ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მოღალატეთა ისტორიული ანატომია

ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მოღალატეთა ისტორიული ანატომია

ადამიანებმა, რომლებსაც მხოლოდ ფორმა აქვთ ადამიანებისებრი და არაფერი უწყიან ამა ქვეყნისა, ახალი უნიჭო კამპანია წამოიწყეს _ თურმე, რაც დღეს ხდება, როგორი პოლარიზაცია და ერთმანეთისადმი ზიზღიც საზოგადოებაში ტრიალებს, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბრალი ყოფილა. აქ უკვე საერთაშორისო, ანუ საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნის მომავალზე აღარ არის ლაპარაკი, ბიძინამ ხომ ნათელი მომავალი, ევროპული ღირებულებები წაგვართვა, ახლა საშინაო, ანუ ნათესაურ კავშირებშიც ერევა და ერთმანეთს გვაძულებს, რათა დაგვყოს და ჩვენზე ისე იბატონოს. როდესაც „სააკაცუკეთში“ ახალ კამპანიას იწყებენ, ჯერ ე. წ. ექსპერტებს გამოაგორებენ ხოლმე თავიანთ „ტვ ტუალეტებში“, შემდეგ აქტივისტებს ჩართავენ, ხოლო შემდეგ თავიანთსავე „მასოვკას“ იშველიებენ, მარიზ ანთილიყოები და მსგავსი სასაცილო პერსონაჟები გამოჰყავთ სცენაზე. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებშიც იწყება ე. წ. მწერლების პარპაში და ათასნაირი ჭორის გავრცელება. მოდით, ახლა მე გაჩვენებთ ერთ-ერთი აკაცუკის მიერ ჩამოთვლილ „ბრალდებებს“ და შემდეგ ვუპასუხოთ ცოტაოდენ გონივრულად, თორემ ასეთი რაღაცების იგნორირებას უფრო სავალალო შედეგებამდე მივყავართ - სამწუხაროდ, ვიღაცებს გააჩნიათ უნარი, სალომე ზურაბიშვილის ტერმინი რომ გამოვიყენო, საზოგადოების გონებრივად ჩამორჩენილ ნაწილს „გადააყლაპინონ“ ყველაფერი, რაც მათ სურთ. მოკლედ, ვნახოთ, რას წერს ერთ-ერთი „ნიჭიერი“ აკაცუკი (სტილი დაცულია): 
„ბიძინა არის ადამიანი ვინც ოჯახები დააპირისპირა! მეგობრები და მეზობლები დააპირისპირა! მან დათესა ზიზღი და შუღლი საზოგადოებაში, მაგალითად ჟურნალისტებს აიძულებს უსამშობლოები, ქვეყნის მტრები, რადიკალები, აგენტები, უცხოეთის დაქირავებულები აძახებინოს საკუთარ მეგობრებზე, ნათესავებზე, მეზობლებზე! წარმოიდგინეთ როდესაც მეგობარი აქციაზე ყოფნის გამო უსამშობლოდ მოგიხსენიებს მაგის მერე რამდენად რთულია ურთიერთობის გაგრძელება ხომ? პატივისცემა და ხელის ჩამორთმევა! აი ეს ქნა ბიძინამ დაყავი და იბატონეს პრინციპით! როდესაც ვამბობ რომ ბიძინა არის ამ ქვეყნის სიმსივნე ემოციურად არ ვამბობ ამას“.
ხედავთ, როგორი ზიზღით არის დაწერილი ეს მცირედი წერილიც კი? ერთ ხანობას ვიფიქრე, მოდი, სასვენ ნიშნებს მაინც დავუსვამ, როგორმე მცოდნე ადამიანის ელფერს მაინც მივანიჭებ-მეთქი, მაგრამ არა, გადავიფიქრე, იყოს ასე. ახლა რა მინდა, იცით? მინდა, საუკუნეების წინათ გადავიდე, საქართველოს ისტორიის ყველა დეტალი გავიხსენო, ყველა ის პერიოდი აღვწერო, როცა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი კი არა, მისი წინაპრებიც კი არ არსებობდნენ. შორს გადასვლის სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ დავსვა ერთადერთი შეკითხვა: ესეც ბიძინა ივანიშვილის ბრალი იყო? მაშინაც ბიძინა ივანიშვილი აფუჭებდა ყველაფერს?!
ქრისტეშობიდან 502 წელი. ვახტანგ გორგასალი შუა ბრძოლაშია, სპარსელები დიდი ლაშქრით შემოიჭრნენ ივრის ხეობაში. მეფემ იერიშზე გადასვლა ბრძანა, ხმალი აღმართა და ამ დროს იღლიაში ისარი ესროლეს. მხოლოდ შინაურებმა იცოდნენ, რომ მას ბრძოლის დროს იღლიაში ჯაჭვის პერანგი გაერღვა. მას ქართველმა ესროლა და ამის შემდეგ გორგასალი აღესრულა. ესეც ბიძინა იყო?!
ხომ არ იცით, ვინ მოკლა 826 წელს პირველი ბაგრატიონი მეფე აშოტ კურაპალატი? ქართველებმა მოკლეს, იყო ღალატი და გაუტანლობა. მაშინ, როცა აშოტმა ჯარი არაბების წინააღმდეგ დაძრა, მოღალატეებმა საკურთხეველთან ზურგიდან ჩაკლეს. ესეც ბიძინა იყო?!
ლიპარიტ ბაღვაშის „სახელოვანი“ საქმეების შესახებ იცით, რომელმაც მე-11 საუკუნის შუა წლებში ბაგრატ მეოთხეს ცხოვრება გაუმწარა. კლდეკარის ერისთავი დღეს ჩვენთვის არის ღალატის ფორმულა, იგი მუდამ მარცხდებოდა, მაგრამ კონსტანტინეპოლში კეისართან გარბოდა, ძალებს იკრებდა და მოღალატეობრივ საქმიანობას განაგრძობდა. ესეც ბიძინა იყო?!
ბაღვაშებმა, ლიპარიტის შთამომავლებმაც გააგრძელეს ღალატი და მეფეებთან ბრძოლა, სანამ ამ ყველაფერს წერტილი დავით აღმაშენებელმა არ დაუსვა. ჩვენში ისე იციან, თითქოს დავითმა გამაფებისთანავე გასვა სარზე მოღალატეები, არა, ერთხანს უთმინა კიდევაც, ჯილდოებიც ჩამოურიგა, ამბოხებაც აპატია, მაგრამ, როგორც კი მიხვდა, ამათი გამოსწორება არ იქნება, ჯიში და ჯილაგი აქვთ ეგეთიო, ჩაყარა დილეგში, ჩააქვესკნელა და შემდეგ გააკეთა ის, რაც გააკეთა - სარებზე ჩამოაცვა. ესეც ბიძინა იყო?!
1103 წელი. დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვია. რატომ? იმიტომ, რომ ქართულ ეკლესიაში დაიბუდეს ავაზაკებმა, მრუშებმა, უზნეოებმა და მოღალატეებმა. ძნელზე ძნელი იყო „უღირსად გამოჩინებულთა“ წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ დავითმა გარისკა - ყველა „უღირსად გამოჩინებული“ განკვეთა და გარიყა. ესეც ბიძინა ივანიშვილი იყო?!
რომ არა დავით აღმაშენებელი, იოანე პეტრიწს ქართველები ცოცხლად შეჭამდნენ. იგი ბიზანტიიდან ჯერ ბულგარეთში გაიქცა, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ სწორედ შინაურმა მოღალატეებმა არ მოასვენეს. გაიგო მისი ამბავი აღმაშენებელმა და გელათის აკადემიაში განამწესა. ესეც ბიძინა ივანიშვილი იყო?!
არც თამარის ხანა იყო მაგ მხრივ დაწყნარებული, ხან რომელი ერისთავი აჯანყდებოდა, ხან რომელი, ხშირად თავადები ერთმანეთსაც წაეკიდებოდნენ ხოლმე. ჯერ ის რა იყო, როცა თამარს ლოთი გიორგი რუსი შერთეს? ქართველებმა მოიწადინეს და თავიანთი გაიტანეს. ესეც ბიძინა ივანიშვილი იყო?!
ძალიან ცუდად დაუჯდა საქართველოს ჯერ თამარის ძის, ლაშა გიორგის მეფობა, ამ კაცმა ღრეობასა და დროსტარებას გადააყოლა ქვეყანა. შემდეგ კი, როცა ტახტზე მისი და რუსუდანი ავიდა, ისიც კაი მოქეიფე გამოდგა. სწორედ ქართველთა უგერგილობამ, ღალატმა და უთავბოლობამ უბიძგა ჯალალედინს, 200-ათასიანი ჯარით შემოჭრილყო და მთელი ქვეყანა აეოხრებინა. ივანე ათაბაგის კისერზეა ღალატი და საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი. ჯალალედინს მუსლიმანმა მოღალატეებმა შეუთვალეს, შენ თბილისს შემოუტიე, კარს ჩვენ გაგიღებთო. ასეც მოხდა. შემდეგ კი იცით, რაც მოხდა, 100 ათასი მოწამე აღესრულა და მტკვარი წითლად შეიღება. გმირებს შორის იყვნენ სულგაყიდულებიც, რომლებიც შეურაცხყოფდნენ წმინდა ხატებს და ფეხებში უვარდებოდნენ ჯალალედინს. დღესაც არიან ჩვენში ისეთები, იგივეს რომ გაიმეორებენ.
ესეც ბიძინა ივანიშვილი იყო?!
შემდეგ მოვიდნენ მონღოლები. თითქმის იგივე განმეორდა, მაშინ საქართველოს ამირსპასალარი ავაგ მხარგრძელი იყო, რომელიც ციხესიმაგრეში ჩაიკეტა და მხოლოდ იმას ელოდა, რასაც დამპყრობელი გამოიმეტებდა. მისი წინაპარი შალვა ახალციხელს ებრძოდა, შურსა და ბოღმას გადააყოლა საქართველო. ესეც ბიძინა ივანიშვილი იყო?!
იყო დრო, ჩვენ ორი მეფე გვყავდა, დავით ნარინი და დავით ულუ. 1248 წელს ორივე მონღოლთა ყაენმა მანგუმ დაგვისვა. მანამდე, რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ ორი წელიწადი, მეფე საერთოდ არ გვყოლია. თან, არ დაგავიწყდეთ, მეზობელი მეზობელს ებრძოდა, ძმა - ძმას, მძახალი - მძახალს, მული რძალს და ასე შემდეგ. ხანგრძლივი იყო მონღოლთა შემოსევები, სამწუხაროდ, ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ერთ მხარესაც ქართველები იბრძოდნენ, მეორე მხარესაც, ხოლო მონღოლები სეირს უყურებდნენ. ასე გაგრძელდა, სანამ არ გამეფდა გიორგი, რომელსაც შემდგომში ბრწყინვალე უწოდეს. ესეც ბიძინა ივანიშვილი იყო?!
ჩვენში ხშირად იტყვიან ხოლმე, საქართველოს ისტორია ღალატის ისტორიააო. გაზეთი ვერ დაიტევს, თორემ კიდევ უამრავი ფაქტის მოტანა შეიძლება... 
გიორგი სააკაძე გაიხსენეთ, _ პაატას გაგორებული თავი, ქართველების ღალატი. ილია ჭავჭავაძის მკვლელობა არ დაგვავიწყდეს, მას ქართველები წიწამურში მიუხტნენ და ესროლეს. ილია ვარ, არ მესროლოთო, შესძახა ერის მამამ. ილია რომ ხარ, სწორედ იმიტომ უნდა გესროლოთო, მიუგეს მოღალატეებმა.
ესეც ბიძინა ივანიშვილი იყო?!
ზვიად გამსახურდიას მკვლელობა სამეგრელოს მიყრუებულ სოფელში. ისეც ქართველებმა მოკლეს და შემდეგ ამოიჩემეს, თავი მოიკლაო. თუნდაც თავი მოეკლა, მაინც მკვლელობაა, საკუთარი პრეზიდენტი ვერ დავიცავით. 1990 წლის 21 დეკემბერს პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოვავლეთ, რათა მეორე მხარეს გამაგრებულ კიტოვანს არ დაებომბა. დაგვპირდნენ, რომ ტყვია არ გავარდებოდა, მაგრამ შემდეგ გავარდა. 
ესეც ბიძინა ივანიშვილი იყო? იქაც ბიძინა ივანიშვილმა გაისროლა? ამ კაცმა რაც შეძლო, ის გააკეთა, წავიდა და ის სახლი მუზეუმად აქცია, სადაც ზვიად გამსახურდია მოკლეს. 
გვეშველება რამე? _ როგორც ჩანს, ეს მარადიული შეკითხვაა. გვეშველება, თუ ჩვენ ნიკოლო მაკიაველის შეგონებას გავითვალისწინებთ: „ღორის დაბანას როცა დაასრულებ, ის მაშინვე ისევ ტალახში გაიქცევა, არა იმიტომ, რომ ჯიუტია, არამედ იმიტომ, რომ ასეთია მისი ბუნება. ბაყაყი მორიელს გზის გადასვლაში ეხმარება, მაგრამ მორიელი მას მაინც კბენს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთია მისი ბუნება. სიმართლე მარტივია: სულელს ფაქტებით ვერასოდეს დაარწმუნებ. თუ მისი გონება უღიმღამოა, ის უარყოფს ნებისმიერ სინათლეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიბნელეს. უმეცრება მხოლოდ ცოდნის ნაკლებობა არაა, ის ხშირად კომფორტის არჩევანია. პლატონი ამბობს, ბევრი გამოქვაბულის სიბნელეს იმიტომ ამჯობინებს, რომ სინათლე თვალებს ჭრის და სწორედ ამიტომ არიან ადამიანები, რომელთა გაღვიძებასაც ვერასოდეს შეძლებ, არა იმიტომ, რომ უუნარო ხარ, არამედ იმიტომ, რომ მათ ტალახი და სიბნელე აირჩიეს’.
რაც ზემოთ დავწერე, ეს მხოლოდ თქვენთვისაა, ძვირფასო მკითხველებო, თორემ ვისაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სიმსივნედ მიაჩნია, მათთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ, რადგან, შეიძლება მომისმინონ, შეიძლება წაიკითხონ, მაგრამ ისინი ცოტა ხანში ისევ ტალახში ჩაწვებიან, არა იმიტომ, რომ ჯიუტები არიან, არამედ იმიტომ, რომ ასეთია მათი უმადური ბუნება. 

გელა ზედელაშვილი