აუცილებელი ცვლილებები ზოგადი განათლების სისტემაში

აუცილებელი ცვლილებები ზოგადი განათლების სისტემაში

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სექტემბრიდან სკოლებში სრული განათლების ხანგრძლივობა 12 კლასის ნაცვლად ხდება 11-წლიანი. დაწყებითი მოიცავს IVI კლასებს, საბაზო - VII IX კლასებს, ხოლო საშუალო - X და XI კლასებს. ასევე იქნება ნებაყოფლობითი 1 წელი  XII კლასი. ეს მათთვის, ვისაც უცხოეთში სწავლის გაგრძელება მოესურვება. საბჭოთა პერიოდშიც თითქმის ასე იყო - 6 წელი დაწყებითი, შემდეგ 2 წელი საბაზისო და საშუალოც 2 წელიწადი. სხვათა შორის, ამ ქვეყანაში აღსადგენია ტექნიკუმებისა და პროფტექნიკუმების სისტემა, დღეს ნორმალური მლესავები, მშენებლები და საერთოდ, ხელოსნები სანთლით არიან საძებარნი. სოციალიზმის პერიოდში ასევე არსებობდა ღამის სკოლები, ძირითადად იყო მე-8, მე-9 და მე-10 კლასები, ადამიანებს შეეძლოთ, დღისით ემუშავათ, ღამით ესწავლათ. ამ საკითხზე ნამდვილად ღირს მსჯელობა, შეიძლება ამ მეთოდის აღდგენაც უპრიანი იყოს. ვიცი, ზოგიერთები ატყდებიან, ესენი უკან საბჭოთა კავშირში გვექაჩებიან „ჩერეზ“ ჩელიაბინსკიო, მაგრამ ვისაც სოციალიზმი გინახავთ, ალბათ, დამეთანხმებით, მაშინ ზოგადი განათლების სისტემა იყო უფრო ჭკვიანური, ყოველ შემთხვევაში, მასწავლებელი მასწავლებელს ჰგავდა, მოსწავლე - მოსწავლეს, უფროსი - უფროსს, უმცროსი - უმცროსს. 
სკოლაში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი;
გაუქმდა სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი. განათლების სამინისტრო შექმნის სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემას. სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად პირობებს. ნუ გამოვრიცხავთ, მობილური ტელეფონის ხმარება სკოლაში საერთოდ აიკრძალოს, ეს უკეთესიც იქნება, მოსწავლეები ცოტა ხნით მაინც მოსცილდებიან ამ მაცდურ ხელსაწყოს. რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, ეს ყველაზე საშური საქმეა, უნდა იყოს ერთი და ისიც დახვეწილი წიგნი ყველა საგანში. 
სხვათა შორის, ის „ბნელი“ კომუნისტები იმაზეც კი ზრუნავდნენ, რომ სასკოლო წიგნები ყოფილიყო ძალზედ მსუბუქი და მოსახერხებელი. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში აქაურმა „პროფესიონალებმა“ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა დაიწყეს ცარცის ქაღალდზე და ისეთი მძიმეა, მოსწავლეები წელში გადაზნექილები დაიზლაზნებიან. ასე რომ, სახელმძღვანელოები მისახედია არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ ზომა-წონის მხრივაც. 
წლების განმავლობაში საქართველოში სასკოლო მერხები შემოდის ჩინეთიდან, ეს საქმე მავანთათვის არის კაი მსუყე ბიზნესი. ეს ისეთი მარტივი მერხებია, უკეთესის დამზადება შეიძლება საქართველოშიც, ვის ვამდიდრებთ და რატომ? დროა, განათლების სამინისტრომ ამაზეც იზრუნოს. 
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს. კარგია, ასეც უნდა იყოს. ზოგს ჰგონია, სასკოლო ფორმა არის მხოლოდ ფორმა და მეტი არაფერი, მშობლების ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, როგორი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სკოლის კედლებში თანასწორობას. 
გადაწყვეტილებაში კი წერია, დასაწყისში ფორმები სავალდებულო იქნება დაწყებით კლასებშიო, მაგრამ როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, უახლოეს წლებში ფორმები სავალდებულო გახდება ზედა კლასებშიც. 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: „მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო მასწავლებელს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა.“ რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინ დაადგენს, ანუ ვინ გამოიტანს განაჩენს, რომ მასწავლებელმა მოსწავლეზე იძალადა? აქამდე ამ საკითხს წყვეტდა სასამართლო, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. პრინციპში, ამ საკითხის ასე ცალკე გამოტანა და დაკონკრეტება მგონი, არც იყო საჭირო, რადგან აქამდეც კანონმდებლობით რეგულირდებოდა. ამან შეიძლება უარესად გაათამამოს ძნელად დასამორჩილებელი მოწაფეები და პედაგოგები უფრო დააკომპლექსონ. მე ვიცნობ ერთ ყოფილ პედაგოგს, რომელმაც თავის მოსწავლეს თავზე ხელი მოუთათუნა, ერთ-ერთმა „ენჯეოშნიკმა“ ფარულად გადაიღო, ჩასაფრებული იყო, ვიდეო განათლების სამინისტროში მიიტანა, იქ აღშფოთდნენ და ამ ქალს სამუდამოდ აუკრძალეს მასწავლებლობა, საერთოდ გააძევეს სისტემიდან. მოგვიანებით სასამართლომ კი გაამართლა, მაგრამ ყველამ უარი თქვა მის აღდგენაზე, რაკი ერთხელ სახელი გაუტეხეს, ის ვეღარ გაამთელა. ახლა კი განათლების სამინისტრომ იმაზეც უნდა იფიქროს, რომ მასწავლებელიც დაცული იყოს შანტაჟისგან და უამრავი პროვოკატორისგან. 
ცვლილებათა ნაწილი ძალაში შევა 2026 წლის პირველი სექტემბრიდან და 2027 წლის პირველი სექტემბრიდან. იმედია, ნელ-ნელა გამოსწორდება საჯარო სკოლებში სიტუაცია და ჩვენს გოგო-ბიჭებს მიეცემათ საშუალება, მიიღონ ნორმალური განათლება. 
წლების განმავლობაში ლოტოტრონით რომ არჩევდნენ დირექტორებს, ეგ საკითხიც მისახედია, როგორც სხვა სფეროებში, კადრების გადახალისება აქაც აუცილებელია. იმ პედაგოგებმა, რომლებიც ანტისახელისუფლებო და ანტისახელმწიფოებრივ აქციებზე დაბოდიალობენ, რა უნდა ასწავლონ ბავშვებს, როგორ დავამხოთ ხელისუფლება და როგორ დავაქციოთ ქვეყანა? ამას წინებზე გურიიდან თბილისში ჩამოსული ე. წ. მასწავლებელი ტარახობდა, სანამ ლანჩხუთიდან რუსთაველამდე მოვაღწევ და მერე უკან დავბრუნდები, უამრავი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს, მაგრამ აქციებზე მაინც დავდივარ, ეს ხელისუფლება უნდა წავიდესო. ეგეთი რამე გაგონილა? ხელისუფლებამ სკოლაში შეუშვა, დაასაქმა, ხელფასს აძლევს და ეს იძახის, ძირს ხელისუფლებაო. აშკარაა, ე. წ. პოლიტიკა საჯარო სკოლებიდანაც ასწრაფოდ ამოსაძირკვია! 

გელა ზედელაშვილი