ყველა რელიგია იმ უფლის რწმენაა, რომელიც კაცობრიობის შემოქმედია
კომუნიზმის ზეობის ხანაში ნოდარ დუმბაძე რომ მასზე ასაკით ბევრად უმცროს სასულიერო პირს თავის სულის საიდუმლოს ანდობდა, მის წინაშე საკუთარ ცოდვებს აღიარებდა და მოინანიებდა, ვფიქრობ, ის კაცი ყველანაირი რაკურსით საინტერესოა. ვიღაცისთვის, ვინც ზერელედ გადახედავს ჩვენს ნაუბარს, იგი სასულიერო ჩარჩოებიდან ამომხტარ სხვაგვარად მოაზროვნედ მოეჩვენება, მაგრამ თუ გაიაზრებს, რას ამბობს, მიხვდება, რომ ამ კონკრეტულ ღვთის კაცს სხვა რამ აქვს საფიქრალი, ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი და საგანგაშო, ვიდრე ტრაფარეტული „ამბებია“...
_ მამაო, ვიცი, რომ ინტერვიუზე უარს მეტყვი, ამიტომ, მხოლოდ ჩვენთვის ვისაუბროთ და შემდეგ, თქვენ კი არა, მე რასაც ჩავთვლი საჭიროდ საგაზეთოდ, იმას გამოვაქვეყნებ...
_ ეს ასეც უნდა იყოს! მე სასულიერო პირი ვარ და ჩემს სფეროში რა ხდება და როგორ არის საჭირო, ის ვიცი, ჟურნალისტიკა კი თქვენი სფეროა და თქვენ იცით, მაგრამ ვფიქრობ, ჩემგან კვლავ ვერაფერს მოისმენ ისეთს, რომ გაგახარო და შენი მხრიდან ვინმე გაახარო, ამიტომ ახლაც ნუ მახსენებ!
_ რა უჭირს... ხომ დააინტერესებთ...
_ კარგად ვიცნობ ხალხს – წყევლას დამიწყებენ! არ ჩავდგამ ცოდვაში ფეხს _ წყევლა მაწყევარისაა...
მე მხოლოდ ჩემს ერთ-ერთ შვილს გესაუბრები ერთი-ერთზე და ღმერთი გვისმენს! არც შენ გაგცემდი ზედმეტად ხმას, დაგლოცავდი და გაგიშვებდი, მაგრამ შენს თვალებში ყოველთვის ვხედავ, რომ ისე იგებ ჩემს სიტყვებს, როგორც ვამბობ... მიხარია, როცა ვხედავ, ვინმე გულისყურით მისმენს და იჯერებს ჭეშმარიტებას...
_ როგორც მეტყვით! თქვენს ნათქვამს ვერ გადავახტები და თქვენთვის მოცემულ სიტყვას ვერ გავტეხ! მაშ ასე, მამაო, სად ვართ, პირდაპირ ჯოჯოხეთში თუ მართლა სამოთხეში ვართ და ბედნიერად, როგორც ამას დღენიადაგ ჩაგვჩიჩინებენ, _ ვისაუბროთ ყველაფერზე, რა მიგაჩნიათ, რომ ერთი კაცის კი არა, საქვეყნო საწუხარია...
_ ცხადზე ცხადია, რომ სიტუაცია ჩვენს საქართველოში გაცილებით უარესადაა, ვიდრე ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს.
ყველაფერი დამთავრდა! ყველაფერი გაცხადდა!
ხუხულასავით ჩამოიქცა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის განახლების იდეა.
სატანამ ფარისეველი და მედროვე ადამიანების ხელით დააუნჯა ქვეყანა. ახლა გულდაწყვეტისა და გულუბრყვილო შეკითხვების დასმის დრო არ არის, საფიქრალია ღმერთიც, სამშობლოც და ერის მომავალიც. ახლა მხოლოდ ერის გონიერება, ერის ერთსულოვნება არის იმის ერთადერთი გარანტი, რომ აღვადგინოთ ქვეყნისა და ადამიანის ღირსება. უფრო გაბითურებული, ვიდრე დღეს არის, ქართველი კაცი არ ყოფილა არც მონღოლის, არც სპარსის და არც არც ერთი დამპყრობლის დროს.
გულუბრყვილო კაცი იტყვის, რაღაც ხომ შენდებაო. მე ვპასუხობ: სამშობლო არ შენდება, საზოგადოება არ შენდება _ საქართველოში ქართველი ყველა სხვა ერის წარმომადგენელზე მეტად გაბითურებულია!
მაქვს რეალური წინადადება: თუ ეს საქართველო და ქართველთა სახელმწიფო არ არის, მაშინ მითხარით, რომ ეს არის რეზერვაცია და მეცოდინება.
ყოველგვარი რევოლუცია, ყოველგვარი გარდაქმნა საზოგადოებაში ჩნდება მაშინ, როდესაც არსებობს იდეოლოგიური და კულტურული საფუძველი, რომლის აღიარება და ხატად გახდომა, ხშირად, ზნეობრივი კაცისთვის სიცოცხლეზე გაცილებით მნიშვნელოვანია _ ასეთი ღირებულებები ჩვენ აღარ გვაქვს. ამის სანაცვლოდ გონდაშრეტილი, ძალაწართმეული, უიმედოდ დარჩენილი ხალხი დაემხო დედაეკლესიის წინაშე და საკუთარ უილაჯობაზე მოთქვამს. ეს ცუდია, მაგრამ სავსებით ლოგიკურია, რადგან ეკლესიაა ერთადერთი, რაც „ლამაზ საქართველოსთან“ აკავშირებთ...
_ მიზეზთა გამო დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ერთადერთი წმინდა ძაფიც წყდება...
_ ეს ძაფი ადრევე უნდა გაწყვეტილიყო, რადგან გონიერი კაცი მაშინვე უნდა მიხვდეს, რა ხდება და რატომ ხდება.
მე არ მინდა, სიბრიყვე ნაციონალურ თვისებად გადაიქცეს! კერპთთაყვანისმცემლობაა ის, რაც ახლა ხდება, ეს ის ნიშანია, რომელიც ერის უძლურების უტყუარობას ადასტურებს..
იმისათვის, რომ იყო მღვდელი, უნდა დაივიწყო თავი შენი და აღიღო ჯვარი!
ფუნქციური სივრცე ეკლესიამ შემოფარგლა წირვა-ლოცვითა და საწესო რიტუალებით. ათეულობით წელია, რაც ეკლესიაში ვმოღვაწეობ და მე არ გამიგონია სხვა სიტყვები გარდა „ჩვენთან არს ღმერთი!“ _ ქრისტეს სიყვარული.
როცა სამშობლო აღარ გაქვს, როცა არ გაქვს მოქალაქის ფუნქცია, როდესაც ოცნებაც აღარ შეგიძლია, დაკარგულია ადამიანური ურთიერთობის ყველა ფორმა, ღმერთი როგორ არის შენთან?!
მე მივესალმები ყველას, ვისაც ადამიანი უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს! რომ გეუბნებით, სამშობლოო, უკვე მეშინია, სადღეგრძელო არ გამოვიდეს...
_ სამწუხაროდ, ასეა, სიტყვა „სამშობლო“ აქა-იქღა მესმის, დაიკარგა, ამოაგდეს მეტყველებიდან, მის ნაცვლად „ქვეყანა“ დაამკვიდრეს ხილულმა უსამშობლოებმა და, ჩემდა გასაოცრად, აიტაცა ერმაც...
_ დიახ, საქართველოს სამშობლო აღარ ჰქვია... სამშობლო არის ის სივრცე, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ უფლისგან მოიპოვა; ეს ის დამოუკიდებელი სივრცეა, სადაც მე, შენ და ის თვითშემოქმედებით მოქალაქეობრივ პოტენციალს ვარჩენთ; ეს ის ადგილია, სადაც შენი ოჯახის წესსა და ბედნიერებას ჭედავ და არა წაწვრილებული სიტყვა, რომელიც გულაჩუყებულ სადღეგრძელოს მოჰყვება ხოლმე...
კანონი რომ მიიღეს რელიგიის შესახებ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების ცელქობა დემოკრატიის სფეროში, _ გაახსენდათ, რომ ქართველები თურმე რაღაცას არღვევენ რელიგიის სფეროში. მათ მივმართავ: მოგეხმარებით, ბატონო, გაგახსენებთ, როგორ ეპყრობიან რელიგიურ უმცირესობებს ყველგან, ანუ ისე, როგორც არის საჭირო. მე იმდენად გულს მტკენს ეგ კანონი, ვერ აღვწერ...
_ სადღაა, მამაო, სულიერების ადგილი... არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ მე დაბეჯითებით გეუბნებით, სააღდგომო წირვაზე რომ ეკლესიაში ნემსი არ ჩავარდება, იქიდან გამოსულებს და იქვეც, გული ბოროტებით აქვთ სავსე, როგორ ავნონ სხვას, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ. მაპატიეთ, მაგრამ ეს თქვენი მრევლი ფარისეველია. ფარისეველი მრევლის სიმრავლე რას ნიშნავს, თვით ეკლესიას ხომ არ დაემართა რამე... აღარ ვიცი, რა ვიფიქრო...
_ ჩემო დაია, ჩემო ქალბატონო, ჩემო შვილო, სიმრავლე ეკლესიაში არ ნიშნავს იმას, რომ მძლავრი ქრისტიანები ვართ. ეს დღეს ნიშნავს მხოლოდ იმას, თუ რამდენი უსახსრო, უიმედო, რამდენი სასოწარკვეთილი ადამიანია ჩვენ გვერდით...
_ კარგი, მაშინ ასე გეტყვით, პირდაპირ: მოვიდა ის სასოწარკვეთილი ადამიანი ეკლესიაში, რას აძლევს ეკლესია? ფუჭ იმედს, ანუ მე რას შემომტირი, რა გიშველო, გაუძელიო? მხოლოდ ბანგავენ ძალაგამოლეულებს? _ თქვენი ნათქვამიდან ასეთი აზრი დამრჩა...
_ ასეა, მაგრამ უცნაური რა არის? გამუდმებით იყო მცდელობა იმისა, რომ შეექმნათ შთაბეჭდილება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის „რაღაცისა“, _ ხომ გამომზეურდა, რომ ასე არ არის. აქ გადასაწყვეტი არაფერია. ანგლიკანურია ინგლისი, კათოლიკურია ესპანეთი, პროტესტანტულია გერმანია, თეოკრატიულია საბერძნეთი, მუსლიმანურია მთელი ჩვენი შემოგარენი, არცერთი ამ ჩამოთვლილთაგანისთვის და მათი დემოკრატიისთვის რელიგიური პრიორიტეტის მინიჭება ტრადიციული ეკლესიისთვის ხარვეზი არ გამხდარა, ეს ჩვენ ვართ ასე. ამას რა ლაპარაკი უნდა, ქრისტიანობა ჩვენთვის მარტოდენ ხატი არ იყო. იგი იყო ნაციონალური იდეოლოგია, მსოფმხედველობა, რომელზეც ამოიზარდა ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული კულტურისა.
კონსტიტუცია უნდა განსაზღვრავდეს დედაეკლესიის სახელმწიფოებრივ ფუნქციას, მით უმეტეს, რომ დადებულია კონკორდატი, სადაც, ისევე, როგორც კონსტიტუციაში, უფლება-მოვალეობანი არ არის გარკვეული. ეს არის თოვლის ბაბუა ერთი _ შევარდნაძე, როგორ აძლევს მეორე თოვლის ბაბუას კაკას. ის, რომ ეს ასე კეთდება, ამ მიმართულებით, პოლიტიკური დოკუმენტი ეს არ არის, ამიტომ ეს ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული და ასე მოუმზადებელი შევხვდით ამ კანონს, რომლის შედეგს სულ მალე ვნახავთ. დამიჯერეთ, ეს იქნება უფრო ტრაგიკული, ვიდრე აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვაა.
მე საქართველოზე პირდაპირ მოსული რუსის არ მეშინია და, იცი, რატომ? რუსეთს საქართველო მოსაკლავად არ უნდა, მეგობრად სჭირდება!
შენ კი იცი _ აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ანაფორა გავიხადე, ჯვარი დავდე და ავტომატი ავიღე სამშობლოს დასაცავად. ღვთის ნებით, ცოცხალი დავრჩი, მაგრამ საგონებელში ჩავარდნილი. სხვა ვერ ბედავს თქვას, მე კი ამასაც პირდაპირი გულახდილობით ვამბობ _ აფხაზეთის წაღებით რუსეთმა ჩვენც გადაგვარჩინა და თავისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი სრულიად სამხრეთინადაც დაიცვა!
_ თავისი ისედაც დაცული ჰქონდა და ჩვენ დაგვიცვა კი არა, ტერიტორია მოგვტაცა _ რისგან დაგვიცვა!..
_ ზნეობრივი გახრწნისგან!
_ მამაო, აბა, რას ამბობთ! განმიმარტეთ, ოკუპირებული აფხაზეთით როგორ დამიცვა!..
_ ახლა აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთს არავინ დაუპირისპირდება ერთი გოჯი საქართველოს გამო, რუსეთისგან თავისუფალი და ნებაზე მიშვებული ერთიანი საქართველო კი ისევე გაცამტვერდებოდა და დასავლურად გატუტუცდებოდა, როგორც ბალტიის ქვეყნები არიან მხოლოდ სახელწოდებად დარჩენილები. ან მეორე ვარიანტია _ თუ ბრიტანეთი გადაწონიდა, შეგვაერთებდნენ ბრიტანეთის დღემდე ქვეშევრდომ თურქეთთან და საქართველო ახლა იქნებოდა თურქეთის ერთ-ერთი ვილაიეთი. აგერ რომ მიზიხარ სახლში დივანზე და მაგ მწვანე თვალებს აფახულებ, ჩემ ნაცვლად ბებერი მოლას ტახტზე იჯდებოდი „ალაჰის“ ძახილით _ მწარე სიმართლეა, მაგრამ ასე იქნებოდა!
ესაუბრა
მაია ჭელიძე
(გაგრძელება იქნება)

