აურზაური ლენინივით გაშოტილი „ნაცმოძრაობის“ გარშემო დამარხვა რომ არ ეღირსა

აურზაური ლენინივით გაშოტილი „ნაცმოძრაობის“ გარშემო დამარხვა რომ არ ეღირსა

ამჯერად იმაზე უნდა მოგითხროთ, როგორ თხრის ისედაც გაუბედურებული „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ სამარეს და როგორ უწყობს ხელს ამას „დილეგში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილი. მას შემდეგ, რაც მიხეილმა და ნიკანორ მელიამ ერთმანეთს აფურთხეს, ახლა ნიკუტა გვარამია დაეტაკა არა მხოლოდ სააკაშვილს, „ნაცმოძრაობასაც“ და პირდაპირ ეთერში დაიჩივლა, მე „ნაციონალები“ არაეთიკურად მექცევიან, ნიკუტას და ქათამს მეძახიანო, ეგენი ამ მხრივ „ქოცებს“ შეუერთდნენო. ამის შემდეგ გვარამიამ სააკაშვილის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც ვადამდელ არჩევნებს ბუტაფორია უწოდა: 
„სააკაშვილი წერს ციხის საკნიდან, რომ არჩევნები ბუტაფორიაა და შეიძლება რევოლუციაზე ლაპარაკობს ძირითადში. მორჩეს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას, არ შეიძლება, ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს და ამბობდე, რომ ყველას მსხვერპლი ხარ ერთდროულად“.
ჩხუბი ისე არ იქნება, თამარა ჩერგოლეიშვილი რომ არ გამოეკვეხოს და აქაც ეგრევე „გაიჩითა“:
„მიშა გვკიდია, თავი დაგვანებოს, უჩემოდ არაფერი გამოვაო, უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა, ამდენი ხანიც გამოგვივიდოდა, შენ რომ მაოხრებელი გზირი არ ყოფილიყავი“.
ატყდა ამბავი, იქით ანი წითლიძე დაეტაკა გვარამიას, შენ სააკაშვილის მოკავშირე და იდეოლოგი იყავი, ბოლოს კი მაინც გადაცმულ „ჩერგოდ“ მოგვევლინეო. სხვათა შორის, „მთავარში“ 88 ათას ლარს რომ იწერდი ხელფასად, ეგ როგორღა იყოო? ჩვენი დაპირისპირება მაგ ფაქტიდან დაიწყოო. აქეთ არც გვარამიამ დაუხვალია, წითლიძე შეუმდგარი პოლიტიკოსია, „პლინტუსს“ ვერ ასცდაო. ეს ის შემთხვევაა, როცა ყვავმა ყვავს უთხრა, „ზაგარი“ სად მიიღეო, მაგრამ მაინც კარგია. 
მაია ორჯონიკიძე გამოიყვანეს „აჭარის ტელევიზიით“ და თქვა, მიშა ხელშეუხებელია, უნდა გამოვიყენოთ მისი უნიკალური შესაძლებლობებიო, მელია არ ეპიტნავება. მერე ვინმე დავით ნებიერიძე დაუდგა მელიას ადვოკატად, რას ამბობთ, მელიამ კი არ დაშალა აქციები, სააკაშვილმა მოიწერა წერილი, დაშალეთო. ეს წერილი საკუთარი თვალით ვნახეო. 
სააკაშვილს ამართლებს ვინმე მაია ბაჩანაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდ „მიშომანად“ არის ცნობილი. ეს ქალი ამტკიცებს, რომ გვარამია ნიკა გილაურის საშუალებით ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა, რათა „ნაცმოძრაობა“ დაეშალათ. კი, მაგრამ რაში სჭირდებოდა ივანიშვილს გაფარჩაკებული გვარამიას მოსყიდვა, „ნაცმოძრაობა“ ხომ ისედაც ჩაფეხვილია? ნახეთ, რას წერს და რა დღეშია ვინმე ბაჩანაშვილი:
„ნიკუტამ, ქათამს მეძახიან შენებიო, მიშასთან გვიჩივლა ნიკუტა გვარამიამ. დავიღუპეთ. ახლა კარგად მომისმინეთ, „აჰლებო“ და ე. წ. ჩერგოსტანის ბინადრებო, რამდენჯერაც მიხეილ სააკაშვილს და „ნაცებს“ აუგად ახსენებთ, იმდენჯერ მოგხვდებათ ცხვირპირში პოლიტიკური პასუხი, გასაგებია?
ოქროს გასაღები არ იცის თურმე, თან გაწითლდა, აიშმუშნა და თავი აარიდა პასუხს. ოქროს გასაღები გილაურია, რომელიც გვარამიასა და ივანიშვილს შორის შუამავლის როლს ასრულებდა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეზიანებინათ და თავად გამხდარიყვნენ პირველი ოპოზიციური ძალა, რაც საბოლოოდ, მოხდა კიდეც. არც რეზოლუცია ახსოვს. დაავიწყდა საწყალს, რომ სწორედ მან დამალა. ანი წითლიძემ დებატებში გამოიწვია, მაგრამ შეშფოთებული სახით განაცხადა: „არა, ანისთან დებატებში ვერ დავჯდები, ამისთვის მზად არ ვარო.“
რატომ, ნიკუტა? იმიტომ ხომ არა, რომ სიმართლე გამოაშკარავდება და დედა-ბუდიანად მოიცელებით? შენს გაიძვერობას ნამდვილად საზღვარი არ აქვს. როგორ მისწერე ერთ ჩემს მეგობარს? ყველასთან გამსვლია და შენთანაც გამივაო? ხოდა, ჩვენთან არ გაგივა! არც ჩვენთან, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც მიხეილ სააკაშვილთან. ეს კარგად დაიმახსოვრე“!
აქ რაღა დავამატო? ფაქტობრივად, ნიკუტა გვარამია „ნაცებმა“ ბოლომდე გაწირეს. როგორც ჩანს, მათ იაგო ხვიჩიას „გზავნილი“ დაიჯერეს, იგი დღენიადაგ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შარშან, შარშანწინ თუ იმის წინ 40 მილიონი გადაუხადა და „ნაცმოძრაობის“ გაპარტახება დაავალა. ხალხო, „ნაცმოძრაობას“ თვით „ნაციონალებზე“ უკეთესად ვერავინ გააპარტახებს და აპარტახებენ კიდევაც, 40 მილიონი ნიკუტასთვის რატომ უნდა გადაეხადა? ამათ წესად ექცათ, ყველანი ერთმანეთისკენ იშვერენ თითებს - არა, შენ მოგისყიდა ბიძინამ, არა შენო. დასრულებულია ამათი ამბავი, დასრულებული, მაგრამ მოდით, მაინც ვნახოთ საოცარი ფინალი. აი, ამაზე გითხარით დასაწყისში, არ დაიჯერებთ-მეთქი. მიხეილ სააკაშვილის წერილი „დილეგიდან“ (სტილი დაცულია): 
„მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტების შემქმნელი ენმ არის მრავალი ათასი გულანთებული, გონიერი, პატრიოტი ქართველის პარტია. ორგანიზაცია რომელსაც უამრავმა ადამიანმა დაუკავშირა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ერთგულ იდეალისტურ ადამიანებს განსაკუთრებული მოფრთხილება და მათი წვლილის დაფასება სჭირდება. პარტიის განახლების მთავარი ამოცანაა დავიბრუნოთ პირველადი ღრმად სახალხო ორგანიზაციის სახე. ყველას დავანახოთ რომ ჩვენ ვართ ყველა ქართველის (როგორც ეთნიკური, ასევე ყველა სხვა საქართველოს მოქალაქის) გაერთიანება და არა ვიწრო- ელიტარული დაჯგუფება. ჩემი, ლევანის სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. პირადად მე ნანუკას 25 წელია ვიცნობ. მას არასდროს უღალატია იდეისთვის. ყოველთვის გამოირჩეოდა სახალხოობით და სიმართლისთვის ბრძოლით, უკიდურესი სიმამაცით და ინოვაციურობით. აქვს დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ და რაც მნიშვნელოვანია აქვს ძალიან სწორი იდეები ფუნდამენტური განახლებებისთვის. ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი“. 
როგორც კი ბატონ მიხას წერილი წავიკითხე, ეგრევე მივხვდი, მან ნანულას პარტიის თავმჯდომარეობაც შესთავაზა, სხვანაირად თინა ბოკუჩავას ვერ მოიშორებდა. ჩემი ფიქრი და ვარაუდი ნანულ ჟორჟოლიანმაც დაადასტურა. ახლა ვნახოთ, რას ამბობს იგი:
„მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც არის. მე მგონია, რომ პარტიას ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე, ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩემზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და შესაბამისად, მე ვფიქრობ, თინა ძალიან სწორი კანდიდატია. აქ არის საუბარი იმაზე, ვის რა როლი ექნება. თინა ძალიან კარგად წარმოადგენს პარტიას საგარეო ველზე და აქ არის მეორე - მაშინ, როდესაც ხაბე ციხეშია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პარტიისთვის და ეს პარტიას ძალიან დაეტყო. მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი. მე ჩემს თავს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას. იყო ეტაპი, სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობა შემომთავაზა, მე ამაზე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი“.
მდააა... ნანულა ამბობს, სააკაშვილმა თავმჯდომარეობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვიო. უარი რომ არ ეთქვა, ხომ დაახვევდა თინა ბოკუჩავა სახლში? თინას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ახლაც უნდა დაახვიოს, უნდა მიხვდეს, რომ მიხას აღარ სჭირდება. ეს ერთი და მეორეც - იქ, სადაც უწიგნური ნანულა იქნება „უმფროსი“, თინამ რა უნდა გააკეთოს? თან ნახეთ, ნანულას დიდი გეგმები აქვს, პარტიაში რეფორმა უნდა ჩაატაროს და ახალგაზრდები მოიყვანოს. 
მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, რადიკალურ ცვლილებებს ვგეგმავ პარტიაშიო. რომელ პარტიაში? ლენინივით რომ გაშოტილა ე. წ. ქართულ პოლიტიკაში და დამარხვა აღარ ეღირსა? მკვდრის ეგრე წვალება გაგონილა? რა თინა, რომელი ნანულა, სადაური ხაბე? მკვდარია, კაცო, მკვდარი, დაანებეთ თავი!
და ბოლოს... მიხეილ სააკაშვილი „დილეგში“ არ ისვენებს, აცხობს და აცხობს წერილებს, რეკომენდაციებს, მიმართვებს, დეკრეტებს, განცხადებებს. სანამ ამ წერილს დავასრულებდი, ახლა ფილოსოფოს გია ნოდიას გადასწვდა, ჩემ ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირსო, როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, „ქოცები“ მაინც გაიმარჯვებდნენო? 
ესე იგი, ეს ბლაყვი გონების მქონე აღიარებს, რომ ფაშინიანმა და სანდუმ არჩევნები ძალმომრეობით მოიგეს. კი, ბატონო, ასეა, მათ იძალადეს საკუთარ მოსახლეობაზე. რა თქვა ნოდიამ, რაზე გაუბრაზდა ლიდერი? მან სოციალურ ქსელში დაწერა რუსეთის გავლენებზე სომხეთში, მოლდოვასა და უნგრეთში, ეჭვი არ ეპარება, რომ 2012-ში რუსეთს გაუხარდა ივანიშვილის მოგება, მაგრამ, მისივე თქმით, არც გადამწყვეტი და არც დიდად მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთი ამ არჩევნებში არ ყოფილა და ახლაც რუსეთი არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი კვლავ საქართველოს სულთანია. სააკაშვილი ამბობს, მე რომ ფაშინიანივით და სანდუსავით მოვქცეულიყავ, დიქტატორად გამომაცხადებდნენო. ბოლო დროს ვატყობ, „დილეგში“ მყოფი სააკაშვილი ნანობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დააპატიმრა, მაგრამ იმას აღარ ამბობს, რომ იმავე ივანიშვილს დაპატიმრების მიზეზი არავისთვის მიუცია, პირიქით, სააკაშვილის ხროვამ ისეთები დაატრიალა, აქეთ იყვნენ დასაპატიმრებლები. 
ეს წერილი „გამოჩენილი“ ქართველი პოლიტიკოსის, ანი წითლიძის სიტყვებით უნდა დავასრულო: „ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთება იქნება „ნაცმოძრაობისთვის“ ახალი სიცოცხლის გახსნა“!
აქ შეგიძლიათ, გაიცინოთ და ტაშიც დაუკრათ, ამხანაგებო!
რა ახალი სიცოცხლე? მოკვდა-მეთქი, მოკვდა! 

გელა ზედელაშვილი