„პოლიტკაჩავი“ - ამხანაგ სტალინის სახელობის სრუტე

„პოლიტკაჩავი“ - ამხანაგ სტალინის სახელობის სრუტე

ტრამპი რომ მედღეხვალიე ნატურაა, უკვე დავრწმუნდით, მაგრამ ფანტაზიორიც რომ ყოფილა და მგონი, დემენციის ნიშნებიც დაერთო, ამას ახლა ვიძიებ. რამ გამახსენა და, ვიღაცას გაახსენდა მისი ნათქვამი და კრემლის პროპაგანდისტისა და როგორც ამბობენ, პუტინის ახლობლის, ვლადიმირ სოლოვიოვის მუქარა მიაბა.
მოკლედ, აუდიოჩანაწერში ისმის ხმა, რომელიც, სავარაუდოდ ტრამპის ხმაა, მაგრამ რადგანაც სოლოვიოვი აბობოქრდა, დანამდვილებით იციან, რომ ტრამპი ამბობს: „პუტინს ვუთხარი, თუ უკრაინაში შეიჭრები, მოსკოვს დავბომბავ, სხვა არჩევანი არ მაქვს-მეთქი და მან თქვა, არ მჯერა, შანსი არ არისო. მე კი ვთქვი: შანსია. მან მითხრა, შენი არ მჯერაო, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ 10%-ით დამიჯერა.
მერე, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ვარ და მასაც იგივე ვუთხარი: თუ ტაივანში შეიჭრებით, პეკინს დავბომბავ-მეთქი. მან იფიქრა, რომ მე გიჟი ვარ. მითხრა პეკინი? პეკინს დაბომბავ?“ მე ვუთხარი: სხვა არჩევანი არ მაქვს. თქვენი დაბობვა მომიწევს. პეკინს დავბობავთ _ და მანაც არ დამიჯერა, მან თქვა 10% და ეს 10% სულ ის არის, რაც გვჭირდება. სინამდვილეში, 5%-იც საკმარისია იქნებოდა“, _ ისმის აუდიოჩანაწერში. 
გაგულისებული სოლოვიოვი საკუთარი გადაცემის ეთერში დონალდ ტრამს ბირთვული იარაღით, ფაქტობრივად, დაემუქრა: ასეთი მარტივი შეკითხვა გამიჩნდა: რამდენი პროცენტით დაიჯერებს ტრამპი, თუ ვიტყვით, რომ ამერიკას მიწასთან გავასწორებთ?
რამდენი პროცენტით დაიჯერებს ტრამპი, როდესაც მიხვდება, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად ამოქმედებული ორი „პოსეიდონი“ წარმოქმნის რადიოაქტიურ ცუნამს, რომელიც საუკუნოდ შექმნის ამხანაგ სტალინის სახელობის სრუტეს?
რამდენი პროცენტით დაიჯერებს ან მიხვდება ამხანაგი ტრამპი, როდესაც გაიაზრებს, რომ ჩვენი წყალქვეშა ნავები აღჭურვილია საკმაოდ ძლიერი იარაღით, რომელსაც ვერც ოქროს, ვერც ბრილიანტის და ვერც მძ***რის გუმბათი ვერ დაიცავს?
ყოფას გიტირებთ, აღგგვით მიწის პირიდან!
თქვენ რა, შეიშალეთ? თავი ვინ გგონიათ? თავი ვინ გგონიათ ამერიკელებო?
ცოტა აზრზე მოდით, პირუტყვებო!
ხალხს არ მივმართავ, იმათ ვეუბნები, ვინც ტრამპს ამ იდიოტურ წინადადებებს უჩურჩულებს ყურში.“
დედა, რა იყო ეს?
კარგი, ტრამპს როდესღაც წამოურიკინა, ამ პატივცემულ სოლოვიოვს ახლაღა რამ გაახსენა, რაჭველია?
რაჭველი მე ვარ და მე კიდევ იმას გავიხსენებ, 2022 წლის მარტში ისრაელის პრემიერი ბენეტი მოსკოვში რომ ჩავიდა და პუტინს შეხვდა. მანამდე ბენეტი უკრაინაში იყო და ზელენსკის შეხვდა. ბენეტი იხსენებდა: „ზელენსკის კიევში, ბუნკერში შევხვდი. ის შიშობდა, რომ პუტინი მას მოკლავდა. მოსკოვში ჩასვლისას პუტინს კრემლში ვუთხარი ზელენსკის შესახებ. მან მითხრა, რომ არ აპირებდა ზელენსკის მოკვლას _ იცის, რომელ ბუკერშიც არის და მისი მოკვლა რომ გვდომოდა, ომის პირველივე წუთებში მოვკლავდითო. ასე რომ, გადაეცით ზელენსკის, მშვიდად იყოს, მისი სიკვდილი რუსეთის ინტერესებში არ შედისო.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აეროპორტისკენ მიმავალმა, გზიდან დავურეკე ზელენსკის და ვუთხარი ამის შესახებ. _ მართლა? _ მკითხა მან. დავუდასტურე, კი, არ აპირებს შენს მოკვლას, არ სჭირდება ეგ.
ისრაელში ჩავფრინდი მოსკოვიდან და მითხრეს, რომ ზელენსკი, ჩემი მასთან საუბრიდან მალევე, ბუნკერიდან ამოსულა, კიევის ქუჩაში ტელევიზიებთან ერთად გამოჩნდა და პუტინს მიმართა, აგერ ვარ, არსად არ ვიმალებიო. ეს არ იყო ზელენსკის მხრიდან სწორი საქციელი, ამით მეც უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა.“ 
ბენეტი ზელენსკის შეხვდა ბუნკერში, პუტინს კი შეხვდა კრემლში. ეს ის დროა, როცა თუთიყუშებივით იმეორებდნენ გამოთაყვანებული მედიები, რომ პუტინი ურალში იმალებოდა გასაიდუმლოებულ ბუნკერში და შეშინებული თრთოდა, ხოლო გმირი ზელენსკი უშიშრად დაიარებოდა კიევის ქუჩებში. ძალიან მონდომებულებმა პუტინის ბუნკერის ფოტოც დადეს. კითხვა დამებადა, თუ გასაიდუმლოებული ბუნკერია, ამათ ფოტოები ჰქონიათ და რანაირად არის გასაიდუმლოებული-მეთქი?
ზელენსკიზე ჩვენი „სნეული ბუღა“ გამახსენდა. სარკოზი იხსენებდა: „11 აგვისტოს მოსკოვში ჩავედი, პუტინს და მედვეევს შევხვდი. პუტინი ისე იყო გაბრაზებული სააკაშვილზე, ხეზე მის ჩამოკიდებას აპირებდა. მე ვუთხარი, როგორ შეიძლება პრეზიდენტის სიკვდილით დასჯა? ბუშმა ხომ ჩამოახრჩო ჰუსეინი, მეც ეგრე მივიქცევი, _ მიპასუხა პუტინმა. მე ვუთხარი, ბუშის მსგავსად ცუდად უნდა მოიქცე? პუტინი ჩაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ უკვე წყნარად მეუბნება: წადი თბილისში, ხელი მოაწერონ კაპიტულაციას, ხოლო სააკაშვილის ბედი თვითონ ქართველებმა გადაწყვიტონ.“
12 აგვისტოს, როცა ვაჟკაცი ბიჭების ცხედრები მზეზე იხრწნებოდა, დევნილები ღია ცის ქვეშ იყვნენ დარჩენილები და ჯარი საფანტივით იყო გაფანტული, სააკაშვილმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას, შემდეგ კი კონცერტი გამართა...
დრო და დრო ვიღაც იკითხავს ხოლმე, რა ემღერებოდათო? რატომაც არ ემღერებოდათ, _ რადგან სააკაშვილმა კაპიტულაციას უსიტყვოდ მოაწერა ხელი, პუტინი „ხეზე აღარ ჩამოჰკიდებდა“, დაბეჩავებული ხალხი მის ბედს ვერ გადაწყვეტდა და ხელისუფლებაში ნეტარებას მშვენივრად განაგრძობდა.
ახლახან, ტრამპმა რომ დაიჩივლა, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰამენეი სიკვდილს მე გადავარჩინე, თორემ ისრაელი მოკლავდაო, მაშინ გამახსენდა ვოლოდიმირ ზელენსკიც და მიხეილ სააკაშვილიც. საქმე იმაში გახლავთ, რომ რასაც ვხედავთ, პუტინი ცივი გონების, პრაგმატული ადამიანია, მისთვის სასარგებლო ორი იდიოტი რომ არ მოკლა, იგივეს არ გააკეთებს მოთუხთუხე ტრამპი, თუ წამოუფრინა, აიათოლა ჰამენეის კი არა, ინდიელების პირველ ბელადს ამოთხრის და თუ რამე დარჩა მისგან, იმასაც მოკლავს... თუმცა, ბოლო მომენტში შეიძლება უცბად წამოუფრინოს და განაცხადოს, რომ კარგი ბიჭია აიათოლა და გადაიფიქროს. იმასაც არ იტყვის, რატომ გადაიფიქრა, ძუნწად მოგვიგდებს, რაღაცაზე მოვრიგდით-გავრიგდით-შევრიგდითო და სხვა რამეზე გადაერთვება...
ეს ყველაფერი იქით იყოს „ლირიკა“ ახლა იწყება!
პუტინთან სამ ივლისს სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპი ხომ იმედგაცრუებული აწყდებოდა თეთრი სახლის კედლებს და მსოფლიო დავდევდით უკან, პუტინისგან გულგატეხილმა არაფერი მოიწიოსო. ჰოდა, ცოტა რომ მოფერიანდა, განაცხადა, 14 ივლისს მნიშვნელოვან განცხდებას გავაკეთებ რუსეთზეო. ახლა მთელი მსოფლიო კალენდარს ვეცით და 14 ივლისი მოვნიშნეთ.
გათენდა ტრამპისტული 14 ივლისი და ნატოს-ს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, _ უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რომ ევროპა იხდის ყველაფრისთვის, ჩვენ აღარ ვიხდითო: „ოკეანე გვყოფს... ჩვენ საუკეთესო პროდუქციას ვაწარმოებთ, მაგრამ ამის გაგრძელება აღარ შეგვიძლია. ბაიდენს ეს წლების წინათ უნდა გაეკეთებინა. ჩვენ ვაწარმოებთ საუკეთესო აღჭურვილობას, საუკეთესო რაკეტებს... ევროპელებმა ეს იციან. დღეს ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გავუგზავნით მათ იარაღს და ისინი გადაიხდიან მის საფასურს. აშშ არანაირ გადახდას არ მოახდენს. უკრაინას გაუგზავნის იარაღს, მათ შორის „პატრიოტის“ ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს და განმარტა, აშშ არაფერს არ გადაიხდის. იარაღი გადაეცემა ევროკავშირს, რომელიც გადაიხდის ღირებულების 100%-ს და გადასცემს უკრაინას,“
„არაფერი პირადული, მეგობარო, ეს მხოლოდ ბიზნესია!“ _ დაამატა თუ არა ეს ინგლისური გამონათქვამი, არ ვიცი, მაგრამ ასე კი იყო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. ეს არის მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღება, რომლის შეძენაც აშშ-სგან მოხდება და „ნატო-ს“ გადაეცემა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე სწრაფად გადანაწილდება. მას უკრაინა მიიღებს“, _ გამარტა ტრამპმა.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ერთი „პატრიოტის“ ტიპის რაკეტა მილიარდ დოლარზე მეტი ღირს, ხოლო მისი ერთი რაკეტა 4 მლნ დოლარი _ სარფიანად უვაჭრია ტრამპს, ყოჩაღ, ძმაო!
მარკ რუტე პუტინის შიშით ტრამპის ხიბლში იყო ჩავარდნილი თუ რა სჭირდა, არ ვიცი, მაგრამ ნეტარებით კი ჭყლოპინებდა, ტრამპის გადაწყვეტილება შესანიშნავი სიახლეა ჩვენთვისო; ლოგიკურია ტრამპის მიდგომები, რომ უკრაინის ტავდაცვისთვის საჭიროა შეიარაღების საფასური ევროპამ გადაიხადოსო; ეს მხოლოდ პირველი ტალღაა, კიდევ უფრო მეტი იქნება, ვიმუშავებთ „ნატო-ს“ სისტემების საშუალებით, რათა გავიგოთ რა სჭირდებათ უკრაინელებს და და შევადგინოთ დახმარების პაკეტებიო; უკრაინის მხარდაჭერა, რათა ამ ქვეყანამ შეინარჩუნოს სიმტკიცე, ასევე გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს „ნატო-ს“ თავდაცვითი სამრეწველო წარმოება, რეალურად ევროპის გააქტიურებას მიშნავს და ამის თანამონაწილედ ყოფნა გერმანიას, ფინეთს, დანიას, შვედეთს, ნორვეგიას, გაერთიანებულ სამეფოს და კანადას სურსო.
ახლა სოლოვიოვი რომ გამოვიდეს და თავის გადაცემაში იკითხოს, ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად რომელს სურს საკუთარ ქვეყანაში იხილოს ამხანაგ ბერიას ღრმულიო, გამეცინება, მაგრამ არ გამიკვირდება.
პუტინისგან იმედგაცრუებულმა ტრამპმა ისიც თქვა, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების სამშვიდობო შეთანხმებას ორმოცდაათ დღეში ვერ მიაღწევენ, რუსეთს 100%-იან მეორად ტარიფს დაუწესებს. „მეორადი ტარიფები“ იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან ვაჭრობის მქონე ქვეყნებს ტარიფები დაუწესდებათ.
მე რომ ვლადიმერ პუტინი ვიყო, დავფიქრდებოდი და უკრაინაზე მოლაპარაკებს უფრო სერიოზულად მივუდგებოდიო, _ თქვა რუტემ, რომელიც პუტინი არ არის.
მე მაინც „ამხანაგ სტალინის სახელობის სრუტესთან“ ვარ, _ მახსოვს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობებში რუსეთთან დიალოგი და ურთიერთობების აღდგენა იყო, ახლა, როდესაც ასეთი ვითარებაა სამეზობლოში, მართლა მართებული იქნება თავის შეკავება, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში?
ვიღაცამ ვარაუდი გამოთქვა, სანამ უკრაინაში ომი არ დამთავრდება, რუსეთთან ჩვენი დალაპარაკება არ შეიძლება, 25 წელი ვცხოვრობდი უკრაინაში და ხახოლებზე მეტად ზურგიდან მახვილჩამცემი ხალხი ვერ წარმომიდგენია _ რუსეთთან დალაპარაკების გამო საიდანმე რამდენიმე დრონს შემოაფრენენ და თბილისს დაბომბავენო. კი არ გამიკვირდება, უბრალოდ, არ მინდა...

ზურა ოშხერელი