„ევროსაიუზი“ დაუკრეფავში გადავიდა!

„ევროსაიუზი“ დაუკრეფავში გადავიდა!

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაშია ნათქვამი. არ ბეზრდებათ, იღებენ და იღებენ რეზოლუციებს, მხოლოდ რეგისტრაციის ნომერს ცვლიან. 
მაშინ, როცა მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის ნახევარს ცეცხლი უკიდია, თვითონ ევროპა დიდ გასაჭირშია, რუსეთს ნავთობზე სანქციებს უხსნიან, რათა სული არ გასძვრეთ, დამდგარან და იმაზე ლაპარაკობენ, ელენე ხოშტარია რომ დააკავეს, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა გამოიყენესო. ან ეს რანაირი ქართულია? „დამამცირებელი მოპყრობის გამოყენება“ რას ჰქვია? წაბილწა ქართული ენა „ენჯეოშნიკურმა“ ენობრივმა სიმყრალემ. ესე იგიო, ჩვენ ვითხოვთ ხოშტარიას და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებითო. ეს კიდევ არაფერი, ევროპარლამენტი დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს. აქვეა ნახსენები ქიმიური იარაღი, დემონსტრანტების წინააღმდეგ რომ გამოიყენეთ, ეგეც გამოიძიეთო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიების მიზნით გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა.
ჩვენ ხომ ვიცით, რა მუცლის ტკივილი აქვთ „ევროსაიუზნიკებს“? პირველი - სწყურიათ ომი კავკასიაში! მეორე - საქართველოში არასამთავრობოები უნდა დაფინანსდნენ შავი ფულით, რომლის დიდ ნაწილსაც წაიღებენ უკან! მესამე - საქართველოში უნდა გაჯეჯილდნენ ელგებეტეები. თუ ეს ხელისუფლება ამ სამ პირობას შეასრულებს, ის იქნება დემოკრატიულიც, პლურალისტურიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე ჰუმანური მთელ დუნიაზე, როგორიც, მაგალითად, უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლებებია. 
დავუბრუნდეთ გაცვეთილი რეზოლუციის ბოლო ნაწილს: ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული ევროპული მომავლის მიმართ. ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, დევნასა და ძალადობაზე. არ მოგესმათ, ზუსტად ასე წერია, ვინც დისიდენტებს აწვალებს, სანქციები დაუწესეთო. ხალხო, ვინ არის ამ ქვეყანაში დისიდენტი? ეს სიტყვა საიდანღა ამოქექეს? ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემდეგ როგორ შეიძლება, ამათ დისიდენტები ვუწოდოთ? ან კი რაღა დროს დისიდენტობაა? ისე, ტყუილად არ ადანაშაულებენ ევროკომისარ მარტა კოსს, 1980-იან წლებში იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდაო. ასევე ტყუილად არ ამბობენ, ევროკავშირის თავდაცვის კომისარი ანდრიუს კუბილიუსი 1980-იან წლებში მიხეილ გორბაჩოვის პარტიის წევრი იყოო. რასა იუკნევიჩიენეზეც ამბობენ, გორბაჩოვის მარცხენა ხელი იყოო. კაგებეს ძველი სკოლაა, რა, არ ეტყობათ?
კაია კალასი აქტიურობს ბოლო დროს ძალიან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. ეს ის ესტონელი კალასია, რომლის მეუღლეც ბიზნესმენია და რუსებთან თანამშრომლობს. როდესაც კაიას ჰკითხეს, შენს ქმარს რუსებთან აღებ-მიცემობა რომ აქვს გაჩაღებული, კაიაო? ამან, მე არ ვიცი, ჩემი ქმარი რას აკეთებსო. რაც არ უნდათ, არ იციან. საქართველოში ელენე ხოშტარია რომ ჩაახველებს, ის იციან, საკუთარი ქმრები ვისთან დაძვრებიან, ვითომ არ იციან. კალასი თითს გვიქნევს, უფრო სწორად, მთავრობას მესიჯს უგზავნის: მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი არც 2030 წლისთვისო. ვიღაცა გამოვიდა კიდევ (ესღა გვაკლდა), ისიც უცნაური გვარ-სახელით - ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა. ჰოდა, ამ კუსპარა ჰუკსტრამ განაცხადა, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება, როგორც ბევრმა აღნიშნა, გაუარესებას აგრძელებსო, მთავრობას განზრახ მიჰყავს ქვეყანა ავტოკრატიისკენო. წამება და ცუდად მოპყრობა სრულიად აკრძალულია საერთაშორისო სამართლითო. როგორც ჩანს, კუსპარა ჰუკსტრა ახალია, პირველად მოადგა ჩვენს ღობეს და არც კი იცის, რომ მის ადგილზე გუშინწინ სხვები ყეფდნენ და ისინი უკვე პოლიტიკურ სანაგვეზე არიან. 
აჰა, რა გინდათ, ხომ არის ისტორიული სიტყვა? „ევროსაიუზში“ სამადლოდ მიღებული ლიეტუვის წარმომადგენელი აქეთ „გვებლატავება“, ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, წინააღმდეგობა ადრეულ ეტაპზეა საჭირო, თორემ მერე დაბრუნება უფრო გართულდებაო. აქეზებს უდღეურ ე. წ. დისიდენტებს, ე. წ. ოპოზიციონრებს, მიდით, მიაწექით, მერე სახელმწიფოს ვეღარ დაიბრუნებთო. 
არ დაიჯერებთ, „ევროსაიუზშიც“ გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებმაც საქართველოს მხარე დაიჭირეს _ ტომაშ ფროლიხმა. ა, კაცი! საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ბევრ მოწინავე ქვეყანას უსწრებს, დღე არ გავა, მსგავსი კვლევა არ გამოქვეყნდეს და ესენი გვარწმუნებენ, რომ ჩვენ ვიღუპებით და ევროკავშირში არასდროს მიგვიღებენ. აი, დარდი, თუ არ მიგვიღებენ! ამათ ჰგონიათ, ევროკავშირზე გვაბოდებს და იქ შესვლაზე ვოცნებობთ. ერთი კავშირი მოვიშორეთ, მეორე იმ კავშირზე უარესი ყოფილა. ასეთ რაღაცებს კომუნისტები არ კადრულობდნენ. მოდი, ვთქვათ სიმართლე, კომუნისტების პერიოდში აშენდა თბილისი, აღორძინდა კულტურა, განვითარდა სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, მეცნიერება, ხელოვნება, შეიქმნა შედვრები როგორც მწერლობაში, ასევე მუსიკაში, მხატვრობასა და კინოში. აღარაფერს ვამბობ სპორტზე. რა მოგვიტანა ევროკავშირის კართან დგომამ და კარზე უაზროდ კაკუნმა? არ მიგიღებთო, როდის გვიღებდნენ? ან კი რაში გვჭირდება, რომ მიგვიღონ?   
ახლა უნდა გაცინოთ: წინა კვირას „ევროსაიუზმა“ ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ „ევროპის ღირსების“ ორდენებით დააჯილდოვა. აქ სამი ლაფსუსია, პირველი - სად აქვს ევროპას ღირსება? მეორე - კაცს, რომელმაც საკუთარი ქვეყანა გადახნა, რომელ ღირსებაზე უნდა ელაპარაკო? სანდუ და ღირსება? ქალი ამბობს, ჩემი ქვეყანა რუმინეთს უნდა მივუერთოო. 
ჯერ ბოლო რეზოლუცია არც კი იყო ხეირიანად გაციებული, „ეუთოელებმა“ „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა შემოგვთავაზეს. საქართველოში რომ დემოკრატიის უკუსვლა დაფიქსირდა, ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ავრცელებს. საქართველოს მოვუწოდებთო, ყურადღება მიაქციოს დემოკრატიულ უკუსვლასო, შეასრულეთ “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციებიო: 
1.საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავებმა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად იმოქმედონო. ჩატარდეს სწრაფი გამოძიება, წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ყველა ბრალდებაზე პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე პირებიო.
2. საქართველომ უნდა გაიწვიოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონებს, რომლებიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებების ვალდებულებებსა და დაპირებებს, მათ შორის, კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“, „უცხოური აგენტების რეგისტრაციაზე“. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, აღადგინოს თანამშრომლობა ოდირთან და ვენეციის კომისიასთან, მთლიანად გაატარონ მათი რეკომენდაციები.
3. მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო განხილვის სხვა მონაწილეების უკანონო დაკავებებისგან.
4. საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები.
როგორც ხედავთ, ბრალდებები, მოთხოვნები თუ რეკომენდაციები გადმოწერილია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციიდან. ვიღაცა ზის (სავარაუდოდ, იუკნევიჩიენე), წერს, ერთსა და იმავეს ნაყავს, დანარჩენები იწერენ და „შპარგალკების“ სახით ავრცელებენ. არავითარი ახალი, არავითარი პროგრესი, ხვალ და ზეგ იგივე რეზოლუციას მიიღებენ, იგივეს იყბედებენ და ქარავანი ისევ თავისი გზით ივლის. მართალია, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, ეს არის უმძიმესი განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმისა, მაგრამ ამათთან უკვე აღარ ღირს შეკამათება, 2012 წლიდან მოყოლებული, ერთსა და იმავეს ამბობენ. 
„მოსკოვის მექანიზმის“ განცხადებას ხელს აწერენ: დიდი ბრიტანეთი, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და პოლონეთი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა ამ ფარსში მონაწილეობა არ მიიღეს, ხოლო წინააღმდეგნი გამოვიდნენ - აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, თურქეთი, პორტუგალია, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, მალტა, რუმინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. საერთო ჯამში, ეუთო-ს წევრი 57 ქვეყნიდან უმრავლესობამ, 34-მა მხარი არ დაუჭირა ე. წ. „მოსკოვის მექანიზმის“ ეგიდით მომზადებულ ე. წ. დასკვნას.
57 ქვეყნიდან თუ ამ ე. წ. დასკვნას მხარი 34-მა ქვეყანამ არ დაუჭირა, გამოდის, უმრავლესობას უარი განუცხადებია და ჩვენს ე. წ. ოპოზიციას ტყუილად უხარია, „ქართულ ოცნებას“ მალე ჰააგის ტრუბუნალზე გაასამართლებენო. ისე, მაგარი კრეტინი უნდა იყო, ასეთი რამე აზრად რომ მოგივიდეს.
ახლა მეორე - თურმე „მოსკოვის მექანიზმის“ ე. წ. დასკვნა ბლეფი ყოფილა და ვიღაც დამოუკიდებელ ექსპერტს, პატრიცია გჟებიკს მოუჩხლართავს, ანუ წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციაზე ხელი მოუწერია და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად გაუსაღებია. ვინ არის ეს ავანტიურისტი გჟებიკი? იგი თურმე ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო კვლევების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია, მას მჭიდრო კავშირი აქვს პოლონეთის მთავრობასთან. ამ ქალს სხვა „დამსახურებებიც“ აქვს, მაგრამ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და აზრიც არ აქვს. აგენტურა მუშაობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც.
არა უშავს, ესეც გაივლის. ვინც საქართველოს უსამართლოდ შეეხო, ან გადაშენდა, ან კიდევ რაღაც უბედურება დაემართა. ასე ხდება, როცა სამგლე გოჭებივით ატყდებიან ხოლმე.

გელა ზედელაშვილი