რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციას ნერონის ფსიქოლოგია აქვს
გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:
_ ბატონო რამაზ, თვითმმართველობის არჩევნები შედგა. პრემიერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა რეკორდული ხმები მოიპოვა.
_ ოთხ ოქტომბერს ჩემთვის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა, თუ რა შეფასებას მისცემდნენ საარჩევნო პროცესს უცხოელი დამკვირვებლები. მათ არჩევნები დადებითად შეაფასეს. საპარლამენტო არჩევნებზე დასავლეთის ტენდენცია იყო, შედეგები არ ეღიარებინათ. ამჯერად, წარმოდგენილ დამკვირვებლებს არჩევნების მიმდინარეობის პროცესთან და შედეგებზე პრეტენზია არ ჰქონიათ. რაც შეეხება ოპოზიციას, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მისი მხრიდან მხოლოდ ხელისფლების შეცვლის მოწოდება ისმოდა. ოთხი ოქტომბრის საარჩევნო პროცესი, პრაქტიკულად, 2012 წლის მსგავსი აღმოჩნდა, როცა ხელისუფლების ბედი წყდებოდა. ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ, პირდაპირ ხელისფლების დამხობის საკითხი დააყენა. ამიტომ ხალხში 2012 წლის განწყობა, სულისკვეთება ამოტივტივდა. შედეგიც ბუნებრივი მივიღეთ _ საზოგადოებისთვის ეს ოპოზიციური ჯგუფები ისევე მიუღებელია, როგორც 2012 წელს იყო. რეალურად, მოსახლეობისთვის მიუღებელი ოპოზიციის პოლიტიკური პოზიცია (რაც მათ არ გააჩნიათ) კი არ აღმოჩნდა, არამედ კრიმინალური ტენდენციები.
ოპოზიცია ახლაც თანახმაა, მიზნის მისაღწევად ძალა გამოიყენოს. ასე იყო 2003 წელსაც, როცა ხელისუფლებაში ნაცები მოვიდნენ. ხალხს მოძალადე ხელისუფლება აღარ უნდა. 2012 წელს ივანიშვილის გამოჩენამ ხალხი დარაზმა და ხელისუფლება შეიცვალა. ამჯერად საკითხი ასე დადგა: ხალხმა დაინახა საშიშროება, რომ შესაძლოა, ბაჩო ახალაია, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე და სხვანი ხელისუფლებაში მობრუნებულიყვნენ. საზოგადოების განწყობა მაშინვე თითქოს 2012 წელს არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდა. გვახსოვს, როგორი მობილიზება გაუკეთა საკუთარ თავს ხალხმა 2012 წელს და საარჩევნო უბნებზე გავარდნენ, რათა მოძალადე ხელისუფლება გადაეგდოთ. ახლაც, ხალხი იმავე განწყობით წავიდა საარჩევნო უბნებზე, ოღონდ ამჯერად იმისთვის, რომ ის მოძალადე ხელისუფლება უკან არ მობრუნებულიყო.
ოპოზიციამ სცადა, ამომრჩეველი დაერწმუნებინა, არჩევნებზე არ მისულიყო, თუმცა უშედეგოდ. ახლაც 2012 წლის ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა, როცა ანტინაციონალურმა განწყობამ ივანიშვილს დიდი უპირატესობით გამარჯვება მოუტანა. ამჯერადაც იგივე განმეორდა _ კახა კალაძემ რეკორდული ხმების რაოდენობა მოიპოვა. ოპოზიციამ 2025 წლის არჩევნებშიც იგივე შინაარსი ჩადო, რაც 2012 წელს. ამიტომ შედეგიც იგივე დადგა.
_ ოპოზიციური პარტიების ხმები როგორ გადანაწილდა?
_ ამ ადგილობრივ არჩევნებზე ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ „გირჩმა“ მოულოდნელად სოლიდური შედეგი აჩვენა. ამ პარტიაზე სერიოზულ ფსონს არავინ დებდა. საქმე ის არის, რომ იაგო ხვიჩია ოპოზიციის მიმართ კრიტიკული იყო და ამ დამოკიდებულებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. თორემ რაიმე განსაკუთრებული პროგრამა მას მოსახლეობისთვის არ წარუდგენია. დიდად არც მოსახლეობაა პროგრამებზე ორიენტირებული. ასევე, ჩემთვის მოულოდნელი იყო „ლელოს“ შედეგიც, რადგან ის კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდებოდა. ყველაზე მოკრძალებულად გახარიას შედეგს მივიჩნევ. გახარიას პერსონაჟის პოლიტიკური ხიბლის გამოყენება გუნდმა ვერ შეძლო, რადგან თვითონ პარტიაში ნაკლებად მოიძებნება პირები, რომელთაც შეუძლიათ პოლიტიკურად პარტიის ტვირთი აიღონ, თამაში წაიყვანონ. გახარიას არყოფნამ პარტიის შედეგებზე გარკვეული როლი ითამაშა. მესამე პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა, „კონსერვატორებია“, რომელიც დაპირისპირებებში ნაკლებად მონაწილეობდა და იმდენად თვალშისაცემი არც იყო. ამ პარტიაში ლიდერებზე მეტად, წამყვანი როლი შეიძლება თავად კონსერვატიულმა იდეებმა ითამაშოს. ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში _ კონსერვატიული იდეები წამყვანია. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ქართული საზოგადოება პატრიოტულ იდეებზე, საქართველოზე ფოკუსირებულ საკითხებზე უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ულტრალიბერალური იდეების მიმართ.
_ როგორ ფიქრობთ, დასავლეთი ისევ დაიწყებს არჩევნების გაყალბებაზე საუბარს თუ შედეგის გათვალისწინებით პოზიციას შეიცვლის?
_ არ მაქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი პოლიტიკას არჩევნების მაჩვენებლის მიხედვით ააგებს. საპარლამენტო არჩევნები ისევე, როგორც ახლა ადგილობრივი, შესანიშნავად ჩატარდა _ ქვეყნის მასშტაბით სულ 25 საჩივარი დაიწერა. 2024 წელსაც საჩივრების რაოდენობა მინიმალური იყო, მაგრამ როგორ მოიქცა დასავლეთი? _ მან ეუთო/ოდირის დასკვნა გვერდზე გაწია და არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. ამიტომაც აღარ ჩამოვიდა ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებზე. მან ხელახლა შეურაცხყოფის მიღება აღარ ისურვა. ანუ, დასავლეთისთვის რეალობას მნიშვნელობა არ აქვს, გააჩნია, თავად რა უნდა. მას ნამუსი არც ახლა შეაწუხებს _ თუ აწყობს, იტყვის, არჩევნები გაყალბდაო, როცა არ აწყობს, მაშინ მიშა დემოკრატიის შუქურაა. სააკაშვილი არჩევნებს ათეული პროცენტით აყალბებდა, მაგრამ დასავლეთიდან შენიშვნაც კი არასდროს მიუღია.
ამიტომ მეეჭვება, თვითმმართველობის არჩევნებმა დიდი ცვლილებები მოიტანოს. თუ პოლიტიკაში რაიმე შემოიტანს ცვლილებას, ეს დასავლეთის შიდა პოლიტიკური პროცესები იქნება. ამ მხრივ შეიძლება უფრო ოპტიმისტები ვიყოთ და ჩავთვალოთ, რომ ევროპის დამოკიდებულებაში ჩვენ მიმართ რაღაც ცვლილებები მოხდება. კობახიძის კოპენჰაგენის სამიტზე ვიზიტი მაფიქრებინებს, რომ ასეთი ცვლილებები არსებობს, რაც ურთიერთობების გაუმჯობესების საფუძველი იქნება. მით უფრო, რომ ევროპელმა ლიდერებმა პრემიერს ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა აღუთქვეს. მათ საქართველოს პრემიერისთვის შენიშვნები აღარ მიუციათ, რაც საყურადღებო ფაქტია.
_ არჩევნების პარალელურად, თავისუფლების მოედანზე პაატა ბურჭულაძემ სახალხო კრება გამართა და დასაჭერთა სიაც წაიკითხა. ზოდელავამ კი ხალხს პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მოუწოდა.
_ ჩემი ყურადღება სტატისტიკამ მიიპყრო. კერძოდ, ბოლო ხანების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადგილობრივ არჩევნებში სამი საათისთვის მოსახლეობის 30% უკვე მისულია, რაც ლეგიტიმაციისთვის არის საჭირო. საპროტესტო აქცია ორგანიზატორებმა ოთხ საათზე დანიშნეს. ხომ უნდა მიექციათ სტატისტიკისთვის ყურადღება?! სამ საათზე არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. მაშინ რას ამხობდნენ?! არჩევნების ჩაშლის მიზნით, რაც გაცხადებული ჰქონდათ, ამ ნაბიჯის გადადგმა გაუგებარია, რადგან ამ დროისთვის ხალხს უკვე არჩევანი გაკეთებული ჰქონდა. თუ არჩევნების ჩაშლა არ უნდოდათ, აბა, მიზანი რა იყო??! მივდივართ დასკვნამდე, რომ არჩევნების ჩაშლა კი არა, არამედ ხელისუფლების ხელში აღება უნდოდათ. აქვე ჩნდება მეორე შეკითხვა _ თუ ხელისუფლების აღება იყო გეგმა, ოთხ ოქტომბერს რატომ ელოდებოდნენ?! ამის ორგანიზება ნებისმიერ დღეს შეეძლოთ. ამიტომ მათი მოქმედებები, მინიმუმ, ლოგიკას არ ექვემდებარება.
სოციალურ ქსელში იწერებოდა რეპლიკები: თავისუფლების მოედანზე ვართ, მაგრამ არ ვიცით, აქ რას ვაკეთებთო. ბურჭულაძემ გამოაცხადა: ბევრი ხალხი მოდით და ხელისუფლება შეიცვლებაო. ეს, თავისთავად, პოლიტიკური პროცესის დაცინვა იყო. ანალოგიური ვითარება იყო „ვარდების რევოლუციის დროსაც“. იქ ხალხი მივიდა და შევარდნაძე გადადგა. ამიტომ, ნაცები მუდმივად ამბობდნენ: „ვარდების რევოლუცია“ გავიმეოროთო. მაგრამ იმაზე არ დაფიქრებულან, „ვარდების რევოლუციის“ წარმატება რამ განაპირობა. წარმატება ხალხის რაოდენობას არ მოუტანია. იმ დროს, სულ 30 ათასი კაცი იყო მისული, რაც ბევრი არ არის. წარმატება თავად რევოლუციის ორგანიზაციულმა მხარემ განაპირობა.
„ვარდების რევოლუციას“ მხარს ამერიკა უჭერდა. მაილსი კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა და მინისტრებს, ასევე, ნჯო-ებს აფრთხილებდა, შევარდნაძისთვის მხარი არ დაეჭირათ, თორემ დაიღუპებოდნენ. მეორე მხრივ, რევოლუციას რუსეთიც ემხრობოდა.
_ ოპოზიცია მაინც იმუქრება: ოთხში არ გამოგვივიდა, მაგრამ ხელისუფლებას სულ მალე დავამხობთო. როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას?
_ თუ დასავლეთმა გეგმა არ შეცვალა, ახლა დროებით შეისვენებენ. მაგრამ თუ დასავლეთმა რევოლუციის გზით სიარული გადაიფიქრა, საელჩოების მექანიზმიც არ ამუშავდება. ჯერჯერობით, ეს მექანიზმი მუშაობს, რისი დასტურიც ის არის, რომ მათ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას არ მიულოცეს და ისევ ბოიკოტის რეჟიმში არიან.
_ რამდენად შესაძლებელია, დასავლეთმა ხალხის მღელვარების გამოსაწვევად, ვიზალიბერალიზაცია შეგვიჩეროს და მიზანს ასე მიაღწიოს?
_ უვიზო მიმოსვლა რომც შეგვიჩერონ, მეეჭვება, ოთხი ოქტომბრის მოვლენების მერე, ხალხი ოპოზიციისკენ გადაიხაროს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოთხ ოქტომბერს მოხდა ის არის, რომ ხალხმა დაინახა, ოპოზიციას ნერონის ფსიქოლოგია აქვს _ მას უნდა, თბილისი გადაწვას. არ მგონია, ამ ორიენტაციამ ხალხში დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს. ქართველ ხალხს არ მოსწონს, როცა თბილისს ვინმე ერჩის. ადრე, პროტესტს ისე გამოვხატავდით, ხეზე ფოთოლიც არ ირხეოდა. ეს დასავლეთის სტილია. დააკვირდით, რა ხდება აქციებზე საფრანგეთში, ამერიკაში _ იქ ყველაფერს ანადგურებენ. ამ ვანდალიზმს ასე ამართლებენ _ თუ საპროტესტო აქციაზე მსგავსი ზეწოლა არ იქნა, მაშინ ხელისუფლება დათმობაზე არ წავაო. ანუ, ხელისუფლებამ რომ დათმოს, ძალადობას უნდა მივმართოთო. აი, რას უნერგავენ ახალგაზრდებს.
თამარ შველიძე


