სექსაღკვეთილების უიმედოდ დავარდნილი რევოლუცია

სექსაღკვეთილების უიმედოდ დავარდნილი რევოლუცია

არჩევნების თემას უხდება, ამიტომ გადაკეთებული ნართაულით უნდა დავიწყო _ მეწვრილმანესთან კატის პატარა ფიგურა შევნიშნე, მომეწონა და ფასი ვიკითხე. ფიგურა 10 ლარი ღირს, მაგრამ მისი ისტორია 100 ლარიო. მეთქი, ისტორია არ მინდა, ფიგურა მომეცი. მომცა ფიგურა და გავუყევი გზას.
ბოჯოო, რაც კი მაწანწალა კატა იყო ქუჩაში, ყველა მე ამედევნა და ზედ მახტებოდნენ შარვლის იმ ჯიბეზე, სადაც კატის ფიგურა ჩავიდე. აცრების თავი მქონდა? _ ავდექი და მოვისროლე ფიგურა მტკვარში. გავხედე და ყველა კატა მტკვარში გადახტა _ ფიგურას მიდევნებულებმა მტკვარში თავი ჩაიხრჩვეს. უცბად გონება გამინათდა და ისევ მეწვრილმანესთან გავიქეცი. მიცნო კაცმა და გაიხარა, კატის ფიგურის ისტორიისთვის დაბრუნდიო? ფიგურის ისტორია არ მაინტერესებს, გაერთიანებული ნაცების ერთობლივი ფიგურა არ გაქვს-მეთქი?
_ მე _ არა, ბიძინას აქვს და მალავს, _ დანანებით მომიგო მეწვრილმანემ.

„გულისყურით წაიკითხეთ ბოლომდე და გაავრცელეთ, გამოგადგებათ 4 ოქტომბერს გამომსვლელებს საქართველოდან და ჩამომსვლელებს საზღვარგარეთიდან:
არ დაკავდეთ წინა დღეებში სექსით _ ენერგიაა 4 ოქტომბრისთვის დასაგროვებელი და საჭირო (სპორტსმენებს შეჯიბრის წინ აკრძალული აქვთ სექსი, ჩვენ ჯარისკაცებმაც ავკრძალოთ _ საქართველოს სჭირდება ასე),“ _ დაარიგა აკაცუკი ჯარისკაცები რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა ვინმე ნანა სანდერმა და მეც უცვლელად მოგაწოდეთ.
სექსი აიკრძალეთო? ის ქალი გამახსენდა, აღშფოთებული რომ შესჩიოდა ტელეჟურნალისტს, ერთი ავი ძაღლი გვყავს უბანში, განცხადებით მივმართეთ მერიას. მოვიდნენ, წაიყვანეს, ვიფიქრეთ, გვეშველაო და ამათ კასტრაცია გაუკეთეს და უკანვე მოიყვანეს _ ის ძაღლი კი არ გვაუპატიურებდა, გვკბენდაო;
მერე ის დრო გამახსენდა, გარედან ჯერ კიდევ ვითომ ღონივრად რომ იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ რეალურად, დემოკრატიულად გამალებით იხვრებოდა შიგნიდან. ტელეხიდი ლენინგრადი _ ბოსტონი „ქალები საუბრობენ ქალებთან“ მიმდინარეობის დროს, სასტუმრო „ლენინგრადის“ ადმინისტრატორმა ლუდმილა ივანოვამ ტელეხიდის ბოსტონელი მონაწილე რომ მიაქვავა „В СССР секса нет“-ო. ითქვა და უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო თუ არ იყო, მოედო მსოფლიოს და მფრინავ ფრაზად იქცა. ლენინგრად-ბოსტონის სტუდიებმა ერთხმად იხუვლეს. 1986 წლის ზაფხული იყო.
საწყალი ქალი! ლენინგრადის ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორი, რომელსაც სექსის მეტი რა უგუმანია საკუთარი სასტუმროს ნომრებში, აიხლართა, _ რაღაც კარგის თქმა უნდოდა დიადი საბჭოეთის სადიდებლად, თან რომ დააზუსტა კიდეც, კატეგორიული წინააღმდეგი ვართ სექსის, ჩვენ სიყვარული გვაქვსო. სიცილმა და აპლოდისმენტებმა გადაფარა მისი შემდეგი სიტყვები „სექსი გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს რეკლამები.“ თავი ის იყო, რომ გადაცემის მონაწილე ბოსტონელმა ქალმა თქვა: ჩვენთან, ტელერეკლამები სექსის გარშემო ტრიალებს. თქვენც გაქვთ ასეთი ტელერეკლამებიო?
მოკლედ რომ ვთქვათ, სექსი ძალზე დამაბრკოლებელი აქტი ყოფილა ყველა დროსა და ყველა ასპექტში, ჰოდა, საგონებელში ვარ ჩავარდნილი, ამ დედამიწაზე ეს ამდენი ზედმეტი მილიარდი უსექსოდ რანაირად გაჩნდა?
ვიფიქრე, მივხვდი-მეთქი _ თუ გიყვარს და ისე ასრულებ სექსუალურ აქტს, სექსი არ გაქვს, მაგრამ თუ არ გიყვარს და ისე კავდები _ სექსით ხარ დაკავებული. რა გამოდის, თვით საქმე „სექსი“ კარგია, მაგრამ სიტყვა „სექსი“ ცუდია?
მაშასადამე, აკაცუკებს აქვთ სექსი, ანუ კი არ უყვართ პარტნიორებს ერთმანეთი, არამედ ცუდი სიტყვა „სექსის“ აღსრულება უყვართ, რაც პირქვე სცემს მათ საბრძოლო შემართებას, ჯანი ერთმევათ და იმიტომაც დანარნარებენ აკაცუკი ყმაწვილები ნიმფებივით. 
„პირდაპირ ვიტყვი, _ შევკრიბეთ ჯარი, ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების, მათ შორის, ჯარისკაცები არიან _ აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი, მებრძოლი ადამიანიც არის. „საქართველოს პულსს“ ჰყავს ასევე ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ჩვენს გუნდში არ არიან, მაგრამ ამ ბრძოლაში ისინიც ჩვენთან ერთად ერთვებიან. პირველი ეს არის, რომ ჩვენ ჯარზე ვდებთ ფსონს“, _ გადარია სექსისგან თავშეკავებამ ეს ქალი, მაგრამ ჰუმანურობა არ დაკარგა, „უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსი“ უნდა მივცეთ „დალეწილი სპეცრაზმელები და პოლიციელები“ არ გვჭირდებაო. ქალები ისეთი გამბედავები ვართ, შეიძლება, კაცი ვერ დაგვიდგეს გამბედაობაში გვერდზეო _ რა ვიცი, რომ წაუთაქებენ, მერე კი წუწკუნებენ, ქალი და გენდერიო...
...და ფილარმონიიდან „გაბრაზებული ქალების მარშიც“ დაიძრა. სექსშეკავებული ქალების მეტი რა მინახავს, მაგრამ გაბრაზებულ ქალებად მაინც ვერაფრით ვერ აღვიქვი ბენზინმსხმელი გედი, იავნანა პაატა და ვინმე კახა გოგიძე _ ამ სამს შიგ ევროპამ ხომ არ გაუჭედათ? საინტერესოა, ესენიც 4 ოქტომბრამდე სექსისგან თავშეკავებულები იყვნენ, ამიტომ აებნათ „რამსები“, თუ ჯერ აებნათ და მერე გახდნენ სექსშეხუთულები?
მანამდე ვიღაც გოგო კაფეში ირაკლი რუხაძეს მიუვარდა მიკროფონით და მოსდო სოცქსელს, ნახეთ, რა გმირობა ჩავიდინეო. კომენტარებში მიუწერეს „ქოცები ტუალეტშიც ვერ უნდა ისხდნენ მშვიდად!“ და იმდენი მოწონება აქვს ამ ახალ იდეას, შევფიქრიანდი.
თხოვნა უნდა გავავრცელო _ „უბორნიის პოეტებსა და მწერლებში“ არ ავერიო, მე ნუ შემომივარდებიან ტუალეტში, რადგან, როგორც წესი, ფეხსალაგში მწერლობით არ ვკავდები და არც ის მაინტერესებს, 4 ოქტომბრის შემდეგ რა სახის სექსუალური აკრძალვა ექნებათ დადებული. ადრე „გაჯავიკად“ ვმუშაობდი და მარტივად შემიძლია შევუსრულო „გაჯავიკების“ პროფესიული შეკითხვა ცხადში: რა მომსახურება გნებავთ ქალბატონო, შეგაჯვა თუ დაგაჯვა?
ისე კი, რა სიაფანდები და ფანტაზიორები არიან... ხან ტელეფონით აპირებდნენ არჩევნების ჩატარებას, ხან 2 მლნ მოსაწვევით, ხან ოთხი სცენით, მერე _ ხელის აწევით და ბოლოს დარჩნენ იდეებამოგდებულები. ნეტავ, რამდენს უხდიან საკუთარი თავის მასხრად აგდებაში?
ახლა ის მაინტერესებს, საბრძოლო ენერგია სად გაეპარათ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, აკაცუკებმა რომელი სექსი აკრძალეს, საქმით სექსი თუ სიტყვით სექსი? რასაც ვხედავ, მხოლოდ ის არის, რომ აკაცუკებმა და მათმა შინაურმა თუ გარეულმა უფროსებმა საკუთარი თავ-ფეხი დაისექსავეს, მაგრამ მაინც არაფერი ეშველათ, გამრავლების ნაცვლად ცოტავდებიან.
აბა, გადავხედო, ამ დროის მონაცემებით ვის როგორ უსექსავია 4 ოქტომბრის საღამოს 8 საათამდე. 
ბატონმა პრემიერმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პროტესტების მხარდაჭერასა და ოპოზიციური ძალების მიერ პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობაში, ასევე კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. სექსუალური შინაარსის მოწოდებიდან გამომდინარე, პაველ ჰერჩინსკის სასტიკი აღვეთა დაუწესებია საკუთარი სექსვნებებისთვის.
გამოკვეთილად სექსაღკვეთილი აღმოჩნდა მსოფლიო ბანი. პატიკომ თქვა, ხელისუფლება გვეკუთვის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილსო; ეხლა აქცია კი არ ტარდება, ეროვნული კრება გვაქვსო და ვასკვნითო, რომ ხალხმა უნდა დაიბრუნოს ხელისუფლებაო _ მოკლედ რომ ვთქვათ, არალეგიტიმური ხელისუფლების ძალაუფლება შეწყვეტილია და საქართველო ჩვენიაო. საქართველოს შსს თუ არ დაგვემორჩილება ჩვენ, მაშასადამე, ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტასო. ჰოდა, ახლა მე ჩამოვთვლი, ვინ უნდა მიიყვანონ საპყრობილეშიო: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილიო. პირადი დაცვაც ვერ უშველით, ისინიც მიეცემიან პასუხისმგებლობაშიო. ჰე, ახლა, შსს რას უცდით, ჩაგვაბარეთ ეს ექვსი პირიო.
მერე ზოდელავა გამოენთო 4 ოქტომბრამდე შეგუბებული მამაკაცური ძალით. ეს ფრაზა საიდანღა მოიგონეს... მოკლედ, დამთავრდა ივანიშვილის მონობა და სულაც, პრეზიდენტის სასახლის გასაღები „სტოლზე“ დაიდოსო. ბიძინა, შე ჩმორო, დღეს გაჩვენებთ, ვინ ვართო.
განსაკუთრებით იმან მომხიბლა, ძალოვნების მშობლებს რომ მიმართეს, მოდით და წაიყვანეთ თქვენი შვილებიო. საბავშვო ბაღი გამახსენდა, კარაქიან პურს რომ არ ვჭამდი და მასწავლებელი მემუქრებოდა, თუ არ შეჭამ, მშობელს ვეტყვი. რომ აღარ მოგიყვანოს ბაღშიო და მაინც არ ვჭამდი.
როგორც ჩანს, პრეზიდენტის სასახლის ეზოს ჯებირების მომრღვევებსაც სექსშეგუბების აქტი ჰქონიათ ჩატარებული და ამიტომაც იყვნენ ჯანზე და მოარღვიეს კიდეც რკინის ღობე. ამდენი ჯოტია ცაავაც იმიტომ გამოჩნდა, მაგრამ ის ვერაფრით ავხსენი, რას ერჩოდნენ, ცეცხლი რატომ წაუკიდეს კაფე-რესტორნის გარე ავეჯს, ნამეტანი ეძვირათ მათი ასორტიმენტის ფასები? ან ნაგვის ურნებს რატომ მოუწყვეს აუტოდაფე, ერეტიკოსების თხზულებები ელაგა მათში თუ იგულისხმებოდა, რომ კახა კალაძის ქონებას აზიანებდნენ?
რა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პირველ მერცხლებად დაკავებული სექსაღკვეთილი პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე, თვით პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გარდა არავის მოსვლია აზრად, რომ ისეთ გმირებად შეეერაცხა ვინმეს ეს ხუთი კაცი, რომელთა გმირობაც საქართველოს ისტორიაში შევა. ყურადღებით ჩავუჯექი მიხეილ ვივამედელის მონოლოგს „გმირებზე“, მანტერესებდა, როგორ გააფორმებდა და თავს როგორ მოუკრავდა ბოლოში, მაგრამ ბოლოში მაინც ვერ გავიგე, რატომ გაისარჯა: „პაატა ბურჭულაძეს ჰყავს უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი დასავლეთში. აქვს ძალზედ კომფორტული სახლი გერმანიაში, ერთ-ერთი ქალაქის ცენტრში, რომელშიც მე არაერთხელ ვყოფილვარ და რომელსაც უვლის მისი ოდესელი მეუღლე.
ამერიკაში მისმა უახლოესმა მეგობარმა, მსხვილმა ბიზნესმენმა, ჩემმა ნაცნობმა და გულშემატკივარმა შესთავაზა მას ბიზნესის ნაწილი და უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ პაატამ გამოიჩინა საოცარი პატრიოტიზმი და საარაკო გამბედაობა. მედგრად შეებრძოლა უსამართლობას და დადგა ქართველების გვერდით. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში. 
დასავლეთის პრესა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას რომ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა ოცნებამ, მაგრამ ხალხი ქუჩაში აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. აი რატომ იყო შეცდომა ამ არჩევნებში მონაწილეობა და სწორი იყო არჩევნების ბოიკოტი და საერთო სახალხო კრების გამართვა 4-ში“, _ დააბოლოვა მოულოდნელი უსახური ეფექტით.
რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს დედა-გიულიზე, „ფრანკლინის კლუბზე“, „კანვასსა“ და მისთანებზე; არც გაღმა-გამოღმიდან ევროგარჯილებზე; არც იმაზე, რომ გაფაციცებული იყო, ეგებ, ახლა მაინც გამოიღონ ფხა და ისევ ამოვიდო საქართველოს პრეზიდენტობა იღლიაშიო.
ამაოდ იღვაწა დედა-გიულიმ _ ისევ ჩაიფსი, მიხეილ?
„ბიჯო, რევოლუციამ ტანჯვის მეტი რა მარგუნა! ჯერ იყო და, ქვეყანას რომ ეძინა, მაშინ ვფხიზლობდი მე! ახლა არის და, ისევ ხალხს უნდა ვემსახურო და ვიტანჯო... თქვენ რა გენაღვლებათ!... ბრძოლის ველზე რო დავეცემი, თქვენ არ დაგრჩებათ ყველაფერი? _ დაანამუსა ხალხი ხმამაღლა, _ მანამდე არ აგიდგათ გვერდებიო, _ ჩაილაპარაკა თავისთვის და ცხენდაცხენ გზა განაგრძო ყვარყვარემ.“
ჩაიშალა კიდევ ერთი რევოლუცია, ამჯერად უკვე სექსშეკავებულთა. აფსუს, ამაოდ მოიკლეს 4 ოქტომბრამდე ცხოვრებისეული სიამენი, ტყუილად დაზარალდნენ...
ახლა ორი რამ მაინტერესებს. პირველი, როდემდე უნდა იყოს გაპარპაშებული ვივამედელი „ვივამედში“ და მეორე _ ისევ იმ აზრზე დგას, რომ საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანის საფასურად საკუთარი სხეულით გადაიხდის საფასურს?
მისი სიტყვები გამახსენდა, აწ ვივამედელმა, მაშინ კი ავტომრბოლელის ფორმაში გამოწყობილმა, ავტომრბოლელისავე ჩაფხუტით ხელდამშვენებულმა, მიხაელ შუმახერის პოზაში დამდგარმა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსქვეშ რომ თქვა რიხიანად: „დამატებით, მზად ვარ, მოვიჭრა და გავუგზავნო მათ (რუსებს) ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც მათ არაერთხელ გამოხატეს თავისი ინტერესი, აუცილებლად მზად ვარ, რომ ესეც კი გავაკეთო და ამას ვამბობ ყოველგვარი ირონიის გარეშე, ოღონდ, გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები“, _ დასძინა მაშინ აწ უკვე მიხეილ ვივამედელმა.
ცხადია, საქართველოს ტანმაღალი პრეზიდენტის ეს სიტყვები იმავ წამს გაიგო ტანმორჩილმა რუსთხელმწიფემ და ალბათ, გულიც აუჩუყდა, როგორც მამაკაცს. ვფიქრობ, იმდენად შეიძვრებოდა მისი მამაკაცური ეგო, დღემდე რუკას დასცქერიან, საქართველოს პრეზიდენტის მოკვეთილი მამაკაცური ღირსების სანაცვლოდ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებულ ტერიტორიებს ზემოდან „კრასნოდარსკი კრაი“ დაამატონ, „სტავროპოლსკი კრაი“ თუ ორივე ერთად. 
ამ ბოლო ცდამაც არ გაამართლა, ვერაფრით ვერ დაადგეს თავი რამენაირ რევოლუციას, ხეირი აღარ არის არსაიდან. აღარც რაიმე არჩევნები ახლოვდება; აღარც სვავობაში უმართლებთ, რომ სისხლზე ააგორონ რამენაირი რევოლუციური ტალღა და ის დროა, მიშას შეუძახოს ვინმემ: მიდი მიშა, მიდი, გადაუგდე მაგ ძაღლებს ეგ საოხრე, პრეზიდენტი აღარ ხარ და ვერას გახდები; თუ მეტის არა, ოთხი შვილის მამაც უკვე ხარ: რაც გინახავს, ვეღარ ნახავ და მაინც ოხრად დაგრჩება...
დასკვნა: არ დაუჯერეს ნანა სანდერსს _ არადა, თავიანთივე პოტენციური მომხრეების ტვინებზე სექსუალურად რომ არ ეძალადათ და ზედდართული, ქუჩა-ქუჩა არ ესექსევათ დოლ-ტაშტის რახუნის ფონზე სამი წლის განმავლობაში, ეგებ, შაჰის ცოლობისთვის აზრიანად გამოეკრათ ხელი.
მე-5 ცდაზე ახალი სახის პატიმრები გვეყოლება _ სექსშეკავებულები!
 ოპოზიცია კი არა, ბოროტი კლოუნების დოღი გვაქვს...

ზურა ოშხერელი