არამკითხე მოამბეები
როდესაც „ლელოს“ ერთ-ერთმა „ღვაწლმოსილმა“ ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ გამოაცხადა, თბილისში ჩვენი პარტიის 150 ლიდერი შეიკრიბება და ძალზედ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებსო, ეგრევე მივხვდი, მართლა რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა და მოხდა კიდევაც: „ლელო“ ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. მეორე „ღვაწლმოსილი“ ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური გარემოსა და შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე აუცილებელია ფართო პოლიტიკური დიალოგის დაწყება, რათა სახელმწიფომ შეძლოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირება.
ხოხ, როგორი მომხიბლავი წინადადებაა, არა? მამუკა ხაზარაძე თავის „პადელნიკებთან“ ერთად „ოცნებას“ და ოპოზიციას მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. მოლაპარაკებები, ბადრი ჯაფარიძის აზრით, „ლელოს“ პარტიულ ოფისში უნდა დაიწყოს, ხომ? ეგრეა, როცა მედიატორობას კისრულობ, ხარჯიც შენ უნდა გასწიო. ასე გვასწავლიდნენ ჩვენი წინაპრები.
კეთილი და პატიოსანი... მოდით, ახლა ვნახოთ, რაზე უნდა მოილაპარაკონ „ოცნებისა“ და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა: ხაზარაძის პარტიაში მიიჩნევენ, რომ არსებული კრიზისიდან გამოსავალი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. ასევე, პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, თურმე აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. მოიცადეთ და... თქვენ აქ რამე ახალს ხედავთ? განა აკაცუკები და მათი მიმდევრები დღენიადაგ ამას არ გაიძახიან? ისე, ადრეც მიკვირდა და ახლაც მიკვირს, ამ უდღეურებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რაში აწყობთ? ხვალვე რომ არჩევნები დაინიშნოს და „ქართულმა ოცნებამ“ თითიც არ გაატოკოს, მაინც ხომ დიდი უპირატესობით მოიგებს? ერთ-ერთ ბოლო დებატებში შალვა პაპუაშვილმა თქვა, ჩვენ ე.წ. ოპოზიციას არაერთხელ ვუთხარით, სია დაწერეთ, რომელი პატიმრები უნდა გავათავისუფლოთო. თურმე არ წერენ, არ იციან, სია რომ დაწერონ, გათავისუფლების მიზეზად რა უნდა დაურთონ.
მოკლედ, „ლელოში“ 150 ე.წ. ლიდერი დაჯდა, იმსჯელა და დაადგინა: „საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობადა განვითარება შეუძლებელია ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერისა და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე (თან დაასხით!). საქართველო საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე. ამ ფონზე საგანგაშოა, რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მხოლოდ ღრმავდება. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ასობით მოქალაქე, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივები, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა და, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლა კიდევ უფრო ამძაფრებს კრიზისს.
როგორ ფიქრობთ, ასე ვირეშმაკულად რამ გააკეთილშობილა ეს „ოლა-ოლები“? ესენი ხომ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილს დღეებს უთვლიდნენ? ესენი ხომ ყოველდღე წერდნენ, ივანიშვილს რუსეთსი გაქცევამდე ამდენი და ამდენი დღე დარჩაო? მერე ხომ თბილისის მერიის გადაბარებას აპირებდნენ? გადაწყვეტილი ჰქონდათ, მაგრამ ფეხი არ ჩაუვიდათ. მე ცოტა ხნის წინაც ვთქვი, და ახლაც ვიტყვი: იქ, ზემოთ (ამათ ზემოთ) ამათ „უმფროსი“ შეუცვალეს და გამოიცა ახალი დირექტივა - ვინაიდან და რადგანაც, ვირი მოუკვდა მაგდანას, ახლა საჭიროა, ტონი შევარბილოთ, ეგებ, ტკბილმა სიტყვამ მაინც გაჭრასო. ასეა, ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ, ერთმანეთის მიყოლებით როგორ „კეთილშობილდებიან“ ოდესღაც მწარე აკაცუკები. ოღონდ, თუ დაკვირვებული თვალი გაქვთ, უთუოდ შეატყობთ, რომ ეს არ არის ნაღდი გაკეთილშობილება, ეს არის ვირეშმაკული სვლა, რომელსაც დიდი დღეები არ უწერია.
იცით, რა თქვა ბატონმა ნიკუტა გვარამიამ, როცა „ლელოელების“ წინადადების შესახებ გაიგო? მან „ლელოელებს“ ასე მიმართა: „ხედავთ, რას დაგამსგავსათ გამოსირებულმა ხაზარაძემ“? პრინციპში, ჩვენ გვაწყობს ამათი კიდევ ერთი ახალი ფრონტის გახსნა ერთმანეთის წინააღმდეგ. ამას წინებზე თამარ ჩერგოლეიშვილმა რომ გაუხსნა თინა ბოკუჩავას და „ნაცებს“, ეგ ხომ საერთოდ კლასიკა იყო. კარგია, კარგი, რაც ამ ბოგანოებს ხელეწიფებათ, ის უნდა გააკეთონ. ისე, არ ეტყობათ, რომ ეს „ლელოელები“ არამკითხე მოამბეები არიან? რა გინდა, რაც შენი საქმე არ არის, სად ეჩრები?!
გელა ზედელაშვილი

