ომის წამოწყებაზე ადვილი არაფერია, შედეგები და დასრულებაა მძიმე და ძნელი...
მძინარი დათვი ისეთივე საშიშია, როგორც კბილმტკივანი.
იმ დროს, როდესაც ტრამპი ერთგვარად დაშოშმინებული იყო, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული ბომბის მიწოდებას გეგმავენ. ბრიტანული და ფრანგული ელიტა მარცხთან შეგუებისთვის მზად არ არიან. თვლიან, რომ უკრაინას „ვუნდერვაფით“ აღჭურვა სჭირდება და კიევი საომარი მოქმედებების დასრულებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების მოთხოვნას შეძლებს, თუ მას ბირთვული ბომბი ან, სულ მცირე, ე.წ. „ბინძური“ ბომბი ექნება.
მათივე თქმით, ლონდონსა და პარიზში სურთ, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, თითქოს იგი კიევმა თავად შეიმუშავა.
ასევე, უწყების ცნობით, გერმანიამ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გეგმაში მონაწილეობაზე უარი თქვა: „ბერლინმა ამ სახიფათო ავანტიურაში მონაწილეობის მიღებაზე გონივრული უარი თქვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: „თუ მათი (დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის) ბირთვული ტექნოლოგიები კიევს გადაეცემა, რუსეთს უკრაინის, ასევე გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევს“.
მედვედევი იმდენად ხშირად ამჟღავნებს ღია აგრესიას და იმეორებს მუქარას, რომ ძალაუნებურად გაიფიქრებ, კიდევ კარგი, ის არ არის პრეზიდენტი პუტინის ნაცვლადო: „ქერა ვირთხამ (блондинка-крыса) კაიამ თქვა, რომ ის მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასობით ათასი ყოფილი რუსი სამხედრო მოსამსახურე შენგენის ზონაში არასოდეს შევიდეს. რა დანაკარგია ჩვენი ჯარისკაცებისთვის! მათ შეუძლიათ ვიზების გარეშე შესვლა, თუ სურთ – როგორც 1812 ან 1945 წლებში“.
ლავროვმა მოკლედ და მარტივად თქვა: ლონდონისა და პარიზის გეგმები თვითმკვლელობის ტოლფასია და ჩვენ ვუპასუხებთ დამანგრეველი ძალით! უკრაინის, როგორც „არაბირთვული“ სახელმწიფოს სტატუსის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია და მას რუსეთის „ძალადობრივი და ძლიერი“ სამხედრო პასუხი მოჰყვება. ამ უგუნური პოლიტიკის შედეგები რუსეთის საზღვრებთან არ შეჩერდება, არამედ საფრთხეს შეუქმნის ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას. ლონდონი და პარიზი ცდილობენ ახალი ბირთვული რეალობის დაწესებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების კონფერენციის დაწყების წინ და რუსეთმა დაიწყო ინტენსიური საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა ამ გეგმების გასანეიტრალებლად.
საკვირველი ამბავია, სასწაულად მონდომებულები არიან, რომ ომი უშუალოდ მათ შეეხოთ და რამენაირად გადაზარდონ მე-3 მსოფლიო ომში. საინტერესოა, უკრაინაში ომის დასრულებით რისი გამჟღავნების წინაშე დგებიან? რა აშინებთ სიკვდილზე მეტად?
იმედია, ეს საშიში და სახიფათო პროვოკაცია თავშივე ჩაკვდება, სანამ ზელენსკის და იმ ორი ევროპული ქვეყნის ბოსებს ჩააკლავს ბეტონში თავისივე ხალხი; მანამდე კი ვხედავთ, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში – გადაიკვეთა წითელი ხაზები და გამოცხადდა ჯიჰადი!
სიმართლე რომ ვთქვათ, აშშ, მისი პატარა, მაგრამ მწარე მახათი ისრაელი და დარტყმის ობიექტი ირანი რას დაუშავებენ ერთმანეთს, ჩვენთვის „სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი“ უნდა იყოს, რადგან ჩვენ მხოლოდ ერთი მყარი გზა გვაქვს – მშვიდობა!
ასე ახლოს ომი, ცხადია, რაღაცნაირად საქართველოზეც აისახება, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ავცდით წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენს ვითომდა სტრატეგიულ მეგობარ აშშ-ს სამხედრო ბაზების განლაგება უნდოდა საქართველოში ვითომდა მხოლოდ ირანზე დასარტყმელად...
ორჯერ აცილებული III მსოფლიო ომი
საომარი ვითარების დაწყებამ ირანსა და აშშ-ს შორის, რეალურად კი III მსოფლიო ომის კონტურებმა, ორი შემთხვევა გამახსენა უცბათ, რომელმაც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს ის ომი აარიდა, რომელიც III მსოფლიო ომში ნამდვილად გადაიზრდებოდა.
ერთი არის კარიბის ზღვის (ანუ კუბის) კრიზისი, რომელიც ის 13-დღიანი „ნერვების ომი“ იყო 1962 წლის ოქტომბერში, რომელსაც მსოფლიო ისტორიის შეცვლა შეეძლო.
კონფლიქტის მთავარი მიზეზი იყო ბირთვული ბალანსის დარღვევა. ამერიკას თურქეთსა და იტალიაში ჰქონდა განლაგებული რაკეტები, რომლებიც მოსკოვს პირდაპირ უმიზნებდა. საპასუხოდ, საბჭოთა კავშირმა (ნიკიტა ხრუშჩოვის მეთაურობით) გადაწყვიტა, საიდუმლოდ განეთავსებინა ბირთვული რაკეტები კუბაზე, აშშ-ის „ცხვირწინ“, სულ რაღაც 140 კმ-ში.
კრიზისის ქრონოლოგია ასეთი იყო: 14 ოქტომბერს ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა გადაიღო ფოტოები, სადაც კუბაზე საბჭოთა რაკეტების ბაზები ჩანდა.
პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ პირდაპირი თავდასხმის ნაცვლად კუბას „საზღვაო კარანტინი“ გამოუცხადა – აშშ-ის ფლოტმა კუნძულს ალყა შემოარტყა, რომ საბჭოთა გემებს ახალი იარაღი აღარ გადაეტანათ კუნძულზე.
კულმინაცია იყო სუნთქვაშეკრული მსოფლიო, რომელიც ელოდა, გაარღვევდნენ თუ არა საბჭოთა გემები ბლოკადას, რაც ავტომატურად ომის დაწყებას ნიშნავდა.
„შავი შაბათი“, 27 ოქტომბერი, იყო კრიზისის ყველაზე საშიში დღე. კუბის თავზე საბჭოთა ძალებმა ჩამოაგდეს ამერიკული U-2 თვითმფრინავი, პილოტი დაიღუპა. იმავე დღეს ამერიკულმა ხომალდებმა წყალქვეშა ნავის იძულებითი ამოყვანა სცადეს, რის გამოც საბჭოთა ოფიცრებს ბირთვული ტორპედოს გაშვება სურდათ.
სამყარო გადაარჩინა ერთმა კაცმა – ვასილი არხიპოვმა. ის იყო საბჭოთა წყალქვეშა ნავის ერთადერთი ოფიცერი, რომელმაც უარი თქვა ატომური იარაღის გამოყენებაზე, მაშინ როცა დანარჩენი ორი მეთაური ამას ითხოვდა.
ამასობაში, კენედი და ხრუშჩოვი მიხვდნენ, რომ „ატომური თამაში“ ორივე ქვეყანას გაანადგურებდა და ფარული მოლაპარაკებების შედეგად შედგა გარიგება: სსრკ გაიტანდა რაკეტებს კუბიდან, ხოლო აშშ პირობას დებდა, რომ კუბაზე არ შეიჭრებოდა. აშშ საიდუმლოდ დათანხმდა თავისი რაკეტების გატანას თურქეთიდან – ეს პუნქტი წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო.
„კუბის ამბებმა“ ქვეყნების ლიდერებს დაანახა, რამდენად სუსტი იყო მათ შორის კავშირი. სწორედ კუბის კრიზისის შემდეგ დამონტაჟდა ცნობილი „ცხელი ხაზი“ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რათა გაუგებრობის გამო ომი აღარ დაწყებულიყო.
მეორე შემთხვევა იყო 1983 წლის 26 სექტემბრის დილას. საბჭოთა კავშირის თავდაცვის გამაფრთხილებელმა სისტემამ აღმოაჩინა სიგნალი სარაკეტო დარტყმის შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდიოდა. სიგნალის მიხედვით, რამდენიმე რაკეტა იყო ამუშავებული. საბჭოთა კავშირის პროტოკოლის მიხედვით კი, ბირთვულ შემოტევას საპასუხო დარტყმა უნდა მოჰყოლოდა.
მართვის პუნქტზე იმხანად მორიგეობდა ვიცე-პოლკოვნიკი სტანისლავ პეტროვი, რომელსაც საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისათვის აუცილებლად უნდა ეცნობებინა ამერიკული სარაკეტო იერიშის შესახებ, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ბირთვული დარტყმა საბჭოთა კავშირის მხრიდან.
სტანისლავ პეტროვი: „ეს რომ მომხდარიყო, რუსეთი გაუმართლებელ დარტყმას მიაყენებდა ამერიკას, ისეთი ძალის დარტყმას, რომ ვაშინგტონის მხრიდან ამას უსათუოდ მოჰყვებოდა საპასუხო ბირთვული დარტყმა, ვინაიდან აშშ-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა. ყველა მონაცემი მქონდა მოსალოდნელი დარტყმის შესახებ. თუ ჩემს ანგარიშს გავაგზავნიდი, არავინ იქნებოდა საპასუხო დარტყმის წინააღმდეგი. სირენა ყვიროდა, მაგრამ მე მხოლოდ ვიჯექი რამდენიმე წამით და წითლად ანთებულ ეკრანს ვუყურებდი, რომელზეც „გაშვება“ ეწერა.
სისტემა მეუბნებოდა, რომ სიგნალის სანდოობა ძალიან მაღალი იყო და ეჭვები არ არსებობდა, რომ ამერიკამ რაკეტა გაუშვა.
ერთი წუთის შემდეგ სირენა კვლავ გაითიშა. მოგვიანებით კი ხუთ გაშვებულ რაკეტაზე მოვიდა შეტყობინება, კომპიუტერმა განგაშის სიტყვა „გაშვება“ „სარაკეტო დარტყმით“ შეცვალა. არ არსებობდა წესი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იქნებოდა დრო სიგნალის მიღებიდან შეტყობინების გაგზავნამდე, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ყოველი გაჭიანურებული წამი ძვირფასი იყო და საბჭოთა კავშირის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული. ერთადერთი, რაც უნდა გამეკეთებინა – ამეღო ტელეფონი და ინფორმაცია გადამეცა, მაგრამ განძრევაც ვერ შევძელი.
23 წუთი გავიდა და არაფერი მოხდა; რეალური დარტყმის შემთხვევაში, 23 წუთის შემდეგ ყველაფერი დანამდვილებით გვეცოდინებოდა, ეს ნამდვილი შვება იყო.“
პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ის იხსენებდა, რომ მისი შანსები 50/50 იყო. ის გუნდში ერთადერთი ყოფილა, რომელმაც სამოქალაქო განათლება მიიღო, ყველა დანარჩენი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე იყო, რომლებსაც ბრძანების მორჩილებას ასწავლიდნენ, ამიტომ პეტროვს სჯერა, იმ ღამით მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, მყისიერად იმოქმედებდნენ პროტოკოლის მიხედვით.
ამბობენ, რომ მოგვიანებით, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ მოიქცა ასე, მან უპასუხა: „იმიტომ, რომ არ მინდოდა მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი მე ვყოფილიყავიო“.
10 წლის განმავლობაში სტანისლავ პეტროვი 1983 წლის 26 სექტემბრის ღამეს საიდუმლოდ ინახავდა. „ვფიქრობდი, სამარცხვინო იქნებოდა საბჭოთა კავშირისთვის, რომ მისი სისტემა ასე შეცდა,“ – თქვა მან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ისტორია პრესაში მოხვდა და სტანისლავ პეტროვმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო, მაგრამ საკუთარ თავს გმირად არ განიხილავდა: „ეს ჩემი საქმე იყო, მაგრამ გაგიმართლათ, რომ იმ ღამით მორიგე მე ვიყავი და მადლობა ღმერთს, შეცდომა არ დავუშვიო...“
ომის წამოწყებაზე ადვილი არაფერია, შედეგები და დასრულებაა მძიმე და ძნელი...
მაკა ჯაყელი

