„შიგევროპელმა“ ლომეხუზამ საქართველოშიც იპოვა „წითელი ჭიანჭველები“ და უმოწყალოდ ნთქავს

„შიგევროპელმა“ ლომეხუზამ საქართველოშიც იპოვა „წითელი ჭიანჭველები“ და უმოწყალოდ ნთქავს

დღე ისე არ გავა, რომ საინფორმაციო გამოშვებაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გასაღების, შენახვის ან დამზადების ბრალდებით ვინმე ან ვინმეები არ დააკავონ. დღემდე დაკავებულ პირთა რაოდენობით, ადამიანი იფიქრებს, რომ ნახევარი საქართველო ნარკობარიგაა (გნებავთ, ნარკოდილერი უწოდეთ), მეორე ნახევარი კი ნარკოტიკების მომხმარებელი
ოფიციალურად აღრიცხული ნარკომომხმარებლების რაოდენობა სრულად ვერ ასახავს ზუსტ ციფრს და თუმცა, ფაქტობრივად, დაზუსტება არაფერს ცვლის. სამწუხარო და საგანგაშო ის არის, რომ მყიდველი არის და როგორც ჩანს, საკმაოდაც.
შსს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილ პირთა დადებით სტატისტიკას გადავხდე, 2025 წლის I და II კვარტლის მონაცემებს ასაკის, სქესისა და რეგიონების მიხედვით და ლამის ტაშით დავაჯილდოვე ნარკოთრობისგან თავისუფალი სამცხე-ჯავახეთი _ დანარჩენზე რა ვთქვა...
2025 წლის 1-ელი ივნისიდან, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ან თუ პირი თავს არიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება და ასევე, იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ეს ყველაფერი ტარდება, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ ნარკოკურიერები ბოლო რგოლი არიან. რა ხდება, „თავამდე“ არ თუ ვერ ადიან?
დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავებმა იციან _ როგორც ჩანს, ნარკოკურიერები შემოაკლდათ და ამუშავდა სმს-შეთავაზებები კურიერობაზე. ორჯერ მიჩვენა ახლობელმა მობილურზე მისთვის მიწერილი შეთავაზება რაღაცის კურიერობაზე გვარიანი ანაზღაურებით. რომ ჩაეძია, დღეში 900 ლარი რაში უნდა მომცეთ, რა უნდა მივიტანო და სადო? ასე ინფორმაციას არ გავცემთო. ვიფიქრე, რომ ამ შეთავაზებაში მისი გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული ადამიანი იყო გარეული, როგორც ადვილად საცდუნებელი, ამ ნიშნით მისწერესო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვისთვისაც მიუწერიათ, აბსოლუტურად სხვა კატეგორიის ადამიანისთვის. 
სერიოზულად მაინტერესებს, მე მაქვს ზეაღმატებული წარმოდგენა, თორემ მართლა ასეთი შეუძლებელია ამ კომპიუტერიზირებულ ეპოქაში სმს-ის გამომგზავნის ვინაობის დადგენა?
ნარკოტიკი და მისი მომხმარებელი უხსოვარი დროიდან არსებობდნენ, მაგრამ ასე და ამდენი?
ირანში და შემდეგ ოსმალეთში მრავალწლიან ტყვეობაში ყოფნის გამო, თრიაქით თრობას სიმონ მეფეც მიძალებული იყო...
ამ ისტორიამ მწერების სამყაროში არსებული პაწაწინა, ყავისფერი, 5 მილიმეტრი სიგრძის ნაძირალა პარაზიტი ხოჭო გამახსენა და ფიქრი თავისთავად დაუკავშირდა ნარკობარიგებისა თუ ნარკომომხმარებლების მიერ ცდუნებულ ადამიანებს.
ამ ხოჭოს ლომეხუზა ჰქვია. ის არ არის შხამიანი, არც არავის კბენს და ესხმის თავს, მაგრამ ის ერთ ცალ ინდივიდადაც კი საშინელია ტყის წითური ჭიანჭველების ოჯახებისთვის. როგორ? 
წარმოიდგინეთ, უბოროტო, მოყვარული, მხიარული ადამიანი შემოდის თქვენს ოჯახში, რომელსაც მუდამ დააქვს ნარკოტიკი, მაგრამ ეს თქვენ არ იცით _ ასეთია ლომეხუზა, ის გამოყოფს ფერმენტ ექსუდატს, რომელიც ჭიანჭველებზე ნარკოტიკივით მოქმედებს. ექსუდატი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინოლოგიით სითხეა, რომელიც ანთების დროს გროვდება ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში, მაგრამ ლომეხუზას გამოყოფილი სითხე, წითელ ჭიანჭველებზე სხვაგვარად მოქმედებს.
შეცვალეთ ჭიანჭველა ადამიანით, ლომეხუზა _ ნარკობარიგით და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ჰოდა, შემოვიდა ოჯახში „იგი“:
_ როგორა ხართ, ჩემო კარგებო? ჩემს ექსუდატს ხომ არ გასინჯავდით?
_ ექსუდატი რა არის?
_ მე ვამზადებ, ძალიან მაგარი რამეა... აი, გასინჯეთ.
_ ყიდი?
_ არა... გასინჯეთ, ყველა სატკივარ-საფიქრალს დაგავიწყებთ...
ჭიანჭველა-ადამიანები სინჯავენ, „კიდევ, ოღონდ უკანასკნელად“ სინჯავენ და ასე ნარკოტიკზე მიჯაჭვული ხდებიან.
_ კიდევ გინდათ? მაშინ, ხომ შეიძლება, დროებით თქვენთან ვიყო?
_ რა თქმა თუნდა! 
ლომეხუზა ცხოვრობს და მრავლდება მხოლოდ წითური ჭიანჭველების ბუდეში, ანუ რა სახეობაც ემარჩილება მის ნარკოსითხეს, ის სხვაგან არსად გვხვდება. ლომეხუზამ „ჭიანჭველების ენაზე“ საჭმლის თხოვნაც იცის ულვაშების ცმაცუნით და არის ბედნიერად და უშრომელად. 
...და ყველანი, მთელი ჭიანჭველების სამეფო, დედოფალი-ჭიანჭველაც კი მასზე დამოკიდებული ხდება, თან სასურველ „სტუმარს“ კვებავენ.
შემდეგ უკვე კლასიკური ისტორიაა _ ლომეხუზა-ნარკობარიგაა, ჭიანჭველები კი ნარკოდამოკიდებულები. 
წითელი ჭიანჭველები თვითონ ავრცელებენ ამ ხოჭოებს ერთი ბუდიდან მეორეში მისი კვერცხების გადატანით. იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, რომ „კოლონია“ ქრება. საქმე ის არის, რომ „ნარკოდილერის“ კვერცხები ძალიან თხელია და ჭიანჭველების მიერ გადატანის დროს ფუჭდება.
ლომეხუზას კვერცხისგან გამოჩეკილი მატლიც მაშინვე უშვებს იმ სითხეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჭიანჭველები აღარაფერს აკეთებენ ლომეხუზას გამოკვებისა და მოვლის მეტს, ის კი ჭიანჭველების შვილებს ჭამს; მისი შვილებიც ჭიანჭველების შვილებს ჭამენ...
მუშა-ჭიანჭველები უსაქმურები ხდებიან, დედოფალი ავადმყოფ შთამომავლობას იძლევა, ოდესღაც ღონიერი და მებრძოლი ჭიანჭველები კი გამხდრები და უსუსურები დადიან. როდესაც აღარაფერი გამორჩენა აქვს, ლომეხუზა ტოვებს ჭიანჭველების უკვე მკვდარ ბუდეს და ახალი მსვერპლის მოსაძებნად მიდის...
არის თუ არა ლომეხუზა ბუდეში, ადვილი გამოსაცნობია ჭიანჭველების ქცევით _ ჯანმრთელ ბუდეში ჭიანჭველები სწრაფად დარბიან, აგროვებენ საჭმელს და იცავენ ბუდეს, ეიფორიაში მყოფი ჭიანჭველები კი ან ზანტად მოძრაობენ, ან საერთოდ აღარ ამოდიან მიწის ზედაპირზე.
წითური ჭიანჭველები, ჯანდაბას! მე ადამიანებისა მიკვირს ხოლმე, როცა დიდხანს ვერ ხვდებიან, რომ ოჯახში „ლომეხუზა“ შეეპარათ...
საქართველო გონიერი და გამრჯე „შავი ჭიანჭველების ბუდეა“, მაგრამ შიგევროპელმა ლომეხუზამ საქართველოშიც იპოვა „წითელი ჭიანჭველები“ და უმოწყალოდ ნთქავს
ვფიქრობ, გასაგებად ავხსენი...

მაკა ჯაყელი