ქართული ბეჭდური მედია და რამერუმე
ქართული პრესის დეკადანსი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „სგ“ N29
ნიკო ნიკოლაძე 1875 წელს წერდა, გაზეთი მუშა კაცისთვის შეიქმნა, მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლადო. თუ თავდაპირველად პრესა პატარ-პატარა ამბებით მხოლოდ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებდა და მუშა კაცს საშუალებას აძლევდა, მხოლოდ ყურმოკრული ამბებით არ ეცხოვრა, შემდეგ ის ცნობიერების ფორმირებისა და პოლიტიკური მიმართულებების იარაღად გადაიქცა. ამავე წელს ნიკო ნიკოლაძემ გამოაქვეყნა და შემდეგ ბროშურადაც გამოსცა ვრცელი წერილი სათაურით: „ფრანგული პრესის დეკადანსი“, სადაც ძირეულად მიმოიხილა ფრანგული ჟურნალისტიკის პრობლემები. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ამ წერილს, მივხვდებით, რომ, რაც სჭირდა 1800-იანი წლების ბოლოს ფრანგულ პრესას, იგივე სჭირს დღეს ქართულ პრესას და ამიტომაც ჩავამატე სათაურში „ფრანგულის“ ნაცვლად „ქართული“. ფაქტია, ჩვენ დღეს საქმე გვაქვს ქართული პრესის დეკადანსთან. ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, ცოდნის გარეშე მუდამ მონა იქნებიო და საზოგადოებაში განათლების შეტანას პრესას აკისრებდა. იმ პერიოდში ასეც უნდა ყოფილიყო, მაშინ არც ტელევიზია არსებობდა, არც რადიო, არც სოციალური ქსელები. თუმცა პრესას ეს ფუნქცია წიგნთან ერთად დღემდე შემორჩა, განათლების საკითხი ვერც ტელევიზიამ იკისრა, ვერც რადიომ, ვერც სოციალურმა ქსელებმა. კომუნისტების პერიოდში იყო საამისო ბაზა, ტელევიზიით გადაიცემოდა ლექციები და, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო. საბჭოთა პერიოდში დაბადებულ და გაზრდილ თაობას ახსოვს ლექციები აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოწაფეებისთვის, მშობლებისთვის და ასე შემდეგ. იყო ასეთი გადაცემა - „მშობელთა კრება“. სტუდიაში იწვევდნენ მშობლებს და ისინი საუბრობდნენ სასკოლო განათლებაზე, პრობლემებზე. და განა ახლა არ გვჭირდება ასეთი გადაცემები? რასაკვირველია, ახლა უფრო გვჭირდება, ამ საყოველთაო გამოთაყვანების პერიოდში, მაგრამ ვინ აკეთებს? ბოლო-ბოლო, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მაინც უნდა იდგეს განათლების სადარაჯოზე, იღებდეს ისტორიულ ფილმებს, ამზადებდეს შემეცნებით გადაცემებს, ეთერში უშვებდეს საჯარო ლექციებს. თამაზ კვაჭანტირაძეს მიჰყავდა ხოლმე ქართული ენის გაკვეთილები, რომელსაც არა მხოლოდ მოსწავლეები, აბიტურიენტები და სტუდენტები უსმენდნენ, უფროსი თაობის ადამიანებიც. დღეს რა ხდება? ქუჩაში დაწანწალებენ უცოდინარი, უვიცი, უწიგნური გოგო-ბიჭები და არა მხოლოდ გოგო-ბიჭები, გადაღრძუებული ტიპებიც და წესიერ ადამიანებს ეძახიან მონებს. არადა, უკვე გითხარით, ნიკო ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ მონა არის უცოდინარი ადამიანი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც აუცილებლად უნდა ვთქვა: ყველა შეძლებულ ქვეყანას გააჩნია თავისი სტრატეგია განათლებისა და კულტურის სფეროში, ნახეთ, როგორ ისტორიულ ფილმებს იღებენ თურქები, ისინი თავიანთ ისტორიაზე ზრდიან მომავალ თაობებს. ამ მხრივ სერიოზული ინდუსტრია აქვთ რუსებს, განათლებისა და კულტურის სამინისტროების დაკვეთით უკვე იმდენი ისტორიული ფილმია გადაღებული, ყველაფრის ნახვაც კი ჭირს. აბა, მითხარით, 35 წლის განმავლობაში ჩვენ ერთი ისტორიული ფილმი მაინც გადავიღეთ? ეგ კი არა, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ არსებობდა გადაცემა „დაასრულე საქართველოს ისტორია“, სადაც მშვენივრად იყო ასახული ჩვენი ქვეყნის წარსული. ეს გადაცემა დახურეს და დღემდე ვერავინ გაარკვია, რატომ.
სიტყვა გამექცა, ნიკო ნიკოლაძის წერილით დავიწყე და ტელევიზიებზე გადავედი, პრობლემას ვერ გავექეცი. ნიკოლაძე ჟურნალისტებს რამდენიმე კატეგორიად ყოფდა და ეს ჩვენთვისაც ხელშესახებია, წაიკითხეთ, გეგონება საქართველოზე წერს:
„ჟურნალისტთა შორის პირველი ადგილი დაიჭირა და თანდათან მრავალრიცხოვანი ხდება ლანძღვა-გინების მოყვარული კალმოსნები. მათი მეთოდია უწმაწური სიტყვების ხმარება. ისინი პროვოკატორულად და სრულიად თავზეხელაღებულად აფრქვევენ გაბედულ ფრაზებს, გადმოსცემენ შემოკლებულ ჭორებს; ხალხს თავს ისე აჩვენებენ, ვითომც დარწმუნებულნი იყვნენ არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ თავიანთი სიტყვების სიმართლეშიც. მყვირალა პატრიოტიზმის შესახებ წარმოთქმული ცარიელი სიტყვებით ისინი ქვეყანას ატყუებენ და იმედს ამყარებენ ზოგის უვიცობაზე, ზოგის ცუდ მეხსიერებაზე, განსაკუთრებით კი მასების გულუბრყვილობაზე. ამ ჯურის ჟურნალისტები სწერენ, უპირატესად, ბენტერა, დაუფიქრებელი მკითხველებისათვის, რომელთათვის გაზეთის უკანასკნელი სტატია არის უფლებისა და რწმენის ერთად-ერთი კოდექსი. ამგვარი ჟურნალისტის მთელი ლოგიკა, მთელი მჭერმეტყველება, მთელი ცოდნა იხატება არაკეთილსინდისიერებითა და უსირცხვილო ყალთაბანდობით შეთითხნილი ნაწერების მხოლოდ ქედმაღლურსა და გაბედულ ტონში. მრავალ გაზეთში წარმატება მოიპოვა ჟურნალისტთა ერთმა წყებამ, ჯიშმა, რომელსაც დარვინი სიამოვნებით უწოდებდა „ბუშს“. ჟურნალისტთა ჩამოთვლილ სახეობათა გარდა, შეიმჩნევა ნიჭიერი ადამიანები, უაღრესად პატიოსანი და გულწრფელი, რომლებიც მთელ სიცოცხლეს სწირავენ იმ საქმეს, რომელიც მართალი ჰგონიათ, ან იმ აზრს, რომელიც მართლაც მათი საკუთრებაა. მაგრამ ესენი იმდენად იშვიათნი არიან, რომ იკარგებიან უვიცსა და გულგრილ, უბადრუკ მჯღაბნელების ბრბოში, რომლებიც ჭიაღუასავით ახვევია ყველა გაზეთს. აი, აქ არის ჟურნალიზმის ნამდვილი ბედუკუღმართობა: და ასეთნი გაცილებით მეტია, ვიდრე გგონია; ისინი ათახსირებენ თავიანთ ნიჭსა და ყიდიან თავიანთ ინტელექტს, ემსახურებიან საკუთარი მისწრაფებების უაღრესად საწინააღმდეგო მიზნებს. მიჩვეულნი საზოგადოებრივი აზრის ფალსიფიკაციას“.
აქ ერთ შესწორებას შევიტანდი _ რა ნაკლოვანებებზეც ნიკოლაძე საუბრობს, ამ ყველაფერმა თითქმის ელექტრონულ ე. წ. მედიაში გადაინაცვლა, იქ ბენტერა ჟურნალისტები ისე მომრავლდნენ, ამ ღვარცოფს ვეღარაფერი შეაკავებს სახელმწიფოს მეცადინეობის გარდა. კი ვამბობ ხოლმე, პრესამ, ჟურნალ-გაზეთებმა საზოგადოებაში განათლების შეტანის ფუნქცია ნაწილობრივ მაინც უნდა იტვირთონ-მეთქი, მაგრამ ამ ეტაპზე საქმე ისეა გაფუჭებული, ხელისუფლების მოწადინების გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით უბადრუკი მოლაქლაქეების ეპოქაში და არ გეგონოთ, ეს მხოლოდ ქართული სენი იყოს, ეს „ავადობა“ მოდებულია მთელ მსოფლიოში. აგერ, წინა კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ წინააღმდეგ ცილისწამების გამო 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, გამოცემა ათწლეულების განმავლობაში სიცრუეს ავრცელებს მისი ოჯახისა და ბიზნესის შესახებ. მარტო ოჯახი და ბიზნესი რომ ჰქონდეთ ამოღებული მიზანში, კიდევ რა უჭირდა? ესენი ემსახურებიან გლობალური ომის პარტიას და ავრცელებენ გლობალურ დაავადებას. მოიგებს დონალდ ტრამპი 15-მილიარდიან სასამართლო დავას? შეიძლება მოიგოს, მაგრამ 15 მილიარდი დოლარის მოგებაში ეჭვი მეპარება. თუ მოხდა სასწაული და მოიგო, გაზეთს გააკოტრებს. ალბათ, ამიტომაც ითხოვს ამდენს, რომ გააკოტროს. მას არც „სიენენი“ ეპიტნავებოდა, ეს ტელევიზიაც მაგრად ებრძოდა, მაგრამ არა მგონია, რამე მოუხერხოს, თითქოს ამ ტელევიზიას ილონ მასკი ყიდულობდა, მაგრამ ამის თაობაზე ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.
ხედავთ? პრესაზე ვსაუბრობ და შემდეგ მაინც ტელევიზიებზე გადავდივარ. არ გაგიკვირდეთ, ამას წინებზე ერთმა ახლობელმა ჟურნალისტმა მითხრა, გაზეთები ტელევიზიებმა შეჭამაო. ნაწილობრივ ვეთანხმები, ჟურნალ-გაზეთები ტელევიზიებმა, იქ ჩაბუდებულმა უნიჭობამ და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით გაზეთების მესვეურთა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა, ერთგვარმა სიხარბემ, ერთმანეთისადმი უდიერმა დამოკიდებულებამ, არასაიმედო ურთიერთობამ და გავრცელების სამსახურების განადგურებამაც შეჭამა.
ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, საქართველოში არის მუნიციპალიტეტები, სადაც ჟურნალ-გაზეთები საერთოდ არ ჩააქვთ, ხალხი კი ეძებს _ ამჯერად ვლაპარაკობ მხოლოდ რაიონულ ცენტრებზე. ამის თაობაზე, მაგალითად, ველაპარაკე სიღნაღის მერს, ბატონ მალხაზ ბეგიაშვილს. ბოლო-ბოლო, მივედით იმ დასკვნამდე, რომ გავხსნათ ჯიხური სიღნაღის ცენტრში, შემდეგ ქალაქ წნორის ცენტრში. კი, ბატონო, გავხსნით, მერია ამას იკისრებს, მაგრამ ვინ მოგვაწვდის ჟურნალ-გაზეთებს? რანაირად მოხდება თბილისიდან მოწოდება? ვიღაცამ ხომ უნდა გაყიდოს? იმას ხომ ხელფასი უნდა დავუნიშნოთ? დავუშვათ, ჩვენ მოვაგვარეთ ეს საკითხი, სხვა მუნიციპალიტეტებს რა ეშველებათ? სოფლებში რატომ არ უნდა იყოს გაზეთი? მეზობლები ერთმანეთს ეხვეწებიან, თუ თბილისში მიდიხარ, გაზეთი გამომიყოლეო. ვფიქრობ, ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი იდეოლოგია ამ მიმართულებით.
ვერ ვხედავთ, რომ მომავალი თაობის 70-80 პროცენტი გაუნათლებელია? ვერ ვხედავთ, რომ საქართველოში ამდენივეს წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს? ვერ ვხედავთ, რომ დაახლოებით 50-მა პროცენტმა წერა-კითხვა საერთოდ არ იცის? ეგ კი არა, მე მგონი, საქართველოში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ რომ შეიქმნას, უკვე ის დროა. ამას უნდა დაემატოს პრესის წარმომადგენელთა მოთხოვნა, რათა საჯარო სამსახურებში აღდგეს ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ტრადიცია.
ადრეც დავწერე და ვიმეორებ, სანამ სააკაშვილის ხროვა მოვიდოდა ხელისუფლებაში, ყველა სამთავრობო და საპარლამენტო უწყებას ჰქონდა გამოწერილი პერიოდული პრესა. მერე გამოვიდა სააკაშვილი, თქვა, მე გაზეთებს არ ვკითხულობო და აკრძალა მათი გამოწერა.
ესეც ნათქვამი მაქვს და ვიმეორებ _ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა საინტერესო პროექტი ამ თემაზე, მაგრამ თვითონ პრესის წარმომადგენლებმა თქვეს უარი. ჩემი აზრით, ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაცოცხლდეს.
გელა ზედელაშვილი
(გაგრძელება იქნება)

