სოსო არჩვაძე: ფასების ზრდა საბაზრო ეკონომიკის თანამდევი პროცესია
გვესაუბრება ეკონომიკის
ექსპერტი სოსო არჩვაძე:
_ ბატონო სოსო, პრემიერმა ფასების დაწევის საკითხი მთავრობის პრიორიტეტთა ნუსხაში შეიტანა. რა მოლოდინები გაქვთ?
_ ფასების დაწევა ერთჯერადი აქტი ან აქცია არ არის, რომელსაც დროებით გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევ. ნებისმიერი ხელისუფლების ორი უმთავრესი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი კეთილდღეობის ზრდისთვის პირობების შექმნაა.
ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების გააქტიურება პიარკამპანია კი არ არის, არამედ, ერთ-ერთი სტრატეგიული კურსის გამოვლენაა, რაც დღეს განსაკუთრებით ყურადსაღებია. ბოლო ორ წელიწადში ჩვენი იმპორტის მოცულობა, დაახლოებით, 12-ჯერ გაიზარდა. ასეთ პირობებში, ნებისმიერი გადაცდენა ფასების ფორმირებაში, ასევე, ჯანსაღ კონკურენციაში, მასშტაბებით გაცილებით მეტია, ვიდრე 2000-იანი წლების დასაწყისში იყო. ბუნებრივია, რაც უფრო დიდი მოცულობის რესურსების მოძრაობასთან გვაქვს საქმე, მით უფრო მწვავედ დგება საკითხი სამართლიანობის, ჯანსაღი კონკურენციის თაობაზე.
ფასების დაწევის პოლიტიკა ისეთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რასაც კონკრეტული გამოვლინებები აქვს, უპირველესად, გარკვეულ სფეროში ადგილი ხომ არ აქვს ოლიგოპოლიას, კომპანიათა შეთანხმებას საფასო პოლიტიკაში კოორდინაციის თაობაზე. შემდეგ ფასების დონეს უნდა დავაკვირდეთ _ ეს, ოლიგოპოლიების გარდა, გარკვეული ორგანიზაციულ-ტექნიკური პრობლემებით ხომ არ არის გამოწვეული, ან დუბლირებას, ლოჯისტიკური ხაზების არაეფექტიან რაოდენობას ხომ არ აქვს ადგილი. ეს პრობლემა არახალია. ეფექტიანი ის ეკონომიკაა, რომელიც საზოგადოების, კომპანიის განკარგულებაში არსებული რესურსების რაციონალურ გამოყენებას ახერხებს. ეს ყველაფერი იმ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს ქმნის, რაშიც ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს, ფასების მაღალი დონის შესწავლისა და ღონისძიებების გატარებისთვის, რათა მათი დონე ოპტიმუმზე იქნას დაყვანილი, ანუ არარაციონალურ მაღალ ფასებს ადგილი არ ჰქონდეს.
_ თქვენ ახსენეთ, იმპორტირებული პროდუქცია თორმეტჯერ გაიზარდაო. ადგილობრივ მწარმოებლებს რა უშლით ხელს, საქართველოს ბაზარზე მათთვის სასარგებლო მოცემულობა რომ იყოს?
_ ის, რომ იმპორტის მოცულობა ჩვენს შიდა სამომხმარებლო ბაზარზე საკმაოდ დიდია და ის ექსპორტს 2,5-ჯერ აღემატება, ისტორიული მემკვიდრეობაა. 90-იან წლებში ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ კოლაფს, რამაც ჩვენი წარმოების მასშტაბების მასიური შემცირება გამოიწვია. ქვეყნის მოსახლეობა მთლიანობაში იმპორტის მოხმარებაზე იყო დამოკიდებული. ეს „ისტორიული მემკვიდრეობა“ დღემდე დაძლეული არ არის.
მეორე, მასშტაბის ეკონომიის ეფექტია _ როცა ადგილი აქვს მსხვილ წარმოებას, მუდმივი დანახარჯების მოცულობა მკვეთრად მცირდება, რაც პროდუქციას მნიშვნელოვნად აიაფებს. ამიტომ არის, რომ ზოგიერთი იმპორტირებული საქონელი, ქვეყნის შიგნით წარმოებულ პროდუქციაზე გაცილებით იაფი ღირს, რაც კონურენტულ ბრძოლაში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის არაკონკურენტუნარიანობას განაპირობებს. ჩვენ პირობები უნდა შევქმნათ, რათა ადგილობრივი წარმოება კონკურენტუნარიანი გახდეს. ამის მრავალი გზა არსებობს _ რადგან სახელმწიფო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მას რამდენიმე მეთოდის გამოყენება შეუძლია. ერთია პირდაპირი გზა სუბსიდირების მეშვეობით და არაპირდაპირი _ საგადასახადოში შეღავათების წარმოება იმ სახის და იმ რეგიონების მიხედვით, სადაც წარმოებულ პროდუქციაზე მაღალია დეფიციტი და სადაც დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ესაა მეცხოველეობის პროდუქცია. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, რათა წარმატების მიღწევა უმოკლეს ვადებში შევძლოთ.
_ ადგილობრივი მწარმოებლებიც და იმპორტიორებიც თანხმდებიან, რომ ფასების კლება შესაძლებელია, მაგრამ ამ პროცესს როგორ ხედავთ?
_ ერთი უკვე ვახსენე, ესაა ოლიგოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე, დუბლირების ორგანიზაციულ-ტექნიკურ ფაქტორებში არაეფექტიანი მენეჯმენტის გამორიცხვა უნდა შევძლოთ, რათა მაგალითად, ტრანსპორტირების, ადგილზე პროდუქციის მიტანის, განთავსების, დისტრიბუციის ხარჯები, რაც შეიძლება მინიმალური იყოს, რათა მიმოქცევის ხარჯებმმა, მთლიანობაში, თვითღირებულება არ გაზარდონ. როცა ეს შესაძლებელი გახდება, მერე ამ მიმართულებით, მიზნიც მიიღწევა. არ გამოვრიცხავ, პერსპექტივაში გარკვეული ეფექტის მოტანა პროგრესიულმა საშემოსავლო გადასახადმა შეძლოს ფიზიკური პირებისთვის და დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირებამ იმ სახის პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ხაზით, რომლებზეც საზოგადოებაში დიდი დეფიციტი არსებობს, განსაკუთრებით, ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე. პირველ რიგში, ეს კვების პროდუქტებს ეხება, რაშიც დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. აქ მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება აჯობებს.
_ ზოგადად, მწარმოებელი მეტ მოგებაზეა ორიენტირებული. რამ უნდა აიძულოს კონკრეტული სექტორი, რომ ფასი დაწიოს?
_ ამისთვის ორი მეთოდი არსებობს _ ეკონომიკური და ადმინისტრაციული. ადმინისტრაციული მეთოდის გამოყენება დროში საკმაოდ შეზღუდულია და მისი მასშტაბებიც მოკრძალებულია. ეკონომიკურს რაც შეეხება, როცა კონკურენციას აქვს ადგილი _ კონკურენციის გაფართოება, მასშტაბების ზრდა მეწარმეს იმისკენ უბიძგებს, რომ პროდუქციის შედარებით დაბალ ფასად რეალიზაცია მოახდინოს. ბიზნესს ასეთი ოქროს წესი აქვს: მისთვის მთავარი არა იმდენად პროდუქციის რაოდენობის რეალიზაცია, ფასის ამაღლებაა, არამედ შემოსავლისა და მოგების მაქსიმიზაცია. ეს კი არამარტო ფასების ზრდით, არამედ ფასისა და რაოდენობის ისეთი კომბინაციით არის შესაძლებელი, რაც მის შემოსავალს მაქსიმალურად გაზრდის. ამიტომ ფასის მაქსიმალურად გაზრდა ნორმალური ბიზნესის მიზანს და ამოცანას არ წარმოადგენს. მისი მთავარი ამოცანა შემოსავლის გაზრდაა, რაც, ვიმეორებ, ფასისა და რაოდენობის ოპტიმიზაციით არის შესაძლებელი. როცა კონკურენცია ჯანსაღია, ნებისმიერი ბიზნესი ცდილობს, სწორედ ფასების დაწევით მოახდინოს იმ პროდუქციის რაოდენობის ისეთი ზრდა, რომელიც ჯამში უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს, ვიდრე ერთი-ორ პროდუქციაზე ფასის რაოდენობის მატება. ვფიქრობ, ეს გზა _ კონკურენციის, სოციალურ-ეკონომიკური ბაზრის გაფართოება მნიშვნელოვანი საფუძველია, რათა ფასებმა პერსპექტივაში დაიკლოს ან არ გაიზარდოს.
ზოგადად, ფასების ზრდა საბაზრო ეკონომიკისთვის თანმდევი პროცესია და ამას დროთა განმავლობაში წინ ვერაფერი დაუდგება. ფასები ყველგან იზრდება. ჩვენი ამოცანაა ფასების კონტროლი, რათა ადგილი არ ჰქონდეს დაუმსახურებელ და არაოპტიმალურ ფასწარმოქმნას. ამავე დროს, მოსახლეობის მყიდველობითი უნარიანობის, მისი შემოსავლის გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. საქონლის სიძვირე არამარტო ოლიგარქიული გარიგებების საფუძველზე, ირაციონალური ფასწარმოქმნითაა გამოწვეული, არამედ იმით, რომ ჩვენი შემოსავალი გაცილებით ნაკლებია. ამიტომ მეორე გზა იმისა, რომ მაღალი ფასები დავძლიოთ, მოსახლეობის დასაქმების ზრდა და შემოსავლების მატება უნდა იყოს, სწორედ დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესების ხარჯზე. ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლი და მეორე მხრივ, დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება _ ეს ორი პროცესი ჯამში საერთო მიზანს ემსახურება და შედეგიც ის იქნება, რაც მოსახლეობის სტრატეგიულ ინტერესებში შედის.
_ დაწეული გადასახადები ფასების შემცირების გარანტი რამდენად იქნება?
_ თუ ბიზნესს ნაკლები გადასახადი ექნება, მოტივი გაუჩნდება, მეტი პროდუქცია აწარმოოს და ფასები დაბლა დაწიოს. მართალია, ბიზნესი ქველმოქმედებით განმსჭვალული ინსტიტუტი არ არის, მაგრამ კონკურენცია აიძულებს, თუ მიმდინარე ხარჯები შეუმცირდება, ფასები შეამციროს.
_ ოპონენტები აქტიურად საუბრობენ მარკეტების შემცირებით გამოწვეულ საფრთხეებზე.
_ ეს თითიდან გამოწოვილი თემაა. მარკეტების რაოდენობა მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით ყალიბდება. ყოველ უბანს იმდენი მარკეტი ექნება, რაზეც მოთხოვნა არსებობს. მჯერა, არცერთი მეწარმე არ გახსნის ობიექტს იმის ვარაუდით, რომ წაგებაზე ორიენტირებული იყოს. მოგებაზე ორენტირებული ობიექტი კი შემცირებას ნამდვილად არ დაექვემდებარება.
თამარ შველიძე
