ირაკლი კობახიძის განცხადება
საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში, დიდიე ტღებიუკთან ერთად მოვაწერე.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გავამახვილე საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 30-წლიან თანამშრომლობაზე და აღვნიშნე, რომ ერთობლივმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის ინსტიტუციური შესაძლებლობები, ასევე ხელი შეუწყო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეფორმების მხარდაჭერას და მშვიდობის მშენებლობას.
გლობალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია. ეს ყოველივე, თანმიმდევრულმა რეფორმებმა და ქვეყნის მშვიდობაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა.
ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციებზე და საქართველოს მთავრობის ხედვაზე, რომელიც სიღარიბის შემცირებას და საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს.
აღვნიშნე, რომ საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ამ წარმატების ფუნდამენტს კი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი პრინციპი, უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი, პროგნოზირებადი გარემო, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების საფუძველია.
ხაზი გავუსვი გაეროსთან გაფორმებული 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტის მიმართულებების შესაბამისობას საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებთან და გაეროს გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადე.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის და გაეროს გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

