ცოტნე ივანიშვილის კეთილშობილური მიზანი და აკაცუკების უაზრო როკვა

ცოტნე ივანიშვილის კეთილშობილური მიზანი და აკაცუკების უაზრო როკვა

რა თქვა ცოტნე ივანიშვილმა ისეთი, მთელი სააკაცუკეთი ფეხზე რომ დადგა? ცუდი არაფერი, პირიქით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეკრებაზე გამოვიდა და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარიო. იმედი მაქვს, მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ ესაუბრონ და ეკამათონ ერთმანეთსო.
მართლაც არაფერია ამ ნათქვამში ცუდი და საკამათო, ხომ? ახალგაზრდა კაცი გახარებულია, ჩემს თანატოლებს შორის საუბარი დაიწყოო. 
როგორ გამოეხმაურა ცოტნე ივანიშვილის ამ კეთილშობილურ განზრახვას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ახალგაზრდა, მაგრამ ნაადრევად გაფუჭებულ-დაბერებული ლევან სანიკიძე, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლი გუბაზ სანიკიძის „ვაჟკაცი“? მან პირდაპირ მიმართა ცოტნეს: „კი, ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან... მამაშენის დავალებით ასახიჩრებდნენ ამ ქვეყნის მომავალს... მოდი, დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი, სადაც ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით თამაშობთ“.
როგორც ხედავთ, ნამეტნავად მრისხანე მიმართვა გამოუცხვია გუბაზის ძეს. მართალია, დასახიჩრების არც ერთი მტკიცებულება არ მოუტანია, არც სადარბაზოსთან ნაცემის სურათი უჩვენებია, მაგრამ სიტყვასაც ხომ დიდი ძალა აქვს? სახლში გახსენი დისკუსია, სადაც მოქალაქეების ბედით თამაშობთო. ეტყობა, გუბაზის ძემ თავის სახლში უკვე გახსნა დისკუსია და დაადგინა, რომ სააკაშვილის ხროვას არც სანდრო გირგვლიანი მოუკლავს, არც ბუტა რობაქიძე, არც სულხან მოლაშვილი, არც გიორგი გამცემლიძე, არც სერგო თეთრაძე, არც 170 ახალგაზრდა ჩაუხოცავს ვინმეს ქუჩაში, არც ციხეებში აუპატიურებდნენ პატიმრებს, არავინ მოუკლავთ და, რაც მთავარია, არავისთვის არაფერი წაურთმევიათ. 2007 წლის 7 ნოემბერი დაგვესიზმრა, 2011 წლის 26 მაისიც დაგვესიზმრა, 2008 წლის ომი დაგვესიზმრა, „იმედში“ შევარდნა და იქაურობის დალეწვაც დაგვესიზმრა. გუბაზმა თავის ძეს საიდუმლო გაუმხილა - შვილო, ეგ ყველაფერი მე მოვიგონე, ჩემი ზღაპრები იყო, სააკაშვილს და მის „თანამებრძოლებს“ მსგავსი არაფერი ჩაუდენიათო. 
გუბაზის ძე ამის გაგონებაზე შეკრთა - როგორ, მამა, განა ამდენი რამის მოგონება და გავრცელება შეიძლებოდაო? კი, შვილო, მაშინ სხვანაირი დრო იყო, ნამდვილად შეიძლებოდაო, - მიუგო გუბაზმა და ოჯახური კონფერენცია თუ დისკუსია ამით დასრულდა.
გავა დრო, წლები, გუბაზის ძესაც ჰკითხავს თავისი შვილი (ალბათ, იმასაც გუბაზი ერქმევა) - მამა, ამდენ სიცრუეს რომ იგონებდი, განა შეიძლებოდაო? გუბაზის ძე ცოტა ხანს ჩაფიქრდება, მერე კეფას მოიფხანს და მიუგებს - ჰო, შვილო, მაშინ სხვანაირი დრო იყო, შეიძლებოდაო. არ ვიცი, შეიძლება გუბაზის ძეს არც არაფერი ჰკითხონ, რადგან ესენი ასე ცხოვრობენ, ამ პრინციპით მიერეკებიან თავიანთ ქარავანს და თქვენ წარმოიდგინეთ, სულ ტივტივებენ. როგორც კი გუბაზმა იგრძნო, ჩემი ჩაძირვის დრო დგებაო, თავისი ვაჟი „ამოატივტივა“, მიშა მაჭავარიანმაც მიბაძა და თავისი ვაჟი გამოაგორა. სხვებმაც გამოაჩინეს ნაშიერები, მაგრამ არც ერთი არ ვარგა არათუ პოლიტიკოსად, კაცადაც კი. 
ცოტნე ივანიშვილმა ისიც თქვა, ვწუხვარ ძალადობის გამო, ეს უნდა ჩანაცვლდეს დებატებითო. ესეც არ მიიღო სააკაცუკეთმა, იქით შეტრიალება სცადა _ აგერ, ნახეთ, ცოტნეც კი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, ძალადობას გმობსო. არადა, მათი აქციების ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, ისინი ძალადობდნენ პოლიციელებზე, „ქართული ოცნების“ წევრებსა და რიგით მომხრეებზეც კი. ეს უდღეურები ამასაც სათავიანთოდ იყენებენ.
იმას, რომ თავზეხელაღებულები დღეს ციხეში „სინდისის პატიმრების“ სტატუსით სხედან, ვერ დავარქმევთ სახელმწიფოს მხრიდან ძალადობას. ცოტნე ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ძალადობა და ვინ არის მოძალადე. რასაკვირველია, ასეთ ქმედებებს ყველა ვგმობთ და ეს უნდა დასრულდეს! კაცმა რომ თქვას, დასრულებულია კიდეც, რუსთაველზე ასიოდე დასეტყვილი ინდაური რომ დაბოდიალობს, ეს უკვე მათი პრობლემაა _ დღეებს ითვლიან და ამით ამაყობენ. კი, მაგრამ რატომ 500 დღე? ისინი ხომ დღეში 1 საათით გამოდიან, ფილარმონიასთან იკრიბებიან, პარლამენტის შენობის წინ ჩერდებიან და მერე იშლებიან? მათ უნდა თქვან, რომ 500 საათი ქუჩაში არიან. ეს რომ გავყოთ 24-ზე, იმდენად ცოტა გამოდის, ვერც კი ვამხელ.
სარკოფაგიდან ამოსული და ცოცხზე გადამჯდარი ირინა სარიშვილი ბინძურ სიტყვებს არ იშურებს ცოტნეს მიმართ _ თურმე ხალხმრავალი აქცია უნდა დაიგეგმოს მის აზრზე მოსაყვანად, რომელმაც არ იცის, რომ ძალადობის სათავეში მისი მამაა. წარმოგიდგენიათ? პუტჩისტი ქაჯი სხვას ეძახის, ძალადობის სათავეში მამაშენიაო, განა ეს პარადოქსი არ არის? ქალი, რომელიც ზვიად გამსახურდიას დახვრეტას ითხოვდა და ე. წ. ინტელიგენცია რუსთაველზე შევარდნაძის გადაფურთხებულის ასალოკად დააჩოქა, ძალადობაზე ლაპარაკობს... 
თურმე ყველა დეგენერატს აქვს უფლება, საკუთარი შვილი პოლიტიკურ სარბიელზე გამოუშვას და ბიძინა ივანიშვილს ეს ეკრძალება. რატომ? თურმე ის მოძალადეა. მეგობრებო, აქ შეგიძლიათ, გაიცინოთ, მაგრამ იცით, მე უფრო რას ვატყობ? მე მგონი, აკაცუკებმა ცოტნე ივანიშვილში მომავალი პოლიტიკოსი დაინახეს და ამიტომაც შეშფოთდნენ. როგორ, კაცო, ერთი ივანიშვილი ვერ მოიშორეს და ახლა მეორე გამოჩნდეს? ერთის მოშორება ასე ჭირს და ორისა ხომ უფრო გაჭირდება? როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ დაიწყეს მასობრივი შეტევა ამ ბიჭზე, ეგებ, როგორმე გადააფიქრებინონ და ათქმევინონ, ერთი თქვენიც, წავედი, აღარაფერი მინდაო?
თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მოესწრებიან. თუ ცოტნე ივანიშვილი პოლიტიკაში მოვა, მას აუცილებლად წარმატებები ექნება. 

გელა ზედელაშვილი