არაბიზაცია იგივეა, რაც „არა რუსულ კანონს“
ცალკე რედაქციაში რედაქტორს ურეკავენ, ცალკე _ ჩემს კოლეგებს ეკითხებიან, ხოლო, ვისთანაც უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს, პირადად მეკითხება ან მირეკავს _ ყველას ინტერესი ერთია: მაია რატომ არაფერს წერს არაბიზაციაზე?
სალომე ზურაბიშვილის ადვოკატისა არ იყოს _ იმიტომ!
ვინაიდან ყველა ცნობისმოყვარეს პატივს გცემთ, უხერხულად ვგრძნობ თავს. ამიტომ, შეძლებისდაგვარად მოკლედ, მაინც განვმარტავ: რაიმეს შესახებ ჩემი აზრი რომ გამოვთქვა, წინ უნდა მედოს სრული მოცემულობა!
რასაც საქართველოს „არაბიზაციაზე“ ვისმენ, ჩემთვის ზუსტად იგივეა, „არა რუსულ კანონს“ აქციებიდან რომ მესმოდა პროფესორ-მასწავლებლების სატელევიზიო კომენტარები: „არ მაქვს წაკითხული კანონი, მაგრამ ამერიკის ელჩმა თქვა, რომ რუსულია და მე ვენდობი ამერიკის ელჩს!“ „არ მაქვს წაკითხული, მაგას რა წამაკითხებს, მაგრამ ვინც წაიკითხა, ის ამბობს, რომ რუსულია _ ესე იგი რუსულია!“ და ა. შ. მსგავსი ინტერპრეტაციის ფრაზები.
ჰოდა, მე არ ვარ კოლექტიური იდიოტიზმის წევრი _ ვერ ავყვები ვერავის, ვერც „საქართველოს არაბიზაციიით“ შეშინებულებს და ვერც „საქართველოს არაბიზაციის“ მსურველებს! არ მაქვს წაკითხული კონტრაქტის პირობები, შესაბამისად, ვერ ვიტყვი ვერაფერს „საქართველოს არაბიზაციაზე“!
ჩარლზ ბუკოვსკის აქვს ნათქვამი, ამ სამყაროს პრობლემა ის არის, რომ განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლო იდიოტები, სავსე არიან თავდაჯერებულობითო. ვფიქრობ, არის ადამიანთა ისეთი კატეგორიაც, რომელიც ამ ორის შერწყმაა _ ეჭვიანი თვითდაჯერებული. ეს კატეგორია აუტანლად მძიმეა ყველანაირ ასპექტში, რადგან ისე აქვს მოძალებული განათლება, რომ თვითდაჯერებაში გადასდის და დათვურ სამსახურს უწევს _ რაგინდ დაუსაბუთო, მაინც თავისაზე იდგება, რომც შეიგნოს, მაინც არ აღიარებს.
თუ დაკვირვებიხარ, რომ ადამიანს ბავშვობიდან ეშინია იმისი, რისიც ეშინოდა მის აღმზრდელს? _ დიდი ძალისმევა სჭირდება, რომ ის შიში დათრგუნოს. ვთქვათ, გველის, თაგვის, ბაყაყის და სხვა სულიერი არსებების შიშს რაღაცნაირად მოერევა მიზანდასახული ადამიანი, მაგრამ არის კიდევ ერთი შიში, _ გენეტიკური, მენტალური, რომელსაც სხვანაირად გააზრება სჭირდება, უპირველესად, საკუთარ არსებაშივე.
ზოგადად, ადამიანს უნდა შეეძლოს, ერთმანეთისგან გამიჯნოს ერთი სხვა და მეორე სხვა, შემდეგ კი ერთი სახეობის ერთნაირები ერთად დაალაგოს. სხვა შემთხვევაში, განათლებულიც და იდიოტიც ერთად ხვდებიან, ერთ ქვაბში და ვიღებთ განათლებულ იდიოტსა და იდიოტ განათლებულს.
ასე რომ, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია არ მაქვს, ვერაფერს ვიტყვი მტკიცებულებითი ფორმით და არც საკუთარ აზრს ჩამოვაყალიბებ იმაზე, რაც არ ვიცი, დანარჩენზე? _ ყველაფერზე დავასველებ თითო სიტყვას.
ვინც პირადად მიცნობს, კარგად იცის, როგორი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს ყველა ისტორიული მტრის მიმართ დღემდე _ ეს ჩემი გენეტიკური მეხსიერებიდან მოდის და ვერ ვივიწყებ. რაგინდ მეფოფინოს ისტორიულად მტერი ერის დღევანდელი წარმომადგენელი, უცბად გამახსენდება მისი წინაპრების ავკაცობა საქართველოს მიმართ და აგრესია მიჩნდება _ მრცხვენია, მაგრამ ასეა.
შესაბამისად, ამგვარი დამოკიდებულება მაქვს არაბების მიმართაც _ თბილისში ამირა რომ იჯდა, ასე მგონია, ჩემი თვალით მყავს ნანახი... მაგრამ ეს არ მაძლევს იმის ბიძგს, რომ კოლექტიურ იდიოტიზმში გავწევრიანდე... გადაიკითხეთ „საერთო გაზეთის“ #42-ში გამოქვეყნებული წერილი - „კოლექტიური იდიოტიზმი“ და უფრო მარტივად გასაგები გახდება, რასაც ვამბობ.
საქართველო უხსოვარი დროიდან იყო მტრებით გარშემორტყმული, მაგრამ მტრის შემოსევამ ჩვენთვის რელიგიური დატვირთვა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ მიიღო.
ისლამი VII საუკუნეში შეიქმნა, 610 წელს, როდესაც მექაში მაჰმადმა დაიწყო ქადაგება;
ქრისტიანობა ჩაისახა I საუკუნეში პალესტინაში, როგორც იუდაიზმის ერთ-ერთი მცირე განშტოება, რომელსაც რამდენიმე ათეული მიმდევარი ჰყავდა. თავდაპირველად, ქრისტიანობა ვრცელდებოდა პალესტინასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ებრაულ დასახლებებში. პავლე მოციქულის ქადაგებების წყალობით, ქრისტიანობამ გაიჩინა მიმდევრები სხვა ხალხებშიც. V საუკუნემდე ის ვრცელდებოდა რომის იმპრიაში და მისი კულტურული გავლენის არეალში, მათ შორის, სომხეთში, საქართველოში, სირიასა და ეთიოპიაში. I ათასწლეულის II ნახევარში ქრისტიანობა გავრცელდა ანგლოსაქსებსა და სლავებში, უფრო მოგვიანებით კი, XIII-XIV საუკუნეებში შეაღწია ბალტიისპირეთისა და ფინეთის ხალხებში. ახალ და უახლეს პერიოდში, ევროპის მიღმა, ქრისტიანობის გავრცელება კოლონიზაციის და სამისიონერო მსახურების შედეგად გახდა შესაძლებელი.
საქართველო IV საუკუნეში გახდა ქრისტიანული სახელმწიფო.
საქართველო ქრისტეს დაბადებამდეც არსებობდა და ქრისტეს აღდგომის შემდეგაც არსებობს! _ საქართველო მეოთხე საუკუნემდე რამ გადაარჩინა?
ეს რას წავუმძღვარე და იმას, რომ ჩვენს გენეტიკაში მყარად ფესვგადგმულია, რომ ყველა არაქრისტიანი ქვეყანა საქართველოს გადაყლაპვაზე ოცნებობს, განსაკუთრებით კი ის მუსლიმური ქვეყნები, რომელთა ბატონობაც უკვე გამოცდილი გვაქვს: სპარსეთი, არაბეთი, თურქეთი. შესაბამისად, გენეტიკურად გვეშინია მათი ჩვენზე ბატონობისა _ გადაგვყლაპავენ!
„ვერ ხედავთ? მუსლიმები კატასტროფულად მრავლდებიან!“ _ კატასტროფულად კი არ მრავლდებიან, არამედ ისე მრავლდებიან, როგორც უნდა ვმრავლდებოდეთ ჩვენც, მაგრამ ჩვენთან „მოდაში“ არ არის გამრავლება. გამრავლდი შენც, ვინ დაგიშალა?
ამავე პრინციპით, არამუსლიმური ქვეყნებიც გვყავს სხვადასხვა დროს „ჩამყლაპველებად“ გამოცხადებული, დაწყებული ბიზანტიითა და დამთავრებული დღევანდელი ბუდისტი ჩინეთით, რომელმაც, „ჰუალინგის“ პროექტის განხორციელება რომ დაიწყო, თბილისში ჩინურ დასახლებად დაგვიხატეს ის ტერიტორია, დღეს წამლად რომ ვერ ნახავ ერთ ჩინელსაც კი.
„ნამახვანჰესზე“ მთელი კაკაფონია რომ ატყდა, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო დადგმული ფარსი, ე. წ. მცველების მხრდამჭერი ვიყავი, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოსაზრებით _ ჩემი მისტიკური ხვამლის მთა მადარდებდა, რასაც ნამდვილად დამიზიანებდა, თორემ, ვინც მცირე ჰესების წინააღმდეგია, დენის მიწოდება უნდა შეუწყვიტო და იჯდეს ბნელში.
აბსოლუტურად მომხრე ვიყავი ყველა სხვა დანარჩენი ჰესისა _ ელექტროენერგია თუ უნდა, ნეტავ, როგორ წარმოუდგენია ვინმეს მისი მიღება, კაჟი ქვის ხახუნით?
ამ ახალი კოლექტიური იდიოიზმის შესახებ, რომელსაც „არაბიზაცია _ არაბული ქალაქები“ დაარქვეს, მეც სწორედ იმდენი ვიცი, რამდენიც, წესით, თქვენც უნდა იცოდეთ: წილის მესამედი ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს, ორი მესამედი ეკუთვნის კომპანია Eagle Hills-ს. აქ, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებას, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს და ვალდებულებებს, საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს არავითარ ფინანსურ ვალდებულებას, არავითარ ფინანსურ გარანტიას ან რაიმე არასტანდარტულ პირობას პარტნიორი კომპანიის სასარგებლოდ. ქართული სახელმწიფო მთლიანად არის დაცლილი ვალდებულებებისგან. ჩვენ შევდივართ მიწით, მიწის ნაკვეთებით, ამ პროექტში და სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ვალდებულება, მათ შორის, არავითარი გარანტიის ვალდებულება პარტნიორი კომპანიის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთლიანად ხელშეკრულების შინაარსზე შევიქმნათ საერთო წარმოდგენა.
რაც შეეხება ინვესტორს. ის იღებს ვალდებულებას, სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და განახორციელოს პროექტის მენეჯმენტი. ვალდებულებები მთლიანად არის პარტნიორი კომპანიის მხარეს. კიდევ ერთხელ, არავითარი ვალდებულებები, არავითარი ფინანსური გარანტია და არავითარი სპეციალური პირობები პარტნიორი კომპანიისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია ხელშეკრულების შინაარსის გამჭვირვალობაზე.
Eagle Hills-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს, რადგან ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა; ეს პრაქტიკა, ერთი მხრივ, ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და მეორეს მხრივ - საერთაშორისო პრაქტიკას.
„კოლექტიური იდიოტიზმის“ ეს გამოვლინება თუ მართული პროცესი არ არის, როგორც „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში იყო, _ გასული 10 წლის განმავლობაში, კომერციული საიდუმლოების სტატუსი რომ მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას, მათ შორის არის ანაკლიის ხელშეკრულება, მაშინ რატომ არ ატეხეს გნიასი?
ელემენტარულია, სწორედ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ითხოვდნენ ანაკლიის შესახებ ხელშეკრულების გასაიდუმლოებას და დღეს ჭიჭყინებენ იმ ფაქტზე, რომ არ არის გასაჯაროებული კომპანია Eagle Hills-სთან დადებული ხელშეკრულება, ვერ უნდა ხვდებოდე, საიდან „უბერავს“?
ამ გახსენებაზე, ბატონ პრემიერს მინდა ვურჩიო: ბატონო ირაკლი, კარგს იზამთ, თუ აღარასდროს ახსენებთ, რომ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდა 2020 წელს, კოვიდის დროს, ათივე ხელშეკრულება, რომელიც არის დადებული კომპანია „ფაიზერთან”, „სინოფარმთან”, „სინოვაკთან”, არის კომერციული საიდუმლოების სტატუსის ქვეშ, რაც თურმე არის მიღებული პრაქტიკა და ამ პრაქტიკას აქვს თავისი მიზეზი, საფუძველი, რომ მთავარი მიზეზი არის კომპანიის კომერციული ინტერესი. რა მსოფლიო აფიორა იყო „კოვიდპანდემია“, ხომ გამოაშკარავდა, _ კენედისა და ტრამპს მაინც დაუჯერეთ და მიბაძეთ, გამოიყვანეთ საქართველო „ჯანმოდან“ (ბარემ კლიმატის ცვლილების“ აფერისტობიდანაც და ა.შ. ყველა ბლეფი ორგანიზაციიდან!)!
რაც შეეხება მიწის გასხვისებას, პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების არავითარი შესაძლებლობა. ეს მიწები შეიძლება მხოლოდ ერთადერთი დანიშნულებით იყოს გამოყენებული და ეს არის უშუალოდ კონკრეტული დეველოპერული პროექტის განხორციელება. ესეც არის გარანტირებული იმ ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია სახელმწიფოსა და EAGLE HILL-ს შორის. ორივე ნაკვეთი არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ, ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება და ეს მიწა იქნება დამაგრებული შესაბამის შენობა-ნაგებობებზე. ანუ, ცალკე მიწას ავტონომიური დატვირთვა აღარ ექნება იმიტომ, რომ ეს არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ანუ არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება!
არ მაქვს წაკითხული და არ ვიცი, რა წერია ხელშეკრულებაში, მაგრამ პრემიერი ამბობს, რომ არავითარი მეჩეთების აშენება არის გათვალისწინებული და არც არანაირი შეღავათები უცხოელი მყიდველებისთვის, მათ შორის, ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით და არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ. მაგალითად, არ წერია, აქ ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, მყიდველი და ა. შ. ეს ყველაფერი დარეგულირდება შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე, როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში.
მოკლედ, ასეთი ამბავია _გინდ დაიჯერე ბატონი პრემიერისა, გინდ _ არა!
ისე კი, ღარიბი მიგრანტების შემოსევისა მეც მეშინია, მდიდარი მიგრანტების შემოსევა რაღაც არ მაგონდება...
ერთი ტრაფარეტი მაქვს და იმას დავხედავ ხოლმე _ რაზეც ოპოზიცია ძალიან იყვირებს და ააყვირებენ ხოლმე სხვებსაც, ის კარგია...
რაც არ ვიცი _ არ ვიცი, რისი თქმაც შემეძლო და სადამდეც _ გითხარით!
ამაოდ მომედავებით, ჩემი დაღეჭილი ნათქვამიდან კიდევ თუ რამე ვერ გაიგეთ, თქვენი პრობლემაა!
მაია ჭელიძე

