ჩვენ დავანგრიეთ ტაძარი და ჩავდგით ჯიხურები
„დღევანდელმა რეალობამ ერთი კონკრეტული საღამო გამახსენა, საღამო, როცა ჩვენი განათლების სისტემას მსოფლიო დონის „კონსილიუმმა“ სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვა.
2018 წელი. ვენა. ევროპის გეოპოლიტიკური ეპიცენტრი. კონფერენცია, სადაც მსოფლიო წესრიგის არქიტექტურაზე მსჯელობენ არა პოლიტიკოსები, არამედ ისინი, ვინც პოლიტიკოსებს ტექსტებს უწერენ, სტრატეგები, მოაზროვნეები, „რუხი კარდინალები“.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ტრადიციულად, ვიწრო წრეში გადავინაცვლეთ. ძველი ვენური რესტორნის კერძო დარბაზი, სიგარისა და კონიაკის არომატი, მძიმე საუბარი. მაგიდასთან ვისხედით მე და ის ადამიანები, რომელთა სახელებსაც საჯაროდ ვერასდროს გავაჟღერებ, მაგრამ მათი სტატუსები ყველაფერს ამბობს:
1.ამერიკელი პროფესორი — „ცივი ომის“ ვეტერანი ანალიტიკოსი, კაცი, რომელსაც პენტაგონი დღემდე ეკითხება რჩევას;
2.რუსი კოლეგა — მოსკოვის პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი მძმეწონიანი ფიგურა, სტრატეგიული კვლევების გიგანტი;
3.იტალიელი პროფესორი — რომის უძველესი პოლიტიკური სკოლის წარმომადგენელი;
4.და ჩვენი ბალკანელი მეგობრები: ბერძენი და სერბი ანალიტიკოსები, რომლებმაც საკუთარ ტყავზე იციან, რას ნიშნავს სისტემების მსხვრევა.
საუბარი გლობალურ კონკურენციას შეეხო. და აქ მოხდა ის, რასაც ბევრი ვერ დაიჯერებს: ამერიკელმა და რუსმა ერთხმად, თითქოს შეთანხმებულად, დაიწყეს საბჭოთა განათლების სისტემის ფენომენალური სიძლიერის აღიარება.
საბჭოთა კავშირი იყო საფრთხე არა იმიტომ, რომ რაკეტები ჰქონდა, _ თქვა ამერიკელმა და ჭიქა ნელა დაატრიალა, _ არამედ იმიტომ, რომ სკოლის მერხიდან უშვებდა ინჟინერს, რომელიც აზროვნებდა ფუნდამენტურად. ჩვენ, დასავლეთში, ვქმნიდით ვიწრო სპეციალისტებს, თქვენ ქმნიდით შემოქმედებს.
რუსმა კოლეგამ მძიმედ დაუქნია თავი: „ჩვენ ვაძლევდით სისტემურ ხედვას. ფიზიკა, მათემატიკა, ლიტერატურა _ ეს იყო ტვინის გიმნასტიკა. საბჭოთა ატესტატი ნიშნავდა, რომ ადამიანს შეეძლო ურთულესი ალგორითმების ამოხსნა ცხოვრებაშიც.“
და აქ მკითხეს მე: „ირაკლი, რა ხდება ახლა საქართველოში? თქვენ ხომ რეგიონის ინტელექტუალური ჰაბი იყავით?“
მომიწია სიმართლის თქმამ. მოვუყევი ე. წ. „თანამედროვე რეფორმებზე“. ეროვნულ გამოცდებზე, სადაც აზროვნება ჩაანაცვლა შემოხაზვამ. მოვუყევი რეპეტიტორებზე, რომლებიც ბავშვებს კი არ ასწავლიან, არამედ „ტესტის გატეხას“ ამუღამებინებენ. მოვუყევი, როგორ გაქრა სკოლიდან ანალიზი და შევიდა „დაზეპირება“.
მაგიდასთან სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იტალიელმა ხელები გაშალა, ემოციურად, როგორც მათ სჩვევიათ: „ეს ხომ კულტურული გენოციდია! თუ ერს უკლავ უნარს, იაზროვნოს აბსტრაქტულად და მასშტაბურად, შენ მას აქცევ მომსახურე პერსონალად. სად არის ლათინური? სად არის ლოგიკა?“
სერბმა და ბერძენმა გადახედეს ერთმანეთს, მათ თვალებში ნაცნობი ტკივილი იყო _ მათაც გამოიარეს ევროპული სტანდარტების ბრმად კოპირების კრახი.
მაგრამ ყველაზე მძიმე ისევ რუსის და ამერიკელის რეაქცია იყო. რუსმა ჩაიცინა, მწარედ: „გამოდის, რომ თქვენ დაანგრიეთ ტაძარი, რათა მის ნაცვლად ჯიხური აგეშენებინათ. საბჭოთა სკოლა ზრდიდა გროსმაისტერებს, ეს ახალი სისტემა კი ზრდის გაჯეტების მოყვარულებს. ერს, რომელსაც ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთის შემოხაზვის იმედი აქვს, სუვერენიტეტი არ ექნება.“
ამერიკელმა კი დასვა წერტილი: „ირაკლი, ეს არ არის განათლება. ეს არის დრესურა. ჩვენ (დასავლეთს) გვჭირდება შემსრულებლები, მაგრამ თქვენ თუ გინდათ, სახელმწიფო იყოთ, გჭირდებათ მოაზროვნეები. როგორც ჩანს, თქვენმა სისტემამ ტვინის გამოთიშვის ფუნქცია ჩართო.“
იმ საღამოს ვენაში ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ფრაზები გონებაში ჩამრჩა. დღეს, როცა ვხედავ, რა ხდება ირგვლივ, სულ ის საღამო მახსენდება. უცნაურია, არა? ერთმანეთის მტრები და კონკურენტები შეთანხმდნენ იმაზე, რაშიც ჩვენ საკუთარ თავს ვერ ვუტყდებით...“
ირაკლი ყიფიანი
საქართველოში განათლების სისტემის რეფორმაზე რომ დაიწყო საუბარი, გამიხარდა. პირადად მე, ძალიან მინდა, როდისმე მაინც გაამართლოს განათლების რეფორმამ. სამწუხაროდ, იმედიანად არ ვარ და ვერც ვიქნები მანამ, სანამ საქართველო არ ჩაეხსნება განათლების სფეროში ყველა უცხოურ თუ ადგილობრივ მიმთითებელ ორგანიზაციას!
იმ პერიოდში, როდესაც გადაწყდა, რომ საქართველოს განათლების სისტემა საფუძვლიდანვე უნდა დანგრეულიყო, ელექტრონულ მისამართზე რტი.ორგ. გაჩნდა ინფორმაცია: „ამბიციური საგანმანათლებლო რეფორმა საქართველოში“, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლების რეფორმის წარმართვაში ეხმარებოდა ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1958 წელს აშშ-ის სამი უნივერსიტეტის ბაზაზე. ამ ინსტიტუტის პროგრამა „საქართველოში საშუალო განათლების გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა“ „აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ იუესაიდ-ის მიერ იყო მხარდაჭერილი. ინტერნეტინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ ინსტიტუტს ანალოგიური პროგრამები ჰქონია: ლათინურ ამერიკაში (პერუ), აზიაში (კამბოჯა, ინდონეზია, პაკისტანი), აფრიკაში (გვინეა, ნიგერია, სენეგალი და სამხრეთ აფრიკა), ხოლო „ევროპიდან“ ეს პატივი მხოლოდ საქართველოს ერგო.
ალბათ, დაინტერესდით, ამათგან რომლის დონეზე დავიყვანეთ ჩვენი შვილები? საქართველოში მიმდინარე პროგრამა იმ პროგრამების ზუსტი ანალოგი გახლდათ, რაც პაკისტანსა და კამბოჯაში ხორციელდებოდა...
ათასი განათლების რეფორმა რომ ჩატარდეს, და ათასჯერვე იძახონ, წარმატებით ჩატარდაო, სანამ თანხვედრაში არ იქნება იმის ლაპარაკი, რომ,პროგრამა „წარმატებით ჩატარდა“ რეალურ შედეგთან, ყოველთვის სიცრუე იქნება.
რა მოგვიტანა „წარმატებულმა განათლების რეფორმამ“? _ სრულ გაუნათლებლობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა!
ასეა! საქართველოს განათლების სისტემას სჭირდება არა ზედაპირული ცვლილებები და ოპტიმიზაციები, არამედ ფუნდამენტური, სისტემური რეფორმა. ქართული საზოგადოების მოთხოვნა არ არის ფორმალური რეორგანიზაციები, საზოგადოების რეალური დაკვეთა არის ლიბერალური განათლების სისტემის ძირეულად გადახედვა და შეცვლა.
სწორედ ამიტომ, საზოგადოების მოთხოვნა არის არა კოსმეტიკური რეფორმა, არამედ საგანმანათლებლო ფილოსოფიის შეცვლა და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც აღზრდის არა მხოლოდ ფორმალურად განათლებულ ინდივიდებს, არამედ პასუხისმგებლიან მოქალაქეებს, რომელთათვის პრიორიტეტი იქნება სახელმწიფო, საზოგადოება და ეროვნული თვითშეგნება.
ეს არის ქართველი ხალხის მკაფიო და გააზრებული მოთხოვნა – უნდა გამოვტაცოთ ხელიდან მომავალი თაობები იმ ლიბერალურ სუბკულტურას, რომელიც ჩვენს საგანმანათლებლო სფეროშია შხამად ფესვგადმული.
რაც შეეხეება ოპტიმიზაციის იდეის უკუგდებას, _ სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დანაშაული არ არის, თუ მას სახელი გადაარქვეს და ვიღაცის ტექნიკურ „დუქნად“ გადააქციეს. არც ის იქნებოდა ამ ოპტიმიზაციის გამამართლებელი, რომ სრულად საუკუნის წინათ ივანე ჯავახიშვილი ოცნებობდა ამაზე _ საუკუნის წინანდელი მოცემულობა და ოცნება როგორ შეიძლება გაუთანაბრო საუკუნის შემდგომ რეალურ ვითარებას?
ოპტიმიზაცია კი არა, ისეთ სავალალო მდგომარეობაშია ყველა სასწავლო დისციპლინა, რომ, რაც გაერთიანებულია, ისიც უნდა დაშალო, გაწმინდო, გაასუფთავო და რომ დაქოქავ, მერე თვითონ დაგანახებს, სად და რას სჭირდება რაიმეს დამატება, ან მოკლება.
სიმართლე ის არის, რომ გუშინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტისგან დარჩენილი ტექნიკური უნივერსიტეტი, შიგთავსით ისეთ არარაობად არის გადასხვაფერებული, რომ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ამის გამოსასწორებლად სხვა სასწავლებელთან გაერთიანება კი არ არის საჭირო, არამედ იმ ლიბერალური ნაგავის გამოტანაა გადაუდებლად საჩქარო, რამაც მას სახე და ფუნქცია დაუკარგა.
მისასალმებელი იქნება ტექნიკური უნივერსიტეტი ისევ პოლიტექნიკურად ინსტიტუტად გადააკეთონ, გააძლიერონ, ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებაზე იფიქრონ და ტექნიკურ მეცნიერებებს მიხედონ, განავითარონ და გამართონ!
პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი, შემდგომში სულხან-საბას და ამჟამად „ილიაუნი“ _ ილიას სახელმწიფო უნივერიტეტი, რომელიც 2006 წელს განსხვავებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე 6 ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა, ნორმალური იყო და არის? გაერთიანება კი არა, აქედან უნდა დაეწყოთ, _ილიაუნი დასაშლელია!
ამ შხამიან ლიბერალურ ბუდეში, ილიაუნის უნივერსიტეტის შემადგენლობაში რომ თანამედროვე დონეზე აღჭურვილი 20-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრია, ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?
ის, რაც უნივერსიტეტში საკათედრო სასწავლო დისციპლინა უნდა იყოს და ინსტიტუტად აქციეს, ან ყველა ორღობეში რომ ინსტიტუტი და უნივერსიტეტი „დაიბადა“, ნორმალურია? აქედან არის დასაწყები და არა ბოლოდან და უმართებულოდ.
ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ ილიაუნი თსუ-ს ლიბერალური ვერსიაა. თუ საჭირო არ არის რამე, ეს არის ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში, თან, როდესაც ერთი შექმნილია სპეციალურად პოლიტიკური იდეოლოგიის გატარებისთვის ყოფილი ფიზკულტურისა და უცხო ენების პუშკინის ინსტიტუტის დაძალებით შერწყმით სააკაშვილის დროს და მის მიერ.
თუ რამე უნდა იყოს რეფორმისა და ოპტიმიზაციის დასაწყისი, აქედან არის დასაწყები!
სარკაზმით ვამბობ _ ასეთი წარმატებით კონსერვატორიისა და ფიზკულტურის ინსტიტუტის გაერთიანებაც იქნებოდა შესაძლებელი, უამრავი ქართველი სპორტსმენი ფლობს სრულყოფილად სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს და პროფესიონალურ დონეზეც მღერიან...
საქართველოს მთელ მსოფლიოში მოწინავე განათლების სისტემა და სამეცნიერო პოტენციალი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გარედან მიღებული მითითებით სააკაშვილმა მიზანმიმართულად, მთელი გააფთრებით ანგრია საქართველოს განათლების სისტემა და უმძიმესი მდგომარება შექმნა ზოგადი განათლებიას და უმაღლესი განათლების სისტემაში, ვაი-ვაგლახით კიდევ შემოგვრჩა: ხარისხდავარდნილი, მაგრამ მაინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გაუბედურებული, სახელ და სახეცვლილი ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც სახელი და დანიშნულება უნდა დაუბრუნდეს;
მეტ-ნაკლებად თავშენახული თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი;
აღდგენას ექვემდებარება პედაგოგიური უნივერსიტეტი;
დასაბრუნებელია და აღდგენას ექვემდებარება აგრარული უნივერსიტეტი.
ბევრი რამ დავკარგეთ, მაგრამ იმედი და ყველაფერი დაკარგული არ არის! ხუთივე ეს უნივერსიტეტი ქართული უმაღლესი განათლების სისტემის საძირკვლის ქვაა!..
ბევრმა არც კი იცის, რა მასშტაბის და დონის, მსოფლიოში უნიკალური ლაბორატორიები არსებობდა ჩემი დროის „გეპეის“ მიწის ქვეშ თუ მიწის ზემოთ. უამრავი მეგობარი მყავდა, რომლებიც იმ დროს „გეპეიში“ სწავლობდნენ „საღამოზე“ და დღისით ინსტიტუტის ლაბორატორიებშივე მუშაობდნენ _ ნეტავ, იცოდეთ, რამდენი რამ მაქვს ნანახი... ეს იყო ცოდნისა და იშვიათი ნიმუშების საგანძური, რომელსაც გაფრთხილება სჭირდებოდა, მაგრამ ეს არც წინა ხელისუფლებამ იცოდა და აინტერესებდა, არც, როგორც ვხედავთ, ამჟამინდელმა იცის და აინტერესებს.
როგორც ჩანს, არც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არც განათლების მინისტრმა არ იციან ბორდელის მეპატრონე მოშეს სიბრძნე _ როდესაც ბორდელი „ხუნდებოდა“, მოშე ცარიელ საწოლებს კი არ დაარიხინებდა, მეძავებს ცვლიდა...
ზოგადად, განათლება იწყება საბავშვო ბაღიდან, მაგრამ დაწყებით განათლებას ვერ იძლევა რაღაც ორგანიზაციების მიერ მარწუხებში მოქცეული განმანათლებელი!
საბავშვო ბაღის მასწავლებელს „აღმზრდელის“ წოდება ჰქონდა და მიბარებულ ბავშვს „აღსაზრდელი“. ახლა რანაიარად უნდა აღზარდოს აღსაზრდელი აღმზრდელმა, როდესაც აღზრდის უფლება ჩამორთმეული აქვს და მხოლოდ პატარა კაჭკაჭების მაყურებლად არის დანიშნული? _ „აბა, ბავშვებო, გავიმეოროთ“...
სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და განათლების სისტემას სერიოზულად მიხედოს საფუძველიდანვე, თორემ კიდევ მრავალჯერ მოისმენს სიტყვებს: „მე უცხოეთი მარჩენს პროექტებით და რასაც მომთხოვენ, იმას ვიტყვიო“...
პროფესორი გაეტანო ფერანტე: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენმა მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა. მათ გადაწყვიტეს, რომ იტალიიის აღდგენა ტურიზმის განთვითარებით იქნებოდა შესაძლებელი და განათლებაში მთავარი აქცენტები იმ საგნებზე გადაიტანეს, რომლებიც ტურიზმის განვითარებასთან იყო დაკავშირებული. მხოლოდ 20 წლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს უდიდესი შეცდომა იყო და ყურადღება ტექნიკურ მეცნიერებებზეც გადაიტანეს, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა...“ ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენც, ოღონდ ბევრად მეტი წელია გასული...
1991 წელს, საქართველოს განათლების სამინისტროს ისრაელიდან ეწვივნენ კოლეგები და შეკითხვაზე: ახალშექმნილი სახელმწიფო რომ იყავით, რომელი ქვეყნის განათლების სისტემა აირჩიეთო? დელეგაციის ხელმძღვანელმა უპასუხა: რამდენიმე ქვეყნის განათლების სისტემა შევისწავლეთ: რუსული, გერმანული, ფრანგული, ამერიკული, იაპონური და სხვა ქვეყნების განათლების კანონები, რამაც მიგვაღებინა გადაწყვეტილება რომ შეგვექმნა საკუთარი, რადგან სხვისი კანონები არ გამოგვადგებოდა, ჩვენ ებრაელები ვართო..
როდესაც აკადემიკოს ლეონტიევს ტელეგადაცემაში ჰკითხეს, რომელი ეკონომიკური პოლიტიკა იქნებოდა რუსეთისთვის უმჯობესი, ამერიკული, გერმანული თუ იაპონური, მან უპასუხა: მე იაპონურ ეკონომიკურ პოლიტიკას ავირჩევდი, მაგრამ ამისათვის რუსეთში მხოლოდ იაპონელები უნდა ცხოვრობდნენო...
ჩვენი განათლება მიზანმიმართულად ისეა სახედანგრეული, რომ მას რეფორმა, კონცეფცია და მსგავსი მსუბუქი კოსმეტიკა ვერაფერს უშველის _ ყველაფერი ახლიდან არის დასალაგებელი და ქართულად, ქართული მენტალობის შესაბამისად!
თუ ისრაელს არაფერში გამოადგებოდა რომელიმე ევროპული თუ აზიური ქვეყნის განათლების სისტემა, რადგან ებრაელები იყვნენ, ჩვენ რაში გამოგვადგება, ჭკუა ვეღარ უნდა ვისწავლოთ?
„ბოლონიის პროცესი“ რომ აიკვიატეს და დღემდე წინ აქვთ მოგდებული, რაც ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესად არის გაწერილი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის _ ეს რას მივაწერო, უკვე აღარ ვიცი!
„ბოლონიის პროცესს“ 2005 წელს მიუერთდა საქართველო, მაგრამ ის პაკისტანურ-კამბოჯური ამბიციური განათლება რომ აქვთ მიღებული უკვე თაობებს, „ბოლონიის პროცესით“ ვინც ამაყობს, ოდნავ უხერხულობას მაინც არ გრძნობს?
განათლების რეფორმის ჩატარება აუცილებელია, მაგრამ ეს რეფორმა აბსოლუტურად ქართული მენტალობის მქონე განათლებულმა და ჭკვიანმა ადამიანებმა უნდა ჩაატარონ საკუთარი ჭკუითა და გამოცდილებით და არა გადამთიელთა სულელური კარნახით!
ბლეზ პასკალის სიტყვებია: „საკმარისია, საფრანგეთი სამასმა ინტელექტუალმა დატოვოს, რომ ის იდიოტების ქვეყნად გადაიქცესო.“ ძალიან მაინტერესებს, რამდენმა ინტელექტუალმა დატოვა საქართველო, ანუ კიდევ რამდენი დაგვრჩა და როდის იქცევა საქართველო იდიოტების ქვეყნად...
მაია ჭელიძე

