მსოფლიოში პოლიტიკური აურზაური გრძელდება...

მსოფლიოში პოლიტიკური აურზაური გრძელდება...

რყევები მსოფლიო პოლიტიკაში გრძელდება და სულ უფრო დამანგრეველი ხდება. მართალია, შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე ჯერ არ მისულა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველაფერი დიპლომატიურად მოგვარდება. აქვე საჭიროა ვიკითხოთ: რომელ ქვეყნებს შეუძლიათ აწარმოონ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი? ასეთი მხოლოდ რამდენიმეა.
შვეიცარიის სამთო კურორტი დავოსი წლეულს უკვე 56-ედ მასპინძლობდა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს. ადრეულ წლებში დავოსში, ძირითადად, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები, ფინანსურ და ეკონომიკის დარგში მომუშავე მაღალჩინოსნები იკრიბებოდნენ, რომლებიც განიხილავდნენ არსებულ პრობლემებს, გეგმავდნენ მომავალ ურთიერთობებს და ა. შ. მოკლედ, დავოსი იანვრის შუა რიცხვებში მსოფლიოს ბიზნესცენტრი იყო.
ვითარება მკვეთრად შეიცვალა — შვეიცარიის ეს სამთო კურორტი, ძირითადად, პოლიტიკურ არენად გადაიქცა. აქვე უნდა ითქვას, რომ დავოსში არათუ ბევრი ქვეყნის მეთაური, წარმომადგენლებიც არ ჩავიდნენ. თავდაპირველად შვეიცარიაში ჩასვლას არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, მას საკუთარი მიზნები ჰქონდა.
ევროპაში შეშფოთებულები არიან ტრამპის სურვილის გამო, მიიერთოს კუნძული გრენლანდია. თუმცა არ იციან, როგორ გადააფიქრებინონ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თეთრი სახლის მეთაურს შესთავაზა, დავოსის ფორუმის შემდეგ პარიზში ჩაეტარებინათ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტი, რომელსაც დაესწრებოდნენ დანიის, სირიის, უკრაინის და, რაც მთავარია, რუსეთის წარმომადგენლები. მაკრონმა ასევე შესთავაზა, სამიტის ფარგლებში მეგობრული ვახშამი გაემართათ: „ასე ბევრი დიდი საქმის გაკეთება შეიძლება“, — განაცხადა მან და დაამატა, რომ მისთვის გაუგებარია, რას აპირებს ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებით.
გაცილებით „საინტერესო“ წინადადება წამოაყენა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა — ერთობლივად წასულიყვნენ საუნაში და იქ მოეგვარებინათ გრენლანდიის საკითხი.
დავოსში ტრამპის ჩასვლამდე ფორუმზე რამდენიმე მკვეთრი განცხადება გაკეთდა. სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის წევრმა დანიიდან, ანდერს ვისტისენმა ტრამპი „ეშმაკებთან გააგზავნა“. ასე მოახდინა რეაგირება აშშ-ის პრეზიდენტისა და გრენლანდიის საკითხებში ამერიკის სპეცწარმომადგენლის, ჯეფ ლენდრის განცხადებაზე, რომ კუნძულზე სრულ კონტროლს დაამყარებენ. ევროდეპუტატის გამონათქვამი რეგლამენტის დარღვევად შეაფასეს ორგანიზატორებმა და მკაცრად გააფრთხილეს იგი.
ემანუელ მაკრონმა, რომელიც ფორუმზე მზის სათვალით იმყოფებოდა და გამოსვლის დროსაც არ მოუხსნია, განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყნისადმი „ვასალიზაცია და კოლონიალური მიდგომა“ არ უნდა დაუშვან და დაამატა, რომ აუცილებელია „ჩატეხილი ხიდების აღდგენისკენ სვლა“. მანვე განაცხადა, რომ აუცილებელია, ევროპაში უფრო მეტი ინვესტიცია მიდიოდეს ჩინეთიდან, თუმცა დეკემბერში ამ ქვეყანას სავაჭრო ტარიფების მნიშვნელოვნად გაზრდით ემუქრებოდა.
საინტერესოა, რომ დავოსში მაკრონმა ევროპის საზოგადოებას მოუწოდა, თავი დაიცვან ცალკეული ქვეყნების ერთპიროვნული მმართველობისგან ერთობლივი თანამშრომლობის გზით. ასევე, მოუწოდა, თავი დაიცვან აშშ-ისგანაც. „ევროპას აქვს ძალა და ჩვენ ვალდებული ვართ, გამოვიყენოთ ძალა, როცა პატივს არ გვცემენ“, — განაცხადა მაკრონმა და დაამატა, რომ თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო სამართლისგან გადახვევა აღინიშნება.
შვეიცარიაში გამგზავრებამდე დონალდ ტრამპმა სოცქსელებში დაწერა: „არცერთ ადამიანს, აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს ნატო-სთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც მე. თუ პრეზიდენტი არ გავხდებოდი, ნატო აღარ იარსებებდა, უბრალოდ, ისტორიის სანაგვეზე იქნებოდა“. ამით ალიანსის ევროპელ წევრებს მათ რეალურ შესაძლებლობებზე მიუთითა. საერთოდაც, ტრამპი ეჭვით უყურებს ნატოს ბრძოლისუნარიანობას და წევრი ქვეყნების ერთიანობას. „ჩვენ კი დავეხმარებით საჭიროების შემთხვევაში ალიანსს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ისინიც ასევე მოიქცევიან“, — განაცხადა ტრამპმა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა თავი აარიდა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ აშშ-მა ალიანსი დატოვოს. მხოლოდ ის თქვა, კარგი გაერთიანება იყო, მაგრამ ზოგიერთ მოქმედებას არ ვეთანხმებიო და იქვე განაცხადა, რომ აშშ-ის მტრები გაერო და ნატო არიან და არა ჩინეთი და რუსეთი. აშკარაა, რომ ალიანსში უთანხმოება იზრდება.
ამიტომაც განაცხადა დავოსში ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა, რომ „უკვე აღარ შეიძლება, აშშ ევროპის მოკავშირე ქვეყნად განვიხილოთ“.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თავისი წინამორბედიც არ დაივიწყა და მკაცრადაც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, თუ თვითონ არ გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, ამერიკა დაიქცეოდა. „ვფიქრობ, ხელისუფლებაში თუ იქნებოდა კამალა ჰარისი ან ჯო ბაიდენის მსგავსი ვინმე, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა დაინგრეოდა“, — განაცხადა ტრამპმა.
წლევანდელი დავოსის ფორუმის დევიზი „დიალოგის ზეიმი“ იყო. თუმცა მარტო ტრამპი საუბრობდა, ევროპელები იძულებული იყვნენ, დათანხმებოდნენ. მხოლოდ მაკრონმა დატოვა შვეიცარია ტრამპის ჩასვლამდე. ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპმა დავოსში ჩასვლამდე მოაწყო მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური ქაოსი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება და კუნძულს შეიერთებს კიდეც. კარგი ამბავი ის არის, რომ ტრამპმა სამხედროების გამოყენება გამორიცხა. მან გადაკვრით ისაუბრა კანადის შესაძლო მიერთებაზე, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დავოსში დონალდ ტრამპის ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი, როგორც გამოჩნდა, „მშვიდობის საბჭოს“ ოფიციალური დაფუძნება გახლდათ. ახალშექმნილ ორგანიზაციას თავად ტრამპი უხელმძღვანელებს უვადოდ. ევროპიდან მხოლოდ უნგრეთი მიიწვია. ორგანიზაციაში გაწევრიანება შესთავაზა რუსეთს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიწვევა მიიღო იმ პირობით, თუ აშშ რუსეთის დაყადაღებულ 5 მილიარდს განბლოკავს. პუტინის განცხადებით, 1 მლრდ დოლარს ღაზას სექტორის აღდგენისთვის გაიღებს, რაც მოსკოვში ვიზიტით მყოფ პალესტინის ლიდერს, მაჰმუდ აბასს უთხრა. ტრამპმა, თავის მხრივ, კმაყოფილება გამოთქვა პუტინის მიერ შეთავაზების მიღების გამო.
საიდუმლო არავისთვის არის, რომ დონალდ ტრამპი არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ცნობს, ამიტომაც დააფუძნა „მშვიდობის საბჭო“. მიუხედავად ამისა, ტრამპს მიაჩნია, რომ გაერო-მ მუშაობა უნდა განაგრძოს, რადგან მას გრანდიოზული პოტენციალი აქვს.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას გაიმართა შეხვედრა რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების სპეცწარმომადგენლებს შორის. სტივ უიტკოფმა, ჯარედ კუშნერმა და კირილ დიმიტრიევმა დავოსის ქუჩებში გაისეირნეს. ამის შემდეგ დახურულ კარს მიღმა გაიმართა მოლაპარაკება, რომელიც მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ფაქტობრივად, კომენტარიც არავის გაუკეთებია. მოკლედ, შეხვედრა დადებითად შეაფასეს.
ხუთშაბათს კი აშშ-ის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მას ვლადიმირ პუტინმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ სტივ უიტკოფი პუტინს უკვე მეშვიდედ შეხვდა. თავისთავად, მოლაპარაკება რუსეთშიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა და თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა. გვიან ღამით, ფაქტობრივად, გამთენიისას, აშშ-ის დელეგაცია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა.
აბუ-დაბიში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთის და უკრაინის დელეგაციები პირისპირ პირველად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. დიალოგში, თავისთავად, აშშ-ის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მოლაპარაკების დაწყებამდე დელეგაციებს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანი შეხვდა და უკრაინა-რუსეთის კრიზისის დაძლევის მოლაპარაკებაში წარმატება უსურვა.
მოლაპარაკება არაბეთშიც სრულიად გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ მხარეები ერთმანეთთან ინგლისურ და რუსულ ენებზე საუბრობდნენ. სხვა დეტალები უცნობია, თუმცა თეთრ სახლში შეხვედრა დადებითად შეაფასეს. სავარაუდოდ, მოლაპარაკება ამ კვირაშიც გაგრძელდება. 
გამორიცხული არ არის, რომ დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადოს კანადის მიერთების შესახებ. რადგანაც ვენესუელაში განხორციელებული მისთვის წარმატებული ოპერაციის შემდეგ, ტრამპი აპირებს ირანში საომარი ოპერაციის ჩატარებას და კანადის უომრად „დაპყრობას“ გეგმავს... ამით შეშფოთებულები არიან ალიანსისა და მოკავშირე ქვეყნები...   

გია ბურდული