თამარ ჩიბურდანიძე: საარჩევნო უბნების ალყაში მოქცევა და

თამარ ჩიბურდანიძე: საარჩევნო უბნების ალყაში მოქცევა და

არჩევნების ჩაშლა „ნაცებს“ არ გამოუვათ

გვესაუბრება „ხალხის ძალის“ 
წევრი თამარ ჩიბურდანიძე:

_ ქალბატონო თამარ, როგორ ხვდება ქვეყანა თვითმმართველობის არჩევნებს?
_ ფაქტობრივად, პოლიტიკურ დაფაზე ისეთი განლაგებაა, „ქართული ოცნება“ ამ ბრძოლაში უკონკურენტოა. საპირწონე ძლიერი ოპოზიცური ძალა, რომელიც მას კონკურენციას გაუწევს, არ არსებობს. ასე რომ, თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი ძალა დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მოპოვებული ხმები წონადი ვერ იქნება. როგორც იცით, „ნაცმოძრაობა“ და „ახალი“, ანუ ძველი და ახალი ნაცები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. ნაცების აქტიური ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან აუცილებლად მივა და არჩევანს დააფიქსირებს. ამიტომ ნაცებმა რაც უნდა მოუწოდონ საკუთარ ამომრჩეველს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეთ და გარეთ ბარიკადები მოაწყვეთო, ასე არ იქნება. ნაცებს სურთ, პარტიის წევრებმა 4 ოქტომბერს საარჩევნო უბნებს ალყა შემოარტყან და არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალონ, ანუ, არჩევნები ჩაშალონ, მაგრამ როგორი საგუშაგოებიც უნდა დაადგან საარჩევნო უბნებთან, არჩევნებს ვერ ჩაშლიან, „ქართული ოცნების“ გარდა, არჩევნებში სხვა ბევრი პარტია მონაწილეობს, რომლებიც თავიანთ ხმებს დაიცავენ.
არჩევნები დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარდება. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ქვეყნის საკეთილდღეოდ და ხმას მშვიდობას, მეტ განვითარებას მისცემს. ამ ზაფხულს რამდენიმე რეგიონში ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ ბევრი რამ კეთდება, გზები, წყლის, კანალიზაციის პრობლემები გვარდება. თუმცა, არის სოფლები, სადაც ინფრასტრუქტურა გასამართია, მაგრამ უკვე შემუშავებულია პროგრამები და ყველაზე მაღალმთიან სოფლებშიც კი კონკრეტული პროექტების განხორციელება დაწყებულია. მიხარია, როცა საქართველოს რეგიონებს, კუთხეებს ასეთ მოწყობილს, გალამაზებულს ვხედავ, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრია. მჯერა, ქვეყნის მეტი განვითარებისთვის ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ სწორ არჩევანს გააკეთებს და მხარს მმართველ პარტიას დაუჭერს. 
რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, მის გაძლიერებას „ნაცმოძრაობის“ მყარი ამომრჩევლით შეეცდებიან. ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნების დროს ქვეყანაში პოლიტიკური გუნდი არ იცვლება. მხოლოდ ადგილობრივ დონეზე შეიძლება რაღაც შეცვალოს. მაგალითად, წალენჯიხას ჰყავდა ოპოზიციონერი მერი, მაგრამ მან რაიონისთვის სასიკეთო ვერაფერი გააკეთა, ხალხიც გაიტანჯა. ოპოზიციონერმა მერმა როგორ უნდა ითანამშრომლოს მთავრობასთან? ხელისუფლებას ერთი სტრატეგია, პოლიტიკური ხედვები აქვს, რეგიონების განვითარება ცენტრალიზებულად ხდება, ოპოზიცია კი ამ სქემიდან მთლიანად ამოვარდნილია, მას სულ სხვა სტრატეგია აქვს, რაც ქვეყნის კეთილდღეობას არ გულისხმობს. ხალხმა ეს მშვენივრად იცის. ამით გამოირჩევა თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო და საპრეზიდენტოსგან. ამიტომ არის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის ნაკლები აქტიურობა, რადგან მოსახლეობამ იცის, რომ ეს ცვლილებებს ვერ მოიტანს. 
ოპოზიციამ, მისმა უცხოელმა ლობისტებმა კარგად უწყიან, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება და რევოლუციის მოწყობას ვერ შეძლებენ. წარმოიდგნეთ, საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაცია იყო, დასავლეთმა ოპოზიციას ქვეყნის ასარევად მილიონები ჩაურიცხა, თუმცა მაინც ვერაფერს გახდნენ. დღეს ვინ არის საქართველოში რევოლუციის მომწყობი _ ნაცები, რომლებიც თავად არჩევნებში არ მონაწილეობენ და გარეთ ბარიკადების მოწყობით გვემუქრებიან, თუ „ლელო“ ან „გახარია საქართველოსთვის“, რომლის ლიდერი მართლმსაჯულებას უცხოეთში ემალება? აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, ტრამპი მათი ლობისტი არ არის. მერე რა, თუ უილსონს და რამდენიმე კონგრესმენს ოპოზიცია მხარდასაჭერად თანხას უხდის. ევროპაც ჯერ ისევ მათი ლობისტია, მაგრამ ახლა მათ საქართველოსთვის არ სცხელათ. დღეს ევროპა და ამერიკა თავად არიან ერთმანეთთან კრიტიკულ დამოკიდებულებაში. საბედნიეროდ, ოპოზიციას დღეს არ ჰყავს საერთაშორისო მხარდამჭერი, გარდა რამდენიმე ევროპელი ლიდერის და ჩრდილოვანი მმართველისა, რომლებიც ევროპაში ღიად, ამერიკაში კი კულუარულად მართავენ ქვეყანას და ტრამპის ადმინისტრაციას ებრძვიან.
ქართული ოპოზიცია წელს ბევრად დასუსტებულია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. მას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერაც მოაკლდა და ადგილობრივიც. ბოლო წლების განმავლობაში აჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა, ოპოზიციამ შარშან აიღო. ზენიტში ვეღარასდროს ავლენ. დაფინანსების მიუხედავად, ხელისუფლება ვერ ჩამოაგდეს. არადა, რა აღარ გადავიტანეთ. მადლობა ღმერთს, ხელისუფლება ძლიერი აღმოჩნდა და არეულობა არ დაუშვა. ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, ოპოზიცია თავისი პატრონებიანად ვერ მოერია ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომელსაც ქვეყანაში მშვიდობა სურს. ვიმეორებ, არჩევნებში ხელისუფლება დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
_ პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას ელით?
_ ოპოზიციას ნამდვილად უნდა, რომ ეს შემოდგომაც ცხელი იყოს. უკვე დაიწყეს საუბრები, არჩევნები ყალბდებაო. შედეგი წინასწარ თუ იციან, მასში რაღატომ მონაწილეობენ? იმდენად აჭრილები არიან, რომ საკუთარ თავთან მოდიან წინააღმდეგობაში. ალბათ, კვლავინდებურად დაიწყებენ ყვირილს, ხმები მოგვპარესო. ამ ტყუილების ხალხს აღარ სჯერა. ეს მათი გეგმაა, ღიად აცხადებენ, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით უნდა დაამხონ. რისი რევოლუციის თავი აქვთ, ნეტავ, უკვე საკუთარ ამომრჩეველსაც კარგავენ. 
ამ უნიათო, ურეიტინგო, ძალადაკარგულ ოპოზიციურ პარტიებს და მათ ლიდერებს ხალხი საარჩევნო უბნებამდეც კი არ მიჰყვება და რევოლუციის მოსაწყობად, მით უმეტეს, არ გაჰყვება. მართალია, მათ მხარს უჭერს ახალგაზრდების ტვინარეული ნაწილი, რომელთაც გარკვეული მანიპულაციებით, ფინანსებით, ტყუილებით, დეზინფორმაციით კვებავენ, ცდილობენ, ეს ახალგაზრდობა დროშად აქციონ და ფარად აიფარონ. მჯერა, ისინი ჭკუაზე მოვლენ და სწორ არჩევანს გააკეთებენ. თუმცა, ისეთებიც დარჩებიან, ვინც ოპოზიციის პოლიტაქტვია. რუსთაველის გამზირზე, ძირითადად, ის ახალგაზრდები ჩანან, რომლებიც პარტიის წევრები არიან და პოლიტიკური ამბიციები, პოლიტიკური მიზანდასახულობა გააჩნიათ, რაშიც ფულად ანაზღაურებას იღებენ. მაგრამ ეს არ არის ის გადამწყვეტი ძალა, რომელსაც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა შეუძლია.
_ ახალგაზრდები ახსენეთ და მამაკაცებიც კი აღნიშნავენ, რომ ასეთი ბილწსიტყვაობა, რაც გოგონებისგან ესმით, არასდროს გაუგიათ. 
_ ეს ახაგაზრდები, განსაკუთრებით, გოგონები, რომელთაც გინებით, ლანძღვით, ბილწსიტყვაობით ბიჭებს გადაასწრეს, სწორედ ამ ოპოზიციის დემოკრატიულობის შედევრია. დიახ, იმ ოპოზიციისა, რომელიც საქართველოში საკუთარ თავს დემოკრატიის მცველად მიიჩნევს! აი, ასეთ დემოკრატიას იცავენ, ასეთ შვილებს ზრდიან, რომლებიც უწმაწური სიტყვებით იგინებიან. დააკვირდით, როგორ სპეციალისტებს ზრდიან _ ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ბექა ოდიშარიას მიაძახა, კიბო გაქვს და მაინც მოკვდებიო, ბავშვთა ფსიქოლოგი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომელ დედას დაჰყავს მასთან ბავშვი?! წარმოიდგინეთ, ბავშვთა ფსიქოლოგი როგორ მუშაობს ბავშვებთან, რა მაგალითს აძლევს მოზარდებს, საზოგადოებას?! ეს ჭუჭყი არ იძირება, ყოველთვის ზედაპირზე ტივტივებს. 
ქართველი ხალხი მათ მოწყობილ რევოლუციას არ დაუშვებს და ეს იქიდანაც აშკარაა, რომ წლებია, საზოგადოება საარჩევნო ყუთთან მიდის და სწორ არჩევანს აკეთებს _ ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას, წინსვლას და არა უკუსვლას, რაც ოპოზიციას და მის პატრონებს ასე სწადიათ. შარშან ოპოზიციამ ხმების რაოდენობით ისტორიულ ნიშნულს რომ მიაღწია, ეს მისი კი არა, არამედ ევროპის, ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურება იყო, რომელთაც ქართველი ახალგაზრდების ნაწილი გააგიჟეს, დეზინფორმაციით ყურები გამოუჭედეს, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მათ ამ დეზინფორმაციით ხალხის გარკვეული ნაწილის მოტყუება შეძლეს, რაც აღარ განმეორდება. ხალხი აღარ ტყუვდება. დასავლეთმა სახე გამოაჩინა _ ამერიკა ევროპაზე თავად წერს დასკვნებს, რომ იქ დემოკრატიის უკუსვლაა. საზოგადოება ამ უზნეოებს ამორალური დემოკრატიის დასაცავად ქუჩაში არ გაჰყვება.
ახლა უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საუბარი დაიწყეს, მათი მიზანია, ამ თემით ხალხზე ზეწოლა მოახდინონ _ თუკი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოხვალთ, უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებთო. ეს მუქარა აღარ გაუვათ. ხელისუფლების ამომრჩევლისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, რისი მიზეზიც ერთადერთია: ჩვენ ამის სანაცვლოდ გვთხოვენ დავთმოთ ის, რაც ჩვენთვის ღირებული, ტრადიციულია და რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა _ ჩვენი ეროვნული და ტრადიციული ფასეულობები, რასაც არცერთი თავმოყვარე ქართველი, ვისაც სამშობლო უყვარს, არ დათმობს. თუკი ევროპა ამ ნაბიჯს გადადგამს და ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს, ეს მისთვისვე იქნება ნეგატიური შედეგის მომტანი. დასავლეთი აქ ვერც რევოლუციას მიიღებს და ვერც ქართველ ხალხს დააშინებს, პირიქით, მათ სამშობლოს დასაცავად მეტ მოტივაციას გაუჩენს. 

თამარ შველიძე