რევოლუცია? რა რევოლუცია?

რევოლუცია? რა რევოლუცია?

რა მოხდება 4 ოქტომბერს? იქნება თუ არა რევოლუცია? ეს კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ აბსურდულია, მაინც გააქტიურებულია მოსახლეობაში და შესაბამისად, გაჩნდა კიდევაც რაღაცნაირი მოლოდინი. სამწუხაროდ, საზოგადოების რაღაც მცირე ნაწილი ელოდება, რომ 4-ში პაატა ბურჭულაძე აიღებს პარლამენტის შენობას, პეტო ცისკარიშვილი გააღებს ციხის კარებს, გამოყრის გარეთ ე.წ. სინდისის პატიმრებს, თინა ბოკუჩავა აშშ-ში გააგზავნის დეპეშას, რომ საქართველოში დამყარდა „დემოკრატიული“ წყობილება, ერთადერთი „ლეგიტიმური“ წარმონაქმნი სალომე ზურაბიშვილი სასწრაფოდ დაურეკავს მაკრონს, შემდეგ გადაურეკავს ურსულა ფონდერ „ბაიდენს“ და აცნობებს, რომ საქართველოში დასრულდა „რუსული კოშმარი“. მოკლედ, ჩვენი საზოგადოების გაბრიყვებულ ნაწილს სჯერა, რომ 5-ში თბილისის მერი იქნება ვინმე კუპრაძე, რომელიც ქუჩაში დადის, ყველას ხელს ართმევს, ყველის ვაჭარივით იკრიჭება და ჰგონია, ვინც ხელს ართმევს, ყველა მისი თაყვანისმცემელია. ესე იგი, ამას, ამ ვინმე კუპრაძეს, როგორც ჩანს, თავისმა პიარ-ტექნოლოგმა ურჩია, ყველა გზატკეცილსა და ორღობეში უნდა იცინო, რათა კეთილშობილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოო. ესეც დადის და იცინის, არიგებს გაზეთებს დასტა-დასტა, რომელსაც არავინ კითხულობს. 
ჰოდა, იმას ვამბობდი, მეც ხშირად მეკითხებიან - რა მოხდება 4 ოქტომბერს? იქნება თუ არა რევოლუცია?
პასუხი: 4 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები მშვიდ ვითარებაში. „აჯანყებულები“ კიდევ ერთხელ იწვალებენ, ურტყამენ ყრუ კედელს გამოლაყებულ თავებს და ამით დამთავრდება ყველაფერი. თუმცა არა, ყველაფერი ამით არ დამთავრდება, რა პროცესებიც მიდის მსოფლიოში, რა პროცესებიც ვითარდება დიდ ბრიტანეთში, თითქმის იგივე მოხდება აქაც - უცილობლად ჩაირეცხებიან მემარცხენე რადიკალები, რომლებიც ამოფარებულები არიან ლიბერალიზმს. 
რა ხდება დიდ ბრიტანეთში? ჯერ ის ხდება, რომ ამას წინებზე შინაგან საქმეთა მინისტრად პაკისტანელი შაბანა მაჰმუდი დანიშნეს. უკაცრავად და... კახეთში შაბანას სხვა რაღაცას ეძახიან. ჯანდაბას, კახეთში რას ეძახიან, ეგ დიდი ბრიტანეთისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ვერ გავიგე, ამხელა წარსულისა და ამხელა შესაძლებლობების ქვეყანას რა გაუჭირდა ისეთი, რომ შინაგან საქმეთა მისისტრად შაბან-ყუმბარას ნიშნავენ? ჰოდა, შეწუხდნენ ბრიტანელები, ამოუვიდათ ყელში ამდენი მარაზმი და 13 სექტემბერს ლამის მილიონნახევარი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მართალია, „ჭუტავიზიის“ აბუეტ მუშაკებს 100 ათასად მოეჩვენათ, მაგრამ ესეც კარგია, რომ 10 ათასზე არ ჩამოვიდნენ. როგორც ამბობენ, ქუჩაში ამდენი ხალხის გამოყვანა შეძლო ულტრამემარჯვენე ანტიისლამისტმა ტომი რობინსონმა. მოთხოვნა ასეთია: შეჩერდეს მუსლიმანური ქვეყნებიდან მიგრაცია, მოხდეს მიგრანტების რეპორტაცია, ბრიტანეთის ხელისუფლებისა და შაბანა მაჰმუდის გადადგომა, ბრიტანეთის პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნების დანიშვნა. ყველაზე საყურადღებო ის გახლავთ, რომ ილონ მასკმა ვიდეოჩართვით მიმართა ინგლისელებს და ტომი რობსონს, მასკმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბრიტანეთში საჭიროა პარლამენტის დაშლა და მთავრობის შეცვლა:
„ვფიქრობ, ბრიტანეთში მთავრობის შეცვლაა საჭირო. ჩვენ არ გვაქვს კიდევ ოთხი წელი, ან როცა არ უნდა იყოს შემდეგი არჩევნები, ეს ძალიან დიდი დროა. რაღაც უნდა გაკეთდეს. პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს, ჩემი მიმართვა ბრიტანული საღი აზრისადმია, რომ ყურადღებით მიმოიხედოთ და თქვათ, თუ ეს გაგრძელდა, როგორ სამყაროში იცხოვრებთ? ჩემი მიმართვა იმ ადამიანებისთვისა, რომლებიც ჩვეულებრივ არ ერევიან პოლიტიკაში, უბრალოდ უნდათ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. თუ ეს გაგრძელდა, ძალადობა მოვა თქვენთან, არ გექნებათ არჩევანი. თქვენ ფუნდამენტურ სიტუაციაში ხართ. აირჩევთ თუ არა ძალადობას, ძალადობა მოდის თქვენთან. ან იბრძოლებთ, ან მოკვდებით, ეს არის სიმართლე, მგონი. ძალიან ბევრი ძალადობაა მემარცხენეების მხრიდან, ჩვენი მეგობარი ჩარლი კირკი ცივსისხლიანად მოკლეს და მემარცხენეები ამას ღიად ზეიმობენ. მემარცხენეები, ამერიკელი დემოკრატები და საერთოდ მსოფლიო ლიბერალები მკვლელობისა და მკვლელობის ზეიმის პარტიაა“. 
ჩვენებურმა რადიკალებმაც კაი გვარიანად იღლიცინეს ჩარლი კირკის სიკვდილზე და ფაქტობრივად აშშ-ს მხრიდან დასანქცირებულები აღმოჩნდნენ. ბევრმა წაშალა თავისი ცინიკური პოსტები სოციალურ ქსელებში, მაგრამ რაც დაფიქსირდა, იმას ვეღარაფერს უზამენ. ამათ კიდე ქვა აღმართში მიეწევათ ხოლმე, სხვების დასანქცირებაზე ოცნებობენ და თვითონ დასანქცირდნენ - ვინც კირკის სიკვდილზე იღადავა, ყველას ექნება პრობლემები აშშ-ში გამგზავრებისას, ვიზას ვერ მიიღებს. შეიძლება ზოგმა იფიქროთ, რაც ხდება ბრიტანეთში, ეს რა შუაშია საქართველოსთანო? შეგახსენებთ ილონ მასკის ნათქვამს - „თუ ასე გაგრძელდა, ძალადობა მოვა თქვენთან“. ძალადობა ჩვენთან უკვე მოვიდა და არა ახლა, რამდენიმე წლის წინათ. მე პირადად ეს ყველაზე მძაფრად 2022 წლის გაზაფხულზე უფრო ვიგრძენი. ადრეც ვგრძნობდი, მაგრამ მე ვამბობ, უფრო მძაფრად-მეთქი და ეს იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. უცებ წინა პლანზე გადმოიწია რაღაც ბლანტე მასამ, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა ყველას, ვინც უკრაინის გამარჯვებაში შეიტანდა ოდნავ ეჭვსაც კი. არ დაგიმალავთ, მე თავიდანვე პესმისტურად ვიყავი განწყობილი და არ მჯეროდა, როდისმე უკრაინელები რუსებს თუ დაამარცხებდნენ. დიახ, ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტია, ქართული მიწები აქვს მიტაცებული, მაგრამ ამ უკიდეგანო ქვეყნისთვის ომის მოგება დღეს არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, ეს არის რეალობა და უნდა შევიგნოთ. თავის დროზე არ შეიგნო ნაპოლეონმა და „ტრუსიკ-მაიკიანი“, ჯაგლაგი ცხენით დაბრუნდა პარიზში... არ შეიგნო ადოლფ ჰიტლერმა და მან სიცოცხლე ბუნკერში დაასრულა. როდესაც დონალდ ტრამპმა ევროპული სახელმწიფოების ე.წ. ლიდერები, ევროკავშირის ერთი-ორი ჩინოვნიკი და ავაზაკი ზელენსკი თავისთან დაიბარა, კაბინეტში კედელზე ჩემოკიდებული რუკა დაახვედრა. რატომ? იმიტომ, რომ აჩვენა, ომს იწყებთ და რუკა არ გაქვთ ნანახიო. ფაქტია, მსოფლიოში მიდის ღირებულებების გადაფასება და რასაკვირველია, ძალადობა, რომელიც უკვე მოვიდა ჩვენთან, უნდა დამარცხდეს. როგორ უნდა დამარცხდეს? როგორ და მას მალე გამოეცლება საფუძვლები, წაეჭრება ფესვები და დაიწვება აგიზგიზებულ ცეცხლზე. მესმის, ეს სახიფათო საქმეა და სახიფათოა თვით დონალს ტრამპისთვისაც. მით უფრო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ერთხელ უკვე ესროლეს და არ არის გამორიცხული, კიდევ ესროლონ. 
დავუბრუნდეთ 4 ოქტომბერს... როდესაც ჩვენმა მაგარმა ბიჭებმა ასაფეთქებელი ნივთიერება და კოკაინი აღმოაჩინეს, ვიფიქრე, მშვიდობიან დამხობაზე ბაასს შეწყვეტდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, აკაცუკები ჩვეულ რეჟიმში იმუქრებიან და ამტკიცებენ, რომ ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია. ეგ კი არა, ზოგნი ზეიმისთვისაც კი ემზადებიან. დამიჯერეთ, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთგვარი ფანდი - გაიხსენეთ წინა წლები, ყოველი არჩევნების წინ ისინი ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე დამთავრებულია და მხოლოდ ტექნიკური მხარეღა დარჩა მოსაგვარებელი, ანუ მხოლოდ გადაფორმებაა საჭირო. ამასობაში 13 წელიწადი გავიდა და ერთხელაც ვერ გადაიფორმეს. ვერც ახლა გადაიფორმებენ, ამისი არც შნო აქვთ, არც გავლენა, არც შესაძლებლობა, არც რესურსი. გარედან ვინც არ უნდა წაეხმაროს, გინდათ ბებერი უილსონი, გინდათ - ევროკავშირის გადაღრძუებული ჩინოვნიკები - ფოტიგები, ურსულები, კუბილიუსები, მინც არაფერი გამოუვათ. იცით, რა არ აქვთ მათ, რაც უმთავრესია დამხობა-გადატრიალებისთვის? არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და საკუთარი ავტორიტეტი. შეიძლება „ქართული ოცნება არ მოგწონდეს, რაღაცაზე გაბრაზებული იყო, მაგრამ ისევ მას უნდა მისცე ხმა, რადგამ მეორე მხარეს „ხლამია“ ყველანაირი გაგებით, ნაგავია, „ბალასტია“, გასახვეტი ნეხვია. 
და ბოლოს, მოდით, ცოტა წავიფანტაზიოროთ: დავუშვათ, ე.წ. ოპოზიციამ პირწმინდად მოიგო ადგილობრივი არჩევნები - მერე? მერე როგორ იქნება, ესე იგი, პარლამენტი „ქართული ოცნებისა“, პრეზიდენტი „ქართული ოცნებისა“, მთავრობა „ქართული ოცნებისა“ და საკრებულოები ხაზარაძე-გახარიასი? მერე რა მოხდება, საკრებულოებიდან და მერიებიდან შემოუტევენ „ქართულ ოცნებას“ და დაამხობენ? და რა, „ქართული ოცნება“ პარლამენტს დატოვებს და გაიქცევა? ხომ ხედავთ, როგორი შეუსაბამო ვითარება იხატება? ეგ კი არა, დანამდვილებით გეუბნებით „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, ადგოლობრივ არჩევნებში 65-70 პროცენტი აიღოს. მეტიც შეუძლია, მაგრამ კაი, ე.წ. ოპოზიციასაც დაუთმობს ადგილებს, რათა ჯო უილსონმა არ თქვას, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კოშმარულად გაყალბდაო. 
მშვიდობა საქართველოს, ყველაფერი კარგად იქნება!

გელა ზედელაშვილი