„რატომ გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება“?

„რატომ გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება“?

მეგონა, მხოლოდ ქართველების ერთ ნაწილს გვაინტერესებდა, რატომ აბოდებს ქართველების მეორე ნაწილი ევროკავშირზე, მაგრამ დახეთ, თურმე სრეჩკო ჰორვატიც დაინტერესებულა, პოლიტიკური აქტივისტი ხორვატი ფილოსოფოსი: „ქართველებს გეკითხებით, რატომ გინდათ ევროკავშირში გაწევრიანება? ეს იმ წვეულებაზე მისვლას ჰგავს, რომელიც უკვე დამთავრდა. სადაც აღარც საჭმელია, აღარც სასმელი, ყველა მთვრალია და შენს ქურთუკსაც ვეღარ ჰკიდებ მისაღებში, რომ ვიღაც მთვრალმა სტუმარმა არ მოგპაროს.“
ტრამპისადმი პათოლოგიური ქართულ-პლატონური სიყვარული არ მაქვს, მაგრამ შვეიცარიაში, დავოსის ყოველწლიურ შეხვედრაზე, ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები და მათი ლიდერები რომ გამორიცხა 100%-იანი ღირსები არიან. მან ევროპელებს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ეკონომიკური მდგომარეობა, სამხედრო მომზადება და სხვა მრავლი რამ დაუწუნა – ასე ითქმის ლამაზად, თორემ რეალურად თავზე დაამხო. ეს ყველაფერი პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანებისთვის მრავალი წელია, ისედაც ცნობილია, მაგრამ მაინც ევროკავშირისკენ ლტოლვას რომ ვერ იოკებენ, რაღაც აუხსნელი ფსიქიკური ავადობა მგონია უკვე.
ტრამპმა მასხრად აიგდო ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, უპირველესად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც შავი სათვალე ეკეთა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის შედეგად დაზიანებული და ტრავმირებული თვალის გამო.
ტრამპის დამამცირებელი გამოსვლა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ერთი წლის წინათ მიუნხენის სამიტზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის გამოსვლა. შეპასუხება ვერცერთმა ევროპელმა ვერ გაუბედა.
ტრამპმა დააწიოკა მშვიდ და წყნარ ცხოვრებას მიჩვეული, ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ შეყუჟული ევროპა. იგი განვლილი წლების უსაფრთხო ცხოვრების გასამრჯელოს ითხოვს ფულით ან ნატურით, ანუ ტერიტორიით. რას და რომელს დაადგამს თვალს, ევროპისთვის უცნობია, ჯერ მხოლოდ დანიის გრენლანდიაზე იცის. ფაქტად დარჩა ის, რომ ტრამპმა ევროპას გაახსენა, ამერიკის ვასალი და მონა ხარო, საბჭოს მაგიდასთან სკამი გამოაცალა, წამოაგდო და მნიშვნელოვანი მსოფლიო საკითხების გადაწყვეტაში ევროპას ადგილი კუთხეში მიუჩინა.
ამის შემხედვარე საქართველო მაინც ისევ ევროკავშირისკენ იწევს. საქართველომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე ოცნება მაშინ დაიწყო, როდესაც მინიმალური წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მათზე. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, რაც, წესით, საკმარისი დრო უნდა ყოფილიყო ნატო-სა და ევროკავშირის არსის გასაგებად, მაგრამ ვერ ჩაწვდნენ, – ხომ ვამბობ, რაღაც აუხსნელი ფსიქიკური ავადობა სჭირთ-მეთქი.
იაპონელები ცნობილები არიან თავიანთი პრაგმატული მიდგომებითა და სიდინჯით. ამდენად, იაპონიის ფინანსთა მინისტრი კატაიამა საქვეყნოდ, დავოსში, შეკითხვაზე, სჭირდება თუ არა იაპონიას მეტი უცხოელი მუშახელი, უპასუხებს: „იაპონია არ გაჰყვება ევროპას და არ გახდება ემიგრანტული საზოგადოება“, – ეს ნიშანი უნდა იყოს ყველა თავმოყვარე ქვეყნისთვის. შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა იაპონია მეტ იმიგრანტს, იაპონიის ფინანსთა მინისტრმა კატაიამამ უპასუხა: „ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია სიტუაცია, როდესაც ჩვენი საზოგადოება ევროპულ ქვეყნებს დაემსგავსება“. მან ასევე, აღნიშნა, რომ იაპონია ღიაა „კარგი ადამიანების“ მისაღებად.
საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლება როდის ასწევს თავს ყურთბალიშიდან, რომ გაიგონოს, დაინახოს და გაიაზროს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოსთვის. ახლა რაც ხდება, ვერაფერს რომ ვერ დაამატებ, ისე იდეალურად ჩამოაყალიბა ბატონმა დავით ქართველიშვილმა: „იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა (მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და გერმანიის მონაწილეობით) ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენება.
„მოსკოვის მექანიზმი“ – სახელწოდებიდანაც ჩანს ამ პროცესის „რუსული პარანოია“. ეს არის საგანგებო პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთაშორისო ექსპერტებს, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესასწავლად ქვეყანაში შევიდნენ იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომლის წინააღმდეგაც მექანიზმი ამოქმედდა.
ფორმალურად, ეს ნაბიჯი დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ არის მიმართული. რეალურად კი იშვიათი და მკაცრი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია, რომელიც შერჩევითად გამოიყენება და თითქმის არასოდეს ეხება დასავლური ბირთვის ქვეყნებს, პრინციპიდან „აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსაო“.
საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება არ არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვის ისტორია. ეს არის მისი დაუმორჩილებლობისთვის დასჯის ისტორია. ბოლო წლებში დასავლეთმა ჩამოაყალიბა ქცევის სტაბილური მოდელი – ქვეყნები, რომლებიც ინარჩუნებენ სუბიექტობას (მათგან განსხვავებით), მარილივით არ იშლებიან ევროატლანტიკურ ბიუროკრატიულ კონსენსუსში და უარს ამბობენ ვასალის როლზე, ავტომატურად ხვდებიან „პრობლემური დემოკრატიების“ კატეგორიაში. საქართველო სწორედ ამ კატეგორიაში მოექცა.
ამჯერადაც, ფორმალური საბაბი ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ბაიდენიზმებია“ – „ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ აღშფოთებული შეშფოთებაა“ და „დემოკრატიის უკუსვლა“, თუმცა, თუ შევადარებთ რეალურ პრაქტიკებს საქართველოში და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე ზეწოლას ინიცირებენ, აშკარა ხდება, რომ ჩვენთან არ არსებობს: ადამიანის უფლებების დარღვევების არც მასშტაბური და არც ხარისხობრივად მრავალჯერადი უპირატესობა; დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლა; უკიდურესი სისასტიკე; პრევენციული დაკავებები; საპროტესტო აქტივობისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა; საბანკო ანგარიშების გაყინვა; შეკრებების აკრძალვა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა – ეს ყველაფერი სრულად გვხვდება თავად დასავლურ „დემოკრატიებშიც“.
განსხვავება მხოლოდ ერთია – „მოსკოვის მექანიზმები“ მათზე არ ვრცელდება. მთავარი განსხვავება ასევე, დემოკრატიის ხარისხში კი არა, პოლიტიკურ სტატუსშია. დასავლეთის ქვეყნები არიან მათი „კუკლავოდების“ ხელში ინსტრუმენტები, რომლებიც წესებს ადგენენ ურჩი ვასალების სუბიექტობისა და სუვერენიტეტის ჩასახშობად. საქართველო კი, მათი ლოგიკით, არის ობიექტი, რომელიც დანარჩენებს ცუდ მაგალითს აძლევს. როგორც კი თბილისი აჩვენებს სურვილს, აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, დააბალანსოს ინტერესები, აირიდოს უცხო კონფლიქტებში ჩათრევა და არ მოაწეროს ხელი ყოველ გარე მოთხოვნას, მის წინააღმდეგ ამოქმედდება ხოლმე ზეწოლის კარგად დამუშავებული ინსტრუმენტარი: რეზოლუციები, ანგარიშები, „შეშფოთებები“, მონიტორინგები და საბოლოოდ, კვაზისანქციური მექანიზმები.
ამ კონტექსტში „მოსკოვის მექანიზმი“ არის არა იურიდიული, არამედ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. მისი მიზანი კონკრეტული დარღვევების გამოსწორება კი არა, პოლიტიკური ნების გატეხვაა. ეს არის სიგნალი ელიტებისა და საზოგადოებისთვის: სუვერენიტეტს აქვს ფასი და ეს ფასი წინააღმდეგობის ზრდასთან ერთად იზრდება.
ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების შიდა სივრცეში მიღებული ანალოგიური ან უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები არ ხდება საერთაშორისო გამოძიების საგანი, რადგან იქ პოლიტიკური იმუნიტეტის დაუწერელი პრინციპი მოქმედებს. უბრალოდ, მორიგ ჯერზე გვაოცებს, გაკოტრების გზაზე მყოფ დასავლურ „დემოკრატიას“ ჯიუტად როგორ სცალია ჩვენთვის. თუმცა, მათ ვიღა ეკითხება რამეს. და აქედან გამომდინარე დასკვნა – ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ.“
ძალიან კარგი! ეს კარგია! 
ერთ აფრიკელ მეფეს ახლო მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში ჩვეულებად ჰქონდა ეთქვა: „ეს კარგია“! 
ერთხელ მეფე სანადიროდ იყო წასული თავის მეგობართან ერთად. მეგობარმა, ჩვეულებისამებრ, დატენა თოფი მეფისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც არასწორად გააკეთა და როდესაც მეფემ იარაღი გამოართვა და ჩახმახი დაუშვა, შემთხვევით ტყვია ხელში მოირტყა და ცერა თითის გარეშე დარჩა. მეგობარმა, ჩვეულებისამებრ, წარმოთქვა: „ეს კარგია!“ „არა, ეს კარგი არ არის“, – თქვა მეფემ და ბრძანა, რომ მისი მეგობარი ციხეში ჩაესვათ.
ერთი წლის შემდეგ მეფე კვლავ ნადირობდა ჯუნგლებში. მოულოდნელად მას ველურ კაციჭამიათა შეიარაღებული ტომი დაესხა თავს და ისიც და მისი ამალაც ტყვეობაში აღმოჩნდა. სოფელში ტყვეების მიყვანისთანავე, კანიბალებმა უამრავი შეშა მოზიდეს, მეფეს ხელები შეუკრეს და სამსხვერპლო შესაწირად გაამზადეს, მაგრამ უცებ შენიშნეს, რომ მეფეს ხელზე ცერა თითი აკლდა. ტომის რწმენისამებრ, ისინი არ ჭამდნენ იმას, ვისაც რამე ფიზიკური ნაკლი ჰქონდა. მეფეს ხელები გაუხსნეს და გაუშვეს.
სახლში დაბრუნებულ მეფეს გაახსენდა ცერა თითის დაკარგვის ამბავი და სინდისის ქენჯნა იგრძნო მეგობრის მიმართ თავისი საქციელის გამო. ის მაშინვე ციხეში გაეშურა მის მოსანახულებლად. „მართალი იყავი, მართლაც კარგი აღმოჩნდა, რომ თითი დავკარგე“,- უთხრა და ყველაფერი უამბო, რაც თავს გადახდა. ძალიან ვნანობ, რომ ციხეში ჩაგსვი. ეს ცუდი საქციელი იყო ჩემი მხრიდანო. „არა, – მიუგო მეგობარმა, – კარგი იყო!“ „აბა, რას ამბობ? რა არის კარგი იმაში, რომ ჩემი მეგობარი მთელი წლით ციხეში ჩავსვი?“ „მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი, სანადიროდ შენთან ერთად წამოვიდოდი და ახლა უკვე შეჭმული ვიქნებიდი“, – მიუგო მეგობარმა.
ეს ამბავი გვასწავლის, რომ ცხოვრებაში ყველა მოვლენას, თუნდაც ყველაზე უარყოფითს, შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგი. 
ჰოდა, ძალიან კარგი! ეს კარგია! ევროკავშირს რომ მოვწონდეთ და სალახანურად არ გვებრძოდნენ, ის იქნებოდა ცუდი...
ისე კი, იმდენჯერ დაესხნენ თავს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ ნიკო მუნჯის მღერად ჩამესმის. ამათ „მოსკოვის მექანიზმზე“ ერთი სალაღობო უნდა ვთქვა:
თემურ ლენგი მე-8 ლაშქრობის შემდეგ ისევ ბრუნდება საქართველოში. გზაში ხედავს, რომ მინდორში ვიღაც თოხნის და თან ღიღინებს. გაუკვირდა. მომგვარეთ აქ ეს ადამიანიო, უბრძანა მოხელეებს. მიუყვანეს გლეხკაცი.
თემურ ლენგი ეკითხება:
– იცი, მე ვინ ვარ? 
– არა ბატონო, საიდან უნდა ვიცოდე...
– მე თემურ ლენგი ვარ, რვაჯერ ავაოხრე შენი ქვეყანა. იცი, ეს რას ნიშნავს?
გლეხკაცმა წამიერი დუმილის შემდეგ დინჯად მიუგო:
– როგორ არ ვიცი! ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ რვაჯერ &&& ვერ მოგვჭამეო.
ჰოდა, ამ ევროლენგების ამბავიც ასეა, მერამდენედ უნდა დაგვესხან თავს, ხომ ხედავენ, რომ იმ გლეხის ვარიანტი ვართ...
იმ ევროლენგებისა კი გავიგე, მაგრამ ჩვენებისა არ მესმის და სრეჩკო ჰორვატის ვარიანტში ქართველებს გეკითხებით: „რატომ გინდათ ასეთ უგვანო ევროკავშირში გაწევრიანება“?