რომან რურუა: ყველაზე მთავარი ერის ინტელექტია

რომან რურუა: ყველაზე მთავარი ერის ინტელექტია

„საერთო გაზეთის“ სტუმარია 
ოთხგზის მსოფლიო და 
ოლიმპიური თამაშების 
ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ 
ჭიდაობაში რომან რურუა:

– ბატონო რომან, წლების წინათ „საერთო გაზეთთან“ საუბრისას აღნიშნეთ, რომ საქართველოს გაბრწყინება კარს მოგვადგა. დღევანდელი გადასახედიდან რას გვეტყვით?
– ზოგადად, სახელმწიფოს ორი ფორმა არსებობს: მართებული და არამართებული – რაც არისტოტელემ განსაზღვრა. მართებულ სახელმწიფოში მმართველები საერთო სარგებელზე ფიქრობენ, არამართებულში – მხოლოდ საკუთარ თავზე. პოლიტიკური სამართლიანობა ერთ შემთხვევაში რაოდენობრივ თანასწორობას მოითხოვს, მეორეში კი – თანასწორობას ღირსების შესაბამისად. კომუნისტების დროს იყო კანონი, რომ ქვეყნის სიმდიდრე კერძო საკუთრებაში კი არა, საერთო სარგებლობაში უნდა ყოფილიყო. დღეს ეს კანონი ყველამ მიივიწყა. როცა ამბობენ: გზები, ბუნებრივი წიაღისეულის სიმდიდრე, წყალი, ხე-ტყე, ოქრო, ქვანახშირი და ა. შ. სახელმწიფოს საკუთრებაშიაო, საქმე სწორედ აქ იღუპება. 
ჩემი აზრით, სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომელსაც ყველაფრის კეთების უფლება არ აქვს. მაგალითად, მას არ აქვს უფლება ბუნებრივი რესურსების გასხვისების, გაყიდვის, ან განკერძოების. მართებული და არამართებული სახელმწიფოს ფორმა დღესაც იგივეა, რაც არისტოტელემ განსაზღვრა. 
– ანუ პრობლემა ის არის, რომ მართებულ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ?
– დიახ, ბუნებრივი რესურსები საერთო სარგებლობაში უნდა მოექცეს – ის ჩემიცაა, თქვენიც და ყველასი. სახელმწიფომ კი აიღო და გაყიდა, რისი უფლებაც არ აქვს. ამას წინათ მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრას ვესწრებოდი, სადაც დარგის სპეციალისტებმა გულისწყვეტით აღნიშნეს, რომ 600 ათასი ჰექტარი მიწა მუსულმანებზეა გაყიდული. არ არის დასახვრეტი, ვინც ეს გააკეთა?! – პირდაპირ ასე დაწერეთ. მუსულმანებმა ქართული მიწების მიტაცება თოფით და ხმლით ვერ მოახერხეს და შენ, ჩუქნი?! – ესეც დაწერე, ხელს მოვაწერ. ახლა ტრამპთაუერს რომ აშენებენ, ქვეშ წყალი გადის, მიწა რომ ჩაწვეს და ეს 70-სართულიანი კორპუსი ჩაიტანოს, მერე, რას ვშვრებით?! ან რა საჭიროა, ტრამპს უნდა და იმიტომ?! ტრამპი რომ მოვიდეს დღეს და ჩვენი პრეზიდენტი წაიყვანოს, მერე რას ვშვრებით?! ხომ შეუძლია, ეს იკადროს, შეეწინააღმდეგები, თუ რა?! მსგავსი ხომ გააკეთა უკვე. ერთხელ გაუვიდა და კიდევ გაუვა. ახლა კუბის ჯერი დგება, მერე, ალბათ, ჩვენიც დადგება.
ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა სისტემა გვაქვს – კაპიტალიზმი თუ სოციალიზმი?! ამიტომ დავსვი შეკითხვა: მართებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუ არამართებულში. თუ მეტყვიან, რომ მართებულ სახელმწიფოში ვართ, მაშინ ეს ბატონები საერთო სარგებელზე რატომ არ ფიქრობენ?! ჩვენ მართებული სისტემიდან არამართებულში გადავედით. ეს რურუას გარდა, სხვამ არავინ უნდა შენიშნოს?! დღემდე არავის გაუანალიზებია, რატომ არ გამოგვდის უკეთ ცხოვრება? სად არის ქართველი მუშახელი? მუშა თურქმენეთიდან ჩამოვიყვანე, აქ ვერ ვიშოვე. ყველა ამას ხომ ვერ შეძლებს, ან რამდენი უნდა ჩამოიყვანო. თბილისი ინდოელებით გაივსო. რა უნდა საქართველოში ინდოელს? ყველა თუ დავასახლეთ ქართულ მიწაზე, ქვეყანა აღარ გვექნება. 
უპირველესად, უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფო მოხელეები ერის სამსახურში უნდა იყვნენ. ისინი ხალხმა დაიქირავა. ამ დროს, ის ხალხის ქონებას ყიდის, რისი უფლებაც არ აქვს. მე სადაც უნდა გამაგდო, არსებობას შევძლებ, მაგრამ ერს რა ეშველება. ამიტომ ეს უნდა გაიყოს – ერი სხვაა, მთავრობა კი დაქირავებული მუშაა. ვიმეორებ, ხელმწიფეებს ყველაფრის უფლება არ აქვთ. როგორც ვახსენე, სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციაა, რომელიც ხელფასს იღებს. ხელმწიფე მაშინ ხარ, როცა არავის არაფერს ართმევ, არავის ერჩი. აქ ვინმე ფიქრობს ერის ჯანმრთელობაზე?!
– ბატონო რომან, ბრიუსელი „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო კვლავ სანქციებით გვემუქრება.
– რა დემოკრატია, სადაა დემოკრატია?! არისტოტელეს თუ დავესესხები, იგი მკაცრად აკრიტიკებს უკიდურეს დემოკრატიას, რომლის დროსაც უმაღლესი ძალაუფლება დემოს ეკუთვნის და ყველა სიმახინჯე სწორედ აქიდან გამომდინარეობს. დემოკრატია – ესაა ბრბო. პოლიბიოსი ამბობდა: დემოკრატიის დროს ბრბო სხვის ხარჯზე მათხოვრული ლუკმის მიღებას და უბადრუკ ცხოვრებას თანდათან ეჩვევა, ყველას ენდობა, ვინც ოდესმე რამეს მიუგდებს. ამით ნებისმიერი თავხედი, დემაგოგი, აფერისტი სარგებლობს, ხოლო თვით ბრბოს კი სახელმწიფო საქმეები, პოლიტიკა აღარ აინტერესებს. შესაბამისად, დემოკრატიაში ისეთი რამ დევს, რაც მის გადაგვარებას უწყობს ხელსო.
ჩვენ იმდენად გავერთეთ და „დავთვერით“ დემოკრატიით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ გზას ვეღარ ვპოულობთ. ისევ გავიმეორებ, კანონი ერის ხასიათს და ქვეყნის საჭიროებებს უნდა მოარგო, რაც შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს.
დღევანდელ ევროპას რაც შეეხება – კრეტინებითაა სავსე. ევროპის დაქცევა გარდაუვალია. ყველაზე დიდი იარაღი ადამიანის ცხოვრებაში არის ინტელექტი. ასე რომ, ყველაზე მთავარი ერის ინტელექტია, მეორე ადგილი კი ბუნებრივ რესურებს უჭირავს. ინტელექტი სხვაა და სწავლა, ცოდნა – სხვა. ხელი ხელს ბანს და ორივე პირს. ჩვენ არც ხელი გვაქვს, არც ფეხი და არც თავი. 
რატომ იღუპება ევროპა?! ილიამ როდის თქვა: ხმები კი არ უნდა დაითვალო, უნდა აიწონოსო. მე ამას სხვა კუთხით მივუდექი – კი ბატონო, უნდა აიწონოს, მაგრამ ვინაა ამწონი. განა ყველა ჭკვიანია, ვინც უმაღლესი განათლება უცხოეთში მიიღო?! ან ვინც ხუთი ენა იცის და ხუთი უნივერსიტეტი დაამთავრა, ხუთჯერ ჭკვიანი იქნება?! ჭკუა სწავლებაში არ არის. სწავლა გონებას ანვითარებს, გონება – გონიერებას და გონიერება – სიბრძნეს!
გავიხსენოთ ევროპის წარსული. ისტორია მნიშვნელოვანია შინაარსობრივად – მის ცოდნას არავის ავალდებულებს, მაგრამ უცოდინრობას არ პატიობს. რაშია საქმე? ევროპას უდიდესი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც ზედაპირზე ამოტივტივდა. მათ აზია და აფრიკაც გამოშიგნეს. თვითონ ევროპაც თავად ევროპას აქვს ოკუპირებული. მას რაც ესაჭიროებოდა, ნედლეული თუ მუშახელი, აფრიკიდან მოჰყავდა. მათი თარეში დასრულდა, სისტემა დაინგრა. ევროპას ბუნებრივი რესურსები არ აქვს. მან ეკონომიკა იმის ხარჯზე განავითარა, რომ ყველაფერი უცხოეთიდან შემოჰქონდათ – ნედლეულიც და ინტელექტიც, რითაც რუსეთს, ჩინეთს და სხვა ქვეყნებს გაუსწრეს. ახლა ამ ხალხსაც პრეტენზია გაუჩნდა, რადგან თავიანთ ქვეყნებში განვითარდნენ და ევროპას ნედლეულის მოწოდება შეუწყვიტეს. დუღს იქაურობა, განვითარება ამ ქვეყნებსაც უნდათ. 
ევროპა ნედლეულს ვერ შოულობს, ამიტომ აჭიანურებენ უკრაინის ომს. აქ ომი ნედლეულის გამოა. უკრაინას ევროპაში უდიდესი ტერიტორია, მიწა, წიაღისეული სიმდიდრე აქვს. სულ სამი ქვეყანაა მსოფლიოში: რუსეთი, უკრაინა და კანადა, რომელიც მსოფლიოს პურით ამარაგებს. 
ევროპას ბუნებრივი რესურსები არ გააჩნია და უკრაინასაც იმიტომ ეხმარებიან, რომ იქიდან რესურსები წამოიღონ და ებრაელებთან ერთად ცხოვრება გაიხანგრძლივონ, სხვა არაფერი. რატომ არის ევროპა რუსეთის წინააღმდეგი? – იმიტომ, რომ რესურსები გამოელია. 
– საუბრისას ახსენეთ, რამდენიმე წლის წინათ, აფხაზეთში დამიბარესო. გვიამბეთ, ეს როდის მოხდა და რა უნდოდათ?
– დიახ, ხუთი წლის წინათ აფხაზებმა კაცი გამომიგზავნეს რომელმაც გადმომცა, რომ იქ ჩასვლას მთხოვდნენ. არავისთვის მითქვამს, რომ მივდიოდი, მხოლოდ ერთ მეგობარს ვუთხარი, რომელიც უშიშროებაში მუშაობდა. მანქანა ზუგდიდში დავტოვე. ენგურზე დამხვდნენ და საზღვარზე გადამიყვანეს, სადაც რუსებიც დგანან და აფხაზებიც აკონტროლებენ. აფხაზეთში სამი დღე დავყავი. მესამე დღეს სუფრა გაიშალა, შეხვედრა შევაჯამეთ. სამწუხაროდ, ლესელიძეში ერთი სახლი არ არის სანახავად დარჩენილი, მარტო რუსული ეკლესიაა ხელუხლებელი. მითხრეს: ჩვენ ისეთი ურთიერთობები გვქონდა, მზად ვართ, საქართველოსთან მოვილაპარაკოთო. ჩამოვედი თუ არა, მათი დანაბარები მთავრობას, პარლამენტს გადავეცი, მაგრამ ყურადღება არავის მოუქცევია. აფხაზებმა ხუთჯერ დამირეკეს. პასუხი აინტერესებდათ. იქ ვეღარ ჩავედი, რადგან არ ვიცოდი, რა პასუხი ჩამეტანა. ამ დროს აქ ქართველობაზე დებენ თავს?! – დაწერე ეს. ამათ უნდათ აფხაზეთი?! 
– ბატონო რომან, ახალ მსოფლიო წესრიგში სად არის დღეს საქართველო? 
– არსად. უფრო ზუსტად, ჩვენ რუსეთის მფარველობის ქვეშ ვართ. ერთი რამ მინდა გითხრათ: საკუთარ ქვეყანას – მამულს, ენას, სარწმუნოებას უნდა მივხედოთ და გავუფრთხილდეთ. თურქეთში ნამყოფი ვარ, სადაც ლაზები ცხოვრობენ. არგენტინაში სასტუმრო „მარ დე პლატაში“ მის დირქტორს ვესაუბრე. ვკითხე: საიდან ხართ-მეთქი, ესპანეთიდანო, – მიპასუხა. მე ქართველი ვარ-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ არც კი გაეგო საქართველო სადაა, სამაგიეროდ, კავკასია იცოდა. ჩემი პაპა და ფრანკო, რევოლუციის დროს ერთმანეთს დაეჯახნენო. უცებ, ლაზურ ენაზე მეუბნება: ჩქიმი ნანა ნოხოდილიო. ფრანკოსთან წინააღმდეგობის დროს გამოვიქეცითო და მეგრული იცოდა. საქართველოს ისტორია ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ბევრი რამ დაფარულია – ქართული ენასავით უპატრონოა. 

თამარ შველიძე