ვინ გადათარგმნის პოლიტიკურ ენაზე ბიძინა ივანიშვილის კონცეფციას?

ვინ გადათარგმნის პოლიტიკურ ენაზე ბიძინა ივანიშვილის კონცეფციას?

ადამიანი, რომლის სახელის და გვარის დასახელებას წერილში ,,საქართველო ღმერთის ალყაში“ მოვერიდეთ, ბიძინა ივანიშვილია... ასე რომ კონცეფციას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ამიერიდან ბიძინა ივანიშვილის კონცეფცია შეიძლება ვუწოდოთ.
მართალია, ჯერჯერობით ამ კონცეფციის ტექსტი არ დაწერილა და არსად გამოქვეყნებულა, მაგრამ ის მაინც არსებობს და მას აქვს თავისი კონკრეტული ფორმა და შინაარსი, აქვს რეალური სახე და ფორმა, მაგრამ მას არა აქვს ტექსტი, არ ახლავს სიტყვებში გადატანილი, ვერბალურად აჟღერებული ფორმა.
ასეთი რამ ხშირად ხდება მუსიკაში: ჯერ იქმნება მელოდია, ჰანგი, ტექსტი კი მერე ედება ხოლმე.
ბიძინა ივანიშვილის მიერ აჟღერებულ დიდებულ მელოდიას, ჯერ ტექსტი არა აქვს... 
ვინ უნდა შექმნას ტექსტი ამ მუსიკისთვის, ვინ უნდა ,,გადათარგმნოს“ პოლიტიკურ ენაზე, ვინ უნდა აქციოს იმ იდეად, რომელიც ქართული სახელმწიფოს მთავარ მიმართულებად უნდა იქცეს?
რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებმა!
არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებიან ეს პოლიტიკოსები _ ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, მთავარია, ტექსტი დაიწეროს და დოკუმენტის სახე მიეცეს. 
საქართველო თითქმის ოცი წელია, აგრესიის ენაზე ლაპარაკობს... 
ნგრევის და განადგურების ექსტაზი გვაქვს შემდგარი სულში და სხეულში და ამ ექსტაზს ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი.
მოთხოვნა აგრესიაზე, მოთხოვნა ანგარიშსწორებაზე საზოგადოებიდან წამოსული დაკვეთაა...
ვინც უფრო კარგად შეასრულებს ამ დაკვეთას, საზოგადოების ლიდერი და წინამძღოლიც ის გახდება... 
იმდენად დიდია ოცი წლის წინათ აღებული ინერცია, რომ ვერ ვჩერდებით... 
ვერა და ვერ გადავერთეთ ახალ პოლიტიკურ სინტაქსზე, ახალ პოლიტიკურ ენაზე, რომელსაც არა აგრესია, არამედ თანაარსებობის, ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთსიყვარულის სურვილი დაედება საფუძვლად. 
არადა, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ჩატეხილი ხიდის აღდგენა აფხაზთან, ოსთან, გნებავთ, რუსთან... 
მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვლება ჩვენს მიმართ დამოკიდებულება სხვა სახელმწიფოების მხრიდან და სწორედ ამის შემდეგ დაიბრუნებს საქართველო იმ ფუნქციას, რაც მას განგებისგან ერგო _ იყოს კულტურათა საერთო სახლი, ღვთის, ,,სახურავქვეშ“ მოქცეული, გზათა შემკრები და გამაერთიანებელი გზაჯვარედინი“.
საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ... 
ბიძინა ივანიშვილის კონცეფცია კონკრეტული საქმით წარმოჩინებული უსიტყვო, უტექსტო კონცეფციაა, რომელსაც მისი შინაარსის გამომხატველი სიტყვები გონიერმა და გულისხმიერმა საზოგადოებამ თვითონ უნდა გამოუძებნოს და შეურჩიოს... 

ვახტანგ ხარჩილავა