ირანი - მოუნელებელი და მოუხელთებელი სამიზნე

ირანი - მოუნელებელი  და მოუხელთებელი სამიზნე

აშშ-ის გადამკიდე, მსოფლიო ყანყალი არ ჩერდება; ამჯერად აშშ-ს ირანი ჰყავს ამოღებული მიზანში. გაცხადებული მიზეზი ირანის ბირთვული შეიარაღებაა, რეალურად რა არის, მხოლოდ გონივრული ეჭვი შეიძლება გვქონდეს.
ჩუმად რომ ვთქვათ, სანქციების გარეშე არსებული ირანი არავის აწყობს – არც რუსეთსა და ჩინეთს, არც საუდის არაბეთსა და თურქეთს, რადგან ირანი მსოფლიო ხუთეულში შედის ნავთობისა და გაზის მარაგებით. ამბიციები შესაძლოა სხვასაც ჰქონდეს, მაგრამ რესურსები არ აქვს, თუმცა ამას არცერთი მათგანი არ გამოხატავს ღიად; პირიქით, ირანის პირდაპირ მხარდამჭერად თუ არა, მომრიგებლების მანტიას მაინც მოისხამენ, რადგან არც ის მოსწონთ, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზები მრავლად აქვს ახლო აღმოსავლეთში.
აშშ-მა, ფაქტობრივად, რკალი შეუკრა ირანს. ცოტაც და, თუ აშშ გონზე არ მოეგო, დაიწყება დიდი რეგიონალური ომი; ვინც ჯერ კიდევ არ ჩანს ხილულად, ისინიც ჩაერთვებიან და ძალიან ცუდი რამ მოხდება.
სამხედრო თვალსაზრისით, ირანი ახლოს ვერ მივა აშშ-სთან, მაგრამ დიდია ირანი და ჩაითრევს სხვა სახელმწიფოებსაც.
ხომ საინტერესოა, რომ აშშ-ის ირანზე თავდასხმამდე, მაინცდამაინც დაძაბულ ვითარებაში წამოიწყეს და დაასრულეს ერთდღიანი რუსეთ-ჩინეთ-ირანის სამხედრო წვრთნები ჰორმუზის სრუტეში? ჩინეთი და რუსეთი ღიად არ ჩაერთვებიან, მაგრამ „რამე რომ იყოს“, თავიანთი სვლებით დათმობებისკენ არ უბიძგებენ აშშ-ს?
კაცმა რომ თქვას, აშშ არც ტყუის, რადგან ირანმა რომ შექმნას ბირთვული იარაღი, საუდის არაბეთი იქნება, თურქეთი თუ ეგვიპტე და სხვა, იმათ როგორღა უნდა აუკრძალონ ან დაუყვავონ? ასე ხომ ის მსოფლიო ბირთვული ბალანსი დაირღვევა, რაც დღემდე არსებობს.
არ ტყუის ირანიც, რადგან თუ ბირთვული იარაღი არ აქვს, ვერ აკავებს ზესახელმწიფოს შემოტევებს – ისრაელი კი ცალკე არაფერია, „უბრალოდ“, აშშ-ის საზარდულში ჩაბუდებული ტიპური აუტანელი მავნებელია...
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანს არასდროს დაურღვევია ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან გარანტიების შესახებ შეთანხმება. ლავროვის განცხადებით, ყველა რისკი და პოლიტიკური დაძაბულობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები 2018 წელს ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა.
ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ირანს გულწრფელად სურს ამ პრობლემის მოგვარება გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების პატივისცემის საფუძველზე; ამიტომ, ჟენევაში ომანის სასულთნოს შუამავლობით განახლებული ირან-აშშ-ის მოლაპარაკებების ფარგლებში არასწორად დაისვა ერთი საკითხი: კერძოდ, ირანმა ნებისმიერი მიზნით უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, სრულად ან რადიკალურად შეამციროს თავისი სარაკეტო პროგრამა და შეწყვიტოს რეგიონში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაზე გავლენის მოხდენაო, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მან ისიც თქვა, რომ აშშ-ის ნებისმიერ ახალ დარტყმას ირანზე სერიოზული შედეგები მოჰყვება. მან ვაშინგტონს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა მოიძებნოს გამოსავალი და ირანმა მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის განხორციელება შეძლოსო, მაგრამ ყურად არ იღო აშშ-მა.
ყურადღებით ვაკვირდები რეგიონში არაბული ქვეყნებისა და სპარსეთის ყურის მონარქების რეაქციებს. არავის სურს დაძაბულობის ზრდა. ყველას ესმის, რომ ეს ცეცხლთან თამაშია და ამიტომ არაბული ქვეყნები ვაშინგტონს უგზავნიან სიგნალებსო. მართლაც, მკაფიოდ მოუწოდებენ თავშეკავებისკენ და ისეთი შეთანხმების ძიებისკენ, რომელიც არ დაარღვევს ირანის კანონიერ უფლებებს და უზრუნველყოფს, რომ ირანს ჰქონდეს წმინდად მშვიდობიანი ბირთვული გამდიდრების პროგრამა.
რუსეთი ირანის ლიდერებთან მჭიდრო, რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს და დაბეჯითებით ამბობენ, არ აქვთ საფუძველი, ეჭვი შეიტანონ იმაში, რომ ირანს გულწრფელად სურს ამ პრობლემის მოგვარება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დაცვის საფუძველზე. ასეთი მონახაზი იყო და უცბად აშშ თავს დაესხა ირანს. მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს ასეთი საქციელი დიდი უსაქციელობაა, მაგრამ აშშ-ისგან ეს აღარავის უკვირს.
საინტერესოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებას მოწადინებულ ტრამპს რა მახათი აძგერეს ასე ძლიერად, რომ ნობელიანტობის ამბიციები გადასწონა? ეჭვები ეპსტინის ფაილებთან მიდის, მაგრამ ეჭვი ეჭვად რჩება... ფაქტია, სანამ აშშ ირანს დაარტყამდა, სულ მცირე ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ უარი განაცხადა ირანზე შეტევის განხორციელებაზე, რამაც ისრაელის დიდი გაღიზიანება გამოიწვია.
რეალობის შეფასების შემდეგ, სამხედროების დასკვნებმა და კონფლიქტის მოდელირებამ, აგრეთვე ირანული ჰიპერბგერითი რაკეტების შესახებ დაზვერვის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ პრაგმატული ტრამპი დააყენა იმ გზაზე, რაც ერთადერთი სწორი გზა იყო: ზარალი და ზიანი აშშ-ს ინტერესებისთვის იქნებოდა ძალზე დიდი, რადგან ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებს, ავიამზიდებსა და ა.შ. გარანტირებული მარცხი ექნებოდათ.
მთავარი ისაა, რომ მუსულმანური ქვეყნები, საუდის არაბეთი, კატარი, თურქეთი და ა.შ., ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ და აშშ გააფრთხილეს, რომ მათ ტერიტორიას ვერ გამოიყენებდა ირანზე შეტევისათვის. ფაქტობრივად, პირველად იქნა აღიარებული, რომ ირანს მიღწეული აქვს უდიდესი სამხედრო-ტექნიკური გარღვევა და აქვს ისეთი შეიარაღება, რომელიც არ გააჩნია ნატო-ს არცერთ ქვეყანას. ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ისიც იყო, რომ ჰორმუზის ყურის გადაკეტვა, სადაც დღე-ღამეში მსოფლიო ნავთობის 30% გადის, ბარელი ნავთობის ფასს 200-300 დოლარამდე ასწევდა, რაც მსოფლიო ეკონომიკას სრული კრახის წინაშე დააყენებდა. ასეთია რეალობა!
გეოპოლიტიკაში არ არსებობს სიმპათია-ანტიპათიები, არ არსებობს იდეოლოგიური ზმანებები, არსებობს მხოლოდ პრაგმატიზმი – რა შეიძლება იქნას მიღწეული რეალურად არსებულ პირობებში. აი, ამ რეალობის გრძნობამ გამოიწვია ეს შედეგი და არა ვინმეს სიყვარულმა ან სიძულვილმა. პრაგმატიზმი და ცივი გონება, პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, ეს ერთადერთი ფუძე-საყრდენებია პოლიტიკური ხელისუფლებისათვის – და უცბად ტრამპი „გადაირია“ და დასცხო ირანს!

როცა სიტყვები ზედმეტია
რაც უცბად მოვიძიე მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის მიერ დაბომბილი ქვეყნები, ჩამონათვალი ასე გამოიყურება, თუ არაფერი გამომრჩა:
ჩინეთი, 1945-1946 წლები;
კორეა, 1950-1953 წწ.;
ჩინეთი, 1950-1953 წწ.;
გვატემალა, 1954 წ.;
ინდონეზია, 1958 წ.;
კუბა, 1959-1960 წწ.;
გვატემალა, 1960 წ.;
კონგო, 1960 წ.;
ლაოსი, 1964 წ.;
პერუ, 1965 წ.;
ვიეტნამი, 1961-1973 წწ.;
კამბოჯა, 1969-1970 წწ.;
გვატემალა, 1967-1969 წწ.;
სალვადორი, 1980 წ.;
ნიკარაგუა, 1980 წ.;
გრენადა, 1983 წ.;
ლიბანი, 1984 წ.;
ლიბია, 1986 წ.;
პანამა, 1989 წ.;
ერაყი, 1991-1999 წწ.;
სუდანი, 1998 წ.;
ავღანეთი, 1998 წ.;
იუგოსლავია, 1999 წ.;
ავღანეთი, 2001 წ.;
ერაყი, 2003 წ.;
ლიბანი, 2011 წ.
სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობები და მცდელობები კიდევ ცალკე სიაა, ხოლო ამერიკის კონტინენტის ათვისებიდან მოყოლებული რამდენი სისხლი აქვს დაღვრილი – კონტინენტის აბორიგენი მოსახლეობის ამოჟლეტიდან დაწყებული – ეს კიდევ სხვა არის. ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი ირანზე თავდასხმა და არც ის, რომ თავდასხმელთა სიაში საწყის ეტაპზე გაწერილი იყოს კუბა, ვენესუელა, პანამა და გრენლანდია, ხოლო დანარჩენები – იდეაში. აშშ სისხლითა და ძალადობით არის შექმნილი, ამიტომ სხვაგვარად არ შეუძლია, მათი მენტალობა და გენეტიკური მეხსიერება გამუდმებით ითხოვს იგივეს...
პატარა საქართველოს რიგით მოქალაქეს ვერანაირად ვერ ექნება რომელიმე მხარისადმი მხარდაჭერის სურვილი, რადგან მოქალაქეობრივი წყრომა აქვს დაუსრულებელი უსამართლო პრეტენზიების გამო, მაგრამ ომი რომ საშინელებაა და არ გვინდა, ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს და არა სადავო!
დიდ სახელმწიფოებს ომის სტატისტიკა აქვთ, პატარა სახელმწიფოებს კი არცერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი!..

მაია ჭელიძე