იან ფაბრი - უცნაური თუ ორიგინალური
იან ფაბრი ვინ იყო, წარმოდგენა არ მქონდა, ვიდრე არ გავიგე, რომ ვიღაც დარეხვილი ანტვერპენის მერიის შენობაში კატებს ჭერში ისროდა, საბრალო კატები კი ჭყავილით ეცემოდნენ კიბებზე. როგორც კატისმოყვარე, ძალიან გავბრაზდი. ასე „გავიცანი“ იან ფაბრი, თუმცა ის მაინც ვერ გავიგე, რატომ ისროდა კატებს.
აღმოჩნდა, რომ იგი საკმაოდ სკანდალური ფიგურაა არტ-სამყაროში. ამჯერად მის არტ-სამყაროდან მხოლოდ ერთ მიმართულებას გამოვყოფ _ მწერებითა და ხოჭოებით გატაცებას.
2002 წელს, მან დედოფალ პაოლას დაკვეთით ბრიუსელის სამეფო სასახლის სარკეებიანი დარბაზის ჭერი მილიონობით ხოჭოს ფრთებით მორთო და შექმნა განუმეორებელი შედევრი.
ბრიუსელის სამეფო კარის ტრადიციის მიხედვით, ყველა მეფეს ან დედოფალს თანადროული არტ+ისტი უნდა მიეწვია სასახლეში სამუშაოს შესასრულებლად. ეს ტრადიცია 1909 წელს მეფე ლეოპოლდ II-ის გარდაცვალების გამო დროებით შეწყდა და 21-ე საუკუნეში დედოფალმა პაოლამ ის კვლავ აღადგინა. მიუხედავად ფაბრის სკანდალური პერსონისა, დედოფალმა თავად გამოთქვა სურვილი არტ+ისტს სარკეებიანი დარბაზი თავისი უნიკალური ხედვით გარდაექმნა.
მხატვარმა ბრიუსელის სამეფო სასახლის დარბაზი რადიკალურად შეცვალა. მან ჭერი კაშკაშა მწვანე ფერის ტროპიკული მწერების ფარ-ფრთებით გააფორმა, რომლებიც ლურჯისა და ზურმუხტის გარდამავალ ფერებში ციალებენ. მოხატვისა და მალაქიტის ნაცვლად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან (ძირითადად, ტაილანდიდან) ჩამოტანილი მილიონობით ხოჭოს ფრთების გამოყენება უცნაურიცაა და ორიგინალურიც.
მწერები ფაბრის არაერთ ნამუშევარში გვხვდება, მაგრამ ამჯერად ისინი არა მხოლოდ ფერის, არამედ ურიცხვი სახეობისა და ღირებულების გამო აარჩია. უმთავრესი ის არის, რომ მწერის კარკასის ქიმიურ შემადგენლობაში ქიტოზანია, ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის სიკაშკაშის დაკარგვას დროთა განმავლობაში _ ამას ხომ ცოდნაც უნდა, ყველა მწერის ფრთებს არ აქვს, ან მცირედ აქვს ქიტოზანი...
მაგალითად, ქიტოზანი, რასაც აპიზანსაც უწოდებენ, ფუტკრის არატრადიციული პროდუქტია. ის დაბალმოლეკულური ქიტოზანია და ფუტკრის ქიტინოვანი საფარისგან არის მიღებული. ფუტკრის ქიტინოვან საფარს დამცავი ფუნქცია აქვს, ის ფუტკრის შინაგან ორგანოებს სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმებისგან იცავს. დაბალმოლეკულური ქიტოზანის მრავალფეროვანი თვისებები მისი ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა. აპიზანს გამწმენდი, აპკის წარმოქმნის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. აპიზანს გააჩნია უნარი, რომლითაც სასარგებლო ნივთიერებების გვერდის ავლით ორგანიზმიდან გამოდევნის მხოლოდ მავნე ნივთიერებებს, არ ვნებს ორგანიზმს, ბიოლოგიურად შეთავსებადია ნებისმიერ საკვებ პროდუქტთან.
ფუტკრის ქიტოზანი ხელს უწყობს ქოლესტერინის რეგულაციას სისხლში. ამცირებს მავნე ნივთიერებების შეწოვას, არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების საუკეთესო პრევენცია. ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ხსნის სპაზმებს, განსაკუთრებით კაპილარებში. ააქტიურებს ჭრილობების შეხორცებას. საუკეთესო საშუალებაა წონის კორექციის პროგრამაში და ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის.
ფუტკარი სასარგებლო მწერია და ყოველმხრივ შესასწავლია, „ფაბრის ხოჭოს“ ამდენად ძლიერი ქიტოზანი კი რისთვის არის კარგი, ვინ იცის...
ყოველ შემთხვევაში, ტაილანდური ხოჭოს ფარ-ფრთებით თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრული ნამუშევარი მიიღო სამეფო სასახლემ.
როგორც ამბობენ, დარბაზში სეირნობისას თავდაპირველად უცნაური შეგრძნება ეუფლება მნახველს. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო სასახლეში ხართ, თქვენს თავზე მილიონზე მეტი მკვდარი ხოჭოა, რაც თავისებური პარადოქსია.
ერთ მილიონზე მეტმა ხოჭომ ძვირფასი ქვა ჩაანაცვლა და ჭერი მბრწყინავ ტილოდ აქცია, სადაც ფუფუნება თავად ბუნებამ შექმნა იან ფაბრის ფანტაზიითა და ხელით.
ისე მომეწონა იდეაც და ნამუშევარიც, რომ ფაბრის მიერ კატების ჭერში ასროლით გამოწვეული სიბრაზეც კი დამავიწყდა...
მაკა ჯაყელი

