლიერ დამოკიდებული ხდება. ამიტომაც საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, გონივრული პროტექციონიზმი და ინდუსტრიული პოლიტიკა აუცილებელი ხდება, რაც მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. მაგრამ ეს ჩარევა საბჭოურისგან შორს უნდა იყოს და არც სრულ ეკონომიკურ პასიურობას სჯერდებოდეს. ასეთ კომბინაციაში, ყველაზე წარმატებულია ისეთი დაბალანსებული აქტიურობა, როცა ბაზარი მუშაობს, ბიზნესი მოგებას იღებს და სახელმწიფო საზოგადოებრივ ინტერესებს იცავს.
სწორედ ამ ბალანსის - სახელმწიფოსა და ბაზარს, მოგებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას, თავისუფლებასა და რეგულაციას, მომხმარებლის ინტერესებისა და ბიზნესის მოტივაციას შორის - დაცვაა ყველაზე რეალისტური და ყველაზე რთული. ამ ყველაფრის ცენტრში დგას ფასი, რაც მხოლოდ ციფრში გამოხატული განზომილება როდია. ფასი - ეს არის ეკონომიკური სიგნალი; სოციალური მაჩვენებელი; პოლიტიკური ფაქტორი; ფსიქოლოგიური ინდიკატორი და ხშირად - საზოგადოების განწყობის საზომიც, რამდენადაც ის ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს მწარმოებელს, მომხმარებელს, სახელმწიფოს, ბაზარს, შრომას, კაპიტალს და მთელ ეკონომიკურ სისტემას. ფაქტობრივად, ფასი არის დიალოგი ეკონომიკაში. როცა ფასი იზრდება, ეს მხოლოდ პურის გაძვირება არაა. მასში ერთდროულად და ნათლად ჩანს: ხორბლის საერთაშორისო ფასი; საწვავის ღირებულება; ლარის კურსი; ტრანსპორტი; ენერგია, ხელფასები, მოგების მოლოდინი; პოლიტიკური რისკიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ინტრიგა, საბოტაჟი, ბიზნესმენის მოკლე ჭკუა და, თუ გნებავთ, მისი შორსმჭვრეტელობაც.
ფასი ზუსტად ასახავს მთელი ეკონომიკის მდგომარეობას. კლასიკურ ეკონომიკურ თეორიაშიც ასეა: ფასი არის მექანიზმი, რომელიც მოთხოვნასა და მიწოდებას აბალანსებს; რესურსებს ანაწილებს; წარმოებას სტიმულს და ბაზარს მიმართულებას აძლევს. თუ პროდუქტი დეფიციტურია, ფასი იზრდება. თუ მიწოდება იზრდება - ფასი მცირდება. თეორიულად ეს ლოგიკურია. მაგრამ პრაქტიკაში უფრო რთულადაა საქმე. ფასი იქცა სოციალურ პრობლემად და ის ეკონომიკურ კატეგორიას გასცდა. ფასი ასახავს ცხოვრების დონეს, სოციალურ სამართლიანობას და, ამავდროულად, ადამიანის ღირსეული არსებობის საკითხიცაა. ფასი ხშირად მხოლოდ ხარჯებით არ ყალიბდება. მასზე გავლენას ახდენს: ბაზრის სტრუქტურა; კონკურენცია; კაპიტალის კონცენტრაცია; მონოპოლიური ძალა; პოლიტიკური გარემო; გლობალური პროცესები. ამიტომ ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება სრულიად განსხვავებული ფასით იყიდებოდეს. ფასს პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვაც გააჩნია: განსაზღვრავს ნდობასაც, მოლოდინსაც და საზოგადოების განწყობასაც. როცა ადამიანი ყოველდღე ხედავს: გაძვირებულ პურს, წამალს, საწვავს, მას უჩნდება განცდა, რომ მისი შრომა უფასურდება, სახელმწიფო სუსტია და მომავალი გაურკვეველია. სწორედ აქ ჩანს ფასის (გაუფასურების) პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ბუნება.
ფასს პარადოქსული გამოვლინებებიც ახასიათებს და სწორედ ესაა განსაკუთრებით საინტერესო. მწარმოებლისთვის მაღალი ფასი, ხშირად, მეტ მოგებას ნიშნავს, მომხმარებლისთვის კი - ცხოვრების გაძვირებას. სახელმწიფოსთვის მაღალი ფასი შეიძლება ნიშნავდეს სოციალურ უკმაყოფილებას. ბაზრისთვის სამართლიანია ის ფასი, რასაც მყიდველი იხდის. სოციალური სახელმწიფოსთვის ასეთი ფასი კრიტიკულ ზღვარს აღნიშნავს. ფაქტორთა სიმრავლის გამო, „სამართლიანი ფასის“ განსაზღვრა თითქმის, შეუძლებელია. მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში ჩნდება ბალანსის აუცილებლობა და სახელმწიფო აქტიურად ერევა მის რეგულირებაში.
მსოფლიოში მედიკამენტებზე, ენერგიაზე, პურზე, კომუნალურ გადასახადებზე, ტრანსპორტზე, ასეთი ჩარევის პრაქტიკა ხშირია. საყურადღებოა ფასის კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება: ის არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდება ეკონომიკა, პოლიტიკა, საზოგადოება, ბიზნესი და ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება. ფასი ადამიანს ყოველდღე ახსენებს: რამდენად ძლიერია ეკონომიკა; რამდენად სამართლიანია სისტემა და რამდენად აქვს მას მომავლის იმედი. ამიტომაც ვამბობ, რომ ფასზე მსჯელობა სინამდვილეში ეკონომიკის მთელ სპექტრს მოიცავს.
ასეთი შესავლის შემდეგ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ კომისიის შექმნა პრობლემის აღიარებისთვის ნამდვილად იყო საჭირო, როგორც დიაგნოსტიკური და პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი, მაგრამ ფასების შესამცირებლად ეს არასაკმარისი ინსტრუმენტია. მით უფრო, კომისიის მუშაობა არასახარბიელო დროსა და ვითარებას დაემთხვა. გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდგომარეობა საქართველოს ირგვლივ უკიდურესად რთულია. ფაქტობრივი ფონიც მძიმე აღმოჩნდა: 2026 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 5,9% იყო: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7,5%-ით, ტრანსპორტი 10,3%-ით, ჯანდაცვა 4,9%-ით გაძვირდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლის შემოსავლის დიდი წილი სწორედ საკვებზე, წამალსა და ტრანსპორტზე იხარჯება.
ხელისუფლებამ კომისიის შექმნით მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტა დაისახა მიზნად და ყურადღებაც მიიქცია. მაგრამ ამით თავისი რეპუტაცია სასწორზე დადო, რომლის ერთი პინა ათასი სახიფათო გარემოებით არის დატვირთული.
ფასების პრობლემა ერთჯერადი კომისიების შექმნით არ წყდება. ის ემორჩილება მხოლოდ კონკურენციის მუდმივ ზედამხედველობას, იმპორტიორების, დისტრიბუტორების, საცალო ქსელების ურთიერთობების გამჭვირვალობას, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, ლოგისტიკური ხარჯების შემცირებას და მედიკამენტებსა და საწვავზე ცალკე სექტორულ ანალიზს.
ჩვენ იმპორტზე ძლიერ დამოკიდებული ქვეყანა გვაქვს. ასეთ შემთხვევაში, ვერავინ, ვერაფერი, მათ შორის, პარლამენტის კომისია ფასებს ვერ დაარეგულირებს, რადგანაც პრობლემის მთავარი მიზეზი არის სწორედ იმპორტზე დამოკიდებულება, მცირე ბაზარი, სუსტი ადგილობრივი წარმოება, ლოგისტიკური ხარჯები, საბრუნავი კაპიტალის სიძვირე, საცალო ქსელების ძალაუფლება და კონკურენციის არასრულყოფილი ზედამხედველობა.
მოკლევადიანად პერსპექტივაში შეიძლება მივიღოთ რამდენიმე პროდუქტის ფასდაკლების კამპანია და „საოჯახო კალათის“ ტიპის ინიციატივა; საშუალოვადიანად - კომერციული პირობების ნაწილობრივი მოწესრიგება; მაგრამ ფასების სისტემური შემცირება მხოლოდ ამ დასკვნით ნაკლებად მოსალოდნელია. რეალური შედეგი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ დასკვნა გადაიქცევა კონკრეტულ კანონმდებლობად, კონკურენციის სააგენტოს ძლიერ ქმედებად და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პრაქტიკულ პროგრამად.
კომისიის დასკვნაც, არსებითად, ამას ამბობს: სწრაფად მოხმარებად სამომხმარებლო საქონლის სექტორში პირდაპირი მონოპოლიური ფასწარმოქმნა ვერ დადასტურდა, ხოლო პრობლემა უფრო სტრუქტურულ მოწყობაში, კომერციულ პირობებში, ლოგისტიკაში, საბრუნავ კაპიტალში და გარე ეკონომიკურ ფაქტორებშიაო.
კომისიამ მთავრობას აგრესიული ფასების ადმინისტრირება არ ურჩია და უპირატესობა „რბილ“, მიზნობრივ ჩარევას მიანიჭა. ეს სწორი სიფრთხილეა, რადგან ფასების ხელოვნურად დაჭერა ხშირად იწვევს დეფიციტს, ხარისხის გაუარესებას, ჩრდილოვან გარიგებებს ან მომწოდებლების ბაზრიდან გასვლას. მაგრამ მეორე მხრივ, თუ რეკომენდაციები მხოლოდ ზოგად ფრაზებად დარჩება - „გამჭვირვალობა“, „სტანდარტიზაცია“, „ლოგისტიკის გაუმჯობესება“ - მაშინ შედეგი პოლიტიკური ეფექტი იქნება და არა ეკონომიკური გარდატეხა.
ერთიც უნდა შევნიშნოთ, რომ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ბერკეტები „ხმაურიანი ეფექტების“ გარეშე, ებრძოლოს მონოპოლიურ წარმონაქმნებს, კარტერულ გარიგებებს და ხელოვნურ გართულებებს (კონკურენციის სააგენტო, საგადასახადო სისტემა, საბაჟო პოლიტიკა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ფინანსური მონიტორინგი სწორედ ამისთვის არის შექმნილი). ეს ხელისუფლების ვალდებულებაცაა და ამისთვის საპარლამენტო კომისიის შექმნა საჭირო არც იყო.
როცა ხელისუფლებაში მოდის გუნდი ან ხელისუფლებაშია, მას უკვე უნდა ჰქონდეს საკითხი შესწავლილი, გააჩნდეს ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომ პრობლემები, მათ შორის, ყველაზე მტკივნეული - საკუთარი მოსახლეობის სოციალური უკმაყოფილება დაძლიოს. ამიტომაც ასეთი კომისიის შექმნა ბევრი ადამიანის თვალში ჰგავს არა პრობლემის გადაწყვეტას, არამედ საზოგადოებრივი უკმაყოფილების „დამშვიდების“ მცდელობას, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადანაწილებას, დროის მოგებას ან ბიზნესზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
ერთი ფრიად საყურადღებო გარემოებაც არსებობს: საქართველო არის პატარა ბაზარი, ძლიერ იმპორტდამოკიდებული ეკონომიკა, მაღალი ლოგისტიკური რისკების მქონე ქვეყანა, ენერგო და საწვავზე დამოკიდებული, სუსტი საწარმოო ბაზის მქონე სახელმწიფო. ასეთ პირობებში ხელისუფლების ნებისმიერი მკვეთრი სიგნალი მსხვილი იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მიმართ შეიძლება გადაიზარდოს არა ფასების შემცირებაში, არამედ მიწოდების შეფერხებაში, მარაგების შემცირებაში, ლოგისტიკური რისკების მატებასა ან ფასების დამატებით ზრდაშიც კი. ბიზნესის წარმოდგენა მუდმივად „მტრის როლში“ - ეს მას მხოლოდ გააღიზიანებს და ახალ პრობლემებს შექმნის.
როცა ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ამ მოცემულობის შეცვლის ღონისძიებები, შექმნას ადგილობრივი პროდუქციის სიუხვე და ფასები თავისთავად დაიწევს. კომისიის შექმნა იმპორტიორებს აღიზიანებს და მათ შეუძლიათ ძალიან მარტივად, გაართულონ მდგომარეობა, მით უფრო, რომ რეგიონში რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა: დასავლეთში, ირანსა და ახლო აღმოსავლეთში, ფაქტობრივად, ომი მიმდინარეობს.
საქართველოს არ გააჩნია არავითარი შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ფასები აკონტროლოს, მას არ შეუძლია მისი გავლენისგან თავდაცვაც. ეს ყველაზე მწვავე რეალობაა. ამიტომ ხელისუფლებას ფასებთან ბრძოლის მხოლოდ ერთი გზა აქვს: განავითაროს ადგილობრივი წარმოება, მათ შორის, განახორციელოს აგროსამრეწველო პროდუქციის წარმოების გაძლიერება, ადგილობრივი გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება; ენერგოდამოუკიდებლობის ზრდა; მცირე და საშუალო მწარმოებლების ხელშეწყობა; საბაჟო და საგადასახადო სტიმულების შემუშავება ადგილობრივი წარმოებისთვის.
ყველა შესაძლო ასპექტის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ საპარლამენტო კომისიამ დიაგნოსტიკური და პოლიტიკური ფუნქცია უთუოდ შეასრულა. მაგრამ ის ეკონომიკურ გარდატეხას ვერ მოახდენს. მან პრობლემა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, თუმცა ამის იქით ისეთი ახალი მექანიზმი ან გადაწყვეტილება ვერ წარმოადგინა, რომელიც მოკლე პერიოდში ფასების რეალურ შემცირებას უზრუნველყოფს.
თამარ შველიძე
(გაგრძელება იქნება)

