მერაბ დვალიშვილი: რა თქმა უნდა, ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში ჩატარდეს UFC

მერაბ დვალიშვილი: რა თქმა უნდა, ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში ჩატარდეს UFC

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს სპორტის მინისტრთან ერთად მის აგენტსაც აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში UFC-ის ღონისძიების ჩატარების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში.

ჩემპიონის თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში საქართველომ უმასპინძლოს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის ღონისძიებას.

„რა თქმა უნდა, ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში ჩატარდეს UFC. ჩემმა მენეჯერმა მიიღო მონაწილეობა, რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო [UFC-ის ღონისძიებასთან დაკავშირებით] ანუ რეალურად დაიძრა საქმე. UFC-დან მწერენ, რომ ნახეს კადრები, ახლაც მთელი მსოფლიო გვიყურებს ახლაც - რიყეზე რომ ვიყავით და აეროპორტშიც დამხვდნენ [გულშემატკივრები]”, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

მერაბ დვალიშვილი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. იგი მოგვიანებით გულშემატკივრებს რიყის პარკში შეხვდა.

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ნიუარკში UFC 316-ის ღონისძიების ფარგლებში UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს 9 ივნისს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, UFC-ის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას.