ფასების სიძვირე ქსელური მარკეტებისა და სახელმწიფოს მიერ არის შექმნილი!
ფინანსური პოლიცია და სუს-ი სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში შევიდნენ, ამოიღეს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები, ინვოისები და ფაქტურები და ბიზნესს კლავენო, _ ატყდა გნიასი ოპოზიციურ ფლანგზე.
უპირველესად ის ვთქვათ, რომ ამ საქმიანობას უწინ და რეალურად, ბიზნესი კი არა გადამყიდველობა (სპეკულანტობა) ერქვა და არის, შემდეგ კი იმას დავამატებდი, რომ მივესალმებოდი თუ გადამყიდველობა მოისპობოდა, მაგრამ ვაი, რომ ასე არ მოხდება.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ კომისიის მუშაობა მნიშვნელოვან შედეგს ვერ დადებს, რადგან ბატონი პრემიერი თავისი საქმის დიდოსტატია, მაგრამ „სპეკულიანტების სისტემისა“ არაფერი იცის. ეს საკითხი კომისიის წევრებმა უნდა იცოდნენ ზედმიწევნით და მათ ურჩიონ. კომისიის წევრებს კი კონკრეტული სფეროს ყველა ის საფეხური უნდა ჰქონდეთ გავლილი, რის დარეგულირებესაც აპირებენ. თუ არავინ არაფერი იცის, რანაირად უნდა მოაგვარონ საკითხი?
„საერთო გაზეთის“ ინკოგნიტო რესპონდენტი ოცი წელია ამ სფეროშია, ყველა პოზიცია გავლილი აქვს, დღესაც მოქმედი პერსონაა. ამდენად, მასზე და მისნაირებზე უკეთ არანაირმა „სამოქალაქო კომისიამ“ არ იცის სისტემა და ფასების დარეგულირების გზები.
_ არ ვიცი, პრემიერს ვინ ურჩია საქმის ასე დაწყება... რასაც გეტყვით, ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ! რეალურად სხვა სიტუაციაა. ეს პრობლემა დაიწყო პანდემიის დროს, გიორგი გახარია რომ იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ დაიწყო გაძვირება პროდუქციამ. პანდემიისგან დაპანიკებულმა ხალხმა რომ პირველადი მოხმარების პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების დატაცება დაიწყო, დეფიციტი შეიქმნა და ფასებზე აისახა, მცირედით გაძვირდა.
მერე უკვე, ქსელურმა სუპერმაკეტებმა ძალიან აიშვეს _ ყოველ წელს იბარებენ სადისტრიბუციო კომპანიებს და არაფრის გამო, უბრალოდ, შენ რომ ჩემს ქსელში იყო შემოსული, ამისათვის შენ მე უნდა გადამიხადოო. ამას ჰქვია მარკეტინგული ქეშ-ბექი, რომელიც „მოიგონა“ „კარფურმა“.
_ ადვილად გასაგები რომ იყოს, მაგალითით განმარტეთ...
_ მე თუ მინდა შევიტანო ჩემი პროდუქცია, უნდა დავთანხმდე ქეშ-ბექს. პირობითად, ვიხდი 40%-ს არაფერში. რეალურად 30-იდან 45%-ია და მეტიც. თუ სადმე არ შევიტანე, სად გავყიდო, ხომ? ქსელებისაა ამ ქვეყანაში ყველაფერი და მე თუ ამ ქსელს არ დავეთანხმე, ვერ გავყიდი, ჩამიწვება პროდუქცია და უნდა გადავყარო. თან, რომ შევიტან, მაშინვე მიაქვთ თავისი ქეშ-ბექი და არა გაყიდვის შემდეგ. მე თუ ასი ათასი ლარის პროდუქცია შემაქვს, მას არ აინტერესებს, გაიყიდება თუ არა, თავისი დადგენილი პროცენტი მხოლოდ შეტანაში მიაქვს, შესვლის გადასახადი კიდევ სხვა არის...
მე საიდან მოვიტანო ეს 40%. თუ არ ავსახე თვითღირებულებაში. სიტყვაზე, თუ ჩემი ერთეული პროდუქტი მიჯდება 1 ლარი, იძულებული ვარ, დავამატო 40% რომ ქსელების მოთხოვნა დავაკმაყოფილო და ჩემთან ის 1 ლარი დარჩეს. მე 1,40 ლარად ვთავაზობ მათ, მაგრამ ის 40 თეთრი იმათია, მათთან რჩება, ჩემთან 1 ლარი მოდის. ფასნამატში ყველაზე ნაკლები წილი სადისტრიბუციო კომპანიაზე მოდის.
ქსელურ მარკეტებს მთავარ ოფისში უამრავი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, რომლებიც არაფერში სჭირდება. მაღალ ეშელონებში 20 000 ლარამდე აქვთ ხელფასი. საიდან უხდიან? _ ჩვენი, ყველას ფულიდან.
ვთქვათ, სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი ვარ და ჩემს ხელშია საფასო პოლიტიკა, მე ვადგენ ფასს და ზუსტად ვიცი, რა ხდება. მაგალითად, მე მაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც 1,50-2 ლარამდეა საფასო სეგმენტში. საოპერაციო ხარჯები რომ გავასწორო, 30%-იანი მარჯა უნდა მქონდეს. აქ მოგებაზე არ არის საუბარი, მხოლოდ 0/0-ზე რომ გასწორდეს _ იგულისხმება ყველაფერი, ხელფასებიდან დაწყებული, საწვავით დამთავრებული. შესაბამისად, მე რომ მიჯდება პროდუქცია, ვთქვათ, 40-60 თეთრი და 1 ლარად რომ გავყიდო, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ პროდუქციას აქვს ვადა, ამიტომ დროზე უნდა გავყიდო. მივდივარ სუპერმარკეტში და ვეუბნები, ქართული წარმოება ვარ, მინდა, ჩემი პროდუქცია შემოვიტანო.
_ საქართველოში წარმოებულ ქართულ პროდუქციას ისევ არ აქვს არავითარი შეღავათი?
_ ადგილობრივს ხელი შევუწყოთო, ლოზუნგად რომ გაიძახიან, პოპულიზმია და მეტი არაფერი! სრულებით არ აინტერსებთ, ქართული ხარ თუ უცხოური, 40% მარკეტინგული ქეშ-ბექი უნდა მისცე.
ამ ყველაფერს ემატება დღგ 18%, რომელიც სახელმწიფოს მიაქვს. სუპერმარკეტებს როგორ უნდა მოედავოს, როცა არც სახელმწიფოს აინტერესებს, მასაც ეგრევე მიაქვს ის 18% და არა გაყიდულიდან. შენი შპს-იდან სხვა შპს-ზე მიწოდებას გაყიდვად გითვლის. ეს უკვე სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემაა! ნოდარ ხადური რომ იყო, მაშინ შეიცვალა ეს წესი, თორემ მანამდე იყო პირიქით, რომ გაყიდიდი პროდუქციას, გაყიდულიდან გითვლიდა სახელმწიფო დღგ-ს.
მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი ფასების სიძვირე 99%-ით ქსელური სუპერმარკეტებისა და სახელმწიფოს მიერ არის შექმნილი!
ამ დრომდე მიშვებულები იყვნენ, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. მე რომ მწარმოებელი ვარ, _ ვიშრომე, ავაშენე, გავაშენე, ვაწარმოე და ვერ ვყიდი! ვერ ვყიდი იმიტომ, რომ ქსელური მისახელებს ყველაფერში თანხას, რომელიც საიდანღაც უნდა მოვიტანო. აბსოლუტურად დაჩაგრულია ადგილობრივი მწარმოებელი...
ერთი შეხედვით უამრავი წვრილმანია: მაგალითად, რაც უფრო მეტს გაგიყიდის სუპერმარკეტი, მით მეტად გიმატებს პროცენტს...
_ კი მაგრამ, შეტანის ქეშ-ბექი ხომ გადახდილი გაქვს და შემდგომშიც უნდა გადაიხადო, ბევრის გაყიდვაში წილში რანაირად და რატომ გიჯდება?
_ იმიტომ გახდევინებს, რომ გეუბნება, სიტყვაზე _ მე შენ რომ გაგიყიდი მილიონ ასი ათასი ლარისას, 40%-ის ნაცვლად 41%, მილიონ ორასი ათასზე კი 42% უნდა გადამიხადოო, _ ეს არის გეგმაზე მიბმული პროგრესირებადი ქეშ-ბექი.
_ თუ ბევრად ნაკლებს ყიდის, მაშინ წაგებაშიც უნდა შემოვიდეს და პროცენტი დაგიკლოს...
_ როგორც გითხარით, ეგ არავის ანაღვლებს, არც სუპერმარკეტს და არც სახელმწიფოს, ორივე თავიდანვე იდებს ჯიბეში ფულს და სულაც რომ დაგილპეს პროდუქცია, არ ეხება და არც აინტერესებს. ამის გარდა, რა ხდება _ ობიექტზე პროდუქციის შეტანა ერთი ამბავია, მაგრამ ობიექტზე სხვა რამ ხდება. თუ შენი პროდუქცია არ გამოჩნდა, ნაკლებად იყიდება. ამის გამო დამატებით ამყავს კადრები, მერჩენდაიზერი ჰქვია ამ პოზიციას, რომელიც დადის ობიექტებზე და ალაგებს პროდუქციას, მაგრამ მანამდე ამ ობიექტს უთანხმდები ფასზე, რადგან კარგ ადგილში დამატებით თანხას გახდევინებს.
_ კარგი ადგილი რომელია...
_ საშუალო სიმაღლეზე, თვალის სისწორეზე, სალაროსთან _ მოკლედ, თვალში რომ მოგხვდება. მაგალითად, მაღაზია ყიდის ჩემს პროდუქციას, პირობითად, თვეში 300 ლარისას და კარგ ადგილში იმდენივეს რომ მთხოვს, საიდან მივუტანო? ე. ი. ჩემივე პროდუქციის გასაყიდ ფასს უნდა მივაბა. შესაბამისად, ჩემი ლარიანი პროდუქტი დახლზე დევს უკვე 2,50 ლარად.
რამდენი ასეთი მუქთა ფული შესდით, წარმოიდგინეთ! ჩემი 1-ლარიანით 1,5 მოიგო არაფერში და რა ენაღვლება, ხსნის კიდევ ერთ ახალ სუპერმარკეტს, მეორეს, მესამეს და ა. შ. რამდენის სურვილიც ექნება. ამიტომ მოედო სოკოებივით ეს ქსელური მარკეტები. ეს, პირობითად, ჩემს ხარჯზეა გაკეთებული, ჩემი ფულით _ ჯამში 1500-ზე მეტი სადისტრიბუციო კომპანიაა.
ხალხი აღარავის აღარ აინტერესებს _ სადისტრიბუციო კომპანიები ვბრაზობთ, მაგრამ ჩვენც ვეღარ გვაინტერესებს, გასაქანს არ გვიტოვებენ „ქსელურები“...
პირდაპირ დავადებ ხელს _ მაგალითად, „2 ნაბიჯის“ ქსელში, ყველაზე პოპულარულ, სხვებთან შედარებით იაფი პროდუქტით _ ხარისხზე არაფერს ვამბობ, ჩემი პროდუქცია ვერ შედის.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ შესვლისთვის ითხოვს მინიმუმ 40%-ს და, ამის გარდა, დამატებით კიდევ შესვლის გადასახადს _ ეს არის წელიწადში 60 ათასიდან ასი ათასამდე – ყოველ წელს ამდენი უნდა უხადო, რომ იქ იყო. „2 ნაბიჯი“ 2010 წელს გაიხსნა, 16 წელია, არსებობს და 700 მაღაზია აქვთ უკვე _ ეს ზრდა არის კომპანიების მიმართ აგრესიული მოთხოვნებიდან გამომდინარე.
იგივე არის „კარფურის“ შემთხვევაშიც, პროდუქციის შეტანა ერთია, მაგრამ შიგნით ადგილისთვის უნდა იბრძოლო. შენ რომ გგონია, რომ მოგვარებული გაქვს ეს საკითხი, რადგან პროდუქცია შეიტანე და გადაიხადე ის 40% და ამის გარდა შესვლის გადასახადიც, საკმაოდ მსუყე თანხა, შეიძლება, შენი პროდუქცია საწყობიდანაც არ იყოს გამოტანილი. ამიტომ კიდევ აგყავს კადრები, რაც ფასში აისახება.
მაგალითად, შევიტანე პროდუქცია „ფრესკოში“. ერთი შტრიხკოდი რაც არის, მისი რეგისტრაცია დამიჯდა 3000 ლარი. 10 კოდი რომ დავარეგისტრირე ჩემი 1-ლარიანი პროდუქციისა, 8-10 თვე მაინც უნდა ვიმუშაო ზარალზე, რომ 30 000 ლარი გავასწორო, მოგებაზე არ არის საუბარი, მოგებაზე 2 წლის მერე გავალ. ქსელურებში სხვანაირად ვერ შეხვალ და სად გაყიდი, როცა პატარა მაღაზიები ააწიოკეს და მფლობელებმა დახურეს, ვერ გაუძლეს კონკურენციას.
_ კარტელურ შეთანხმებაზე რას იტყვი, მართლა ყველა ერთმანეთთან არის გარიგებული ფასებში?
_ არა. კარტელურ შეთანხმებაზე საუბარი წამოვიდა იქიდან, რომ გაერთიანდა რამდენიმე ქსელური სუპერმარკეტი. არსებობს „დეილი ჯგუფი“, რომელშიც გაერთიანდა: „დეილი“, „სპარი“, „მაგნიტი“, „კალათა, „იოლი“ და „გვირილა“ _ აქ იკვეთება კარტელური გარიგება, ოღონდ, რამდენად არის მეწილეების გაერთიანება კარტელი, ვერ გეტყვით. თუმცა, ამ გაერთიანებას, თუ არ ვცდები, ბაზრის წილის 33% უკავია, რაც სავსებით საკმარისია ფასების პოლიტიკის წარმართვისთვის. ჯერჯერობით როგორც ჩანს, „კარფური“ არ გაერთიანებულა არავისთან, არც „აგროჰაბი“ და „გუდვილი“. „გუდვილს“ იმთავითვე ისეთი პოზიცია ეკავა, რომ ხარისხიანი პროდუქცია ჰქონოდა და ძვირად გაეყიდა, მაგრამ ხარისხი ძალიან ცუდი აქვს ბოლო დროს, _ ყველაზე ძვირიანი ქსელი საქართველოში „გუდვილი“ და „აგროჰაბია“ _ იმხელა გაბერილი ფასები აქვთ, რომ ყოველთვე შეუძლიათ გახსნან ახალ-ახალი ობიექტები. „აგროჰაბი“ უკვე 8 ობიექტია, „გუდვილი“ 6 ჰიპერსუპერმარკეტია, თუ პატარა ობიექტიებს არ ჩავთვლით.
_ ახლა ითქვა, რომ სავაჭრო ობიექტებში ხელოვნური ფასნამატი გამოვლინდაო. ეს რას ნიშნავს, ყველა ფასი ხელოვნურად არ არის გაზრდილი?
_ სისულელეა! ეგ არის სწორედ ის, რაც ვილაპარაკე, რის გამოც ვზრდი ჩემი 1-ლარიანი პროდუქციის ფასს.
_ ახლა, კომისია რომ შეიქმნა და ფასების საკითხს სწავლობს, ამით რა იქნება...
_ სახელმწიფოს შეუძლია, რომ იძულების წესით დააწევინოს ფასები _ კანონმდებლობით გააუქმოს მარკეტინგული ქეშ-ბექი, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელია იმიტომ, რომ გადაინაცვლებს „ატკატებისკენ.“
_ აბა, საშველი არ ყოფილა? რა გამოსავალი არსებობს?
_ პირველი, ვინც არის დამნაშავე, არის თვითონ სახელმწიფო _ მწარმოებელი რომ ვარ, დენი და გაზი კი არ უნდა გამიძვიროს, პირიქით, უნდა გამიიაფოს. საწვავზე აქციზი რომ აქვს დამატებული, 80 თეთრი იქნება თუ 1 ლარი _ ეს უნდა გააუქმოს, რომ საწვავი გააიაფოს. საწვავის გაიაფება კი აიაფებს ყველა სხვა დანარჩენს.
კარგი, თამბაქოზე აღარ ვამბობ არაფერს, ჯანმრთელობა და ჰაი-ჰუი აქვთ მიზეზად, თუმცა ეგეც ტყუილია, ჩვეულებრივი ძარცვაა, მაგრამ დღგ სურსათზე? ევროპას რომ გაიძახიან, იმ ევროპულ ქვეყნებში, ზოგან 5%-ია, ზოგან 7%-ია, ემირატებში, როგორც ვიცი, საერთოდ არ არის დღგ. ყველა შემთხვევაში, საკვებზე და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე 18% არსად არ არის. ამაზე უნდა თქვას უარი სახელმწიფომ და იმაზე, რომ, რაც ხელში მიკავია და ჯერ არ გამიყიდია, იქიდან მიაქვს პროცენტი და არა გაყიდულიდან. პირველი ნაბიჯი თვითონ უნდა გადადგას სახელმწიფომ და მერე მიუტრიალდეს ქსელებს და უთხრას: მე თქვენ აქციზზე საგრძნობლად მოგიკელით; დღგ საგრძნობლად მოგიკელით. ახლა თქვენზეა! საერთო ჯამში, ფასები გამოსწორდება _ 50% მაინც უნდა დაიკლოს. ესპანეთში, მაგალითად, სურსათზე დღგ და ისიც გაყიდულიდან, 5%-ია, სხვა რამეზე შეიძლება, 25% იყოს, მაგრამ იქ ხალხზე ზრუნვაა წინა პლანზე _ სადისტრიბუციო კომპანია სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია და კონტროლი მარტივად ხდება.
_ ჩვენთანაც ხომ შეუძლია სახელმწიფოს იგივე გააკეთოს...
_ მერე, ვინ უშლის? არ აწყობს და არ არის სახელმწიფოსი _ პოლიტიკურ ნიუანსებში ნუ გადავალთ...
_ აბა, ახლა იმედი რომ გაჩნდა, კომისია მუშაობს და ფასების კლების ტენდენცია დაიწყებაო?
_ ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, მხოლოდ პოპულიზმია. ისეთი ხალხი ლაპარაკობს ამ საკითხზე, წარმოდგენა რომ არ აქვს პრობლემაზე და მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს აბრეხვებენ. პირველი ნაბიჯი ის არის, რომ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს საკუთარი მუქთამჭამელობის მოთოკვა! ყველგან კამერები რომ დააყენეს და ჯარიმას ჯარიმაზე წერენ, მომიწესრიგოს ობიექტთან პარკინგი, რანაირად მივუდგე პროდუქციით დატვირთული მანქანით ისე, რომ არ დამაჯარიმონ, კილომეტრიდან როგორ გადავზიდო, კიდევ ახალი კადრები ავიყვანო? შევიძენ ურიკებს, ავიყვან კადრებს და ფასში ავსახავ, მერე აღმოჩნდება, რომ გაძვირდა. კი არ უნდა ჩამისაფრდე, შეთანხმებულად უნდა ვიმოქმედოთ.…
_ ნელ-ნელა იმედი მიცრუვდება _ სახელმწიფო რატომ დაიკლებს, მასე ხომ ბიუჯეტში დააკლდება შემოსავალი... გარდა ამისა, ქსელურები საკუთარ თავს რატომ მოაკლებენ... ალოგიკურობას ვაწყდები...
_ სახელმწიფო ადრე ამბობდა, არ ვერევი, ბაზარი თვითონ დაარეგულირებს ფასებსო _ დაარეგულირა? მაგალითებით უფრო გასაგები იქნება _ რადგან მე ამ სისტემაში ვარ, გუშინწინ გამოჩნდა ვიღაც, რომელმაც მითხრა, 2,5 ტონა ჯონჯოლი მინდაო. რომ გავიკითხე პირველ ხელთან, კილო ჯონჯოლი 20 ლარი დამიფასა, რასაც 1,5-2 ლარად ვყიდულობდი და ბოლოს 4 ლარად შევიძინე.
_ ჯონჯოლი რაღამ გააძვირა...
_ რუსეთი იწოვს ყველაფერს საქართველოდან _ გადის და გადის ექსპორტზე. აქ რომ დეფიციტი იქმნება, იზრდება ფასი. ბაზარში რომ გახვიდე და ქართული ვაშლის ყიდვა მოინდომო, თითზე ჩამოსათვლელს ექნება. ვაშლს ვინ ჩივის, საქართველოში ქართულ ყურძენს ვერ ნახავ, სომხეთიდან და ირანიდან შემოდის. ვაშლი საიდან შემოდის, იცით? _ გაგიკვირდებათ, არგენტინიდანაც და, ომში მყოფი უკრაინიდან! არადა, ყველამ იცის, რომ ქართული ჯანსაღია...
_ ჩვენი ვაშლი სად წავიდა და რატომ?!
_ ულპებათ გლეხებს... იმიტომ, რომ ვისაც შემოაქვს საქართველოს გარედან პროდუქცია, ქსელურ სუპერმარკეტებთან დალაგებული აქვთ საქმე და ერთად აკეთებენ ფულს.
მეტსაც გეტყვით _ საქართველოს იმდენი ნიგოზი აქვს, თავზე გადასდის, მაგრამ რაც იყიდება, ყველა შემოტანილია უკრაინიდან და ალაგ-ალაგ აზერბაიჯანიდან. ასეა ნუშიც და, ზოგადად, თხილეული.
_ რატომ, ჩვენი ხომ გვაქვს!..
_ წარმოიდგინეთ, რომ ხარ გლეხი, ახლებურად ფერმერი. გიყვარს მიწა, მიწაზე შრომა და არ ხარ გამოქექილი, პატიოსანი მეურნე კაცი ხარ, არ ხარ გამყიდველი, მწარმოებელი ხარ, მაგრამ მიწის მოხვნამდე ვერ მიდიხარ, არ გეხმარება არავინ. შენით უნდა მოიძიო ტექნიკაც, საწვავიც, ტექნიკის ამმუშავებელიც და ა. შ. საწვავი ძვირია, დენი ძვირია, გადასახადები ძვირია, ასე რომ, შენ ეს შენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-წარმოება გვარიანად ძვირი გიჯდება. ვისაც საიდანღაც შემოაქვს, იმას ბევრად იაფი უჯდება და ნაკლებ ფასადაც ყიდის. შესაბამისად, შენ ეს შენი პროდუქტი გასაყიდი გრჩება და შემდეგ წელს უკვე ინტერესი აღარ გაქვს, რომ იგივე გააკეთო. ასე კვდება სოფლის მეურნეობა.
_ სოფლის მეურნეობის გადარჩენაც სახელმწიფოს კისერზეა...
_ დიახ. სახელმწიფომ უნდა დაავალდებულოს ქსელური მარკეტები, რომ ქსელში იყოს ქართული პროდუქცია შემოტანილზე ნაკლებ ფასად. მაგალითად, ამ წელს უნდა იყოს 10 ტონა ვაშლი, მსხალი, ატამი და ა. შ. ქსელური მარკეტი ვალდებული უნდა იყოს, რომ ჩაიბაროს ტონობით ქართული პროდუქცია სახელმწიფოს მიერ დათქმულ ფასად. გლეხს რომ გარანტირებულად ეცოდინება, რომ შრომა წყალში არ ჩაეყრება, სახელმწიფო ეხმარება, ის ხალისით იმუშავებს და ჯანსაღი პროდუქცია გაჩნდება დახლებზე.
საქონლის ხორცი 35 ლარი ღირდა გუშინწინ. რამ შექმნა პრობლემა, საძოვრები არ გვაქვს თუ ფერმების გაკეთებაა შეუძლებელი? სამეზობლოში გვყავს ქვეყნები, სადაც ღორის ხორცს არ ჭამენ და მოთხოვნა არის საქონლის ხორცზე, იხდიან ფულს და ყიდულობენ ცოცხალ წონას, ადგილზე კი დეფიციტი იქმნება და ფასიც მაღლა ვარდება. პროდუქციის გადინება ან ქვოტებით უნდა გაკონტროლდეს, ან რაღაც დადგენილებით.
ახლა უყურეთ, ყველაფერი გაძვირდა და ღორის ხორცი არ გაძვირდა, 13-14 ლარად მშვენიერ სამწვადეს იყიდი. რატომ? იმიტომ რომ რუსეთიდან შემოდის ბევრი და იაფად, მგონი, 7 ლარი ღირს ცოცხალი წონა. საქართველოში რომ გაზარდო ღორი, იმას 20 ლარზე ნაკლებად ვეღარ გაყიდი, რადგან გაზრდა ძვირი გიჯდება.
არ ვიცი, ვინ მიაწოდა ინფორმაცია პრემიერს, რომ საზღვრიდან დახლამდე 86%-ია ფასნამატი, რეალურად, საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, გაცილებით დიდი ციფრია ფასნამატი _ 200% და ზევით!
მოკლედ, იმხელა აჯაფსანდალია ქვეყანაში, მხოლოდ სურვილი „ფასები დავწიოთ!“ არ იმუშავებს თუ კომლექსური მიდგომა არ იქნა.
P.შ. ორ-სამ თვეში თუ ფასებთან დაკავშირებული რეალობა არ შეიცვალა და ახალი, მოქნილი სისტემა არ შეიქმნა სახელმწიფოს მხრიდან, პირადად მე, გული გამიტყდება და ნამდვილად ჩავთვლი, რომ საქმე მართლა პოპულიზმთან გვქონდა და არა ხალხზე ზრუნვასთან...
მაია ჭელიძე

