ჩამოასხით, ერთიც უნდა დავალევინო...
კაია კალასმა ვითომ ხუმრობით რომ თქვა, ისეთი მდგომარეობაა მსოფლიოში, ვფიქრობ, კარგი დროა, სმა დავიწყოთო, – მე ვიყო კუალა – ლუმპურის შპიონი, თუ ნაღდი არ ეთქვას, ოღონდ, ეჭვი გამიჩნდა, რომ დიდი ხნის დაწყებული აქვთ სმა, თანაც ჩაფსმამდე, უბრალოდ, ცუდ ნაბახუსევზე ენამ გაუსწრო ტვინს და ეთქმევინა. როგორც კოლეგამ უთხრა, ზაზუნაზე ნაკლები ტვინი აქვს, მაგრამ მაინც.
არა, ზოგი, მაგალითად, მერც – მაკრონები სხვა რამითაც ერთობიან – იმიტომაც დადიან პაწკუნია კოვზებით, მაგრამ არც დალევაზე ამბობენ უარს. ჰოდა, მსოფლიოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ გაბმით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ევროპა რასაც დაემსგავსა, კი ვხედავთ – სრულიად ევრობიუროკრატია თავმოჭრილი ქათამივით დაფორთხიალობს და ღობე – ყორეს ედება.
არავინ შეჰბედოს კაია კალასს, დალევა პრობლემებს ვერ შველისო! იოგურტი, კრუასანი და ცეილონის ჩაი ხომ სულ გლიჯინით მოუხსნით პრობლემებს, – შოტლანდიური ან ირლანდიური ვისკი ეცდება მაინც...
ჰო, ვისკიც ეცდება და ფრანგული პრემიუმ არაყიც, მაგრამ ამერიკული „გრეი გუსი“ ურევს!
ურევს, აბა, რას შვრება!
NATO – ს მთავარი „პატრონი“ აშშ – ა. თუ ვინმე გაბედავს და ალიანსის რომელიმე წევრს თითს დააკარებს, ის ავტომატურად ამერიკასთან იწყებს ომს — ეს ყველამ ვიცით და ამაზეა აგებული მთელი მსოფლიო წესრიგი, მაგრამ, აქ იწყება ბევრი სმისგან რწყევაი საკვირველი: თუ აშშ (როგორც NATO – ს წევრი) გადაწყვეტს, რომ დანიას (ასევე NATO – ს წევრს) ტერიტორია გრენლანდია „დააწეროს“, ვიღებთ გენიალურ ჩიხს – აშშ ხდება აგრესორი, რადგან ის თავს დაესხა NATO – ს წევრს. ამოქმედდება მე – 5 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ თავდასხმა დანიაზე ნიშნავს თავდასხმას აშშ – ზე.
ეს მთვრალი „სასტავი“ მთლად გამოქანთარდება, რადგან აშშ–ს საკუთარი წესდება ავალდებულებს, რომ დაუყოვნებლივ გამოუცხადოს ომი საკუთარ თავს, რათა დანია საკუთარი თავისგან, ე. ი. აშშ – ისგან დაიცვას.
ეგრეა, ჯეკ, – პენტაგონს მოუწევს, თეთრ სახლს სანქციები დაადოს, ამერიკულმა ავიაციამ კი საკუთარი ავიამზიდები უნდა დაბომბოს, რადგან ისინი NATO – ს წევრის (დანიის) სუვერენიტეტს არღვევენ.
აშშ საკუთარ თავთან ისეთ საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ ვაშინგტონში ძალზე დაიბნევიან, ვერ გადაწყვეტენ, რომელ მხარეს დადგნენ – იმ მხარეს, რომელიც გრენლანდიას ითხოვს, თუ იმ მხარეს, რომელიც ვალდებულია, გრენლანდიისადმი ასეთი ხურუშის გამო საკუთარი ქვეყანა მიწასთან გაასწოროს.
ევროპელი ლიბერალების საცოდაობით ნაღდად ვერ დავიწვები, პირიქით, მაგრად ვერთობი – შენ გაიხარე, დონალდ მშვიდობაძევ!
არ იქნება ნობელის პრემია? – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ევრობიუროკრატიას!
აშშ-ის პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერ – მინისტრს, იონას გარ სტორეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ რვაზე მეტი ომი დაასრულა, თუმცა ნობელის მშვიდობის პრემია მაინც არ მისცეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია 8+ ომის შეჩერებისთვის, აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, მხოლოდ მშვიდობაზე ვიფიქრო“, – აღნიშნავს თეთრი სახლის ლიდერი თავის გზავნილში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა მას შეუძლია, იფიქროს იმაზე, „რა არის კარგი და სწორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“.
„მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება, თუ გრენლანდიაზე სრული და ტოტალური კონტროლი არ გვექნება“, – აღნიშნავს ტრამპი.
ცნობისთვის, ნობელის მშვიდობის პრემიას ოსლოში მდებარე ნობელის კომიტეტი გასცემს. როგორც ნორვეგიის პრემიერ – მინისტრმა განაცხადა, რომ მის მთავრობას ამ პროცედურაზე გავლენა არ აქვს და მან ეს ტრამპს რამდენჯერმე აუხსნა, მაგრამ მერე რა, უნდოდა და არ მისცეს, ბაზარი დამთავრებულია!
რუტე კალასზე მაგრად ჩამსკდარა – ნატო – მოითხოვა შეერთებული შტატებისგან ექსტრემალური ფინანსირება, რათა გრენლანდია (დანია) შეერთებული შტატებისგან დაიცვას. ბიჯო, ამ რუტემ რაღა დალია ასეთი?
ტრამპმა ქოჩორი ჰოლანდიური მამალივით აიბულულა და განაცხადა: „დღეს აშშ – სა და რუსეთს ერთი მტერი ჰყავს და ეს არის ნატო. ის ემუქრება ამერიკას გრენლანდიის გამო და ის ემუქრება რუსეთს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ რუსეთთან და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ!“
ნაშე დელო პრავოე, მი პობეძიმ! – გულში დაუდასტურებდა პუტინი, მაგრამ მოკრძალებული კაცია, ხმამაღლა არ თქვა.
ახლა ევრობიუროკრატიის მთელი სტრატეგია იმაში მდგომარეობ, რომ ტრამპს გადააფიქრებინონ გრენლანდიას დაპყრობა. კაი და, რომ არ გადაიფიქროს – ამის მერე სტრატეგია არ აქვთ. ეს არის ტიპიური ლიბერალური წინააღმდეგობა – აქციები უკვე დაიწყეს დანიაში, – არ დავთმობთ გრენლანდიასო, მაგრამ რას იზამენ, არ ამბობენ. ალბათ, ამჯერად დანიელების მასობრივ გულამოსკვნილ ტირილს ვიხილავთ...
არისტაფან, კაცო, სად მიდიხარ, შენ რაღა მოგივიდა, რა ყველას უნდა ეფეროო, – მშობელს გატირებული ბავშვებივით აზუილდნენ ეს ჩვენის ევროგადანგრეულები და ტრამპს გალობა დაუწყეს:
აშშ–მ არასწორად გაიგო ევროკავშირის სამხედროების განლაგება გრენლანდიაში, ისინი კუნძულის რუსებისგან დასაცავად ჩავიდნენ! – დაიწყო მტკიცება ევროპამ.
ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა კირ სტარმერმა რა გადაჰკრა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კი წაისულელა, – ევროპული ძალები კუნძულზე რუსეთიდან შესაძლო რისკების შესაფასებლად და მათზე რეაგირებისთვის იმყოფებოდნენ და არა აშშ – ზე ზეწოლის მიზნითო.
ლავროვი გაოცდა, რას სვამთ ასეთს, თქვენ ჩვენის ჩანგრეულებო, გრენლანდია სიზმარშიც არ გვინახავს კრემლში, ისე კი, გრენლანდია – კოლონიალური მონაპოვარია და არა დანიის ბუნებრივი ნაწილი. ის ფაქტი, რომ გრენლანდიის მაცხოვრებლები შეეჩვივნენ ამას და, ახლა, თავს კომფორტულად გრძნობენ, სრულიად სხვა საკითხიაო.
გერმანიამ გრენლანდიიდან 15 „სუპერმენი“ ჯარისკაცი სასწრაფოდ გაიწვია და ორი ნორვეგიელი ოფიცერიც სასწრაფოდ დაბრუნდა შინ, ჩვენი რაღა ჩემი ფეხები გვინდა აქ, ყინულისა და თოვლის მეტი რა გვაქვს ნორვეგიაშიო.
ახლა დგანან და „არიოლ – რეშკას“ აგდებენ, სენატი მიემხობა თუ არა ტრამპს.
ისაა საინტერესო, ვის რამდენი და რა აქვს დალეული, ევროპელმა ე.წ. ლიდერებმა დახურული ჩატი რომ შექმნეს ტრამპის საკითხის განსახილველად – ესენი მართლა თუ არიან ნეტავ, საღ ჭკუაზე. რა დახურული ჩატი, გარეკეს?
ალის ვაიდელი ნიშნისმოგებით ამბობს თუ წუხილით, ვერ მივხვდი, მაგრამ სიმართლე კი თქვა – ბოლო წლების განმავლობაში განუწყვეტლივ გვესმის წუწუნი, რომ პუტინი არღვევს საერთაშორისო სამართალს, მაგრამ, როდესაც ტრამპი იგივეს აკეთებს, ყველა ჩუმადააო.
იიი, ნატო – ს წევრ ქვეყნებს შორის კონფლიქტი აქამდე არ გვინახავს? კვიპროსის პრობლემა დღემდე გრძელდება და კვირა ისე არ გავა, თურქეთმა საბერძნეთის საჰაერო სივრცე არ დაარღვიოს. ეგ რა არის! ევროპის მთელ რიგ ქვეყნებს ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები რომ აქვთ, ეს პრეტენზიები დროებით მიყუჩებულ – მინავლებულია, თორემ ერთი თუ გაჟონა, წაეწყობა დომინოს პრინციპით და მერე იქნება „ალი ქოხ ეცა“...
ტრამპს კანადის მიერთებაც უნდა, ჰოდა, ამ გახსენებაზე – არქტიკის ყინულოვან წყლებში, გრენლანდიასა (დანიის სამეფო) და კანადას შორის, ნარესის სრუტეში მდებარეობს პატარა, უსიცოცხლო კლდე, რომელსაც ჰანსის კუნძული ჰქვია. ბოლოს ვის დარჩება, ნეტავ, ლოთბაზარული სახელი და ისტორია კი აქვს.
ეს 1,3 კვადრატული კილომეტრი ფართობის უნაყოფო მიწის ნაკვეთი გახდა მიზეზი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, უცნაური, ალკოჰოლური და „ზრდილობიანი“ ომისა, რომელიც თითქმის ოთხი ათწლეული გრძელდებოდა და „ვისკის ომის“ სახელით გახდა ცნობილი.
კონფლიქტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ კუნძული ზუსტად დანიისა და კანადის შუაში, ტერიტორიული წყლების გამყოფ ხაზზე მდებარეობდა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ორივე ქვეყანას შეეძლო მასზე პრეტენზია განეცხადებინა. დავა 1970 – იან წლებში დაიწყო, მაგრამ „საომარი მოქმედებები“ 1984 წელს გადავიდა აქტიურ ფაზაში.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კანადელმა სამხედროებმა კუნძულზე „დესანტი“ გადასხეს. მათ აღმართეს კანადის დროშა და დატოვეს ტრაფარეტი წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კანადაში“. თუმცა, კანადელებმა მტრის მორალურად განადგურება გადაწყვიტეს და დროშის გვერდით კანადური ვისკით სავსე ბოთლი დატოვეს.
დანიელებმა ეს გამოწვევა მიიღეს. რამდენიმე კვირის შემდეგ კუნძულზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. დანიელებმა ჩამოხსნეს კანადის დროშა, აღმართეს დანიის დროშა, კანადური ვისკი დალიეს, ან თან წაიღეს და მის ადგილას დატოვეს ბოთლი დანიური შნაპსი და ტრაფარეტი წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დანიურ კუნძულზე“.
აქედან მოყოლებული, 38 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა რიტუალური ომი. როდესაც კუნძულთან კანადური ფლოტი გაივლიდა, ისინი სვამდნენ შნაპსს და ტოვებდნენ ვისკის. როდესაც დანიური ფლოტი გაივლიდა, ისინი სვამდნენ ვისკის და ტოვებდნენ შნაპსს. ეს იყო ომი, სადაც ტყვიების ნაცვლად ბოთლებს „ისროდნენ“.
2005 წელს სიტუაცია ოდნავ დაიძაბა, როდესაც კანადის თავდაცვის მინისტრი კუნძულზე ჩავიდა და „ოკუპაცია“ მოახდინა. დანიამ ეს პროვოკაციად აღიქვა და კანადას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, თუმცა დიპლომატებმა კონფლიქტი მალევე ისევ „ალკოჰოლურ კალაპოტში“ დააბრუნეს. ეს იყო ერთადერთი ომი, რომელში მონაწილეობაც ყველას უნდოდა.
ეს ისტორიული დაპირისპირება ოფიციალურად მხოლოდ 2022 წლის 14 ივნისს დასრულდა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კანადამ და დანიამ გადაწყვიტეს, მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ უნდა წყდებოდეს ტერიტორიული დავები ცივილიზებულად. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას და კუნძული შუაზე გაიყვეს. კლდეზე გაიჭრა საზღვარი.
ამ შეთანხმებით შეიქმნა კიდევ ერთი გეოგრაფიული კურიოზი: კანადასა და დანიას ახლა უკვე ოფიციალურად აქვთ სახმელეთო საზღვარი. ცერემონიის დროს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოლოჯერ გაცვალეს ბოთლები და მსოფლიოს ყველაზე ზრდილობიანი ომი ისტორიას ჩაბარდა.
ამ უკრაინის ომმა ხომ ყველას ყველაფერი აურია! ესვათ დანიელებს ვისკი და კანადელებს – შნაპსი, მაგრამ აჰა, ჩაუშალეს!
რა მაგ სიტყვიის პასუხია და, ჩვენს საზღვრებთან ჭაჭის ბოთლები ხომ არ გაგვემწკრივებინა? მოვიდოდნენ რუსები თავაზიანად, დაგვილევდნენ ჭაჭას და დაგვიტოვებდნენ „რუსსკაია ვოდკას“. მერე ჩვენ დავულევდით „რუსსკაია ვოდკას“ და ჭაჭას დავუტოვებდით – რა ომი და დაგნარი...
ე, ბიჯო, იმ კაია კალასს, მგონი, რაღაც მომენტში გონება გაუნათდა, მაგრამ მალევე „მოკლე ჩართვა“ დაემართა და ისევ ჩაწკვარამდა...
ბელგიის პრემიერ – მინისტრი ბარტ დე ვევერიც კაი „გამოყოლილში“ იყო, „იზმენა“ ჰქონდა აკიდებული – ვფიქრობ, პუტინთან მოლაპარაკება კარგი იდეა არ არის, რადგან, როგორც ამერიკელები ამბობენ: „თუ გინდა საუბარი, ჩუმად ილაპარაკე, მაგრამ დიდი ჯოხი ატარე ხელში“, ჩვენ კი დიდი ჯოხი არ გვაქვს, მხოლოდ ჩუმად შეგვიძლია საუბარიო.
ჩამოასხით, ამათ ერთიც უნდა დავალევინო!
„ჩირიკას“ შვილიშვილისა არ იყოს, ნეტავ, იმის ეშმაკი გამხადა, ტრამპი რაღას ყლურწავს, დროდადრო რომ მოულოდნელ სასწაულებს წამოუშტვენს ხოლმე, ხშირად და ხანდახან.
დონალდ ტრამპმა დავოსში სიტყვით გამოსვლისას ევროპელ ბიუროკრატებს პირდაპირ განუცხადა: შეერთებულმა შტატებმა ევროპაში ბევრი ფული ჩადო და სამაგიეროდ, გრელანდიას ვითხოვთო! და სულაცო, დანიამ 6 საათი რომ იბრძოლა გერმანიასთან და დამარცხდა, ჩვენ ვუპატრონეთ გრენლანდიას, იქ სამხედრო ბაზები ავაშენეთ და მერე დავუბრუნეთ. ღმერთო, ჩვენ რა იდიოტები ვიყავით და დანია რა უმადურიაო.
ჩემს მეგობარს ამასთან დაკავშირებით, ერთი ძველი ამბავი გაახსენდა: იყო ერთი იმერელი კანონიერი ქურდი მეტსახელად „გორილა“. ჰოდა, ერთ – ერთი მორიგი „სროკის“ მოხდისას მივიდა ერთ მაგარ „ყომარბაზთან“, რომელიც მუდმივად იგებდა პატიმრებს შორის ფულს, მიაწოდა $ 1000 და ეუბნება:
– წუხელ სიზმარი ვნახე და შენთან ყომარში $ 1000 წავაგე, სიმონ. ხოდა, მე სიზმარშიც და ცხოვრებაშიც ქურდი ვარ, ბრატ, წაგებული წაგებულია და უნდა ჩაგაბარო.
რაღას იზამდა ეს ყომარბაზი, არაღება არ გამოდიოდა და აიღო. მესამე დღეს ისევ მიადგა „გორილა“ იმ ყომარბაზს და ეუბნება:
– აუუ, ბიჯო, წუხელი ისევლე დემესიზმე. სიმონ, მთელი ღამე ვიყომარეთ და $ 10 000 გაჭირვებით, მარა მაინც მოგიგე.
ჰოდა. ასეა ტრამპის და ევროპის საქმეც...
როცა აშშ ევროპას ფულებს აძლევდა და ესენი ხელს ჰკიდებდნენ, მაშინ უნდა ეფიქრათ, ახლა გვიანია!
მუქთა ყველი სათაგურშიც არ არის!
ჩვენში დარჩეს და, დანიამ აშშ – ს ვირჯინიის კუნძულები თუ მიჰყიდა 1917 – ში, ერთი საუკუნის შემდეგ რომ გრენლანდია მიჰყიდოს, რა უჭირს, წიკვინით მაზანდას მაღლა სწევს? ამაოდ! ტრამპმა ისეთი ვაჭრობა იცის, 9 – მილიარდიანი საპრეზიდენტო „ბოინგი“ ნახევარ ფასზე ჩამოაყვანინა მწარმოებელს...
ახლა რაღა წამოიწყო, გაერო – ს ანადგურებს და მის ალტერნატიულ ორგანიზაციას ქმნის? – ასე ჩანს.
თვალჩაწითლებული „რემბო“ მაკრონი კი რაღაცას ისე დაცანცარობს, ტრამპსაც რომ ფეხზე ჰკიდია და მიაფარჩაკა კიდეც ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
შეკითხვა: პუტინი მშვიდობის საბჭოში მიიწვიეთ?
ტრამპი: დიახ. ის მიწვეულია.
შეკითხვა: რას ფიქრობთ მაკრონის განცხადებაზე, რომ ის მშვიდობის საბჭოში არ შევა?
ტრამპი: მან ეს თქვა? არც არავის უნდა, რადგან ის ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს. ხოლო თუ ისინი მტრულად განწყობილნი იქნებიან, მათ ღვინოებსა და შამპანიურებზე 200% – იან ტარიფს დავაწესებ და ისიც შემოგვიერთდება.
მე ყოველთვის ჩემსაზე ვდარდობ!
კარგი, დასავლეთელები, ყველანი გალეწილები ან „გამოყოლილში“ არიან, მაგრამ ჩვენები თუ არიან ფხიზლები, რა ხეირია, ადგნენ და ამათ ერთი ჩვენებურად გადანთქან, – ძალიან ფხიზლები რომელი უკრაინის მხარდაჭერას აწერენ ხელს რუსეთის წინააღმდეგ, თავიანთ ომში რომ მიგვათრევდნენ და დაუნახავები არიან?
არ უთქვამს, ყველას მოგვესმა ტრამპის ნათქვამი, რომ კავკასია „პუტინის რეგიონია“?
გრენლანდიას რომ დავემსგავსეთ უცბად, ვერ ატყობს, ნეტავ, საქართველოს ხელისუფლება?
ზომით რას შევედრებით, კუნძული გრენლანდია 3 მლნ. კვადრატულ კილომეტრზე მეტია, ხოლო საქართველო – 68 ათასი, მაგრამ აბა, ვნახოთ, რა თქვა ტრამპმა – დანიის სამეფო, რომლის შემადგენლობაშიც გრენლანდიის კუნძულია, ვერ იცავს გრენლანდიას, ამერიკას კი გრენლანდია ძალიან სჭირდება ამერიკის უსაფრთხოებისთვისო.
ანუ ერთი ძლიერი ქვეყანა საკუთარი ინტერესების დასაცავად ართმევს მსოფლიოს მიერ აღიარებულ ტერიტორიას მეორე ქვეყანას და ეს ქვეყანა რომელიმე უცნობი და განუვითარებელი ქვეყანა კი არ არის, არამედ ევროპული, განვითარებული და საერთაშორისო სამხედრო და ეკონომიკური კავშირების მქონე დანიაა.
ახლა შეხედეთ საქართველოს სანაპირო ზოლს, ჩვენი საზღვაო ნაპირი საკმაოდ ვრცელია შავი ზღვის აკვატორიის პატარა ქვეყნისთვის. მართალია, მისი მსუყე ნაწილი უკვე ჩამოგვაჭრა რუსეთმა, მაგრამ დარჩენილი ნაწილის დასაცავად რამდენიმე საპატრულო კატარღის გარდა, არაფერი არ გვაქვს. თურქეთმა რომ განაცხადოს, ჩემი უსაფრთხოებისთვის მჭირდებაო და რუსეთისგან ვერ დაიცავ შენო, სად მივდივართ მაშინ?
ან პირიქით, რუსეთმა რომ თქვას, თურქეთისგან ვერ დაიცავ შენ და მე მჭირდება საკუთარი უსაფრთხოებისთვისო, რა უნდა ვქნათ? მოკეთე – გულშემატკივარი ჩვენ არ გვყავს და რას ვიზამთ – ავტირდებით, აღვშფოთდებით, ხოშიანად დავთვრებით თუ სიგარეტს სიგარეტზე მოვწევთ?
დანიას არც ნატო – ს წევრობა შველის და არც ევროკავშირისა, ჩვენ რა გვიშველის, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სასარგებლოდ ხელმოწერები და გაბუტულად ყოფნა?
ხან სერიოზულად ვამბობ სათქმელს, ხან ხუმრობით, მაგრამ აჰა, არაფერი ჭრის – შეაყარე კედელს ცერცვი!
მართალია კაია კალასი, გადარევენ ესენი ფხიზელ ქალსაც კი და კოშმარის დასავიწყებლად სმას დააწყებინებენ...
ჩამოასხით, ჩვენს ხელისუფლებას უნდა დავალევინო!..
ზურა ოშხერელი

